ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2015


* * *

შემორჩენილ ძველმანებს მშრალ ხიდზე რომ გაიტან,
დილა რომ მოგადგება, როგორც ურცხვი მევალე
და გროშებად გაჰყიდი დოქებს ქანაანიდან,
სადაც გსურდა მცირედი ღვინო გადაგემალა,
რადგან სტუმარს ელოდი ყველა ძილისპირულზე,
რადგან დილის მოსვლამდე ღამე მთვარით გაროზგე,
ახლა წინ გილაგია აქატი და ფირუზი
ანუ ყველა შესაძლო ქვა და ნაავგაროზალ
ქარვას ხარბად დაჰყურებ, ანთრაკი და ნეფრიტი-
ბოლო ლუკმა-პურია, სარჩოცა და საბადოც...
შენ აგვისტოს ხვატისგან ისე გამოიფიტე,
გენატრება სიცივე, შინელი და ლაბადა.
გენატრება სიცივე, სუსხი-წყალთა მტკვირავი,
დგახარ ყოვლად უჩინო, უსაშველო, უწამლო,
დგახარ თავჩაღუნული და ბუტბუტებ მტკვარივით,
საკუთარი არყოფნის, მრავალ დროთა მოწამე,
დგახარ, ჰყიდი ძველმანებს, დოქებს-ქანაანიდან,
დილა რომ მოგადგება, როგორც ურცხვი მევალე,
უკანასკნელ ნივთებსაც ხვალ მშრალ ხიდზე გაიტან,
მხოლოდ ჩრდილი დაგრჩება, იქნებ გადაგემალა
ისიც...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები