ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რ____ო____ი
ჟანრი: პოეზია
23 დეკემბერი, 2008


დეკემბერი

უსათაურო ზამთრის წრე

ასოცირება იყო ღამე
სასაფლაოსი,
ჩანდა ფანჯრიდან -
გარეთ თოვლი როგორ გალახეს,
ღრუბელი იჯდა ანტენაზე
როგორც ქაოსი
და ფანტელები ქალაქებში
თოვდნენ არაფერს.

წაიქცა ჭიქა,
ალკოჰოლით სავსე და ბოლო,
ვიდრე აურა უფრო მცირე
იყო ზამთარი,
ნაწვალებსა და რითმებაცრილ
ასანთის კოლოფს,
ვერ მივხედე და კოჭლი სკამის
ფეხქვეშ გავჩარი.

ვგრძნობდი ალერსი იქნებოდა
ლექსების ხურდა,
იქნებ ყოველი ზამთრის ღამე
შენთვის მეთია,
სუნთქვაშეკრული კოცნის ბოლოს
მოწევა მსურდა,
თუმც  ნაფაზები ფილტვში მერე
არ  ჩამეტია.



სიმთვრალის ექსპრომტი

ცაა ნამეტაფორალი,
დეკემბერს ადგას
დილის მზე,
სამას წელს მალულ
ოლარებს,
მივსდევ
სიმთვრალის
ბილიკზე.

ქართული მიწა
დავხატე,
წარსულისფერი
გუაშით,
ვდგავარ
შოთას და თამარის,
ფარულ საფლავთა
შუაში.

მეფე ჰყავს
ყველა ეპოქას,
თითოეული
მათგანი -
ბრბომ დღეს
ქილიკით შეღობა,
ვინაიდან და
რადგანაც -

დროა ახალი,
ასე რომ -
გვაქვს სულ სხვაგვარი
<მოდის> მზე,
მინდა მაინც რომ
დავწერო,
მე პატრიოტულ
მოტივზე.

ლექსი ხომ
ვერაფერია?
კმაყოფილი ვარ
ამაზეც!
აქ გული უფრო
წერია,
ვიდრე სტროფები
და მაინც -

ქართული მიწა
დავხატე
სისხლგაზავებულ
გუაშით,
ვდგავარ
შოთას და თამარის,
ფარულ საფლავთა
შუაში.



არც

არც თოვდა იმ დღეს, არც ქროდა და არც წვიმდა წვიმა,
არც ღამე იყო, არც ამინდი, არც მთვარე, არც მზე,
არც ქალი იყო, არც გრძნობა და წარსულის შირმა,
არც მწყერის შიში სროლაზე და უმცირეს ჩქამზეც,
არც მწყერი იყო, არც თოფი და სურვილიც არა,
არც ხალხი იყო, არც გული და არც ლურჯი ზეცა,
არც დარდი იყო, არც ვნება და ფიქრების ჯარი,
არც ყავა იყო, არც თამბაქო, არც ზრდა და კვეცა,
არც მტერი იყო, არც მოყვარე, არც ზმნა და მიწა,
თითქოს აბსტრაქტი გადასმოდა ნანგრევს თუ ნაშენს,
არ იყო არც ზღვა, არც პარიზი, თბილისი, ნიცა,
არც მე ვიყავი და ამ არც-ში არ ჩანდი არც შენ.
არც თავი იყო, არც შუა და არ იყო ბოლო,
არარაობას არაფერის გვირგვინი ედგა,
იყო ის ერთი და ის ერთი ,,არც" იყო მხოლოდ,
რაც გახდა იმის საბაბი რომ ეს ლექსი მეთქვა...



ზამთრის წინასწარ

ზამთრის კლავიშმა აუშვა მინორს,
ჰანგები თოვის შევიდა სოლოდ,
სიცარიელე დააჯდა მინდორს
და მოიქნია მწვერვალზე ბოლო.

ქარი არღვევდა იანვრის მოტივს,
კაცები თოვლში ბილიკებს რგავდნენ,
გზის დასაწყისში დაფლული ტოტი,
სახლის ჟანგიან ანტენას ჰგავდა.

ცალფეხშიშველა მირბოდა გოგო,
ცრემლიან თვალებს იწმენდდა ხშირად,
უკან კი ბოტი მოჩანდა როგორც,
თოვლის ბაბუას სტაფილოს ცხვირი.

მარტი თებერვლის ლოგინში იწვა,
მზემ შეისუნთქა ყინულის ბოლი,
ქვემოდან მიჰყვა და მერე მიწას,
თეთრეულივით გადასძვრა თოვლი...



            დადუს

შენ უფრო ქერა, მე მიამიტი,
ლოდინი მეტი, გვიანი მეტრო,
ქალი ხომ ქალი და უფრო მეტად,
ვერ ვთქვი და გეტრფი, დაირღვა ვეტო -

ჩვენი და ჩემი, ჩემი და ლექსთა,
იმ დღეთა ახლა იზრდება ფასი,
იზრდება ფასი ახლა იმ დღეთა
და უშენობას ვმარხულობ ასე.

ეპოქის წყვილთა მოდური ყავა...
ან კიდევ ჩაი... ან ბედისწერა,
შენ ჩემი ვინ ხარ? მე შენი რა ვარ?
ან იქნებ სულაც მოვიდა ჯერი -

რომ გითხრა გეტრფი, მე მართლა მჯერა,
ცივა და ცივი თოვათა თვეა,
შენი თმის ღერი, ერთი და ქერა,
ქურთუკზე ფიქრად ამეკვრა თეე.

და ფიქრებს ვკოცნი, ლექსია მოწმე,
დაიწყო თოვა, გამოვთქვი გუნდა,
სტროფებიც მერე ფიქრივით ვკოცნე
და ყველა ჩემს ლექსს ამ ლექსის შურდა.

ვამბობ და მართლა ირღვევა ვეტო,
გეტრფი და აწი ძნელია წერა,
ლოდინი მეტი, გვიანი მეტრო,
მე მიამიტი, შენ უფრო ქერა.



          ახლა...

ცაში აიხედე,
უკვე ზამთარია,
ფიფქებნაკლული და
არადოგმატური,
თოვს და გათოვებაც ისე
სხვაგვარია,
როგორც გაზაფხულზე ატმის
უვერტიურა.

ქარი იბადება სადღაც
მორევიდან,
ხიდზე გადადიან ვიწრო
ბილიკები,
რთული ამინდია,  კვალში
მოგყვები და
ახლა მცივა შენზე ორი
ფიფქით მეტი.

მინდა ძველებურად ნერვი
გავაბოლო,
ისე დავიბენი წლებიც
ამერია,
იქნებ სიგარეტის ნაფაზს
დავაყოლო -
ახლა რაც ჩვენს შორის
დრო და ჰაერია.

მერე ჩვეულებრივ
კოცნამობეზრებულს,
მსურს რომ მთელი ღამე ლექსით
გადაგრიო,
ვგავარ შენი ბაგის უცვლელ
დეგუსტატორს,
ტუჩზე გეხები და...

უკვე...

ზამთარია...



          გახსენება   
   
            (აჩის)

ვეღარ ვუმკლავდები სურვილს,
ყანებს შემოვირბენ ყარდაშ,
წვება ფორთოხლების სუნი,
ჩემი პოეზიის დახლთან...

წლებმა სიმხურვალე მისცა,
მაშინ აფეთქებულ კოცონს,
იცი მემედ ბიძას ციცა,
ახლა ისევ ისე მომწონს...

ნენეს წყევლაა თუ ლოცვა,
ბუხრის გემრიელი  ბოლი,
ზვინში დასწავლილი კოცნა,
ჩვენ და ფორთოხლების თოვლი...

ფიქრით მივუყვები ქალაქს,
გულში "განდაგანას" ვმღერი,
ნაფაზს დავაყოლე უხვად
ქუჩის უფერული მტვერი...


     
      საშიში სიზმარი

მზე ჩაჯდა წვეთში კიდევ ერთი
მუზის მოტივით,
და ცისარტყელად მიეხატა
ზეცას იზიდა,
ცუდ სიზმარ ნანახ და
უეცრად გამოღვიძებულს,
ოფლი ლექსებად
გამომსვლოდა ორგანიზმიდან...

ყავის ფინჯანთან შევაყოვნე
წუთები დილის,
აშკარად ვგრძნობ რომ
ყველაფერი ხდება პირიქით,
ჟრუანტელს ვწერ და სტრიქონები
სხეულში მივლის,
ვარ საცალფეხო და ზემოდან
დადის ბილიკი...

არ გვაცლის ზამთარს
დეკემბერმა ისე იძალა,
დამყვება შიში
წყეული და განაწვალები -
რადგან სიზმარში
მამაჩემი გარდაიცვალა,
ნაადრევი

და

,,საოცარი გარდაცვალებით"...



                ბზარი

და თორმეტს ეკლო აპრილის ოცი,
პრიალა წითელს ყვიროდა კაბა,
უჩანდა ტანგოს შიშველი ხორცი,
ბერეტი_რეტი იშვიათ საბაბს -

უქმნიდა მრავალს, პირველი მამრი
დაიძრა ჩემში, დახტოდა რიტმი
და როგორც ქართა ბორიო_ ჟანრი,
სუნთქვა დაღლილი მოვედი თითქმის.

თან ავე ამას, ამას თან ავე -
მარია ჭარბი, სირცხვილის ბლიცი,
გაწოდებ ბერეტს შენ მართმევ და მე
მადლობის შემდეგ, არაფერს - ვიცი.

და არაფერ-ზე მიყვარხარ მეტით,
სინონიმები მე_ლექსი_თომა,
ბოლოდან თავშიც იგივე ტექსტით
ჩემი დღე-ღამე ვით პოლინდრომი -

წაიკითხება უშენო წელთა,
წარბთა და წამთა გაუსაძლისად,
მე და შენ ორი ნაკლებად ერთად,
და მარტო როინ აბუსელიძე....

და თორმეტს ეკლო აპრილის ოცი,
თან ავე ამას, ამას თან ავე,
მე მახსოვს მაშინ პირველად შეგრცხვა,
მაკოცე და მე... დავწერე... რავი...


                  # # #

იყო ყავაზე შევყოვნდით მადამ,
თმა, მაგრამ რა თმა, შავ თმა ხუჭუჭა,
ფიქრებ დასჯილი წაიქცა მადა
და მერე ერთად თვალი დავხუჭეთ,

ანუ კლარნეტმა დაფშვნა ჰაერი,
კვლავ გადაიდო თქვენი რეისი
და საკოცნელზე მეტად იმ ღამით,
ლექსად იყავით დასაწერისი.

გეღიმებოდათ შვეიცარებზე
და თქვენს ღიმილში ვცხოვრობდი წამით,
ღამე გადატყდა ხიდზე ამრეზით,
მერე ჩაი... და ფუნთუშა ვჭამეთ.

მოსატანია რამდენად ეს რაც
ვთქი... არა, არა, არ ვიცი მადამ,
ჩვენ მთელი ღამე ფოქსტროტი გვეცვა
და კიდევ ბევრი... დავკარგე რადგან -

იმ დღეთა შემდეგ ყველა დღე მძულდა,
იმ ბოლო კოცნის შემდეგ დახუჭვის -
თვალთა და იყავ სახმილი სულთა...
თმა, მაგრამ რა თმა, შავ თმა ხუჭუჭა.


               
              o tempora, o mores


            (გიორგი გაბაიძეს)

ღამეთა ჯარი ვადაგასულ სტროფებს მიათრევს,
ამ ბოლოს უფრო ვითავისებთ მგონი ხეტიალს,
დგას დილა როგორც პოეტური სიიშვიათე,
ზეცა კი თითქოს ცარიელი პერგამენტია...

ეპოქამ უკვე ეს ზამთარიც გადააფასა,
მიჰყვება პროცესს დომინანტი დილის წამები,
ჩვენი ფიქრებიც დაღლილან და ფანჯრის რაფაზე
სხდებიან ისე ვით ქაღალდის თვითმფრინავები...

რაღაც არ მოგვწონს, რაღაც არ გვწამს - უფრო ამაღამ,
ხალხი კვლავ ბრბოა… და ნერვებში ვძაბავ იოგებს,
სამამდე ვითვლი, თვალს ვხუჭავ და ვყვირი ხმამაღლა -

ჩვენ საქართველო დაგვიმალეს ჩემო გიორგი!...
   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები