ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილუ
ჟანრი: პოეზია
3 ივნისი, 2015


საკანში

დამიჭირეს!

დაიჭირეს ჩემი სხეული,
ახლა, გვიანი ღამეა...
სამი კედელი და ერთი დიდი გისოსი,
კუთხეში მიმაგდეს, ასეც ვიცოდი.
ზევით, მარჯვენა კუთხეში პატარა ფანჯარაა,
ღიაა და მთვარე ანათებს,
ახლა, გვიანი ღამეა და აქ ყველაფერი,
ყველაფერი სხვა ფერია.
აქ სხვა ფერია ჰაერი,
საცოდაობით შეფერილი და მძიმე,
აქ სხვა ფერია მოგონებები,
შავ-თეთრი მოგონებები, აქ ფერადია..
აქ სხვა ფერია წყალი,
განავლის სუნით და წარმოსახვით შეფერილი,
და აქ სხვა ფერია ადამიანი,
აქ უფერულია ის...
ახლა გვიანი ღამეა საკანში,
პირველად ვიგრძენი რომ სხვაგან ვარ,
პირველად ვერ გავაფერადე,
პირველად ვიყავი უფერული...
გარედან სიცოცხლის სუნი შემოდის,
მაგრამ აქ უსიცოცხლობა ჩქეფს,
ახლა, გვიანი ღამეა და პირველად,
პირველად დავაკვირდი ვარსკვლავებს...
როგორ კაშკაშებენ, აქ განსაკუთრებით მკვეთრად.
აქიდან უცხოა სანახაობა, ადამიანებიც კი არ სჩანან,
მხოლოდ წარმოსახვა, წარმოსახვა ოთხს კედელში.
აქ წარმოსახვაც სხვა ფერია.
ახლა, გვიანი ღამეა და მე,
კუთხეში მიგდებული ვეძებ ფერებს,
აქ ყველა ფერი ნესტიანია,
კაცებს ხავსი მოედოთ,
იღრინებიან და კარგავენ სახეს.
ადამიანის.

საკანი.

საკანი სავსეა ნაგვით,
ნაგავი სავსეა ადამიანებით,
ადამიანები სავსენი არიან უერთმანეთობით,
საკანი სავსეა ფერებით,
ფერები უფერულია,
კედლები დაბზარულია ტკივილით,
საკანი სავსეა მოძალადეებით,
მოძალადეები სავსენი არიან გრძნობებით,
გრძნობები უფერულია,
ადამიანები სავენი არიან არა-ადამიანობით,
საკანი სავსეა ყველა უფერული ფერით!

ახლა გვიანი ღამეა და მე საკნიდან გავრბივარ...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები