ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
25 დეკემბერი, 2008


ქართული ეროტიკული პოეზიის ისტორიიდან,გრ.რობაქიძის ერთი ლექსი

მადლობა ადმინისტრაციას,ჟანრთა ჩამონათვალში ახალი  სახეობის ''სხვა'' დამატებისათვის!

საიტის წევრებს ვთხოვ,აქ და სხვაგანაც,''დიოტიმასა'' და ''დებორას'' ნიკით დადებული მასალის გაცნობისას შეფასებით ნუ გაირჯებიან,რადგან ავტორის მიზანია  ოდენ ინფორმაციის მიწვდა მკითხველისათვის,ხოლო განსხვავებულ ინტერპრეტაციას  მუდამ ყურადღებით
გაეცნობა.

წინა პოსტებში შევეცადეთ,განგვემარტა,რა არის ეროტიკული პოეზია.
ახლა წარმოვიდგინოთ სამი პარალელური დინება:

ერთი -ეროტიკა,
მეორე, შუაში - სექსო პოეზია,ან სექს -პოეზია/გამოიყენება ორივე ტერმინი/ ;
მესამე - პორნო.


სექსო -პოეზია მოსაზღვრეობს ერთი მხრით ეროტიკასთან,მეორე მხრით - პორნოსთან.
მისი საზღვრები ყოველთვის მკაცრად მოხაზული როდია,
მაგრამ თავად ,ეროტიკასა და პორნოს შორის თავისებურ ბუფერსაც ქმნის.

ეს არ ნიშნავს იმას,რომ პორნო პოეზია არ იყენებს,არ ირევს ეროტიკის ნიშნებსაც.
აი,ეროტიკა კი , გამოიყენებს თუ არა მცირე ინგრედიენტს ორი დანარჩენი დინებისა,საკუთარ არსს თმობს და მათში გადაინაცვლებს,ან სექსო პოეზიასთან შერწყმით გარდამავალ სახეობად იქცევა.


სექსო პოეზიაში შესაძლებელია გამოიყოს შემდეგი გარდამავალი სახეობები:

1.სექსო-ეროტიკა
2. სექსო-პორნო
ამ ორიდან ჩვენი ინტერესის არეში მოქცეულია მხოლოდ პირველი მათგანი - სექსო- ეროტიკული.
უახლეს ქართულ ლიტერატურაში,მეტადრე ,ინტერნეტ -სივრცეში ამ ტიპის პოეზიით გატაცება ტენდენციიდან ნიშნად ფორმდება.


გრიგოლ რობაქიძის საუკუნის წინანდელი ეს ლექსი,რომელიც ვფიქრობ,ქართული ეროტიკული პოეზიის ანთოლოგიაში უთუოდ შესატანია,სექსო -ეროტიკის ნიმუშია.



გრიგოლ რობაქიძე

X X X

ტანს გეტმასნება სველი ალერდი.
ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს.
და აზიდული მაღალი მკერდით
მიეფინები მწვანე ეზოებს.
დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კორტნი
და ტაროც ხვდება ძუძუს რძიანი.
გაკოცებს ხავო სიმინდის ყლორტის -
და ატევრილი ,სხეულმზიანი,
როგორც ავაზა
შენ ტანმხურვალი
დაეძებ კუროს -
რომ დაგიურვოს...
გხედავ და ვიცი: შენი კუნთები
დათესლილია ჩემი სურვილით.
წამოვიწევი... შენ გაბრუნდები
გადალეწილი მხეცის წყურვილით -
და გავარდები...
დაგედევნები...
თეთრი მუხლები თითქო ჰკივიან:
შენი ვარ შენი, მოდი ,გევნები,
მეც დაგეწევი და ცხელწვივიანს
აგიყვან ხელში
და გადაგისვრი დიდ საწნახელში -
რომ შენი ტანით დავსრისო მაგრად
მწიფე მტევნები...
მაგრამ თვალები -
თვალები - თვალები: -
უნდობი ტალღა და ხვლიკი ლუში.
ათასი ქალი და ყველა მრუში.
აშარა თუ ხარ, კახპა და ურცხვი.
გწყურია ვაჟი უცხო და უცხო.
არა ხარ ჩემი. არ ხარ არვისა.
თუმც არაოდეს არა ხარ უარზე.
იცოდე: მოვგრეხ ნებას ყუაზე.
ერთბაშად შეგსვამ ღვინოს ქარვისა.
და შენი თმების წითური მორგვით
მიგაკრავ მაგრად
ცხენის ძუაზე...
მაგრამ თვალები -
თვალები - თვალები:
ეხლა მადონნა - წმინდა - ხასხასა.
რა გიყო მე შენ, უძღებო ხასავ?!
ნელი და ტკბილი
ქვემეფინები -
რომ გადავიქცეთ ჩვენ კიდევ წყვილი.
ელამურ ღიმილს მომახვევ რიდეთ.
მეც დავრბილდები რისხვარის მოშლით.
აგამზეურებ როგორც შუბის ტარს
ირუბაქიძის
და ერთხელ კიდევ
გასუდრულ მტევანს
გაგშოლტავ ლოშნით ...


- - - - - - - - - - - - - - - - - - -- -
1.ალერდი - I. ნედლი ბალახი,გათიბული . II. სიმინდის ნედლი ჩალა

2.ლუში - მოლურჯო ფერი; ასეთი ფერის მქონე,მაგ.:ლუში ცხენი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები