ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიღმახეველი
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2015


ჯარჯი


ჯარჯი რომ ვიყო,აპარეკა ანდაც ალუდა,
ნამგალა მთვარეს ავყვებოდი ზეცის ბოლომდე,
მე და იაბოს გვექნებოდა შმაგი მარულა,
სიმწრით დავკვლევდი გზა-ბილიკებს ჯიხვთა ხორომდე.
რომ ვიყო ჯარჯი,გაციებულ პაპათ საძვალეს,
ყოველ ხატობას შევწირავდი კურატს ჯიშიანს.
ჩემს გიჟ იაბოს მივუშვებდი წამში სადავეს,
არ ვიგუებდი კაცს-ორპირს და ბოღმა-ჭირიანს.
მჩაგვრელთ მჩაგვრელი იყავიო მეტყოდა მამა,
პაპაც საკუთარს მაჩუქებდა შევერცხლილ გორდას:
"გახსოვდეს ვაჟო,ნუ იქნები საწყალი "კაცა",
მამაცი გული წამში გაჰხეთქს უძლეველ გორას".
მეყოლებოდა მეც მზექალი,როგორც გაბრიელს,
ყოველ გარიჟრაჟს დავუწნავდი ლექსების გვირგვინს,
მზის ცხრავე სხივით ავავსებდი მთვარეს ცარიელს,
და დაწნულ ქოხშიც გავიგებდით არაგვის გვიგვინს.
გვეყოლებოდა ოთხი ვაჟი,სამი ასული
და ყოველ დილით იბრწყინებდა შვიდი მნათობი,
გამოჩნდებოდნენ ჭიუხები-ცამდე ასულნი,
დევისფერ მაჯით ვატყავებდი ჯიხვებს ათობით.
რომ ვიყო ჯარჯი,ვიფიცებდი საკუთარ ხმალზე,
სამას არაგველს ჩავძახებდი"ჰეი,გმირებო"!
ტირილნარევი,ვაჟკაცური სიმღერის ხმაზე,
სიკვდილის ცელით მოთიბულო ქართველთ შვილებო.
რომ ვიყო ჯარჯი,მექნებოდა გული იმხელა,
ყინვით დაზაფრულს ცხელი სუნთქვით ვათბობდი იებს,
და სიყვარულიც მექნებოდა ლურჯი ცისხელა,
საგზლად არაყათ გავატანდი მთლად გადამთიელს.
არა ვარ ჯარჯი,რადგან ქალად დამბადა ღმერთმა,
მხოლოდ ერთია ოცნებისთვის არ სძრახვენ არვის,
და თუ ინდომა ასრულება ისევე ღმერთმა
ჩემს შვილს უსიტყვოდ დავარქმევდი სახელად-ჯარჯის!
ქეთი ზვიადაური

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები