ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოგონა დღიურით
ჟანრი: პროზა
6 მარტი, 2015


უსახელო ღმერთის ძიებაში

„ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი;
მუნ ენთო მარად უქრობელი, წმინდა ლამპარი.“
ნიკოლოზ ბარათაშვილი

Deus caritas est

უსახელო ღმერთის ძიებაში

***
უდაბნოში ქარი ქროდა.
იგი გზას მიიკვლევდა. სასტიკი, შეუპოვარი ქარი ქვიშიან ჰაერს სახეზე აყრიდა და აიძულებდა, თვალები დაეხუჭა. არ ადარდებდა, მაინც ვერაფერს დაინახავდა უწყვეტი, უსასრულო ოქროსფერი ჰორიზონტის გარდა. და მაინც, იცოდა, რომ უსასრულო არაფერი იყო.
რაღაც მომენტში ინანა, აქლემი საკვებზე რომ გადაცვალა, მაგრამ ყოველ ღამით, როცა ციდან მოციმციმე ვარკლავი დაჰყურებდა, შვებას გრძნობდა. სწორედ ეს ვარსკვლავი უკვალავდა გზას, მხოლოდ მისი იმედიღა ჰქონდა.
ყველაფერი ძალიან ეფემერული ეჩვენა, არადა მის წინ დრო გოლიათური ნაბიჯებით აგრძელებდა სვლას. უკან მოიხედა. მოაგონდა ის, რისი გახსენებაც არ ღირდა. რამდენიმე წამს უაზროდ იყურებოდა უკან, მერე შემოტრიალდა და გაიფიქრა, რომ დრო არამარტო წინსვლით, არამედ უკუსვლითაც მიდიოდა. ალბათ ეს იყო სამყაროს ბირთვი.
ჩაეცინა. მოგონებები მრავლად გააჩნდა, შეეძლო კადრებივით წარმოედგინა, მაგრამ ასე არ აკეთებდა. მიდიოდა და ახსენდებოდა...
უდაბნოში ქარი ქროდა.
***
ფაქტიურად, ქუჩაში გაიზარდა. ხულიგან ბავშვებსა და თაღლითებს შორის. მამამისიც თაღლითი იყო. მასზე კარგი მხოლოდ ის ახსენდებოდა, რომ იშვიათად, მაგრამ მაინც, მამა ბანქოში ფულს იგებდა და რაღაც ნაწილს მას აძლევდა. დედა? დედა წავიდა. ბევრჯერ უნახავს, როგორ სცემდა მამა დედას და ამის გამო ბევჯერ უტირია, ამიტომ გაუხარდა კიდეც დედის წასვლა. მასზე მეტი არაფერი იცოდა.
თავიდანვე გამოირჩეოდა სხვებისგან. საჭმელს სხვებზე უფრო მოხერხებულად იპარავდა, მაგრამ მთავარი, რაც სხვებისგან გამოარჩევდა - გონება იყო. ბევრს ოცნებობდა. ძალიან ბევრს. ხშირად ჩერდებოდა ხოლმე მაღალი შენობის წინ, საიდანაც უცნაური ხმა ისმოდა. ამ შენობიდან უამრავი ხალხი გამოდიოდა, რომლებიც უსიტყვოდ აძლევდნენ ფულს. მერეღა გაიგო, რომ ტაძართან იდგა და ტაძარი ღვთის სახლი იყო. რატომ და როგორ - ეს არ იცოდა.
და როცა ერთხელ, სიცივისგან გათოშილი იმ ადგილს მიუახლოვდა, ვიღაც შავებში ჩაცმულმა კაცმა გაუღიმა და ხელი გაუწოდა. იმ დღეს პირველად შევიდა ტაძარში და სითბომაც მთელს სხეულშ დაუარა. ამ სითბოს რეზინის სუნი არ ჰქონდა.
თოთხმეტი წლის იყო თანატოლებს რომ ჩამოშორდა და ქუჩიდან ტაძარში დაიდო ბინა. მას შემდეგ მამა აღარ უნახავს.

***
  ყოველთვის იცოდა, რომ იყო ღმერთი და ხალხი მას მადლობას სწირავდა და დახმარებას სთხოვდა. იქ, სადაც გაიზარდა, ღმერთზე მეტად სამოთხისა და ჯოჯოხეთის სწამდათ. მათთვის სიტყვები „ თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ“ ლოცვასავით იყო. იგი ვერ ხედავდა მას, არ ესმოდა მისი და არც ეძებდა. ტაძარში ცნობისმოყვარეობამ მიიყვანა და ინსტიქტებს დამორჩილდა. ადრეც ინსტიქტებით ცხოვრობდა და ცოცხალი იყო. სითბოში ფეხი შედგა და უკან, სიცივეში დაბრუნება არ სურდა.
  თავიდან დრო საინტერესოდ გადიოდა, ყველაფერი დაუჯერებლად ეჩვენებოდა. შავებში ჩაცმული კაცი მუდამ ღიმილით ხვდებოდა მის გაკვირვებულ სახესა და სხვა ზღვა ემოციების ნაკადს. იგი დინჯად ესაუბრებოდა და ყველა კითხვაზე მშვიდად, აუღელვებლად სცემდა პასუხებს. ღამით საწოლში იწვა და შეშის ტკაცუნს უგდებდა ყურს.  ჯერ  მეტი არაფერი უნდოდა.
გავიდა სამი წელი.
ღამე კოშმარად იქცა. გონებაში ათასი ფიქრი უტრიალებდა, ათასი ვარაუდი თუ იდეა. ერთბაშად ყველაფერი აირია, საღი აზრი გაქრა, ღმერთი წავიდა. სიბნელეში აქეთ-იქით დაბორიალობდა და შორს, მიუწვდომელ მთვარეს გაჰყურებდა. მისთვის აქ სიცოცხლე ჭკნებოდა, მისი სისხლი კი დუღდა. იმ დილით, გამთენიისას, ლოცვას რომ ამბობდა, მიხვდა - აქ ვეღარ გაჩერდებოდა.
***
  გოგონას ლურჯი, ოკეანესავით ღრმა და მზესავით მოციმციმე თვალები ჰქონდა. პირველად ბაზარში, ბრბოში გამოარჩია და მოსვენება დაეკარგა. მეორე დღეს ისევ შენიშნა, დახლთან იდგა და ფორთოხალს ყიდულობდა. წამით მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა, მაგრამ გოგონას არ გაუღიმია, წარბიც არ შეხრია. პირიქით, ხურდა გამყიდველს აჩქარებით გამოართვა და ხალხში გაერია. იგი ყოველდღე უცდიდა მას. ტაძარში გაიგო, რომ სიყვარული გამოცდასავით იყო, თუმცა ეს სიტყვები ზედმეტად სენტიმენტალური ეჩვენა. თანაც, არც კი იცოდა სიყვარული რა იყო. მომღიმარ კაცს ყველაფერი გაანდო და მან, როგორც ყოველთვის, გაუღიმა. უთხრა, რომ თუკი ეს გრძნობა წმინდა და ჭეშმარიტი იყო, ღმერთი გოგონას პოვნაში დაეხმარებოდა.
მაგრამ არ დაიჯერა. მისი ნათქვამი სისულელედ ჩათვალა და დაწოლამდე გადაწყვიტა - ხვალ მას აუცილებლად ნახავდა.
ნახა კიდეც. ხელზეც კი შეეხო. გოგონამ თვალებით გაუღიმა და ისევ გაუჩინარდა.
იმ ღამეს ისეთი რამ იგრძნო, რაც არასდროს უგრძვნია.
დილით კი ის ხმა ჩაესმა, ასე რომ აოცებდა - ზარის რეკვის ხმა. სასწრაფოდ წამოდგა საწოლიდან და თეთრეული გამოცვალა. მომღიმარი კაცისთვის არაფერი უთქვამს.
გოგონას ლურჯი, უძირო, ნათელი თვალები ჰქონდა. ერთმანეთისთვის თითქმის არაფერი უთქვამთ, მაგრამ იმ დღემდე ერთად იყვნენ, სანამ მისი ოჯახი ქალაქიდან არ წავიდოდა.
***
გაჩერდა.
პირი გამოშროდა. წყალი მოიყუდა და ხმაურით მოსვა.
მზე მაღლიდან ემუქრებოდა. მისი სხივები კანს უწვავდა და ოფლს ადენდა. ის მაინც აგრძელებდა გზას, ჯიუტად, შეუპოვრად.
ქარი ჩამდგარიყო, თუმცა იცოდა, რომ ღამე ჩვეულებრივზე ცივი იქნებოდა. თითქოს ბავშვობის დრო დაბრუნებულიყო, ამინდზე დაყრდნობით უწევდა ცხოვრება.
„ მაგრამ დრო არ ბრუნდება და გავლილი პერიოდი ჩვენთვის მაგალითი უნდა იყოს.“ - გაიფიქრა. მაგრამ ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლე იყო იმისთვის, რომ წარსულიდან რაიმე ესწავლა. იგი დღევანდელი დღით სუნთქავდა. იმ მიწაზე დააბიჯებდა, სადაც ოდესღაც უსასრულო წყალი იყო, შემდეგ დაშრა და უდაბნოდ იქცა.
სიარულისას ფეხებს ითრევდა. ცოტაც და დაეცემოდა, ის კი მაინც წინ მიიწევდა. აქ ოცნებამ მოიყვანა? - შესაძლოა, მაგრამ უფრო ცნობისმოყვარეობამ. ზუსტად ორმოცი დღე უნდა ევლო, ასე გადაწყვიტა.
თარიღი არ ახსოვდა, მაგრამ სამაგიეროდ ასაკი არ დავიწყებოდა. ესეც მანუგეშებელი იყო. მოულოდნელად გაახსენდა, აქლემი რომ მოიპარა და ხარხარი აუტყდა. მის სიცილს არავინ აჰყოლია. ირგვლივ სიჩუმე იყო.
  სიკვდილის არ ეშინოდა. ერთხელ უკვე შეხვედროდა მას და მეორედ შეხვედრა არ სურდა, თუმცა არც ეშინოდა. სიკვდილი ჩასაფრებული იყო, ის კი დანებებას არ აპირებდა.
***
მომღიმარი კაცი ყველაფერს ხვდებოდა. წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ და საიდან, მაგრამ დარწმუნებული იყო.
იმ ღამით კარიბჭე გააღო და გარეთ გამოვიდა. ერთ ადგილას ყოფნა აღარ შეეძლო. ხალხი ირეოდა. ირგვლივ ათასგვარი სიბინძურის თუ გარყვნილების სურნელი ტრიალებდა. მოიხიბლა. ბარში შევიდა და ჩამოჯდა. გაოცებული და აღფრთოვანებული იყო, ისევე, როგორც სამი წლის წინ. იქაურობას თვალი მოავლო. ბარი სავსე იყო სვირინგებიანი მამაკაცებითა და ნახევრად შიშველი ქალებით. ერთ-ერთი მათგანი გვერდით მიუჯდა და რაღაც უთხრა, მაგრამ ვერ გაიგო - რა. უეცრად ზიზღი და სიძულვილი იგრძნო. ქალს ლურჯი თვალები ჰქონდა, მაგრამ ყალბი იყო. იაფფასიანი იმიტაცია. ზურგზე ვიღაცის ხელი იგრძნო, სასწრაფოდ წამოდგა და შეტრიალდა. ყველა მას უყურებდა. მაღალი, დაკუნთული კაცი მის წინ გაჯგიმულიყო და რაღაცას ღრიალებდა. ყურებზე ხელები აიფარა და კარისკენ გაემართა, მაგრამ საყელოში სწვდნენ და შეაჩერეს. ყველაფერი სწრაფად მოხდა. მაგიდიდან ბოთლი აიღო და კაცს თავზე მთელი ძალით დააფშხვნა. გაიქცა. ფერები ერთმანეთში აიზილა, ხალხი ყვიროდა. დამფრთხალ ბაჭიას დაემსგავსა და საკუთარი თავის შერცხვა.  შეეშინდა.
ტაძრის კარი ფრთხილად შეაღო. რამდენიმე ნაბიჯში შავებში ჩაცმული კაცი შეხვდა. აღარ იღიმოდა.
***
- მგონი კაცი მოვკალი. - პირდაპირ უთხრა და გახსენებისას ჟრუანტელმა დაუარა. კაცს სახე გასთეთრებოდა და უძრავად იდგა. რამდენიმე წუთის შემდეგ იგი მიუახლოვდა და თავზე ხელი გადაუსვა.
- სიკვდილი ყველასთან ძალიან ახლოა, ეს არ დაგავიწყდეს. ნანობ, რომ ეს ჩაიდინე?
თავი დაუქნია, თუმცა, დიდად არ ნანობდა. უბრალოდ ფიქრობდა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა. გამოუვალი მდგომარეობა იყო.
- ღმერთი გაპატიებს, შვილო, მაგრამ ვშიშობ ქალაქიდან წასვლა მოგიწევს.
გათენდა თუ არა, ყველას დაემშვიდობა და უკანასკნელად შეავლო ტაძარს თვალი. იცოდა, აქ აღარასდროს დაბრუნდებოდა.
ნათელი დილა იყო. გულის სიღრმეში უხაროდა კიდეც ამ ადგილს რომ მოშორდა, მაგრამ  მეორე წამს თავი დამნაშავედ იგრძნო და ხასიათი მოეშხამა. არავისთვის უთქვამს, სად მიდიოდა. ჯერ თვითონაც არ იცოდა რა სურდა, მაგრამ სჯეროდა - ცხოვრება თვითონ გაუკვალავდა გზას.
მთელი დღე იარა, მუხლები ასტკივდა და მოშივდა. არ იცოდა სად იყო, მაგრამ ეს მისთვის პრობლემას არ წამოადგენდა. სასადილოში შეიარა და ხარბად დაიწყო წვნიანის ხვრეპა. წამების შემდეგ კი იმ კაცის სახე მოელანდა, გუშინ ბარში რომ გადაეყარა. ოფლმა დაასხა და ჭამას მოუჩქარა. ჩათვალა, იმ კაცის სახით სიკვდილს ხედავდა.
***
ახლაც მისი სახე მოელანდა, შავი თმით დაფარული, ფართო სახე და შუაში ორი, პატარა, მოელვარე თვალი.
ჩამოჯდა. მის წინ უდაბნოს ხახა დაეღო და ჩაყლაპვით ემუქრებოდა. ხელით მზე მოიჩრდილა. გული აუჩქარდა. იგრძნო, როგორ წაერთვა ერთბაშად ძალა და გაქვავდა. ვიღაც მოდიოდა.
აქამდეც შეხვედრია მგზავრებს, ზოგს გამოლაპარაკებია კიდეც. თითოეული მათგანი ცოდნის წყაროდ მიაჩნდა, რომელსაც უნდა დასწაფებოდა და სულის მოთქმამდე დაელია. მაგრამ ახლა გაურკვევლობას შეეპყრო, სიხარულსა და შიშს ერთდროულად.
ვიღაც ნელა უახლოვდებოდა. მისი სამოსის თეთრი კალთები ნიავზე ნაზად ქანაობდნენ და მან წარმოიდგინა, რომ ირგვლივ ყველაფერი თეთრი იყო:  ქვიშაც, ცაც და მისკენ მომავალი კაციც.
იქნებ ილუზია იყო? მისი გონების წამიერი გათავისუფლება და ხმამაღალი ხარხარი.
მაგრამ კაცი მიუახლოვდა, წამოაყენა და მხრებზე ხელები მოხვია.
კაცი თეთრი იყო, ან კაციც არ იყო - მხოლოდ სითეთრის განსახიერება. ხელები რომ გაუშვა, ნელი ნაბიჯით გაუყვა გზას. უკან არ მოუხედავს.
ის კი იდგა და სითეთრეს გაჰყურებდა, მერე გაიქცა და წამოეწია. უნდოდა სახელი ეთქვა, მაგრამ ცრემლები წამოუვიდა. სახელს ვეღარ იხსენებდა.
***
ღმერთს ეძებდა, რადგან იქ, სადაც ბავშვობა გაატარა, ვერ იპოვა. ეგონა, თავგადასავლები და გამოცდილება მისკენ მიმავალ გზას გაუნათებდა, მაგრამ უდაბნოში გაუთავებლად სიარულისას მიხვდა, რომ შეცდა.
თეთრ კაცს ხმაამოუღებლად მიჰყვებოდა და გულში ფიქრობდა, რა ხდებოდა მის თავს. არაფრის თავი არ ჰქონდა, არც სიარულის, თუმცა იძულებული იყო მგზავრისთვის ფეხი აეწყო და ისიც ემორჩილებოდა.
რატომ აირჩია ასეთი ცხოვრება?
ყველაფერი არჩევანზეა დამოკიდებული. ერთი ნაბიჯის გადადგმით მთელი ცხოვრების სცენარი წამებში იწერება. მაგრამ სად დაუშვა შეცდომა?
ჰქონდა კი არჩევანი?
იქნებ ღმერთიც და სხვა დანარჩენიც ადამიანის გონების ნაყოფი იყვნენ? მაგრამ ეს სითეთრე რაღა იყო?
უცებ კაცი შედგა და შუბლზე თითები მიადო. მზერა დაებინდა, მერე ყველაფერი დაბნელდა და მოგონებებში ჩაიძრა.
ტაძართან იდგა.
ზარების რეკვა გულის ბაგა-ბუგს აჰყოლოდა. ხალხი ირეოდა.
სადღაც, მასთან ახლოს, პატარა გოგონა იდგა. ლურჯი თვალებით მიშტერებოდა, მაგრამ იგი ვერ ამჩნევდა.
***
როცა გამოფხიზლდა, უკვე მთვარე ანათებდა. ცივ ქვიშაზე იწვა და ჩაშავებულ ცას აჰყურებდა. უნდა ეფიქრა - სხვა გზა არ ჰქონდა.
ყველანაირ მიზანს თუ სიცოცხლის არსს მნიშვნელობა დაეკარგა. თეთრი ნათება გამქრალიყო, მხოლოდ იგი და უკუნითი ღამე დარჩნენ. მეტი არაფერი.
მის ამ ქვეყანაზე მოვლინებას თავისი მიზეზი ჰქონდა. ხომ შეეძლო, სხვაგვარად ეცხოვრა? მაგრამ აქ სხვისი ხელი ერია. საკუთარი ცხოვრების მართვაში დამოუკიდებლები და თავისუფლები არასოდეს ვართ.
შესცივდა და შეეშინდა. არადა, გრძნობებს არ უნდა აჰყოლოდა. იცოდა, სიცივე და შიში გზას უფრო დაუგრძელებდა, მაგრამ უძლური იყო. სუსტი და უძლური.
„ შენ იმაზე მამაცი ხარ, ვიდრე გგონია.“ - გონებაში ჩაესმა.
„ არაფერი გქონდა, რომ დაგეკარგა“
წამოდგა და აქეთ-იქით მიმოიხედა. მარტო იყო.
„ მაგრამ მიზანი არასწორად დაისახე. ჭეშმარიტი გრძნობა უკუაგდე და სხვაგან გადაუხვიე.“
საკუთარი სული ესაუბრებოდა. ან გონება.
სხვა ვინმე უნდა მოეძებნა - ის, ვინც უყვარდა. ამას ახლაღა მიხვდა.
***
უდაბნოში ქარი ქროდა.
იგი გზა მიიკვლევდა. სასტიკი, შეუპოვარი ქარი ქვიშიან ჰაერს სახეზე აყრიდა და აიძულებდა, თვალები დაეხუჭა. არ ადარდებდა, მაინც ვერაფერს დაინახავდა უწყვეტი, უსასრულო შავი ჰორიზონტის გარდა. და მაინც, იცოდა, რომ უსასრულო არაფერი იყო. არც მისი სიცოცხლე.
სადღაც ყვითელი სინათლე კაშკაშებდა, პატარა, მანათობელი იმედის ნაპერწკალი. მხოლოდ ძალის მოკრება იყო საჭირო, მაგრამ თავი გააქნია და გაჩერდა. იცოდა, ეს მისი უკანასკნელი ნაბიჯები იყო.
ზარების ხმა ჩაესმა. გაეღიმა. საკუთარ ხელებს დახედა, თუმცა მათი ცნობა გაუჭირდა. ეს ის ხელები არ იყო, ოდესღაც ლურჯთვალებიან სახეს რომ ეფერებოდნენ.
ჯერ მუხლებით დაეცა, მერე ტანით.
მისი ცხოვრება მრავალფეროვანი იყო, მაგრამ უაზრო. დრო კი მაშინ წამოეწია, თეთრი ნათება რომ დაინახა.
მოასწრო და ცას შეხედა. ის ვარსკვლავი ისევ ანათებდა. ჩაეცინა და მზერა ყვითელ წერტილზე გადაიტანა. რამდენიმე წამში ეს წერტილიც სიშავემ შთანთქა.
უდაბნოში ქარი ქროდა.

©
                       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები