ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ბერია
ჟანრი: პოეზია
20 მარტი, 2015


(ვაღებ მანქანის კარს)

ვაღებ მანქანის კარს
და
მხვდება ნაცნობი სახე,
ფასზე ვთანხმდებით
და
მივდივართ ქალაქში...
მას ისეთივე სევდიანი იერი აქვს,
როგორიც მის შვილს...
მე არ ვიწვევ უხერხულობას
და
შესაბამისად არ ვეუბნები ტაქსის მძღოლს,
რომ ის,
ჩემი ახლო ნაცნობის მამაა,
რომ მისი შვილის ტრაგედიები ვიცი,
რომ სწორედ შვილის ტრაგედიების
გამო ტაქსაობს...
თუმცა რამ გაყო
შვილისა და მამის ტრაგედია?!
მასთან არც ვალუტის კურსზე
ვიწყებ საუბარს,
უბრალოდ ვეუბნები,
რომ ამინდმა აურია...
შემდეგ ისევ დუმილია,
ჩვენ, ჩვენს ფიქრებში
გავცქერით პროსპექტს,
რომელიც ჩვენი გულებივით
მძიმე და ცარიელია,
რომელმაც გადაიტანა
პიკი საათი და საცობი...
ბოლოს გავასწორეთ ანგარიში,
ერთმანეთს წარმატება ვუსურვეთ
და
წავედით სხვადასხვა მხარეს...
და
რა უნდა შეგხვდეს ღამის ქალაქში
მიწის ქვეშა გადასასვლელის გარდა
და
კიდევ ქალიშვილის,
რომელიც ჩემ წინ მიდის,
ყურთსასმენებით უსმენს
საყვარელ სიმღერას
და
უეცრად იხედება ჩემსკენ,
თითქოს მიგრძნო,
მიყურებს ღიმილით,
მეც რაღაცნაირად სასიამოვნოდ
ვგრძნობ თავს,
ეს პროცესი გრძელდება,
სადღაც წამის მეასედი
და
შემდეგ აყოლებს
თვალს
მოტოციკლს,
რომელმაც
ჩაიქროლა
აღმოსავლეთიდან
დასავლეთით,
როგორც მზემ...
და
გასაგებია
ამ ქალიშვილის ღიმილი
და
თვალები,
საითკენაც
იყო მიმართული...
გრძელდება პროსპექტი
დაუსრულებლად
და
ვრწმუნდები,
რომ ჩემი მიცემული კაპიკი
მაგონებს იმ ახალგაზრდას,
რომელიც ბავშვობიდან
იცავდა ათ მცნებას,
მაგრამ
ვერ შეძლო საკუთარის
ბოლომდე გაღება...
თუმცა ზოგჯერ
ქრისტესაც შეუაფარია ჩემს „ბინაში“ თავი...
და
სამწუხაროდ,
არც ათი მცნება დამიცვია
ბავშვობიდან
და
არც „მებაჟე“ ვყოფილვარ...
რა უნდა შეგხვდეს ღამის ქალაქში,
მიწის ქვეშა გადასასვლელის გარდა...
იქნებ ეგ არის ჩემი სამარე,
სადაც ხელკეტს
ან
ბლაგვ საგანს ჩამარტყამენ თავში,
ან იქნებ
შენ ხარ...
მე, ხომ შენამდე მოვდივარ
ამ მიწის ქვეშა გადასასვლელით
და
მეკითხები,
რატომ ვარ ასე მოწყენილი?!
რატომ მოვედი შენთან?!
და
მე გპასუხობ,
ზუსტად იმიტომ -
რომ ცუდად ვარ...
შენ გეღიმება
და
იწყებ საუბარს საკუთარი თავის შესახებ,
ლანძღავს მას,
ადაბლებ,
რას არ ცდილობ
ჩემი გამხიარულებისთვის
და ბოლოს შეძელი ჩემი გაღიმება...
ჩვენ მოვგავდით თევზებს,
დასველებულები
და წყლის გარეშე დარჩენილს,
უჰაეროს...
შენ შეიგრძენი ჩემი სიჩუმე
და
გსიამოვნებს ჩემს გვერდით ყოფნა...
მე კი ისევ ვფიქრობ:
რას უნდა შეხვდე ღამის ქალაქში,
მიწის ქვეშა გადასასვლელის გარდა...
იქნებ შენა ხარ...
მაგრამ არა,
შენ არ ხარ
მარიამ მაგდალინელი,
ანჟელა...
შენ შეძელი ჩემი გაღიმება
და
მე გშორდები...
რამდენი ტკივილი გამიზიარე,
რამდენი სევდა,
სიხარული...
და
შენ ჩემ შესახებ ისიც კი არ იცი,
რომ ხანდახან
ლექსებსაც ვწერ...
ნახვამდის,
მე უნდა წავიდე,
მეჩქარება...
რაც დროს გადის
უფრო მეტად ვცდილობ
ადრე მივიდე სახლში...
რაც დრო გადის,
უფრო მეტად მიძნელდება
დედაჩემის მარტო ყოფნა...
და რაც დრო გადის
უფრო და უფრო მეტად ვხვდები,
რომ ჩემმა 22-მა ივნისმა ჩაიარა,
რომ დღეები მოკლდება
და
იმიტომ ვწერ ამ ყველაფერს,
რომ მე ძალიან მეჩქარება სახლში,
რომ ის გზა მოკლდება,
რაც უსასრულო მეგონა აქამდე,
რომ ვრცელი ღამეების მსგავსად
უკან დასახევი გზა ბევრია
და
წინ წასასვლელი
არც თუ ისე ბევრი,
უფრო სწორად
წინ წასასვლელი გზა
ერთია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები