ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თ.კომლაძე
ჟანრი: პოეზია
6 მარტი, 2015


ძველი რამდენიმე... (საუბრები სულ სხვა თემებზე)

მაინტერესებს თუ რას დავწერ, როცა არ მტკივა
და არ მაწუხებს არაფერი, გარდა უაზრო
ამქვეყნიური პრობლემების და ეს ამტკიცებს,
ჩემი წარსული დასაწვავად შევდგი ქურაზე...
დღე არის მშვიდი... ისეთივე როგორც იესო.
ნაშემოდგომრალ ტოტებიდან მოჟონავს წვიმა
და ქარის ყოველ შეხებაზე, უკვე მეასედ,
ჟრუანტელდავლილ სხეულიდან ფოთლები მცვივა.
და შენი ტანის მიწისძვრებით დანგრეულ ფაროსს
ვუყურებ დიდხანს და მაოცებს ეს სიდიადე,
მერე თითებით, მარმარილოს მარცხენა მხარეს,
ცივი ფეთქვიდან ამოვხაპავ სითბოს და ადრე,
ძალიან ადრე, აშენებულ ოცნებებს ვანგრევ...
ქვები მღერიან, შენი თმები და შენი კანი
და შენს ხელებსაც, ჩემი სულის უსაფრთხო სანგრებს,
ამღერებთ ის, რომ მე მარტივად ვერ შევიცანი,
რომ ღმერთმა შენში ხელმეორედ შექმნა სამყარო,
მეშვიდე დღეს კი დგადაღლილმა ალბათ  სულ მცირე,
ძალიან მცირე ირონიაც შემომაპარა...
და დამწიფებულ თურაშაულს უნდა ვუცქირო
მანამდე სანამ, შენი ხელით, თვითონ დამიკრეფ.
მანამდე სანამ, მე იმდენად არ გავიზრდები,
რომ გადმოგხედო თვალებიდან და ეს სამი თვე
შენი თვალებით დამანახო არქაიზმივით...

მაინტერესებს, თუ რას დავწერ როცა შეგიცნობ...


N2

მშვიდად იძინეთ, ქალბატონო, მე ხომ თქვენთან ვარ.
მე ვიცი, უკვე უძილობაც აღარ გაკითხავთ
და დღევანდელი გასაჭირის ყველა ქვეთავი,
ხვალინდელ დილას შეუნახეთ გადასაკითხად.

მე ისიც ვიცი, როგორია თქვენი სხეული
როდესაც გძინავთ და ცხოვრებაც აღარ გაშინებთ,
ჰო, თქვენი სახე უკანასკნელ ტვინის ხვეულში
ჩავიკირქვავე და გმირივით მეც ჩავეშენე.

მშვიდიდ იძინე, ქალბატონო, მე არსად წავალ.
(ისედაც ხშირად მიდიოდნენ თქვენი სახლიდან)
მე ხომ იმედი მომაბარეთ თქვენ დასაცავად...
როგორ მეგონა, ჩემს შეცდომას არ დამახლიდა,

ეს გადამპალი ცხოვრება და ასე უტიფრად
მაგრძნობინებდა, რომ მეც მქვია ადამიანი
და შემოდგომას თუ ცრემლებით არ შევუტიე
წვიმაც არ მოვა, იქნებ ისეც გადაიაროს

შარშანდელივით... მაგრამ ღმერთო დააპირქვავე
ჩაფებით წვიმა და დაადნე თივის ტუკები,
სადღაც რომ ეზოს შერჩენია და თან იქავე
წუწკი გოშია დაგეშილი ცემს მყუდროებას.

როგორ უხდება თქვენი ძილი ჩემს ნოსტალგიას,
თქვენი სახლის წინ ვსვამ დილამდე სიცივის აბებს
და სადღაც გულში, მწყინს კიდეც რომ არ ალაგია
თქვენი ტალღები ჩემს მკლავებზე და მაინც ვამბობ 
მშვიდად იძინეთ, ქალბატონო, ისევ თქვენთან ვარ...


N1

მე ვხედავ დილით, ყოველ დილით კაცი დგას კართან
ეკლესიის და კრიალოსანს თითებში ახშობს.
ვერხვების კიბით მიუყვება ქარი მზის კალთას,
ეკლებიანი დილის სუსხი მიმყვება სახლში...
მე ვხედავ დილით, ყოველ დილით მანქანას რეცხავს,
ღიპდანამული მეზობელი ძალიან მკაცრი
სახით და უფრო მენანება გავუყო მერცხალს,
დედის გულდასმით ჩაწყობილი პურები.. კაცებს
საერთოდ უფრო ენანებათ დედის ცრემლები.
მე ვხედავ დილით, ყოველ დილით მოხუცი კაცი
მიჰყვება ხელჯოხს, როგორც რელსებს ღამის ვაგონი.
და ეს სამყარო მის თვალებში შემოიკეცა
უფრო ლამაზად, ამიტომაც ჩემს თავს მაგონებს.
დაისის მზერა დაისიცხა მტვრიან ქალაქში,
ქალაქში, სადაც მტვერზე მეტი ოცნება არის
და ვხედავ დილით, ყოველ დილით იმაზე მეტსაც,
რასაც ცხოვრება შავი ჩადრის შიგნიდან მალავს,
ვნებიან თვალებს, ტკბილი სუნთქვით დაორთქლილ ლეჩაქს
აფარებს. ვხედავ, ყოველ დილით, როგორ არ მხვდება
მეოთხე წყვილი ფეხსაცმელი ძველი სარკის წინ
და დედაჩემის მარცხნივ საწოლს თანდათან მტვერიც
შეეპარა და შიგადაშიგ, თუკი არ მიწევს
დილით ქუჩაში ხეტიალი, მივდივარ ნება-
ნება და ბალიშს ორი თითით იარას ვკაწრავ...
სიცარიელის უშფოთველი სიმძიმე მაწევს...
მე ვხედავ დილით, ყოველ დილით... და ვაღებ კარებს
და მიმაქვს მტვერი, მიმაქვს ზეცა და ვათრევ მთა-მთა,
როგორც სიცოცხლე მარტოობით მოთენთილ ქარებს.
როგორ მინდა შენც ყოველ დილით გხედავდე თამთა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები