ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამხრეთის ჩრდილი
ჟანრი: პოეზია
7 ივნისი, 2015


***

მზის ამოსვლამდე უნდა ვიდგე აქ,
ამ ქუჩის პირას, ბორდიურზე,
თანაბარი ძალით დავეყრდნო ორივე ფეხს
დაღლამდე, შემდეგ ხან ერთს მივანიჭო
უპირატესობა, ხან მეორეს, ინსტინქტურად,
ყოველგვარი გათვლის გარეშე,
მთელი ღამე უნდა ვიყო გულგრილი
ჩანაფიქრის შესაბამისად,
რადგანაც თუ დავიწყებ ფიქრს,
ან თუკი გამოვიჩენ გულისხმიერებას
საკუთარი თავის წინაშე,
უფრო მალე დავიღლები,
ჩამუხლის სურვილი გამიძლიერდება.
და სადაც სურვილია ძლიერი,
იქ სუსტია აღქმა... სიბნელის აღქმა.
და სიბნელეში უფრო მკაფიოდ
მოძრაობენ საგნები და დაჯახების
ალბათობაც ნაკლებია, ვიდრე სინათლეში.
სინათლეზე ყველაფერი მიზანმიმართულია,
სიბნელე კი შემთხვევითობას ირჩევს.
ღამის სიჩუმეში შევარჩევ მბჟუტავ წერტილს,
შორს იქნება თუ ახლოს და გავუშტერებ თვალს.
ჩემ წინ ძუნძულით ჩაივლის ძაღლი, ერთი ან რამდენიმე,
არ მივაქცევ ყურადღებას, ისედაც ვიცი,
როგორ მოძრაობენ ძაღლები ღამით.
შემდეგ ჩამოივლის კაცი, ყვითელი შლაპით
და ცივი ხელებით და არ ექნება წონა და გარსი,
არც სხეული, წარმოდგენა რომ შეგექმნას მაინც
და მე მივხვდები, შეიძლება სადმე ტყეში, უდაბნოში
ან ქალაქის ცენტრში სიკვდილს სული გაძვრა
და ქარმა ამ ქუჩაზე ჩამოიტანა.შემეშინდება
და ვინატრებ მზეს, რომ თვალი მომჭრას
და მზის შუქში თვალდახუჭული შევეჩვიო სიბნელეს,
რომელსაც გარედან ყოველდღიური ბრწყინვალება მოსავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები