ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიამ თორია
ჟანრი: პოეზია
28 ივლისი, 2015


მას

უმზეო დღეა,ასე არის,როცა თენდება
უშენობაში,უსაშველო მარტოობაში,
მე გაკვალული ბილიკების გზებიც მერევა
და შევიჩვიე უცხოური წიგნის ტომები,

სადაც ფრანგული დრამატიზმით,მთელი სიმკაცრით
ტოვებენ ქალებს და მიდიან გზებით მიხვეულ
გახსოვს,ზაფხულის ღამეებში როგორ მიყვარდი
და ჩემი მზერაც უფრო იყო ვნების მხილება.

ღამის ქალაქში დავდიოდით და სიახლოვე
ჰგავდა სიშორეს,სიყვარულის შეუძლებლობას,
მერე შენ რაღაც უცნაური წასვლით დამტოვე
და წაიყოლე ის ბავშვური ნერვიულობა.

მე ვკანკალებდი,მაშინებდა ყოველი სიტყვა,
დუმილიც დუმდა,არ ისმოდა არაფრის ჩქამი,
შენი თვალები ტიხარია,რომელიც მრიყავს
და უსაშველოდ მეძნელება ყოველი ღამე.

შენ მახსენდები,სიუჟეტი ისევ იგივე:
-მე,შენ და ქუჩის არეული ლაბირინთები,
თითქოს დღეები გასავლელი გრძელი რიგია
და რომ გიპოვო,გეფიცები,გამიკვირდება

ამ სიჩუმეში,ამ ღამეში,უშენობაში,
მე იმ ქალს ვგავარ,რომელიღაც ფილმის კადრიდან,
შენ დამაჯერე,შემიძლია ვიყო ქალური
და თან მახსოვდეს,რომ პატარა,სოფლის ბავშვი ვარ.

მე დამტანჯავენ ოცნებები-გარდაუვალი,
სიყვარულები,მტკივნეული მონატრებები,
ის არშემდაგრი პაემანი,მძიმე უარი,
მერე ლექსები და ქალური სენტიმენტები.

არ ივიწყებენ ასეთ დღეებს,მიდიან როცა,
ჩვენი არყოფნაც სასჯელია-ხშირად ვფიქრდები,
მე გაგატანე ერთი გოგოს გულწრფელი კოცნა
და ტანზე დამრჩა ანაბეჭდი შენი თითების.

შენ არ წახვიდე ისე,როგორც სხვები მიდიან,
დარჩი,რომ გახდე წუხანდელი ღამის სიზმარი,
ამ მონატრებას ლექსებივით დავიზეპირებ
და უშენობას წერილივით გამოგიგზავნი

რომ სულ გახსოვდე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები