ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
25 დეკემბერი, 2008


თანამედროვე იუდას მონოლოგი /ნიკო ლორთქიფანიძეს/

ჩვენი იუდას მონოლოგი
ნიკო ლორთქიფანიძეს

ვყიდი, რაც რამ მაბადია,
თუკი ოდეს რამედ ვღირდი,
დედის გულს და მამის დაღლილ
მარჯვენს დათვლილ გროშად ვყიდი.

ბედიაში ბაგრატის სულს,
ცხუმს რომ პირველ ფუძედ ვთვლიდი,
კოლხის უნატიფეს ქალებს
რიზეს გზაზე ჩუმად ვყიდი.

ცრემლისხელა მოთბო მიწას,
ყელს რო აჭდეს სალტე დიდი,
კუთხე-კუთხე, ეზო-ეზო,
ყოველ გოჯ და მტკაველ ვყიდი.

პატივაყრილ ჩემს სამშობლოს,
ზე რო აზის ყველა ფლიდი,
ხონთქრის დავალების უმალ
სიცილ-სიცილ ვფცქვნი და ვყიდი.

რაც რომ მტერი მომეძალა,
ჩემს სულს ეშმაკისთვის ვწვრთნიდი,
ვდგავარ ახლა, ივერიის
ატირებულ ზეცას ვყიდი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები