ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანანია ბროველი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
16 მაისი, 2015


აკაკი ბაქრაძის ,,ტარიგი ღმრთისაის” გაგებისათვის

      წინამდებარე წერილის უპირველეს მიზანს რომან ,,დათა თუთაშხიას” დედაზრის, ასევე მისი სხვა ძირითადი საკითხების გააზრება წარმოადგენს ზემოაღნიშნული წერილის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე.

      საანალიზოდ გამოყენებულია ,,ტარიგი ღმრთისაის” ის რედაქცია, რომელიც აკაკი ბაქრაძის რვატომეულის მესამე ტომშია შესული და რომელიც 2004 წელს გამოიცა.  თავად წერილი კი 1975 წელს გამოქვეყნდა.

      ზოგადი ხასიათის დასკვნებისგან, როგორც შესავალში, ისე ამ წერილის დასასრულს შეგნებულად ვიკავებ თავს.
 
      ვიწყებ პირველი მცირე ზომის  ამონარიდით:
      ,,მერე სეთურის მონებმა იეჭვეს: ამათ სეთური არ უყვართო. მიესიენ დათას და მოსეს, ჯერ სეთურის სადიდებელი ჰიმნები ამღერეს და მერე ქვებისა და კეტების ცემით კინაღამ სული ამოხადეს. ორივე სასწაულით გადაურჩა სიკვდილს.” გვ.581.

      პატივცემულ მკითხველს შეუძლია გადაამოწმოს: დათა თუთაშხიას და მოსე ზამთარაძეს სეთურის მონებმა მისევისას ჰიმნი არ ამღერეს. ჯერ მარგილი ჩაცხეს, მერე ძირს დააგდეს და მაგრად ურტყეს (ქვებზე და კეტებზე იქ საუბარი არ არის). გული რომ იჯერეს ცემით, ცხენები გამოიყვანეს თავლებიდან, ნაცემი აბრაგები კუდებზე მიაბეს და სამას ნაბიჯზე ათრევინეს ცხოველებს. სეთურის სადიდებელი ჰიმნები კი, წინადღით სეთურის მონების შვილებმა ამღერეს მოსეს და დათას.  განსახილველ წერილში მსგავსი შემთხვევები ხშირია, თუმცა ყველა მათგანზე ყურადღების გამახვილებას მიზანშეწონილად არ ვთვლი, მათი უმნიშვნელობის თუ სხვა მოსაზრებების გამო.
     
      პატივცემული აკაკი ბაქრაძე საანალიზო წერილის პირველ სამ გვერდს იმის მოყოლას უთმობს, თუ რა ისტორიები გადახდა თავს ნაწარმოების მთავარ გმირს დათა თუთაშხიას ბუდარასა და ბუდარიხასთან, შემდეგ ბაზრის თაღლით მარუდასთან, ბოლოს კი - არქიფო სეთურთან (მოსე ზამთარაძესთან ერთად) ურთიერთობისას. ამის შემდეგ, მეოთხე გვერდზე, იგი ასეთ დასკვნებს აკეთებს (მეტი სიცხადისთვის აქაც და ქვემოთაც მივმართავ ვრცელ ამონარიდებს):
      ,,ცხოვრების ასეთი და ამდაგვარი სურათების ხილვამ დათა თუთაშხიას სულში სკეფსისი დაბადა - ადამიანი დახმარების, ზრუნვისა და პატივისცემის ღირსი არ არისო: ,,...ყველა კაცი ისე ცხოვრობს და ისე იქცევა, როგორც თვითონ მოსწონს და სხვა კაცი მის საქმეში არ უნდა ჩაერიოს...მგონია, არც ერთი კაცი არაა ქვეყანაზე მისთანა, სხვისი ჩარევისა და დახმარების ღირსი რომ იყოს.”
      მძიმე და სასტიკი განაჩენი გამოიტანა დათა თუთაშხიამ. როცა ამ დასკვნამდე მიხვალ, ბუნებრივია, საზოგადოებას, ხალხს უნდა განერიდო. ან მონასტერში უნდა წახვიდე ან ყაჩაღად გავარდე. დათას ტემპერამენტისა და სულიერი წყობის კაცი მონასტერს ვერ შეეწყობოდა. ისევ აბრაგად უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც. პორუჩიკი რომ შემოაკვდა, ეს უბრალო ბიძგი იყო. ამ საბედისწერო მკვლელობისათვის დათა სასჯელს მოიხდიდა. დათას ბუნების ადამიანებს სასჯელის არ ეშინიათ. არც გაურბიან. ისინი კანონიერების მომხრენი არიან და დანაშაულისთვის სასჯელს ნებაყოფლობით იხდიან. საქმე სხვაა. ყაჩაღობა დათასათვის საზოგადოებისაგან განდგომის ფორმაა.
    დათა თუთაშხიამ ადამიანს უნდობლობა გამოუცხადა. საზოგადოებას, ხალხს განუდგა. მაგრამ დათას სკეპტიციზმი ბოროტების საფუძველი არ გამხდარა. სკეპტიციზმმა დათას სული ვერ დაშალა, ვერ გამოხრა. ეს არის დათა თუთაშხიას მხატვრული სახის მადლი და ხიბლი. არც ერთხელ, არცერთ შემთხვევაში დათა თუთაშხიას არ უფიქრია ბოროტების წილ ბოროტებით მიეზღო.” გვ.581.

      ციტირებულ სამივე აბზაცში მოყვანილი დასკვნები იმის დასტურია, რომ აკაკი ბაქრაძე 20 და 40 წლის დათა თუთაშხიას შორის სხვაობას ვერ ამჩნევს. და საერთოდ, დათა თუთაშხია მისთვის დინამიური (უპირველეს ყოვლისა, სულიერი და გონებრივი გაგებით) გმირი არ არის, რომელიც თავის ცხოვრებაში გარკვეულ ეტაპებს გადის, არამედ უძრავი ფენომენია, ფრესკაა, ხატია. სამივე აბზაცი და იქ წარმოებული ანალიზი მთლიან ნაწარმოებზე ფრაგმენტული მიდგომის დასტურია.

      განვიხილოთ თითოეული აბზაცი ცალ-ცალკე.
      უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ის, რომ პირველ აბზაცში ციტირებული თუთაშხიას მოსაზრება აბრაგმა მოსე ზამთარაძეს მაშინ გაუზიარა, როცა ორივე სეთურის ხალხისგან ახლად ,,დაბეგვილ-დალეწილები” (ზამთარაძის სიტყვებია) იყვნენ. ვფიქრობ, პატივცემულ მკითხველს არ გაუჭირდება იმის გარკვევა, ახალგალახული ადამიანის რომელიღაც მოსაზრება გამოდგება თუ არა შორს მიმავალი დასკვნების გასაკეთებლად, მით უმეტეს, გამოდგება თუ არა ასეთი რამ ვრცელი ნაწარმოების მთავარი გმირის ზოგადი დახასიათებისთვის.

      მეორე, ახალგალახულ თუთაშხიას ზემოაღნიშნული მოსაზრების გახმოვანების შემდეგ და მისგან გამომდინარე, იმაზე არ უფიქრია - მონასტერში წავიდე აწი თუ აბრაგობა დავიწყოო. ამ დროისთვის (და აკაკი ბაქრაძის მიერ  ზემოთ მოყვანილ სხვა შემთხვევებშიც) დათა თუთაშხია უკვე იყო აბრაგი, ამიტომ დასკვნა ,,ან მონასტერში უნდა წახვიდე ან ყაჩაღად გავარდე” დაგვიანებულია, ნაწარმოების ლოგიკასაა ჩამორჩენილი.

      მესამე, პატივცემული აკაკი ბაქრაძე ზემოაღნიშნულ წერილში არსად არ ამბობს, თუ რატომ ვერ შეეწყობოდა დათას ტემპერამენტისა და სულიერი წყობის კაცი მონასტერს? ვთვლი, რომ ეს მას უნდა ეთქვა. აბრაგი ხომ მისთვის ,,ტარიგი ღმრთისაი” იყო. განა წერილი ამას არ ეძღვნება? ასევე უნდა ეთქვა, თუ  რატომ უნდა წასულიყო თუთაშხია აბრაგად? ამის რა აუცილებლობა იყო? იქნებ სჯობდა მიმალვაში ყოფნით დაკმაყოფილებულიყო. პორუჩიკის შემოკვდომა რატომ იყო უბრალო ბიძგი? იგი, ლოგიკის ძალით, შემოკვდომის გარეშეც წავიდოდა აბრაგად? შესაძლებელია, თუმცა ანალიზის დროს, უპირველეს ყოვლისა, ფაქტებიდან უნდა ამოვიდეთ. ფაქტი კი ისაა, რომ პორუჩიკის შემოკვდომის შემდეგ (ასევე ანდრიევსკის საფლავზე პოლიციისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის გამო) თუთაშხია იძულებული იყო სახელმწიფოსთან ურთიერთობა გაერკვია. მან ეს საკითხი ასე გაარკვია: უარი თქვა არსებული (იმპერიული) კანონების მიხედვით პასუხისგებაზე, ასევე მიმალვაში ყოფნაზე და აირჩია აბრაგობა (აქტიური ფორმა). თუ რატომ, აქ ამაზე არ შევჩერდები.

      მეოთხე, თუთაშხიას ანდრიევსკი 1885 წელს შემოაკვდა, ხოლო ციხეში საკუთარი ფეხით, სავარაუდოდ, 1903 წელს უნდა მისულიყო. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, იგი იქ ზეწოლის გარეშე არ მისულა. ამიტომ სრულიად გაუგებარია აკაკი ბაქრაძის აზრი: ,,დათას ბუნების ადამიანებს სასჯელის არ ეშინიათ. არც გაურბიან.”

      მეხუთე,  რთულია გაიგო, თუ რას გულისხმობს პატივცემული აკაკი ბაქრაძე, როცა წერს, რომ    თუთაშხიასნაირი ადამიანები ,,კანონიერების მომხრენი არიან და დანაშაულისათვის სასჯელს ნებაყოფლობით იხდიანო”. ცნობილია, რომ დათა თუთაშხიას მსოფლმხედველობა ეწინააღმდეგებოდა იმპერიული სახელმწიფოს კანონებს და კანონიერებას. იგი მთელი ცხოვრება ებრძოდა ძალმომრეობას, მათ შორის სახელმწიფოს მხრიდან გამოვლენილსაც. აქ კი, რომელ და სადაურ კანონიერებაზეა საუბარი? გარდა ამისა, როგორც უკვე ითქვა, თუთაშხია ნებაყოფლობით კი მივიდა ციხეში, მაგრამ იმ ზეწოლის დავიწყებაც არ შეიძლება, ექვსთვიანი მოსაფიქრებელი ვადით რომ ,,განუსაზღვრეს” მას.

      მეექვსე, აკაკი ბაქრაძეს მიაჩნია: ,,ყაჩაღობა დათასათვის საზოგადოებისაგან განდგომის ფორმაა.” ასეა თუ არა ეს? სახელმწიფოსთან კონფლიქტამდე და აბრაგობის საკმაოდ გრძელ პერიოდშიც დათა თუთაშხია აქტიურად ერევა საზოგადოების ცხოვრებაში. პატივცემული აკაკი ბაქრაძის ზემოაღნიშნული ისტორიები თუთაშხიას ურთიერთობისა ბუდარა-ბუდარიხასთან, მარუდასთან, არქიფო სეთურთან  მისი აბრაგობის ერთ, საწყის პერიოდს ასახავს. ამდენად ეს და სხვა ისტორიები (აბრაგის მარცხის მიუხედავად) არ ადასტურებენ თუთაშხიას განდგომას ადამიანისგან და საზოგადოებისგან. ასეთი რამ მისი აბრაგობის მხოლოდ ერთ, შედარებით მცირე პერიოდზე შეიძლება ითქვას, რაც, ცხადია, ამგვარი, საერთო ხასიათის დასკვნის გამოტანის საშუალებას არ იძლევა.

      მეშვიდე, მესამე აბზაცი და იქ წარმოდგენილი აზრები ნაწარმოების სტატიკური გაგების დასტურია. ,,სკეპტიციზმმა დათას სული ვერ დაშალა, ვერ გამოხრა. ეს არის დათა თუთაშხიას მხატვრული სახის მადლი და ხიბლი.” ესაა ხატობრივი (ფრესკული)  წარმოდგენა ნაწარმოების მთავარ გმირზე. აკაკი ბაქრაძის აზრით, თუთაშხია თავიდანვე სიკეთის განსახიერება იყო და ბოლომდე ასეთად დარჩა. წერილის სათაური ,,ტარიგი ღმრთისაიც” ამის დასტურია.  სხვაგვარად რომ ვთქვათ, აკაკი ბაქრაძის ლოგიკით, მწერალმა ნაწარმოებში დაგვიხატა ზნეობრივი გმირი, რომელსაც იგი სხვადასხვა სიტუაციებში  აყენებს, ხოლო ეს უკანასკნელი ახერხებს განერიდოს ბოროტებას, ებრძვის კიდეც მას და მიუხედავად ხშირი წარუმატებლობისა, სულიერად მაინც არ ეცემა. აქ კი, უფრო საინტერესო ფაქტზე მსურს გავამახვილო პატივცემული მკითხველის ყურადღება. ეს არის ის, რომ ნაწარმოების მთავარ გმირზე არსებულ ბაქრაძისეულ შეხედულებას მწერალიც იზიარებს. ამის დასტურია მისი თანხმობა ეკრანიზებისას ნაწარმოების სათაურის შეცვლისა სრულიად შეუსაბამო სათაურით - ,,ნაპირები,” რომელიც სწორედ იმას გულისხმობს, რომ ზნეობრივი გმირი ხან ერთ სიტუაციაშია, ხან მეორეში (სხვადასხვა ნაპირი), მაგრამ მაინც მედგრად დგას და ასე თუ ისე უმკლავდება ცხოვრებისეულ გამოწვევებს, რაც რომანის, მისი დედააზრის არათუ არასწორი გაგებაა, არამედ რეალურად აზიანებს მას. ვთვლი, რომ დათა თუთაშხიას მხატვრული სახის  მადლი და ხიბლი სრულიად სხვაგანაა. იგი, უპირველეს ყოვლისა, თუთაშხიას პიროვნულ ზრდაშია (არა მარტო ზნეობრივი თვალსაზრისით), რაზეც შედარებით ვრცლად ქვემოთ იქნება საუბარი.
 
      ვნახოთ კიდევ ერთი ვრცელი ამონარიდი:
      ,,გავიდა წლები და უცნაური ამბავი მოხდა. დურუ მედუქნის ვაჟიშვილი ძობა დავაჟკაცდა. ამოჩემებული ჰქონდა: ჩემი ოჯახიც და მეც დათა თუთაშხიამ დაგვღუპაო. იმ ,,დღეს დათას რომ ხმა ამოეღო, ყაჩაღები გაჩუმდებოდნენ, კიკუს ხელს არ ახლებდნენ და ყველაფერი მშვიდობით დამთავრდებოდაო. ვერავინ შეაცვლევინა აზრი ძობას. თავის დღე და მოსწრება დათას დაეძებდა და მოვკლავო, იმუქრებოდა. არადა, შეუბრალებელი კაცი იყო დურუ ძიგუას ვაჟი: ,,მერედა, მე შენ გეტყვი, ხელი აუკანკალდებოდა ძობას. თავის დროზე კაცის მოკვლაში და ბატკნის დაკვლაში, ორთავეში ერთნაირი გული ჰქონდა - დაუნდობელი იყო”...ჰყავდა კიდეც ხალხი დახოცილი. ერთ დღეს საქულას დუქანში შეხვდა ძობა დათას. შურისძიების კანკალმა აიტანა ბიჭი. არც იარაღი ჰქონდა თან და არც დუქანში მოხერხდებოდა კაცის მოკვლა. არადა, დათას გაშვებაც არამც და არამც არ უნდოდა ძობას. უცბათ ყური მოკრა, რომ დათა ზახარ კარპოვიჩთან უნდა მისულიყო. ახლა კი მიეცა ძობას ანგარიშის გასწორების საშუალება. ზახარ კარპოვიჩის სახლში მიუვარდებოდა დათას და მოკლავდა კიდეც. უთხრეს ეს დათას, მაგრამ ფეხი არ მოიცვალა თუთაშხიამ ზახარ კარპოვიჩის სახლიდან. პირიქით, მშვიდად დაელოდა მტერს, აქოშინებული მოვარდა ძობა ზახარ კარპოვიჩის ეზოში. ვასო გოდერძიშვილი მიეგება და უთხრა: დათამ ყველაფერი იცის, არსად წასულა და შენ გელოდებაო. დათას ასეთმა სიმშვიდემ შეაკრთო ძობა და დააფიქრა. ამასობაში დათა გარეთ გამოვიდა. მთვარის შუქზე დადგა და ძობას გულხელდაკრეფილი  მიაჩერდა. უყურა ერთხანს. ძობაც ჩუმად იდგა. მერე ძობამ რევოლვერი დააძრო და ორი ტყვია ზედიზედ გაისროლა...ჰაერში. დათა თუთაშხია იდგა და ხმას არ იღებდა. ამის მერე სამი თუ ოთხი თვე გავიდა და ძობასთან ვანუა სოლოლაკელი მივიდა და სთხოვა - რევოლვერი მათხოვეო. ძობამ უარი უთხრა - არანაირი იარაღი არა მაქვსო. ,,ბოლომდის ძმაკაცებად დავრჩით, მაგრამ იმის ხელში იარაღი არც დამინახია და არც გამიგონია, რომ ჰქონოდა” - ამთავრებს ამბავს ვასო გოდერძიშვილი.
      უფრო ხშირად დათას სიკეთეს ბოროტებით პასუხობენ, ანდა მისი სიკეთე ნაყოფს არ იღებს, ამიტომ ამ ერთ შემთხვევას არსებითი მნიშვნელობა აქვს. აქ დათამ კეთილი დაამკვიდრა კეთილის შესაფერისი საშუალებებით. კაცისმკვლელს უარი ათქმევინა არა მარტო თავის შავ საქმიანობაზე, არამედ ხელი ააღებინა იარაღზე საერთოდ. ძობას გაბოროტება და სიძულვილი დაითრგუნა სიკეთით. ამ ურთიერთობაში ყველაზე მკაფიოდ გამოვლინდა რომანშივე აღსარებული მცნება - ,,არა ჰკლათ კაცი ესა და აჰა, ნიჭი თქვენ გარდაქცევისათვის სიკეთედ ბოროტებისა.”  გვ.584. 

      თუ წინა შემთხვევაში პატივცემული აკაკი ბაქრაძე ფრაგმენტულად მთელ ნაწარმოებს განიხილავს, ამ ამონარიდში საქმე გვაქვს ვასო გოდერძიშვილის მონაყოლის, როგორც მთლიანის ნაწილთან და მის ანალიზთან. ამ შემთხვევაში აკაკი ბაქრაძის მიერ მხოლოდ ისაა განხილული, თუ რა მოხდა ზახარ კარპოვიჩის ეზოში და არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რა მოხდა ჯერ დუქანში, ხოლო შემდეგ მის მახლობლად, სადაც თუთაშხიას რამდენიმე ადამიანთან მოუხდა სრულიად განსხვავებული, ახლად შეძენილი ფასეულობის დემონსტრირება, ვიდრე ასეთი რამ ადრე ახასიათებდა მას. ცხადია, ასეთმა მიდგომამ პატივცემული კრიტიკოსი შეუსაბამო დასკვნებამდე მიიყვანა. თუმცა მივყვეთ თანმიმდევრობით.

      პირველი, როცა აკაკი ბაქრაძე ამბობს, ძობა ძიგუა ,,თავის დღე და მოსწრება დათას დაეძებდა და მოვკლავო, იმუქრებოდაო,” ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ამის თაობაზე ნაწარმოებში არაფერია ნათქვამი. ვასო გოდერძიშვილი ასე გვამცნობს ძობას განწყობას: ,,განა ერთხელ და ორჯერ უთქვამს, - საცა შემხვდება, იქ მოვკლავო.” ცოტა ქვემოთ კი ისევ გვაგებინებს ძიგუას აზრს: ,, - ტყის კაცია, სად უნდა ვნახო!..” შესაბამისად, ძობა ძიგუას თუთაშხია არ უძებნია, იგი აბრაგთან ალალბედზე შეხვედრის იმედად იყო.

      მეორე, ციხიდან გამოსვლის მერე თუთაშხიასთვის ძიგუას შემთხვევა არ იყო ერთადერთი, როგორც ამის შესახებ ზემოთ აცხადებს აკაკი ბაქრაძე, რომელმაც კეთილი ნაყოფი მოიღო. თუთაშხიას კეთილმყოფელი გავლენა კიდევ რამდენიმე ადამიანმა განიცადა, მათ შორის ვასო გოდერძიშვილმა და მის მიერ გადმოცემული ამბის რამდენიმე სხვა მონაწილემაც. ამ საკითხს მსჯელობისას ისევ დავუბრუნდებით, ახლა კი მივყვეთ  გოდერძიშვილის მონაყოლის მოკლე განხილვას.

      ამ მონათხრობში დათა თუთაშხია წარმოჩენილია მშვიდ, წყნარ, საკუთარ თავში მეტად დარწმუნებულ პიროვნებად. მართალია, ისევ მაუზერით, მაგრამ მაინც სრულიად სხვა პიროვნებად. ვასო გოდერძიშვილის ეს მონაყოლი თამამად შეიძლება ჩაითვალოს დათა თუთაშხიას და ძობა ძიგუას შედარებით დახასიათებად, სადაც მწერალი, ერთი მხრივ, გვიჩვენებს იმ ზრდას, რომელიც განიცადა ციხიდან ახლად გამოსულმა და აქამომდე მოღწეულმა  თუთაშხიამ და მეორე მხრივ, იმ მდგომარეობას, რომელშიაც დარჩა (თუ ჩარჩა) გაბოროტებული ძობა ძიგუა (თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ ძიგუას გაბოროტების აბსოლუტიზება საფრთხილო საქმეა). მონათხრობის მთელ მანძილზე ძობა აფორიაქებულია, დათა კი მშვიდი. ასეთი მშვიდი, სიტუაციებზე ისევ ამაღლებული თუთაშხია ციხიდან გაქცევის შემდეგ მოგვევლინა.

      რა მოხდა დუქანში? დაინახა თუ არა ძობა ძიგუამ დათა თუთაშხია, მოსვენება დაკარგა. ეს შენიშნა ვასო გოდერძიშვილმა. შემდგომ განვითარებულ მოვლენებში ეს ორი პიროვნება ერთად მონაწილეობენ, ფიზიკურად ხედავენ თუთაშხიას ნამოქმედარს და უშუალოდ ესმით მისი საუბარი და კითხვა-პასუხი. პატივცემულ მკითხველს ალბათ ახსოვს, რომ ძიგუამ მოსვენება იმიტომაც დაკარგა, რომ ვერ გაარკვია, იყო თუ არა თუთაშხია ის, ვინც შენიშნა ერთ-ერთ მაგიდასთან. ამის მიზეზი კი, თავის მხრივ, ის იყო, რომ მას არ სურდა შეცდომა მოსვლოდა და ვინმე უცხო შემოჰკვდომოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანის სისხლი აბსტრაქტულად მას აღარ სწყუროდა, როგორც ეს იყო მისი ცხოვრების ადრეულ პერიოდებში, როცა ,,ჰყავდა კიდეც ხალხი დახოცილი,” ანუ ამ ეტაპზე  მისი გაბოროტების მთელი მუხტი თუთაშხიაზე იყო კონცენტრირებული. ვთვლი, რომ ზოგადი გაგებით, ძობა ძიგუა თუთაშხიასთან დაპირისპირების შემდეგ იარაღს ასე იოლად, სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ შეელია და არა იმის გამო, რომ ზახარ კარპოვიჩის ეზოში იგი თუთაშხიასაგან სიკეთით დაითრგუნა, როგორც ამას აცხადებს პატივცემული აკაკი ბაქრაძე. მით უმეტეს, რომ იგი მუდმივად შეიარაღებული უკვე აღარ დადიოდა. ძობა ძიგუა იმ პირს, იმ მკვლელს ჰგავს, რომელიც თავისი მომავალი მსხვერპლის მოკვლის ფიქრში გადაიღალა, გადაიწვა. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ აღარ უნდა ევლო მას იარაღით და სწორედ ამიტომ ,,დასაჯა” იგი განგებამ - მაშინ შეახვედრა სავარაუდო მსხვერპლს, როცა იარაღი თან არ ჰქონდა. ძობა ძიგუამ თავისდაუნებურად მაშინ დაიწყო ადამიანობისკენ შემობრუნება, როცა იარაღის მუდმივ ტარებას შეეშვა (ანგარიშსწორების მუხტის შესუსტება). ამიტომ თუთაშხიასთან მისი შეხვედრა-დაპირისპირება უნდა გავიგოთ არა როგორც მისი დათრგუნვა სიკეთით, არამედ ზემოაღნიშნული შემობრუნების დასასრული, რომელი შემობრუნებაც გაცილებით ადრე დაიწყო (ვინც გოდერძიშვილის მონაყოლს ყურადღებით წაიკითხავს, ამას კარგად დაინახავს) და ფაქტიურად დასრულდა ზახარ კარპოვიჩის ეზოში.

      ხაზგასმით უნდა ითქვას იმის თაობაზე, რომ გოდერძიშვილის მონაყოლის მიხედვით  დაითრგუნა არა ძობა ძიგუა, არამედ სხვა ვინმე - ერთ-ერთი ახვარი, რომელიც საქულას დუქნიდან გასულ თუთაშხიას ანგარიშსწორების მიზნით აედევნა. პატივცემულ  მკითხველს ალბათ ასევე ახსოვს, რომ ზორბა აღნაგობის ამ ახვარს სახეში პირველი გარტყმა თუთაშხიამ გულმოწყალედ აპატია (მანამდე მან ამ ახვარს გინება აპატია დუქანში), შებრუნდა და გაუყვა თავის გზას. ახვარს მეორედ გარტყმის სურვილმა სძლია, ისევ აედევნა მიმავალ თუთაშხიას და დადექიო დაუყვირა. მიუახლოვდა თუ არა, თუთაშხია უსწრაფესად მიუტრიალდა, იარაღი მუცელზე მიადო, რასაც ახვრის მხრიდან ხელების მექანიკურად აწევა მოჰყვა. აბრაგმა მას ხელები ჩამოაწევინა და ის პაპიროსი მოაწევინა, რომელიც მათ  ტაშიკოლას შესთავაზეს დუქანში. ამის შემდეგ ეს მყრალი პაპიროსი, თუთაშხიამ ახვარს ბრძანებით გააგდებინა. ერთი სიტყვით, აბრაგმა ამ ახვარს ძალის ზომიერი მოშველიებით სიკეთე-ბოროტების უბადლო გაკვეთილი ჩაუტარა, რომლის შემდეგაც წასვლა უბრძანა. ფიზიკურად უფრო ღონიერი ახვარი იდგა და რა ექნა არ იცოდა, სანამ თუთაშხიამ არ დაუყვირა, რომ წასულიყო. აი, ეს გახლდათ დათრგუნვა. საინტერესოა ის, რომ ახვარი დუქნისკენ თავჩაქინდრული წალასლასდა, ანუ ძალადობის ხელახალი სურვილი  ან შორეული მუქარა მისგან აღარ წამოსულა. ასევე საინტერესოა ის, რომ დუქნის სხვა ახვრებსაც აღარ გასჩენიათ რაიმე სახის რეაქცია, ერთობლივად გასწორებოდნენ თუთაშხიას.  ვფიქრობ, დუქანში დარჩენილ ახვრებს არ გამოეპარებოდათ ის, თუ როგორი ნირწამხდარი დაუბრუნდა მათ თავიანთი  ,,მეგობარი”.

      ახლა მთავარი: ძობა ძიგუამ და ვასო გოდერძიშვილმა ერთად ნახეს ის, თუ როგორ ეპატრონა დათა თუთაშხია ტაშიკოლას - არ მისცა ახვრებს მისი აბუჩად აგდების უფლება (რამაც აღფრთოვანებაში მოიყვანა ამ ამბის მთხრობელი),  როგორ აპატია მათვე გინება, როგორ შეარჩინა ერთ-ერთ ახვარს გაწნული სილა, ხოლო იგივე ქმედების ხელმეორე მცდელობისას როგორ გამოიყენა ძალა მოზომილად, როგორ აუხსნა მას სიკეთე-ბოროტების არსი, როგორ დაარიგა იგი ისე, რომ ახვარი ფიზიკურად არ დაზარალებულა, მხოლოდ დაითრგუნა სიკეთით, რის შესახებაც ნათლად ყვება ძობას მეგობარი გოდერძიშვილი.

      ძობა ძიგუას შემთხვევაში მთავარი იმის აღნიშვნა კი არ არის, თუთაშხიასთან შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ იარაღის ტარებას რომ დაანება თავი (მის შავ საქმიანობაზე აბსტრაქტული საუბარიც საფრთხილოა), არამედ ის, თუ რა უპასუხა მან ვასო გოდერძიშვილს, რომელმაც ჰკითხა, აბრაგის მისამართით არ გასროლის მიზეზი: არ შეიძლებოდაო ასეთი კაცის მოკვლა! ესაა პირველადი. როგორი კაცი ჰყავდა ძობა ძიგუას მხედველობაში? როგორი კაცის მოკვლა არ შეიძლებოდა? ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა, არა ისეთის, რომელიც სავარაუდო სიკვდილს ზახარ კარპოვიჩის ეზოში თვინიერად ელოდა, როგორც ამის შესახებ ცოტა ქვემოთ შევიტყობთ პატივცემული აკაკი ბაქრაძის მორიგი აბზაციდან, არამედ ისეთის, როგორიც  ნახა ძობა ძიგუამ დუქანში და მის მახლობლად. პატივცემულ მკითხველს მოვაგონებ, თუ როგორი ერთდროული რეაქცია (გაოცებულ-გაკვირვებული) ჰქონდათ ძობა ძიგუას და ზორბა ახვარს, როცა ამ უკანასკნელმა თუთაშხიას სილა გააწნა:
      ,, - რა გნებავთ, ბატონო!
      ახვარმა სილა გააწნა და დააყოლა:
      - ეს არის, სხვა არაფერი!
      ის ახვარი კაი ვირი იყო და მაგარიცა სთხლიშა.
      -  კარგია, მეტი თუ არაფერი! - თქვა ძობას კაცმა, მიბრუნდა და წავიდა.
      -  ვაჰ! - ახვარმა და ძობამ ერთადა სთქვეს ესა.”   
      ცხადია, ახვარს და ძობას ერთნაირად გაუკვირდათ თუთაშხიას მშვიდი რეაქცია და დიდსულოვნება, თუმცა პირველი უკვე ,,დაქოქილი” იყო და ცოტა ხნის შემდეგ ისევ მოისურვა გამოცდის მოწყობა აბრაგისთვის და საკუთარი თავისთვისაც. აქ ასევე უნდა მოვიგონოთ ის, თუ რა უთხრა ამ ამბის შემსწრე ვასო გოდერძიშვილმა ძობა ძიგუას: ,, - ნახე? - ვთქვი მე. - მაგაზე ცუდი კაცობის თქმა იქნება?” მოყვანილ მაგალითებში ნათლად ჩანს, რომ თუთაშხიას კეთილმყოფელი გავლენა მხოლოდ ძიგუაზე არ მოუხდენია, როგორც ამას აცხადებს პატივცემული აკაკი ბაქრაძე.

      მოვიყვან კიდევ ერთ ამონარიდს:
      ,,ეფემია წინამძღვარმა დათას მძიმე ბრალდებები წაუყენა: ბოროტების გამრავლებას უწყობ ხელს და გვამში სატანა ჩაგსვლიაო. კონკრეტული საბუთებიც კი წარუდგინა დათას. მართალი რომ ვთქვათ, დათამ ვერ იმართლა თავი ეფემია წინამძღვრის წინაშე. ქალს ყველაზე სტანდარტული პასუხი გასცა, რაც კი შეიძლებოდა მოგონებოდა კაცს: ,,მარტო ქადაგება ვეღარაფერი ხდება. ხედავთ ამას თქვენ. წაიბილწა ერი. ძალაა საჭირო. ,,შიში შეიქმს სიყვარულსა.” შიში! ბოროტების წინააღმდეგ საბრძოლველად მარტო სიკეთე არ კმაროდა არასდროს”... დათამაც იცის, რომ ეს პასუხი არ არის. ეფემია წინამძღვარი ვერ დაკმაყოფილდება ამით და არც მიიღებს მას. მაშინ რამ აიძულა დათა ეს ეთქვა? აქ თეორიული პასუხი არ არსებობს. ამის პასუხი ცხოვრებით უნდა გასცე ბრალმდებელს.”  გვ.585.

      აკაკი ბაქრაძის აზრი, თითქოს თუთაშხიამ ვერ იმართლა თავი ეფემია წინამძღვრის წინაშე და ქალს (გაუგებარია, სიტყვა ქალი აქ რა მნიშვნელობითაა გამოყენებული) ყველაზე სტანდარტული პასუხი გასცაო, დამაჯერებლობას მოკლებულია. უფრო მეტიც, იგი მიუღებელია. პატივცემული აკაკი ბაქრაძე რატომღაც ისევ ფრაგმენტულად მსჯელობს. მას არ აინტერესებს ის ფაქტი, თუ როგორ გაუწყდა ხმა ეფემია წინამძღვარს იმ მომენტში, როცა ბერად აღკვეცის იდეის გახმოვანებას აპირებდა დათასთვის და იქ დამსწრეთათვის, როგორ დაასწრო თუთაშხიამ მას და ეშმაკური ღიმილით ჰკითხა: ,,რას მირჩევ დედაო”? როგორ ჩაუვარდა ენა ამის გამგონე დედა ეფემიას და ერთხანს ძალიან დაბალი ხმით განაგრძობდა ლაპარაკს, როგორი გაოცებული დარჩა მისი მხევალი - სალომე ბაზიერაშვილი-ოდიშარიასი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ასეთი შემცბარი წინამძღვარი სხვა დროს არასდროს ენახა მას. ცოტა ხნის შემდეგ ეფემია წინამძღვარი ისევ დაეუფლა თავს და უფრო რიხიანად მოსთხოვა დათა თუთაშხიას პასუხი მის ნამოქმედარზე, მაგრამ ის, თუ როგორი სიმშვიდით აუხსნეს გაცხარებულ წინამძღვარს საქმის არსი თუთაშხიამ და განსაკუთრებით მაგალი ზარანდიამ, არც ეს აინტერესებს პატივცემულ აკაკი ბაქრაძეს. მას ასევე არ აინტერესებს, თუ როგორ უპასუხა წინამძღვარმა თავის მხევალს გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, რომ მაშინდელი საუბარი მისი მხრიდან თურმე მხოლოდ ვალის მოხდის მცდელობა ყოფილა აბრაგის წინაშე და რომ მან მაშინაც იცოდა, თუთაშხია რომ არ აღიკვეცებოდა.  ამ ეპიზოდთან დაკავშირებით მრავალი კითხვა ჩნდება: რატომ შეცბა დედა ეფემია? იმიტომ, რომ თუთაშხია წინდაწინ მიხვდა რის შეთავაზებას უპირებდა, თუ იმიტომ, რომ თუთაშხია მიხვდა, სხვა ვინმე რომ ელაპარაკებოდა ეფემიას სახით? თუ წინდაწინ იცოდა წინამძღვარმა, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა, ასე რიხიანად და მკაცრად რატომ ელაპარაკა აბრაგს? უფრო ადრე რატომ არ გააკეთა იგივე?

      ახლა გავაანალიზოთ, იყო თუ არა თუთაშხიას პასუხი ეფემია წინამძღვრისადმი ყველაზე უფრო სტანდარტული, რაც კი შეიძლებოდა მოგონებოდა ადამიანს?     
      ვფიქრობ აქ სრულიად სხვა ანალიზია საჭირო, ვიდრე ასეთი შესთავაზა მკითხველს პატივცემულმა აკაკი ბაქრაძემ. უპირველეს ყოვლისა, გასარკვევია, თუ რას წარმოადგენს თავისი ცხოვრების ამ ეტაპზე დათა თუთაშხია, რასაც აკაკი ბაქრაძე თავის წერილში  არსად არ მიმართავს (ეტაპობრივ ანალიზს). ამგვარი ანალიზის გარეშე ყველაფერი ბინდით მოცული დარჩება. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ამ ეტაპზე დათა თუთაშხია არის ძალაშენარჩუნებული, მაგრამ ხალხის თვალში ავტორიტეტშელახული და სახელგატეხილი გმირი. ახლა ადამიანთაგან მისი ერთეულებს თუ სჯერათ. ამიტომ აბრაგის ყოველი ხელახალი შემართება ბოროტების წინააღმდეგ მარცხით სრულდება, მით უმეტეს, რომ ზარანდია და მის უკან მდგომი სახელმწიფო მანქანა თუთაშხიას ყოველ ახალ ნამოქმედარს სრულიად სხვა ელფერს სძენენ, სხვაგვარ ინტერპრეტაციას უკეთებენ ხალხის თვალში და მის გასაგონად.

      ვინაიდან აბრაგი ძალაშენარჩუნებულია, მაგრამ მის განაკეთებ საქმეებს უკუ შედეგი მოაქვს, თანაც მან იცის, თუ რატომ ხდება ასე (სახელმწიფოს აქტიური ჩარევა), იგი გამოსავალს უფრო მეტ ძალაში ხედავს, ისეთ ძალაში, რომელიც შიშს შეიქმს. ცხადია, ეს არასწორია. მაგრამ ზოგადად ძალიან სწორია მისი აზრი ძალის საჭიროების შესახებ. რატომ? მას ეს ძალა გააჩნდა, ჰქონდა მისი ცხოვრების ადრეულ ეტაპზე, მაგრამ დაკარგა ზარანდიათი გაძლიერებული სახელმწიფოს ,,წყალობით”. მაინც რატომ უპასუხა თუთაშხიამ წინამძღვარს ერთგვარი ჯიბრით ძალის საჭიროების საკითხში? მეტი სიცხადისთვის მოვიყვან ერთ შედარებას: თუთაშხიას ფიქრი ძალის საჭიროებაზე და საერთოდ ძალაზე, მისთვის ისეთივე კეტია, როგორიც რეალურად ეჭირა ხელში ციხეში, ქურდებთან გამართული ჩხუბის დროს. როგორც შენიშნავს მწერალი ამ ჩხუბის ანალიზისას, აქ თუთაშხია იმიტომ არ დაიჩაგრაო, რომ დაპირისპირების დროს გამოყენებული სხვა უნარების გარდა, კეტი ვერ წაართვა ვერავინო. ეფემია წინამძღვარი სწორედ ასეთი კეტის (ძალის) წართმევას ცდილობს თუთაშხიასთან სიტყვიერი დაპირისპირების დროს, აბრაგი კი იხტიბარს არ იტეხს და თითქმის ჯიბრით ეუბნება მას: ,,ძალაა საჭიროო”...(თუმცა ამ ეტაპზე მან არ იცის, ეს ძალა როგორ გამოიყენოს).

      საოცარი კი ისაა, რომ აკაკი ბაქრაძე ზემოაღნიშნულ ამონარიდში მოყვანილ დათა თუთაშხიას სიტყვებს ძალის საჭიროების და ერის წაბილწვის შესახებ, კიდევ ერთხელ უბრუნდება თავისი წერილის დასასრულს და ახლა უკვე სრულიად საპირისპირო შეფასებას აძლევს თუთაშხიას მიერ ზემოთ გაჟღერებულ აზრს: ,,ხედავთ, ამას თქვენ, წაიბილწა ერი”- ეუბნება დათა ეფემია წინამძღვარს. ეს არ არის ლიტონი ბრალდება.” გვ.600-601.

      ახლა კი განსახილველი აბზაცის ქვემოთ ჩამოვინაცვლოთ და ვიკითხოთ: ნაწარმოებში სად წერია (ან იგულისხმება), რომ აბრაგმა იცოდა, ძალის საკითხში ეფემია წინამძღვარს სწორ პასუხს რომ ვერ აძლევდა? ასევე - რომანში სად წერია (ან იგულისხმება), რომ დათა თუთაშხია დედა ეფემიას მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ზრუნავდა ან იმით ინტერესდებოდა, მის ამა თუ იმ მოქმედებას მიიღებს თუ არა წინამძღვარი?

      ძალის საკითხთან, მისი გამოყენების ზომიერებასთან დაკავშირებით ერთგარი შეჯამების სახით ვიტყვი შემდეგს: ამ ძალის დაბრუნების, პიროვნულ დონეზე მისი შეძენის რეალურ გზას დათა თუთაშხია ბოლოსდაბოლოს მიაგნებს და ეს გზა საქულას დუქანში ახვრებთან მისი შეხვედრით იწყება. ხოლო, რაც შეეხება ძობა ძიგუას შემთხვევის ერთადერთობას, როგორც ამის შესახებ უკვე ითქვა ზემოთ, იგი არასწორია. ძობა ძიგუას შემთხვევა მეოთხეა ასეთი შემთხვევების საწყის სიაში. ჯერ იყო გამოდევნებული ახვარი, მერე მათი სამკაციანი ჯგუფი, რომლებმაც აღარ მოისურვეს თუთაშხიასთან ძალისმიერი ურთიერთობის გაგრძელება,  ბოლოს კი - ვასო გოდერძიშვილი, რომლის შესახებაც ზემოთ უკვე საკმარისად ითქვა.

      მუშნი ზარანდიას, ცხადია, თუთაშხიაში განხორციელებული ეს სიახლე (პარადიგმული სახეცვლილება) არ გამოჰპარვია და მიხვდა, რომ აბრაგი ისევ იწყებს ხალხის რეალურ მიმხრობა-გადაბირებას, დაბრუნებას, ოღონდ ამჟამად სრულიად სხვა დონეზე, რომლის ზემოთ ასვლა, მისი გადალახვა ჟანდარმს უკვე აღარ ძალუძს. რა დონეზეა საუბარი? მოყვასის გულისათვის, მისი სულიერი თუ ფიზიკური გადარჩენისათვის მსხვერპლად მისვლის თეორიული იდეა (ამიტომ აკაკი ბაქრაძე არასწორია, როცა ამბობს, რომ ,,აქ თეორიული პასუხი არ არსებობსო” და ბრალმდებელს ცხოვრებით უნდა გასცე სათანადო პასუხიო). სწორედ ამ თეორიულმა იდეამ და მისმა პრაქტიკულმა განხორციელებამ უნდა დაუბრუნოს დათა თუთაშხიას სახელი და ავტორიტეტი, ხოლო შენარჩუნებული ძალა მოზომილად სწორედ ამ საქმეს უნდა მოახმაროს მან. ზარანდია უნდა მიხვდარიყო უმთავრესს: თუთაშხია რეალურად წაართმევდა მას ხალხს და ამ ახალ სიტუაციაში იგი ძველი გზით და ძველი მეთოდებით ვეღარაფერს გახდებოდა. რატომ? იმიტომ, რომ თუთაშხიას ახალი იდეა ძველის - გაცემა-გაღების - ახალ დონეზე აყვანა იყო. ზარანდიასთვის უცხო იყო პირველი დონე (თუმცა მან მოახერხა მისი გადალახვა) და ცხადია, მეორე მით უფრო  უცხო იქნებოდა.  სწორედ ამიტომ უნდა მიეღო მას აბრაგის მოკვლის გადაწყვეტილება, ვინაიდან სხვა გზა მისთვის უკვე აღარ არსებობდა. მისი, როგორც აღზევებული ჯანდარმის მარცხი გარდაუვალი იყო. შეიძლება სხვგვარადაც ითქვას: მუშნი ზარანდია იღებს არა თუთაშხიას მოკვლის, არამედ პიროვნული მარცხის თავიდან აცილების გადაწყვეტილებას, ხალხისთვის დათა თუთაშხიას ხატად ქცევის გზით. მსჯელობის საერთო ხაზს მოკლე დროით გადავუვხვევ და ასეთ კითხვას გავაჟღერებ: მაინც რატომ მოკვდა მუშნი ზარანდია? ვფიქრობ, გაცნობიერების გამო. მას თუთაშხიას ნააზრევი (ზემოაღნიშნული) მოგვიანებით უნდა გაეცნობიერებინა, როცა მისი გონება ცივ მდგომარეობაში გადავიდოდა ანუ ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ. იგი უნდა ჩამხვდარიყო საკუთარი მარცხის ლოგიკას. მუშნი ზარანდიამ დათა თუთაშხიას სახით ხელი აიღო მოყვასის (რომელშიც, პირველ რიგში, თავად ზარანდია იგულისხმება) სულიერი თუ ფიზიკური გადარჩენისათვის თავის გამწირავზე. ვინც გადამრჩენელზე აიღებს ხელს, ცხადია, მას ვეღარავინ უშველის. 
 
      გავაგრძელებ ამონარიდების მოყვანას. ზემოთ განხილულ ბოლო აბზაცს ასეთი გაგრძელება აქვს: ,,ყველა სიტუაციას შეუძლია დაურღვიოს ადამიანს წონასწორობა. ისეთი ნაბიჯის გადადგმა აიძულოს, რომელიც არ უნდოდა და არც აპირებდა. მაგრამ მისი განსჯა უნდა შეგეძლოს, დასკვნის გამოტანა და მერე გამოსყიდვა. ,,ძალმომრეობა მხოლოდ მაშინ ჰპოვებს გამართლებას ხალხის გონებაში, თუ იგი მოწამებრივი სინანულით დაგვირგვინდება,” ეუბნება ეფემია დათას.

      ამ მოწამებრივმა სინანულმა მისცა ძალა დათა თუთაშხიას მშვიდად შეეხედა ძობა ძიგუას რევოლვერის ლულისათვის და მის ტყვიას დალოდებოდა. დათამ იცოდა, თუ ძობა მოკლავდა, ეს იქნებოდა დანაშაულის მოწამებრივი გამოსყიდვა, რაც მტკიცედ ჰქონდა აღიარებული თუთაშხიას. თუ არ მოკლავდა, მაშინ თავად ძობას სულიერი აღორძინება მოხდებოდა. ორივე შემთხვევაში მოწამებრივი სინანული თავის როლს შეასრულებდა და სიკეთე გაიმარჯვებდა. ქვეშეცნეულად ამას ძობაც მიხვდა. დათას სულიერი განწყობილება მას მთლიანად გადაედო და დამორჩილდა. ამ დამორჩილების წყალობით ძობა ძიგუა ადამიანად იქცა ისევ.” გვ.585.

      ეს გახლავთ სრულიად უცხო ლოგიკა, ნაწარმოების არ ამსახველი, მისი კონკრეტული ტექსტებისგან აბსოლუტურად დაშორებული მსჯელობა და დასკვნები. ისევ ვსვამ კითხვებს: ნაწარმოებში სად წერია (ან იგულისხმება), რომ დათა თუთაშხიას დანაშაულის ძლიერი განცდა ჰქონდა დურუ ძიგუას დუქანში დატრიალებული ამბის და მისი შედეგების გამო? რომანში სად წერია, რომ დათა თუთაშხიას დანაშაულის მოწამებრივი გამოსყიდვა მტკიცედ ჰქონდა აღიარებული (თვითონ თქვა, თუ  რომელიმე მთხრობელი უსვამს ხაზს ასეთ ფაქტს)?
      ხაზგასმით უნდა ითქვას: დათა თუთაშხიას არ ჰქონია დანაშაულის მოწამებრივი გამოსყიდვის გაგება, მით უმეტეს ძობა ძიგუას შემთხვევაში. გავიხსენოთ ვასო გოდერძიშვილის და დათა თუთაშხიას საუბარი ზახარ კარპოვიჩის სახლში, სადაც პირველი ურჩევს მეორეს, - სასწრაფოდ გაეცალე აქაურობას, თორემ ძობა მოვა და მოგკლავსო. გაკვირვებული და გაოცებული თუთაშხია ეკითხება მას: ,, - ძობა ძიგუას ჩემი მოკვლა უნდა?...რატომ?”  დაე, პატივცემულმა მკითხველმა თავად განსაჯოს, თუ სადაა აქ სიმართლე.

      ამ ბოლო ამონარიდის მეორე აბზაცის მოკლე აზრი ასეთია: მოვარდა შეიარაღებული ძობა, გაიგო რომ დათა არ წასულა და არც აპირებდა ამას, ამ დროს თუთაშხიაც გამოვიდა ეზოში, დადგნენ ერთმანეთის პირისპირ, ძიგუას ქვეშეცნეულად გადაედო დათას მიერ საკუთარ არსებაში აღიარებული დანაშაულის მოწამებრივი გაგება, იგი მას დამორჩილდა და იქცა ადამიანად.

      სხვა სახის დასკვნებისგან თავი რომ შევიკავო, იმას მაინც ვიტყვი, რომ რამდენიმე წუთში ბოროტმოქმედის ადამიანად ქცევა შეუძლებელია.

      ძობა ძიგუას შესახებ ზემოთ უკვე ვისაუბრე, თუმცა აქ  მოკლედ ისევ გავიმეორებ იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია ადამიანობისკენ მისი საბოლოო და სრული შემობრუნება. იმავდროულად, არაფერს ვიტყვი ძობას ხასიათის ზოგად ნიშნებზე, რომელთა შესახებაც ვასო გოდერძიშვილი უხვად მოუთხრობს მკითხველს. ძობა ძიგუამ თავისი მსხვერპლი (შეიარაღებული) რამდენიმე საათის განმავლობაში სხვადასხვა სიტუაციაში ნახა, რომელ სიტუაციებშიც, ლოგიკის ძალით (და ნაწარმოების მიხედვითაც) თვით იგი ძალას  აუცილებლად გამოიყენებდა (შეგინება დუქანში და სილის გაწვნა დუქნის გარეთ), მაგრამ ეს ვიღაც, მის მიერ მსხვერპლად გამეტებული, ნაცვლად ძალის უზომო გამოყენებისა და ანგარიშსწორებისა, პატრონობის, მიტევების, პატიების, სამართლიანობის მთელ სერიას უჩვენებს ძობას და მის მეგობარს. ყველაფერ ამას კი დაემატა ის, რის შესახებაც გოდერძიშვილმა სულმოუთქმელად მოუყვა ზახარ კარპოვიჩის ეზოში შემოვარდნილ, შეიარაღებულ ძობას და თვით ამ უკანასკნელის პირისპირ დადგომა აბრაგთან. ძობაზე ყველაფერმა ამან ერთობლივად იმოქმედა, რასაც კუმულაციური ზემოქმედების ეფექტი ჰქონდა.

      როგორც ციტირებული აბზაცებიდან ჩანს, აკაკი ბაქრაძეს მიაჩნია, რომ ეს მოწამებრივი სინანული თუთაშხიამ დედა ეფემიასგან აიღო. ამასთან დაკავშირებით ისევ ჩნდება კითხვა: ნაწარმოებში სად ჩანს, რომ დათა თუთაშხია იზიარებს დედა ეფემიას შეგონებებს? რომ იგი უშუალოდ სარგებლობს დედა ეფემიას ინტელექტით? ნაწარმოებში არაფერი წერია იმის თაობაზე, რომ თუთაშხია სულიერი შეჭირვების თუ აბრაგობისას  წარმოქმნილი გართულებების გამო ეფემია წინამძღვართან მისულიყოს, თუმცა მათ ურთიერთობა რომ ჰქონდათ, ეს ცნობილია. ნაწარმოების მიხედვით, დედა ეფემიამ მოისურვა დათას ნახვა (არა პირიქით), ჯერ უმძიმესი საუბარი გაუმართა (ზეწოლა), ხოლო ამ ფონზე, საუბრის დასასრულს,  მონასტრის ვარიანტი გაუხმოვანა მას. ამ აზრის გახმოვანების შემდეგ წინამძღვარმა კიდევ უფრო დიდ იდეოლოგიურ წნეხს მიმართა აბრაგის დასაყოლიებლად, თუმცა თვით თუთაშხიას და მაგალი ზარანდიას წყალობით - უშედეგოდ. განა შეიძლება გაწბილებული დედა ეფემიას სიტყვების დავიწყება, როცა იგი ამბობს: ,,ვალი მოვიხადე ღმრთის წინაშე და თვით დათას წინაშე, მეშინოდა მოკლავდნენო.” განა ეს სიტყვები დედა ეფემიას მარცხს არ გამოხატავს თუთაშხიას სხვა გზაზე დაყენების საქმეში, ვიდრე ეს იყო ერისკაცობა? 

      პატივცემულმა აკაკი ბაქრაძემ თავიდანვე სხვა გზა აირჩია, როცა წერილს აღნიშნული სათაური - ,,ტარიგი ღმრთისაი” შეურჩია. სიტყვა ,,ტარიგი” ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით ასე განიმარტება: 1. ბატკანი ერთ წლამდე. 2. გადატ. რაც მსხვერპლად უნდა შესწირონ, - შესაწირავი. სულ ეს არის. ანუ საუბარია დათა თუთაშხიაზე, როგორც გმირზე-ზვარაკზე, რომელიც რაღაცისთვის უნდა შესწირონ ან თავად შეეწიროს, მსხვერპლად მივიდეს. მაგრამ ვინ უნდა შესწიროს (ან ვინ შესწირა) იგი? ან თავად როდის და როგორ შეეწირა? მოკვლის მიუხედავად, მუშნი ზარანდია ერთმნიშვნელოვნად არ არის თუთაშხიას შემწირავი. მაშ ვინ? ლოგიკის ძალით და განსახილველი წერილის სათაურიდან გამომდინარე, აკაკი ბაქრაძეს მკითხველისთვის უნდა ეჩვენებინა ,,ტარიგი ღმრთისაის” საბოლოო ბედი, შეწირვის პროცესი ან აქტი. ამის საჩვენებლად იგი მიმართავს უკანონო შვილისგან აბრაგის დაჭრის სცენას და ამბობს: ,,დათა სიკვდილითაც კეთილს ემსახურება. ბოროტმოქმედის შველაზე და გადარჩენაზე ფიქრობს. კაცი მაშინ არის დაღუპული, თუ სულიერად გაიხრწნა. ამას უნდა ააცდინოს გუდუ პერტია დათამ. მოახერხა კიდეც. დათას გვამი არავის უნახავს”(გვ.595). აქ დამატებით უნდა ითქვას შემდეგი: თავისი გაუჩინარებით დათა თუთაშხია არა მარტო გუდუ პერტიას გადარჩენას ახერხებს, არამედ მომავალი თაობისა ზოგადად. გარეგნულად იგი ასევე ახერხებს მუშნი ზარანდიას გადარჩენასაც. სწორედ რომ გარეგნულად, ვინაიდან შინაგანად ამ ,,გადარჩენამ” ზარანდიაში მელანქოლიის უმძიმესი ფორმები გამოიწვია. მიუხედავად ჩამოთვლილი ფაქტებისა, მათი მეშვეობით თუთაშხიას ზვარაკობის ახსნა შეუძლებელია და მიუღებელი. გუდუ პერტიას შემთხვევა თუთაშხიასთვის უკიდურესი შემთხვევა იყო. გუდუმდე კი, აკაკი ბაქრაძე მხოლოდ ძობა ძიგუას ხედავს. იგი ვერ ხედავს ახვრებს და ვასო გოდერძიშვილს, მომაკვდავ ბოდღო ყვალთავას, რომელიც სიკვდილის წინ აღიარებს, რომ სჯეროდა თუთაშხიას უბოროტობისა, იალქანიძეს - რომელიც მეგობრის გადასარჩენად ,,კეთილ” საქმეს დაატრიალებს დუქანში, რადგან ,,რამე ისეთი უნდა გააკეთოს”, როცა იგი თუთაშხიას ხედავს (მის გვერდითაა), ზარანდიას მიერ მოსყიდულ ბონია მეწისქვილეს - რომელიც თუთაშხიასთან წისქვილში შეხვედრის დასასრულს აბრაგის პოზიციაზე გადადის (ღალატობს საქმის შემკვეთს - ზარანდიას)  და პირად სამსახურს სთავაზობს მას: ,,არ მინდა ფული, ისე გეტყვი იმ კაცებს, ვინც მოვა და მკითხავს..” თუმცა მთავარი ამ შემთხვევაში ეს არ არის. მთავარი ისაა, რომ დათა თუთაშხია არა უბრალოდ ზვარაკია (ზოგადი გაგებით), იგი მსხვერლად მისვლის უნარის მქონეა (ციხიდან გამოსვლის მერე). ეს კი სრულიად სხვა რამაა. ეს უნარი მან კარგად გამოავლინა შემდეგ შეიარაღებულ ადამიანებთან - ძობა ძიგუასთან,  ბოდღო ყვალთავასთან, ბონია მეწისქვილესთან. გარდა ამისა, მსხვერპლად მისვლა აქ მაინცდამაინც სიკვდილს არ გულისხმობს; ესაა საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მოყვასი დარწმუნდეს საკუთარი საქციელის მართებულობა-უმართებულობაში და სწორ გზას დაადგეს. ასე იყო ძობა ძიგუას, ბონია მეწისქვილის და სხვათა შემთხვევებში, როცა თუთაშხია მის მოსაკლავად შემართულ, შეიარაღებულ ადამიანებთან იწყებს სიარულს, მათთან კონტაქტში შესვლას განსჯა-განმარტებების მიზნით, მათივე სულების გადასარჩენად, ადამიანობისაკენ შემოსაბრუნებლად.

      მოვიყვან კიდევ ერთ ამონარიდს:
      ,,რაკი ერთხელ ირწმუნა დათა თუთაშხიამ - ადამიანთა მოდგმა თანაგძნობის ღირსი არ არისო - არც სიკეთის თესვა უცდია. იგი განდეგილივით ცხოვრობდა და მიუხედავად ამისა, დათა თუთაშხია მაინც სიკეთის განსახიერებაა. რატომ არის ასე, ეს რომ ავხსნათ, დათას ანტიპოდი მუშნი ზარანდია უნდა ვახსენოთ.

      დათა თუთაშხია და მუშნი ზარანდია სისხლით ნათესავები არიან. დათა მუშნის მამიდაშვილია. ისინი გარეგნულადაც ტყუპის ცალებივით გვანან ერთმანეთს. მაგრამ ეს ნაკლებ მნიშვნელოვანია. უფრო მნიშვნელოვანი და არსებითი ის არის, რომ ისინი თანაბარი გონებრივი ძალის პიროვნებები არიან. მრწამსიც ერთნაირი აქვთ. მუშნიც ისევე უნდოდ არის განწყობილი ადამიანთა მოდგმის მიმართ, როგორც დათა. და მიუხედავად ამდენი საერთოსი, ისინი ძირეულად სხვადასხვანი არიან. თუ დათა თუთაშხია სიკეთეა, მუშნი ზარანდია ბოროტებაა. ბოროტებაა არა იმიტომ, რომ მუშნი ჟანდარმერიაში მსახურობს. არა. ეს არაფერ შუაშია. როგორც აბრაგობაა დათასათვის საზოგადოებისაგან განდგომის, მისი განცალკევების საშუალება, ასევე ჟანდარმერიაა მუშნისთვის საზოგადოებისგან განდგომის, განცალკევების საშუალება. ჟანდარმერიაში სამსახურად მუშნი ავკაცობით არ წასულა. მუშნი ზარანდიამ კარგად იცის, რომ კაცობრიობის მთელი ისტორია წესრიგის დასამყარებლად გამართული ბრძოლაა. ადამიანთა საზოგადოება წესრიგის გარეშე ვერ იარსებებს. ვერც შემოქმედებითი ცხოვრება იარსებებს თვინიერ წესრიგისა. მუშნი ზარანდიას ამ წესრიგის დამყარება სურს.” გვ.586.

      პატივცემულ მკითხველს ისევ შევახსენებ, რომ ა) დათა თუთაშხია დროის შედარებით მოკლე მონაკვეთში ცხოვრობდა განდეგილივით, სხვა დროს იგი აქტიურად ერეოდა საზოგადოების ცხოვრებაში, არკვევდა კეთილის და ბოროტის, სამართლიანობის და ა.შ. საკითხებს; ბ) განდეგილად მცხოვრებთ ზარანდიას მსგავსი მოხელეები და მათ უკან მდგომი სახელმწიფო არ ებრძოდა; გ) თუ თუთაშხია გალახვის (საირმე) შემდგომ პერიოდში, ვიდრე სიკვდილამდე, განდეგილივით ცხოვრობდა, მაშინ ძალიან უინტერესო ნაწარმოებთან ჰქონია პატივცემულ მკითხველს საქმე;  დ) დათა თუთაშხიას სიკეთის დანახვა მუშნის ზარანდიას გარეშეც ადვილადაა შესაძლებელი.

      შემდეგ. დათა თუთაშხია არ იყო მუშნი ზარანდიას მამიდაშვილი! ეს ნონსენსია! პირიქით, მუშნი იყო დათას მამიდაშვილი! მუშნის დედა - თამარი, დათა და ელე თუთაშხიების მამიდა იყო. ეს მომენტი შეიძლებოდა მექანიკურ შეცდომად მიგვეღო, ჩაგვეთვალა, რომ არა მსგავსი შეუსაბამობის კიდევ ერთხელ გამეორება განსახილველ წერილში. 593-ე გვერდზე ვკითხულობთ: ,,სუბიექტურად მუშნი ზარანდიას უყვარს ღვიძლი მამიდაშვილი.”

      ვიდრე ბოლო ამონარიდის ანალიზს დავასრულებდე, მკითხველს შევახსენებ აქ მოტანილ ერთ აზრს: ,,როგორც აბრაგობაა დათასათვის საზოგადოებისაგან განდგომის, მისი განცალკევების საშუალება, ასევე ჟანდარმერიაა მუშნისთვის საზოგადოებისგან განდგომის, განცალკევების საშუალება.”

      ესაა გასაოცარი ლოგიკა - გამოდის, ზარანდია ადრეულ ასაკშიც (სავარაუდოდ 24-25 წელი) ვერ ეგუებოდა საზოგადოებას, გადაწყვიტა განდგომოდა მას, შექმნა წერილი, ახვედრა სეგედის და გადაბარგდა ჟანდარმერიაში, რათა განდგომილ-განცალკევებულს იქედან დაემყარებინა წესრიგი მისმიერვე განადგომ საზოგადოებაში. თუთაშხიას განდგომის მიზეზი (ზოგადად) გასაგებია - იგი თავიდანვე(!) მძიმე ცხოვრებისეულ პრობლემებს შეეჯახა, რაც ნაწარმოებში ნათლად და დაწვრილებითაა მოთხრობილ-წარმოჩენილი, მაგრამ ამგვარი რამ ზარანდიას არ დამართნია (მით უმეტეს, თავიდანვე). ან კიდევ -- საზოგადოებისგან განდგომილი ერთი ოჯახიშვილი ებრძვის ამავე საზოგადოებისგან განდგომილ მეორე ოჯახიშვილს. ასეთი ლოგიკა უმძიმეს კითხვებს აჩენს - ვინ არიან ისინი, საიდან მოდიან? 

      ახლა კი განსახილველი აბზაცის მთავარი საკითხი: სურდა თუ არა მუშნი ზარანდიას წესრიგის დამყარება?   
                     
      პატივცემული აკაკი ბაქრაძის ზემოაღნიშნულ ლოგიკას თუ გავყვებით, მუშნი აქციზიდან ჟანდარმერიაში წესრიგის დასამყარებლად გადასულა, რათა დამპყრობელმა თუ დაპყრობილმა საზოგადოებებმა ამ წესრიგის საფუძველზე არსებობა და განვითარება შეძლონ. თუმცა შევეშვათ საკითხის იმპერიულ სიბრტყეზე გადატანას. აქ სხვა არგუმენტებიც საკმარისი იქნება.

      ისმის კითხვა: რატომ შექმნა ზარანდიამ ყველასთვის კარგად ცნობილი წერილი და შეიძლება თუ არა ჩავთვალოთ, რომ ამ წერილის წესრიგთან დაკავშირებული ნაწილი, უპირველეს ყოვლისა, მუშნის შინაგან ბუნებას, მისწრაფებებს და სურვილებს გამოხატავს? ვფიქრობ, ზარანდიაზე ასეთი ფიქრი მაშინ იქნებოდა გამართლებული, თუ იგი წერილის შექმნის შემდეგ გარდაიცვლებოდა ან მთელი ცხოვრება მსგავს წერილებს დაწერდა წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით, ან ამ ტიპის სხვა რამ შემთხვევა.

      ნაწარმოების მიხედვით კი ცნობილია, რომ აქციზის მოხელე მუშნი ზარანდიამ შეიტყო რა, რომ მისი ნათლია თავადი გრიგოლ ფაღავა ახლო ურთიერთობებშია გრაფ სეგედისთან (ამის თაობაზე სეგედი თავად გვამცნობს ნაწარმოებში), შექმნა წერილი, გადასცა ნათლიას, ხოლო ამ უკანასკნელმა - სეგედის. ამიტომ ჩნდება კითხვა: წერილი რატომ შექმნა ზარანდიამ? რაღაცისთვის თუ ვიღაცისთვის? საკუთარი სურვილების და მისწრაფებების (მსოფლმხედველობის) გამჟღავნებისთვის თუ გრაფი სეგედისთვის, რათა მას ის გადაწყვეტილება მიეღო, რაც ახალგაზრდა ზარანდიას ჰქონდა ჩაფიქრებული? ვფიქრობ, ამ წერილის მიხედვით იმის გარკვევაზე საუბარი, სურდა თუ არა ზარანდიას წესრიგის დამყარება შეუძლებელია. ამ წერილში მან ჩამოაყალიბა ზოგი შეხედულება, რომელიც გამიზნული იყო ვიღაცისთვის, ამ შემთხვევაში (ამ მსჯელობისას) გრაფი სეგედისთვის. ნაწარმოების მიხედვით, მან დასახული ამოცანა ბრწყინვალედ შეასრულა. სხვა სფეროდან მოტანილი სიტყვებით რომ ვთქვა, აქციზის მოხელის მარკეტინგული სვლა სწორი იყო. აკი სეგედიც ადასტურებს ამას, როცა ამბობს, რომ წერილის წაკითხვის შემდეგ მან ზარანდიაში ახალი ტიპის ერთგულქვეშევრდომი დაინახა, ანუ მუშნიმ მას თავი სწორად დაანახა, რაც ჟანდარმერიაში მისი გადაბარგებით დასრულდა. აქ კი ისევ ჩნდება კითხვა: რა იქნა, რა ბედი ეწია წესრიგს, რომლის დამყარების მოსურნედ პატივცემულ აკაკი ბაქრაძეს ზარანდია მიუჩნევია? ვთვლი, რომ მუშნი ზარანდიას წესრიგი არც აინტერესებდა. მას აინტერესებდა ძალა, პიროვნულ დონეზე მისი შეძენა. როგორც გვახსოვს, ძალა და მისი ხელახალი შეძენა თუთაშხიასაც აინტერესებდა და ამის თაობაზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. მუშნი ზარანდია არ იყო თავისთავადი ძალა, როგორც თუთაშხია, ამიტომ იგი შეეცადა სახელმწიფოს, როგორც ორგანიზებულ (და მზამზარეულ, თუმცა იმ პერიოდში დასუსტებულ) ძალას მიერთებოდა. სახელმწიფოს გარეშე იგი ძალას არ წარმოადგენს, ვინაიდან მისი შინაგანი ბუნება გაცემას არ გულისხმობს. დათა თუთაშხიამ კი, ასეთი ძალა, თავისი ცხოვრების საწყის ეტაპზე ხალხისგან მიიღო, გაცემა-გაღების, სხვაზე უანგაროდ დახმარების, სამართლიანობის პრინციპების დამკვიდრების და ა.შ. სანაცვლოდ. ახლა კი მთავარი კითხვა: რისთვის სჭირდებოდა მუშნი ზარანდიას ასეთი ძალა? ნაწარმოების მიხედვით, არა წესრიგის დასამყარებლად ზოგადად, მთელი საზოგადოების მასშტაბით (მან მხოლოდ სახელმწიფოს ერთი სტრუქტურული ერთეული გააძლიერა და აქედან გამომდინარე ზოგადად იმპერიული სახელმწიფო), არამედ თუთაშხიასთან, როგორც ძალის მქონესთან დასაპირისპირებლად, ხალხის თვალში მისი ავტორიტეტის შესალახად, ამ ხალხის ,,წასართმევად” და საკუთარი (და სახელმწიფოს) შეხედულებისამებრ მათ მოსამართად, ანუ საბოლოო ჯამში, დათა თუთაშხიას დასამარცხებლად.

      ბოლო ამონარიდთან დაკავშირებით ასევე ხაზი უნდა გაესვას ერთ მნიშვნელოვან გარემოებას: არ შეიძლება ერთნაირად ვენდოთ ზარანდიას ყველა გამონათქვამს, აზრს, წერილს და ა.შ. ის, თუ რა აზრები დააფიქსირა მუშნიმ ზემოაღნიშნულ წერილში, როგორც ითქვა, საჭიროებიდან გამომდინარე გააკეთა და არა იმიტომ, რომ იგი ასე ფიქრობდა. გარდა ამისა, მწერალი ნაწარმოების დასაწყისში, პორუჩიკ ანდრიევსკის მეშვეობით გვამცნობს: ,,საინტერესოა, ეს ზარანდია მართლაც ასეთი კაცია, თუ ასეთ კაცს თამაშობს”? გრაფი სეგედიც გზადაგზა მიგვანიშნებს იმაზე, თუ როგორ გამოტოვებდა ხოლმე ზარანდია მასთან საუბარში ამა თუ იმ საქმის რაღაც დეტალებს. სხვა მაგალითების მოყვანაც შეიძლება. თუ მწერალი ნაწარმოების ერთ რომელიმე გმირზე მკითხველს (მით უმეტეს, ანალიზის მწარმოებელს) საკმარისზე მეტად აძლევს დაეჭვების საფუძველს, მაშინ ამ უკანასკნელის ვალია, მის ყოველ ქმედებას მეტი სიფრთხილით მოეკიდოს.

      ისევ მივმართოთ ამონარიდს:
      ,,რომანს ლაიტმოტივად გასდევს, ყოველი კარის წინ დართული პრელუდია, რომელიც თითქოს ავტორის თქმით, მეთოთხმეტე საუკუნის ხელნაწერიდან არის. ეს ხერხი ჭაბუა ამირეჯიბს რომანის ალეგორიის გასახსნელად ჭირდება. ამ ტექსტის მიხედვით, იყო რაინდი თუთაშხა, ვინც ბოროტის დასათრგუნად და სიკეთის ზეიმად იბრძოდა. თუთაშხა ღმერთი არ იყო და ვერ მიაგნო ბოროტების სიკეთედ ქცევის საშუალებას. მაშინ მან წამებას მისცა თავი. სხვები რომ ეხსნა, მოიკვეთა სხეულის ასონი და კაცთა შთამთქმელ ურჩხულს მიუგდო საკვებად. ყველაფერი შესანსლა ურჩხულმა, მაგრამ, როცა თუთაშხამ გული ამოიგლიჯა და ესეც მონსტრისათვის უნდა მიეცა, მაშინ ბოროტებამ კაცის სახე მიიღო და ადამიანურად ამეტყველდა:
      ,,- არღა ვარ მწყურვალი სისხლთა, არღა მიძს სურვილი ჭამად კაცთა. და მიეცა მყის ყველაკასა ახალი, რომელთა მოიკვეთეს ასონი თვისნი.
      - არა ჰკლათ კაცი ესა და აჰა, ნიჭი თქვენ გარდაქცევისათვის სიკეთედ ბოროტებისა (ხაზი ჩემია - ა.ბ.).
      დაუტევა სულმან თუთაშხისამან ხორცნი მიწასა ზედა, აღევლინა ცად, დაჯდა მთოვარედ და იქმნა ძე იგი ხორციელი ღმერთად.” გვ.595.

      პატივცემულმა აკაკი ბაქრაძემ აქ უმნიშვნელოვანესი მომენტები გამოტოვა, რათა მისთვის სასურველი ,,სატარიგე” დასკვნა მიეღო. მივმართოთ მოკლე ანალიზს:
      რომანს არა მხოლოდ ყოველი კარის წინ დართული პრელუდია აქვს, არამედ წინათქმის წინ არსებულიც, სადაც წერია: ,,ჰყავდა ერსა განმგებლად და მორიგედ ქვეყნიერთა საქმეთა თვისთა ჭაბუკი პირმშვენიერი და რაინდი კეთილაღნაგი - თუთაშხა. არა იყო იგი სულდგმული ერთი და ძე ხორციელი, არამედ სული კრებითი, არსი მყოფი კაცთა წიაღსა შინა, ვითა წახნაგთაგანი მათი უპირველესი.” ამ პრელუდიის დასასრულს კი ვკითხულობთ: ,,ხედვიდა ერი მას თუთაშხას განსხეულებულს, ხორცქმნილს და მსახლობელს თვისსა ტაძარსა დიდებულსა შინა უფლად სიყვარულისა და ჰმორჩილებდა წესსა დადებულსა მისგან, ვითარცა წესსა ერთნებაობითა რჩეულისა ხორციელისა მამისა...” 
     
      ყოველი კარის პრელუდიის ანალიზს აქ არ შევუდგები, თუმცა თითოეული მათგანიდან მივმართავ მოკლე ციტირებებს, რათა ნათლად დავინახოთ ის გზა, რაც გაიარა ნაწარმოების მთავარი გმირის  პროტოტიპმა - თუთაშხამ.

      პირველი კარის პრელუდიის ბოლოში ვკითხულობთ: ,,განდგა თუთაშხა ქვეყნისაგან თვისისა, დაინთქა ჭვრეტად და არღა გულისხმა ჰყო სადარდებელი ერისა, რამეთუ ღმერთი არა იყო თუთაშხა.”

      ახლა ვნახოთ მეორე კარის პრელუდიის ბოლო ნაწილი: ,,აღიღო შუბი თუთაშხამან, აღმხედრდა ჰუნესა თეთრსა ზედა და განიზრახა დათრგუნვა ბოროტისა - ძალითა თვისითა, რამეთუ ღმერთი არა იყო თუთაშხა...”

      მესამე კარის პრელუდიის დასასრული ასეთია: ,,დაეცა ზარი თუთაშხას ნახულისა გამო და მოიცვა იგი რწმენამ, რამეთუ ვერცა ვინ არგოს მოდგმასა კაცთა, თუ არ კაცმავე.
      ,,განიზრახა თუთაშხამან, სულმან კრებითმან მან, გარდაქცევა ძედ ხორციელად და იქმნა თუთაშხა განზრახვასა თვისსა შინა ღმერთად.”

      მეოთხე, ბოლო კარის პრელუდიიდან მოვიყვან იმ ნაწილებს, რომლებსაც რატომღაც არ მიაქცია ყურადღება ბოლო ამონარიდში პატივცემულმა აკაკი ბაქრაძემ: ,,მიეცა თუთაშხა ნებითა თვისითა წამებასა უმძიმესსა, სწორად მათისა, რომელნი იყვნენ ერისკაცნი უწამებულესნი. შემდგომ მარტვილობისა განმოეფინა შუბლისა იგურდივ ნათელი სხივთა, უკუმოიქცა სოფელსა და ჰრქვა:
      - ესერა, კაცნო! მოველ ხსნისათვის თქვენდა მძლავრებისაგან ურჩხულისა. ჰა, მაგალითი, ვით არს ჯერ მისვლა მსხვერპლად მოყვასისა თვისისათვის, ერისა მარადისობისათვის, სრულქმნისათვის სულისა კაცობრიულისა!”

      ნათელია, რომ თუთაშხიამ აბსტრაქტულ წამებას კი არ მისცა თავი, როგორც ამის თაობაზე გვამცნობს აკაკი ბაქრაძე ბოლო ამონარიდში, არამედ ისეთს, როგორიც გამოუვლიათ უწამებულეს ერისკაცებს. გარდა ამისა, ძნელი არ არის იმის დანახვაც, რომ სოფელსა უკუმოქცეულ თუთაშხას ნათქვამში მოქმედების სამი ძირითადი მიმართულება გამოიყოფა: მოყვასის გადასარჩენად, ერის მარადისობისთვის და კაცობრიული სულის სრულქმნისათვის შემართება. სამივეს არა უბრალოდ (აბსტრაქტულად) სიკეთის ქმნა უძევს საფუძვლად (დანაშაულის მოწამებრივ გამოსყიდვაზე საუბარიც კი არ არის), არამედ ,,...ჯერ მისვლა მსხვერპლად მოყვასისა თვისისათვის,” რაზეც ,,ტარიგი ღმრთისაის” ავტორი არ საუბრობს.
 
      ვნახოთ კიდევ ერთი ამონარიდი:
      ,,დათას შერკინება ბოროტებასთან (ანუ მუშნი ზარანდიასთან) თითქოს მარცხით დამთავრდა. იგი მაინც გაება მუშნის დაგებულ მახეში. სიკვდილის წინ თავად გაიფიქრა დათამ - ,,მაჯობა მაინც.” მაგრამ ამ კონკრეტულ სიტუაციაშიც ზნეობრივად მაინც ვერ გაიმარჯვა მუშნიმ. თუმცა ზერელე შეხედვით, მუშნის მზაკვრობა იმდენად დიდია, რომ შვილიც (რა ვუყოთ მერე, გუდუმ რომ არ იცის ეს) კი აუმხედრა და ბოლოს სასიკვდილოდ გაამეტებინა დათა. მაგრამ აქ ერთ გარემოებას აქვს არსებითი მნიშვნელობა: გუდუ პერტია არ არის სიყვარულის შვილი. ბეჩუნი პერტია არ ყვარებია დათას.” გვ.596.

      აქ პატივცემული აკაკი ბაქრაძე სიკეთე-ბოროტების ახსნას ბიოლოგიის მეშვეობით ცდილობს და ასე აგრძელებს ამ აზრს: ,,უსიყვარულოდ კეთილი არც იბადება და არც იქმნება. ასე, რომ მუშნი ზარანდიას, გუდუ პერტიას სახით, კეთილი არ გადაუბირებია. და თუ კეთილი ვერ გადაიბირა, ვერც დათასათვის უჯობნია ზნეობრივად.”გვ.597.

      რთულია იმის თქმა, თუ რა ტიპის ლოგიკაა აქ მოცემული. ზარანდია-თუთაშხიას ურთიერთობის ასახსნელად ბიოლოგია ვერ გამოდგება და არც არსებობს ამის საჭიროება. ისე კი, უნდა ითქვას, რომ ზარანდიას მოზარდი პერტია არ გადაუბირებია. ზარანდიამ ბიქტორ სამუშიას მეშვეობით მასში მხოლოდ თესლი ჩააგდო და მოამზადა გარკვეული საქმისთვის. პატივცემულ მკითხველს მოვაგონებ ზარანდიას დამოკიდებულებას ამ ტიპის საქმეებისადმი, რომლის შესახებაც მან გრაფ სეგედს ერთხელ უთხრა: ,, - თქვენო ბრწყინვალებავ, მე მხოლოდ შევქმენი გარემო, რომელშიც ადამიანები საგნებისა და სიტუაციების მიმართ დამოკიდებულებებს თავისით აყალიბებენ.” თუმცა, საჭიროა აღინიშნოს, რომ ბონია მეწისქვილის (ასევე ზოგი სხვაც) შემთხვევა ასეთი არ იყო. იგი გადაბირებული იყო.

      საოცარი ამ ბოლო ამონარიდთან დაკავშირებით ისიცაა, რომ აკაკი ბაქრაძე თავისი წერილის დასასრულს სხვა საკითხთან დაკავშირებით ასეთ აზრს აფიქსირებს: ,,...სიტყვაკაზმულ მწერლობას სქესობრივი სიყვარული ზოგადი სიყვარულის ასპექტში აინტერესებს და არა ბიოლოგიური თვალსაზრისით.” გვ.600.

      კიდევ ერთი ამონარიდი: 
      ,,თუთაშხია, როგორც მხატვრული პერსონაჟი, იმითაც არის საინტერესო, რომ სულის განვითარების კანონებით ცხოვრობს და ყოველგვარ სიტუაციაში ცდილობს მათ არ უღალატოს. ამდენად, მისი პიროვნებისთვის ნაკლები მნიშვნელობა აქვს - სად და როგორ იცხოვრებს. იგი ყველგან მოახერხებს დათა თუთაშხიად დარჩეს.”გვ.598.

      აქ პატივცემული აკაკი ბაქრაძე ერთადერთხელ საუბრობს თუთაშხიასთან მიმართებაში განვითარებაზე, თუმცა თუ დავაკვირდებით, პირველი წინადადება თავისი არსით წინააღმდეგობრივია, ვინაიდან განვითარება გულისხმობს რაღაც ადრინდელზე გარკვეული დონით ან სრულებით უარის თქმას, ანუ ,,ღალატს.” მეორე წინადადება კი ისევ სტატიკაა - დათა თუთაშხია ყოველთვის დარჩება იმად, რადაც ერთხელ გავიცანით. 

      განვიხილოთ კიდევ ერთი ვრცელი ამონარიდი, რომელიც წინას  გაგრძელებაა:
      ,,თუ ამ კუთხით შევხედავთ, რომანის ზოგიერთ თავს, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ისინი ზედმეტია. მაგალითად, ციხეში მომხდარი ამბოხების აღწერა. თავისთავად ეს ჯანყი საინტერესოდ არის დაწერილი (ამის საბუთად მარტო კლასიონ კვიმსაძის სახეც კმარა), მაგრამ ჩემი აზრით, ეს თავი იმ ფუნქციას ვერ ასრულებს, რისთვისაც არის რომანში.

      ეს ციხე მიკროსახელმწიფოა. ამას მიგნება არ სჭირდება. ეს აშკარად არის ნათქვამი: ,,აგერ, მზა-მზარეული სახელმწიფოა აქ, ორთაჭალის ციხეში: პოლიცია, შეიარაღებული ძალები, ბატონო, დაზვერვა, კვება და მეურნეობა, პროპაგანდა, დიპლომატია და ელჩობა, პარლამენტი და რა ვიცი მე.” ე.ი. გარესახელმწიფოს ყველა ნიშან-თვისებაა აქ გამოვლენილი. იმ გარესახელმწიფოს კარგად იცნობს დათა თუთაშხია. ბუნებრივია, არც ციხის ანუ მიკროსახელმწიფოს სამყაროა მისთვის უცნობი და ახლისმთქმელი. არც ის ადამიანებია სხვანაირი, რომელნიც ციხეში შეხვდენენ დათას. ორთაჭალის ციხეში დათას პიროვნების გამოვლენა ახალი მხრიდან არ ხდება. არც დათას მოუხდენია აქ რაიმე ზეგავლენა სხვების სულიერ სამყაროზე.” გვ.599.

      რომელ ფუნქციას ვერ ასრულებს ჯანყი რომანში? იმ ცალმხრივ ფუნქციას, რომელიც პატივცემულმა აკაკი ბაქრაძემ დააკისრა ნაწარმოებში მთავარ გმირს -- სიკეთის გამოხატვა და ზვარაკობა. ახლა კი სხვა საკითხი: თუ დავაკვირდებით, ამ ბოლო ამონარიდის პირველ აბზაცში აკაკი ბაქრაძე მხოლოდ ბუნტს მიიჩნევს ზედმეტად, ხოლო მეორე აბზაცის მეორე ნაწილში მთლიანად ციხეს და იქაურ სამყაროს. მეორე აბზაცის შუა ნაწილში იგი ამბობს: ,,იმ გარე სახელმწიფოს კარგად იცნობს დათა თუთაშხია.” ვფიქრობ, რომ არ იცნობს! ან კი საიდან უნდა სცნობოდა? ან თუ მაინცდამაინც იცნობს (ან იცნობდა), მხოლოდ გარედან! შეიძლება ითქვას - ქვემოდან! ციხეში კი, მან ახლად დაარსებული მიკროსახელმწიფოს დონეზე ეს გარესახელმწიფო შიგნიდან ნახა.

      ისევ ვრცელი ამონარიდი: 
      ,,როცა თავდაპირველმა აჟიოტაჟმა გაიარა, ციხეს შინათგამცემლები და კაპიტულიანტები გაუჩნდნენ. იძალეს მათ და ციხეში ისევ პირვანდელი მდგომარეობა აღდგა. ერთადერთი ცვლილება ის მოხდა, რომ ციხის ძველი უფროსი ახლით შეცვალეს. ცხადია, ამით პატიმრებს არავითარი შეღავათი არ მისცემიათ.
      სხვათა შორის, ციხის ამბოხებაში არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ციხის უფროსი კოცი, პატიმრის სახელის გატეხის მიზნით, ტუსაღს მამათმავლების საკანში შეაგდებდა. დიდად აღშფოთდა ციხე, როცა კოცის ეს არაადამიანური ,,მეთოდი” შეიტყო. ამბოხებას ბიძგი ამანაც მისცა. მაგრამ, როგორც კი ამბოხებულმა პატიმრებმა ძალუფლება ჩაიგდეს ხელში, პირველი, რაც გააკეთეს, ეს იყო ის, რომ კოცი შეაგდეს მამათმავლების საკანში. მაშასადამე, კეთილმა (ამბოხებულებმა) ბოროტების (კოცის) დასასჯელად იგივე საშუალება გამოიყენეს, რასაც ბოროტება მიმართავდა. ეს კეთილს აკნინებს და, როგორც უკვე ითქვა ზემოთ, სპობს განსხვავებას კეთილსა და ბოროტს შორის.
      ამრიგად, ციხის ამბოხების ამბიდან გამოტანილი აზრობრივი შინაარსის ყველა ნიუანსი ნაცნობია მკითხველისათვის. ახალი არაფერია. ამიტომ მიმაჩნია იგი ზედმეტად.” გვ.600.

      ასეთია აკაკი ბაქრაძის დასკვნა ციხის და იქ წარმოქმნილი ბუნტის, ასევე ზოგიერთი სხვა საკითხის თაობაზე. ამგვარი დასკვნების საფუძველი მრავალმხრივი ნაწარმოების და მრავალმხრივი გმირის ცალმხრივი გაგებაა, არა გარკვეული კუთხით მათი ანალიზი. ცხადია, ნებისმიერი ნაწარმოების ნებისმიერი კუთხით განხილვაა შესაძლებელი, თუმცა ასეთ შემთხვევაში ზოგადი დასკვნების გამოტანისას მეტი სიფრთხილეა საჭირო. 

      ხაზგასმით ვიტყვი: არც ციხის და არც იქ წარმოქმნილი ბუნტის თემა ნაწარმოებში ზედმეტი არ არის (აქ საუბარი არ არის იმაზე, გაწელილია თუ არა რომელიმე თავი, ან მხატვრულად რამდენად შესაბამისობაშია იგი ნაწარმოების დანარჩენ ნაწილთან). პირიქით, ეს საკითხები სცილდება უბრალო ლოგიკის საზღვრებს და ისინი გენიალურობის ელფერს იძენენ, განსაკუთრებით კი ციხის თემა.

      მკითხველისთვის (მით უფრო,  ანალიზის მწარმოებლისთვის)  მთავარი ის კი არ არის, თუ როგორი უნდა იყოს ესა თუ ის ნაწარმოები (ეს მწერლის ნებაა, მისი პრეროგატივაა), არამედ იმის გაგება, თუ რა და რამდენად ღირებული მიზანი ამოძრავებდა მას ნაწარმოების შექმნისას და რამდენად წარმატებულად გაართვა თავი მის წინაშე მდგომ ამოცანებს. ეს პრინციპი ,,ტარიგი ღმრთისაიში” დარღვეულია, როგორც მიმდინარე ანალიზისას, ისე დასასრულს, როცა წერილის ავტორი მწერალს ნაწარმოების ცალკეული ნაწილების ამოღებას სთავაზობს რომანის საბოლოო გამოქვეყნების შემდეგ. ამ წერილში ნაწარმოების მიზნებზე საუბარი არ არის და თუ არის, მხოლოდ ერთზე - გმირის მზადყოფნაზე აკეთოს კეთილი საქმეები და საჭიროების შემთხვევაში შეეწიროს კიდეც მათ. 
      არის თუ არა ციხის თემა ზედმეტი ნაწარმოებში? ამისათვის მოკლედ გავიხსენოთ მისი წარმოშობის წინაპირობები. ნაწარმოებიდან ცნობილია, რომ თუთაშხია ციხიდან  ,,თანამზრახველებთან” ერთად 1907 წლის შემოდგომაზე (სექტემბრის ბოლო რიცხვები) გამოიქცა  ისე, რომ ხუთწლიანი ვადა ბოლომდე არ მოუხდია. აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ ციხეში იგი სავარაუდოდ 1903 წელს უნდა ჩამჯდარიყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მან უკანონოდ დაახლოებით თვრამეტი წელი იცხოვრა, მაგრამ ციხეში მისი ჩაჯდომის საკითხი ასე აქტიურად ადრე არავის  დაუყენებია. რატომ  დადგა დღის წესრიგში თუთაშხიას ჩაჯდომის საკითხი? რა იყო ამის მიზეზი? პასუხი: ზარანდიას თავბრუდამხვევი კარიერული წარმატებები და ამ იერარქიულ აღმასვლას მოყოლილი პრობლემები, კერძოდ - სახნოვი. ერთ მომენტში, კავკასიის ჟანდარმერიის ხელმძღვანელობას სახნოვის სახით პირადაპირი და აშკარა ,,მეტოქე” გამოუჩნდა. საკითხს ართულებდა სახნოვის ახლობლობა იმპერატორის ოჯახთან. ამ დაპირისპირებაში გაჩხერილი ერთ-ერთი ,,ძვალი” დათა თუთაშხია იყო. სეგედის და ზარანდიას სურდათ სახნოვისთვის ამ ,,ძვალის” წართმევა - მონასტერში ან ციხეში აბრაგის გაგზავნა-გადამალვით. ვინაიდან ბერად აღკვეცის აზრი გაჩენისთანავე მოკვდა, დარჩა ციხე. ასე შეიძინა თუთაშხიას ჩაჯდომამ აქტუალობა.

      ნაწარმოებიდან ცნობილია, რომ თუთაშხიას ციხეში ჩაჯდომას მეგობრებიც ურჩევდნენ. გავიხსენოთ დათას და გოგი წულაძის შეხვედრა თბილისში, ჟანდარმერიის სამმართველოში აბრაგის მისვლამდე რამდენიმე წუთით ადრე: წულაძე ეკითხება - გადაწყვიტეო? რაზეც თუთაშხია დადებით პასუხს აძლევს. გოგი წულაძე კიდევ ერთხელ უხსნის, თუ რატომაა აბრაგის ეს გადაწყვეტილება სწორი. დათა ეუბნება მეგობარს: ,, - რა არ მელაპარაკეს! მიზეზი აღარ დარჩა, მგონია, იმის სამტკიცებელი, რომ უნდა ჩავჯდე, მაგრამ შენ რაც მითხარი, ეგ არ უთქვამს არც ერთს არასდროს...” საინტერესოა, რა სიტყვებმა გამოიწვიეს აქ თუთაშხიას გაკვირვება და გაოცება? სიტყვებმა, რომლებიც უკავშირდებოდა ხალხს, მასთან აბრაგის დაბრუნებას. ეს კი გვიხსნის იმას, თუ რატომაა ნაწარმოებში ციხის თემა.

      როგორი იყო დათა თუთაშხიას და ხალხის ურთიერთობა აქამომდე? ზარანდიას გამოჩენამდე ამ ურთიერთობების ხასიათი ძირითადად ჰარმონიულია, შეხმატკბილებულია, თუმცა დროთა განმავლობაში ბუნებრივად წარმოიქმნება გარკვეული სახის გართულებები (ძალადობით ლელოს გამტანი კაცები და თვით ხალხის შინაგანი ბუნება, მისი ხასიათის ნიშნები, იმ პერიოდში გმირისთვის აუხსნელი და გაუგებარი). ზარანდიას გამოჩენის შემდეგ ხალხსა და მის გმირს შორის ადრე გაჩენილი უფსკრული ღრმავდება და, საბოლოოდ ამ ურთიერთობების გაწყვეტით მთავრდება. დათა თუთაშხიასაგან სიკეთის ქმნა და სამართლიანობის პრინციპების დამკვიდრება აზრს კარგავს. ისიც გარკვეული დროით ეშვება ფსკერზე (თბილისში გამგზავრება, შემორიგება...), ,,ისვენებს.” მაგრამ აბრაგი აგრძელებს ფიქრს იმ პრობლემური საკითხების გარშემო, რომლებმაც იგი აქტიურიდან პასიურ მდგომარეობაში გადაიყვანეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, იგი აგრძელებს არა უბრალოდ ფიქრს, არამედ ინტელექტუალურ გაძლიერებას და ეს პროცესი მასში არასდროს არ წყდება, არასდროს არ ჩერდება. თუმცა ამ პერიოდში იგი მაინც უხალხო გმირია. ახლა ამ ხალხს, მის დიდ უმეტესობას სხვა ,,პატრონი” ჰყავს - ზარანდია. სწორედ ამიტომ ურჩევენ დათა თუთაშხიას მისი მეგობრები ციხეში ჩაჯდომას, რომ ხალხზე გულაყრილს, გულგაცივებულს მისკენ გული მიუბრუნდეს, რომ ხალხმა დაიბრუნოს თავისი გმირი და სავარაუდოდ, სამომავლო პატრონიც. სწორედ ამიტომ, ციხის თემა ვერ იქნება ზედმეტი ვერც ზოგადად და ვერც კონკრეტულად. პატივცემულ მკითხველს შეიძლება დამატებით გაუჩნდეს კითხვები: მაინც რა შუაშია ციხე, ან როგორ უნდა მოახერხოს გმირმა ხალხთან დაბრუნება, მით უმეტეს,  ერთ შემოზღუდულ სივრცეში, თუ იგი ამას ვეღარ ახერხებდა გარეთ, ,,თავისუფალ” მდგომარეობაში მყოფი? ამ კითხვების ერთი პასუხი გოგი წულაძის ზემოაღნიშნულ ახსნა-რჩევაშია, მეგობარს რომ გაანდო ჩაჯდომის წინ. ამ წერილის ავტორის ახსნა კი ასეთია: ციხეში ხალხის (საზოგადოების) ის ნაწილი იყო თავმოყრილი (მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის მიუხედავად), რომელიც ზარანდიას არ ემორჩილებოდა, იქ მყოფთა უმეტესობის სულებს ვერ მართავდა, ვერ აკონტროლებდა, როგორც ამას ციხის გარეთ ახერხებდა იგი, ვინაიდან ჟანდარმი და ციხის პატიმრები ორ ურთიერთდაპირისპირებულ, კარგად გაფორმებულ ანტაგონისტურ ძალას წარმოადგენდა. მუშნი ზარანდიას, შესაძლოა, თავიდან სწორედ ამიტომ სურდა თუთაშხიას მონასტერში გაშვება, რომ იგი ერთ სიბრტყეზე თავმოყრილ  ხალხის ნაწილს, როგორც ძალას (სახელმწიფოს წინააღმდეგ განწყობილს), არ გადაჰყროდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: თუთაშხიას მისმა მეგობრებმა, სავარაუდოდ, სწორედ იმიტომ ურჩიეს ჩაჯდომა, რომ იგი ხელახლა შესულიყო კონტაქტში ხალხთან, მის ერთ ნაწილთან, სეგმენტთან, რომელი სეგმენტიც ზარანდიას ტოტალურ კლანჭებს იყო გაშორებული. გმირის დაბრუნება სწორედ აქ უნდა მომხდარიყო და სწორედ ამიტომ წარმოადგენს ციხე მწერლისთვის გენიალურ მიგნებას. სწორედ ციხეში დაიბრუნა, აღიდგინა (ნაწილობრივ) დათა თუთაშხიამ ძალა, რომელიც მას ადრე გააჩნდა და რომელიც ზარანდიათი გაძლიერებული სახელმწიფოს ,,წყალობით” დაჰკარგოდა.

      ზედმეტია თუ არა ციხეში მოწყობილი ბუნტის თემა? არა!
      ზემოთ მოყვანილი მსჯელობიდან ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ დიდი ხნით ერთმანეთს დაშორებული გმირის და ხალხის შეხვედრა (პირობითად) მშვიდ ვითარებაში ვერ მოხდებოდა. ამ ,,შეხვედრას” რაღაც სხვა ხასიათი უნდა ჰქონოდა. გრაფი სეგედი ნაწარმოების დასაწყისიდანვე მიუთითებს და შემდეგაც ახსენებს მკითხველს იმ სოციალური თუ პოლიტიკური ფონის შესახებ, რაც იმ დროის იმპერიაში არსებობდა, ანუ იმას, თუ როგორ ელოდა ხალხი თავისი გმირის (თავის, მეთაურის, წინამძღოლის...)  გამოჩენას და გამოღვიძებას. ვფიქრობ, რომ ციხეში მოწყობილი ბუნტი სწორედ ასეთი შეხვედრის სიმბოლური გამოხატულებაა, შეერთებაა ტანისა და თავისა, არსებული რეალობის (ანუ დამაშორებლების) წინააღმდეგ მიმართული.

      ახლა კი, რეალურად. ციხეში მისულ თუთაშხიას ორი ძალა შემოხვდება: პოლიტიკოსების და ქურდების. ქურდებისგან იგი ერთობას სწავლობს, თუმცა იქვე უსასტიკესად ანადგურებს მათი ურთიერთობის საფუძველს: ,,საკუთარი კეთილდღეობისთვის ერთობაა ქურდების ერთობა. სხვისი კეთილდღეობისთვის ერთობა სხვაა კიდევ და ცოდნა უნდა ამას.” ეს კი ეწინააღმდეგება აკაკი ბაქრაძის მოსაზრებას იმის თაობაზე, თითქოს ციხეში დათა თუთაშხიას პიროვნების გამოვლენა ახალი მხრიდან არ ხდება.

      როცა აკაკი ბაქრაძე წერს, რომ ციხეში ისევ პირვანდელი მდგომარეობა აღდგა და პატიმრებს არავითარი შეღავათი არ მისცემიათო, მოვლენების არასწორად შეფასებასთან გვაქვს საქმე. პატივცემულ მკითხველს მოვაგონებ იმას, თუ როგორ იწყებს ამბის მოყოლას მეოთხე კარის პირველი მთხრობელი ალექსი სნეგირი: ,,მეტეხის ციხიდან თომა კომოდოვი და მე ორთაჭალაში ერთად წაგვიყვანეს. რა თქმა უნდა, ვივალდებულეთ იქაურ ამხანაგებთან ერთად ადგილზე გავრკვეულიყავით ვითარებაში და ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში აჯანყების მოწყობას ვცდილიყავით.” სულ ეს არის. ამიტომ ბუნტის რეალური მიზანი არ ყოფილა პატიმრებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება. პოლიტიკოსებმა გამოიყენეს არსებული სიტუაცია თავის სასარგებლოდ ანუ ბუნტის მოსაწყობად. პატიმრებმა უკიდურესი ფორმით გააპროტესტეს ციხეში შექმნილი ვითარება, ხოლო ორგანიზატორებმა გაიარეს პოლიტიკური ბრძოლის ერთი გზა, შეიძინეს გამოცდილება. ნაწარმოებში საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც ბუნტამდე არავითარი განსაკუთრებული უნარ-ჩვევებით არ გამოირჩეოდნენ, მაგრამ შემდგომ წლებში იმპერიის სხვადასხვა ციხეებში თავად მოაწყვეს ბუნტი და წარმატებით უხელმძღვანელეს კიდეც მას. ესენია - ჟორა კაშია და ჟორა ბადალიანცი. ამ ფონზე არავითარი ეჭვი არ შეიძლება არსებობდეს იმის შესახებ, თუ რა დიდი ცოდნა (ფართო მასების მართვის) შეიძინა თუთაშხიამ ციხეში, კერძოდ ბუნტის დროს, მისი მოწყობა-ორგანიზების მხრივ. დათა თუთაშხია სწორედ ამიტომ იქცა საფრთხედ იმპერიისათვის და მისი ერთ-ერთი ახალი ,,პატრონისათვის” - მუშნი ზარანდიასათვის. პატივცემულმა მკითხველმა თავად განსაჯოს, შეიძლება თუ არა ამ სიტუაციაში ციხის და ბუნტის თემა იყოს ზედმეტი.

      პატივცემული აკაკი ბაქრაძე ასევე არასწორად განიხილავს ციხის ყოფილი უფროსის - კოცის თემას. შორს ვარ იმ აზრისგან, თითქოს ამ მომენტის მოხმობით მწერალს კეთილის და ბოროტის ურთიერთობის ჩვენება სურდა მკითხველისთვის. მაშ, რისთვის უნდა დასჭირვებოდა მას ამ მომენტის მოხმობა? ვფიქრობ, აქ უბრალო მომენტია, - მწერალი მიჰყვება მოვლენათა მსვლელობას და მკითხველს აჩვენებს იმას, თუ რა არის ან როგორია რევოლუციის ბუნება. ბუნტი თუ სხვა სახის რევოლუციური ქმედება ღელვაა, სტიქიური მოვლენაა, ძალის უზომო გამოვლინება-გამოყენებაა, აქ არ არსებობს (და არც შეიძლება არსებობდეს) კეთილის და ბოროტის გაგება. ვფიქრობ, სწორედ ამის თქმა სურდა ამ შემთხვევაში მწერალს. მხოლოდ მოგვიანებით, როცა მეტ-ნაკლებად დალაგდება სიტუაცია, ამოქმედებას იწყებს სიკეთე-ბოროტების მექანიზმი, როგორც საზოგადოების მართვის და თვითმართვის ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი. მანამდე კი, ბუნტის დროს, ისინი არ არსებობენ. ამიტომ კოცის თავს გადამხდარის ახსნა სიკეთე-ბოროტების ცნებებით დამაჯერებლობას მოკლებულია. სტიქია (ბუნებრივი თუ საზოგადოებრივი) ბოროტებაა, იგი სიკეთე არ არის, ეს ცხადია, მაგრამ მას ზნეობას ვერ ასწავლი და ვერც ადამიანურ დონეზე გაგებული სიკეთე-ბოროტების ცნებებით ახსნი.

      გარდა ზემოაღნიშნულისა, ბუნტის თემას ნაწარმოებში სხვა უზარმაზარი დატვირთვაც აქვს. ცნობილია, რომ თუთაშხია ციხეში თავისი ფეხით (ნებაყოფლობით) მივიდა. ეს ფაქტი მასზე, როგორც ძალმომრეობის წინააღმდეგ მებრძოლზე დადებითად არ მეტყველებს, არც ობივატელური და არც სხვა რამ გაგებით. ამიტომ თუთაშხიას მხრიდან ახალ სიტუაციაში (ციხეში) საჭირო იყო არა უბრალოდ რაღაც დასკვნების გახმოვანება, ქურდებთან შეჭიდება ან საბოლოო ჯამში, სასჯელის მოხდა, არამედ ძველი გზის (ძალმომრეობის წინააღმდეგ შემართება) ახალ დონეზე, ახალ სიმაღლეზე გაგრძელება. ეს ახალი დონე, ახალი სიმაღლე, სწორედ ციხის ბუნტი იყო, რომლის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და უშუალო ორგანიზატორი თავად იყო. ციხეში ნებაყოფლობით (თავისი ფეხით) მისული თუთაშხიასთვის ეს ფაქტი რეაბილიტაციის ტოლფასია (აქ შეიძლება გავიხსენოთ დოცენტის შემთხვევაც, რომელიც რეაბილიტაციის მიზნით ჩაჯდა. როგორც ცნობილია, ორთავეს ,,სხვაგვარად არ ძალუძდათ”). ამ რეაბილიტაციას კიდევ უფრო აძლიერებს (გარეთ დარჩენილი, ჯერ კიდევ ზარანდიას მარწუხებში მყოფი ხალხის თვალში) თუთაშხიას ციხიდან გაქცევა. პატივცემულმა მკითხველმა კიდევ ერთხელ განსაჯოს თავად, არის თუ არა ბუნტის თემა რომანში ზედმეტი.     
                                                        გმადლობთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები