შენ ხარ მიწიდან ამომავალი მხეცი, ერთიანად ოქროსგან ხარ ნაძერწი, ამიტომ ოქროს მხეცს გიწოდებ. ოქროს მიწიდან მოიპოვებენ, მეც წაგახმარე ხელი მიწის ღრმა ორმოდან ამოსვლაში... როგორც კი თვალი მოგკარი, მაშინვე მენიშნა რაღაც. მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვამჩნევდი შენს რქებს, კრავის რქებივით საყვარელ ჩაგრეხილ-ჩახლართულებს. ამიტომაც დამაგვიანდა მივმხვდარიყავი, თუ ვინ ხარ. - რქებმა რაღა განიშნეს? - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა ორსახა ნიღაბმა, თუმცა მე მშვენივრად გავიგონე მისი სიტყვები... ახალი მთვარე გამოცურდა ამ დროს საიდანღაც, სავსე მთვარისკენ მიიდრიკა, ჩანს, თავიანთი ჩვეული ოინბაზური მოგზაურობის წარმოდგენას აპირებენ. - ძალიან ბევრი რამ მანიშნეს შენმა რქებმა, - მივმართე ისევ ოქროს ნიღაბს. ვიცოდი, ჩემს სიტყვებს სხვებიც კარგად გაიგონებდნენ. - კიდევ კარგი, დრო-სივრცის უფართოესმა რკალმა გაამჟღავნა მათი არსებობა. მე, რა თქმა უნდა, ვერ მივწვდები უფართოეს და უშორეს რკალს, თქვენთვის ასე მახლობელს, მაგრამ ხანდახან რაღაცას მაინც მოვკრავ თვალს. კრავის ორი რქა, საყვარლად დაგრეხილ-ჩაწნულები, ორ სპირალს რომ მოგვაგონებენ... ისინი ხომ იარაღად არ გამოდგებიან... გინახავთ, კრავს ვინმე დაეჭრას ან თუნდაც გაეკაწროს ამ რქებით? არა, აქ სულ სხვა რამაა... ორრქიან არსებას არავითარი იარაღი არ სჭირდება... ის ხომ თავიდან ფეხებამდე ოქროსია... ჰოდა, თვითნვეა იარაღი. როდესაც ამ სიტყვებს ვამბობდი, ახალი მთვარე მიეახლა სავსე მთვარეს. ნელ-ნელა გადაცურდა მის მნათ სახეზე, პაწია რქებად გამოესახა თავზე. ოღონდ ეს რქები დაგრძეხილი არ ყოფილან, სწორად იდგნენ. თითქოს ჩემს სიტყვებს ბეჭედი დაუსვესო, ისე გამოუვიდათ მთვარეებს. - რატომ არიან რქები ასე ჩახლართულები? - გაისმა შეკითხვა. ვეღარ მოვასწარი ამაზე დაფიქრება, მეორე შეკითხვა მოჰყვა მაშინვე: - რატომაა რქების რიცხვი ორი და არა ვთქვათ ათი? უკვე აღარ ვიცოდი, რომელ ნიღაბს ეკუთვნოდნენ ისინი. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს მთვარის გაორმაგებულმა სახემ (თავზე პაწია მნათი რქებით) მომაწვდინა ხმა, ორი შეკითხვა ერთად დამისვა. - მეკითხებით, რატომაა რქები ჩახლართული და მათი რიცხვი რატომაა ორი? - ვაგრძელებ სიტყვას, დროის მოგება მჭირდება. ასეთ რამეებზე ჯერ არ მიფიქრია.. - ცხადია, ამასაც თავისი მიზეზი ექნება, თანაც ფრიად მნიშვნელოანი... წმინდა წერილში არაფერია შემთხვევითი, იქ თითო სიტყვას თითო ცთომილის წონა აქვს. დიახ, რქები იარაღს არ ნიშნავს, ეს უკვე ვიცით... მათ რაღაც სხვა დანიშნულება უნდა ჰქონდეთ, მაგრამ რა? ამაზე ნამდვილად ღირს დაფიქრება... (ცოტა ხნით ვჩუმდები, არც სხვები იღებენ ხმას, მგონი ვარსკვლავებიც კი რაღაცაზე ფიქრობენ, ისე გარინდებულან...) ჰო, რას ვამბობდი? ისინი შენი თავიდან გამოდიან (ოქროს ნიღაბს მივმართავ) თანაც როგორი სახით, სპირალივით ჩაგრეხილ-ჩახლართულები... ხომ კარგად ვიცით ყველამ (ახალს არაფერს ვამბობ), თავი ხომ მბრძანებლობს სხეულს. თავი განსაზღვრავს, თუ რა სახის მოძრაობა უნდა შეასრულოს ამ უკანასკნელმა, რა გზებით უნდა იაროს... ჰოდა ყველაფერი აშკარაა, თანაც ერთი შეხედვისთანავე. კრავის რქები იმ დახლართულ გზებს ნიშნავს და აღწერს, რომლითაც დედამიწაზე დააბიჯებ. შენ ხომ სწორი გზით სიარული არ შეგიძლია, ყოველთვის მრუდე მიმართულებას არჩევ. ამის სურათხატებაა შენი თავიდან გამოსული რქები (ისევ ვჩუმდები, არავინ მეკამათება, მგონი სწორ გზას ვადგივარ, ოქროს ნიღბისგან განსხვავებით...) თანაც რქების რიცხვიც ორია, რატომ არიან ორნი?... აჰა, ყოველივე ცხადია, იმიტომ არიან ორნი, რომ ორპირი ხარ, ორბუნებოვარი, ფლიდი, მაცდური, მატყუარა... პირდაპირობა და გულწრფელობა უცხო ხილია შენთვის... თანაც ეს როდია ყველაფერი, საკუთარ თავსაც გამუდმებით ეწინააღმდეგები (ის ფინანსისტი გამახსენდა, ორ მეომარ მხარეს ერთდროულად რომ ამარაგებს...) ასეთია შენი გზა და ბილიკი მზის ქვეშ. როგორც კი სიტყვა დავასრულე, სავსე მთვარეს გაუქრა პაწია მნათი რქები... ეს იმას ნიშნავდა, რომ ისინი უნაშთოდ დაემთხვნენ ერთი-მეორეს. ახალი მთვარე ეხლა სრულებით აღარ ჩანდა, მაგრამ მე ხომ ვიცოდი, რომ ისევ იქ იყო... ვიცოდი მათი ოინბაზობის ამბავი... ,,- ლაპარაკობდა როგორც გველეშაპი...~ იცით, ვინ წარმოთქვა ეს სიტყვები? ცეცხლოვანმა გველეშაპმა; არ გეხუმრებით, ნამდვილად ასე იყო... ვარსკვლავების მანათობელმა გირლიანდებმა გველეშაპი გამოსახეს იმ უფართოეს სივრცეში, რომელშიც იმჟამად ვიმყოფებოდით (მართლაც საზღვარი არ აქვს აქაური წალკოტის სასწაულებს). პირდაპირ სასაცილო იყო, მეტი რომ არ ვთქვათ, ცეცხლოვან გველეშაპს აინტერესებდა, თუ რატომ ლაპარაკობდა ორრქიანი კრავი გველეშაპის ხმით. რაც შეეხება მთვარეებს, სადღაც გამქრალიყვნენ, მათი ნასახიც კი არსად ჩანდა... - ,,ლაპარაკობდა როგორც გველეშაპი~ - ვიმეორებ წმინდა წერილის სიტყვებს, ეს უკვე ჩვეულებად მექცა... თან დროს ვიგებ ამით, როგორც უკვე გითხარით. - რა თქმა უნდა, გველეშაპივით ილაპარაკებს, აბა რა გგონიათ? ის ხომ ოქროსია... ორრქიანი მხეცი თავიდან ფეხებამდე ოქროა, ნამდვილი ბაჯაღლო ოქრო... ჰოდა, ერთი მითხარით, ვინ ლაპარაკობს ოქროზე უფრო ხმამაღლა? თუ მოეძებნება მეტოქე ამ მხრივ ჩვენს ცთომილზე. გარწმუნებთ, მეტოქეს ვერ იპოვით, უიმედო საქმეა. როდესაც საქმე ხმას შეეხება, ოქროს ვერავინ გაუწევს მეტოქეობას მთელი დედამიწის ზურგზე და ეს ხმა მხოლოდ გველეშაპს თუ შეიძლება შეადარო, როგორც წმინდა წერილში წერია სიტყვასიტყვით, იქნებ მეტიცაა, ვინ იცის... იქნებ აღემატება კიდეც გველეშაპს... სანამ ვლაპარაკობდი, ცეცხლოვანი გველეშაპი ნელ-ნელა ირწეოდა, ცეცხლოვან კიდურებს ასავსავებდა... მერე უცბად თითქოს აფეთქდაო, სულ ერთიანად დაიფანტა, ვარსკვლავებად დაიშალა... ცეცხლოვან წვიმად დაეფრქვა ოქროს ნიღაბს, რომელიც ისე გაბრწყინდა, თვალს ვერც კი გაუმაგრებდი. მართლაც მშვენიერი სანახაობა იყო, ჩემს სათქმელსაც ძალიან მოუხდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|