ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
29 აპრილი, 2015


ტკივილი

ჩუმად მაწვალე, ჩუმად, ტკივილო,
ქვეყანას მოსდო - რა საჭიროა?!
ჯერ არავისთან არ გამამხილო,
ჯერ საიდუმლოს შენახვის დროა...

ნურვის ანახებ ჩემს ტირილს - ფასი
არა აქვს მაინც გამხელილ ცრემლებს.
განწმენდა მსურს, მე, მთელი სისავსით
და ამიტომ გთხოვ, ფარულად მცემე.

მასვი, ტკივილო, ცოდვით ავადმყოფს
უხმო მოთმენის მწარე წამალი.
და თუკი ღვაწლმა გამაამაყოს,
მძიმე ოხვრების ტყეში დამმალე.

მიდი-თქო, მიდი, გამითამამდი,
რომ ჯვარზე გაკვრა ოცნებად მექცეს,
მიდი, ესროლე ჩემს ხორცს ქამანდი,
რომ სულიც არსად აღარ გამექცეს.

არ შეისმინო რაც უნდა გთხოვო,
არც თხოვნასა აქვს, შესმენილს, ფასი...
ის, რაც გონებამ ტკივილით ჰპოვა
შემამტკბობინე მთელი სისავსით

და მერე ღიად მტანჯე, ტკივილო,
ყველამ გაიგოს - თუ საჭიროა...
მერე მამალმაც ეგებ იყივლოს -
მაინც ყველაფერს თავისი დრო აქვს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები