ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: საბავშვო
18 აგვისტო, 2015


როგორ ააშენა წინწკალამ სახლი

ქონდრისკაცები - მწვანე ტყის ნამცეცა ბინადრები, ძალზე ჭკვიანები და მოხერხებულები არიან. ყველაფერი ემარჯვებათ, მათ შორის მიბაძვაც, და ხშირადაც ბაძავენ ადამიანებს, თუმცა ხანდახან სასაცილო მდგომარეობაშიც ვარდებიან ხოლმე. ასე დაემართა ერთ-ერთ მათგანს, პაწაწინა ქონდრისკაცს, სახელად წინწკალას, რომელსაც თავზე მუდამ სოკოს წინწკლებიანი ქუდი ეხურა, ამიტომაც შეარქვეს ასეთი სახელი. შესახედავადაც ისე ძალიან ჰგავდა სოკოს, მისგან ვერაფრით გამოარჩევდით, სანამ ხმას არ ამოიღებდა.
ჯერ სახლის აშენება მოინდომა წინწკალამ. დიდი გულმოდგინებით შეუდგა საქმეს. საშენი მასალისთვის შორს წასვლა არ დასჭირვებია, ირგვლივ მწვანე ტყე ღაღანებდა. რა გინდოდა, სულო და გულო, იმ ტყეში არ ყოფილიყო. სამოსახლო მშვენიერ მწვანე მოლზე ამორჩია. მოზიდა ნაძვის გირჩები და ნაფოტები, ერთმანეთზე აგურებივით დაალაგა და თაფლის ფიჭით შელესა. ზემოდან სუროს მკვრივი, სრიალა ფოთლებით გადახურა. კარ-ფანჯრებიც დიდი ხელოვნებით გამოიყვანა ხმელი ტოტებისაგან. კარებთან, შესასვლელში, კედელზე აკაციის ეკლები მიამაგრა ტანსაცმლის ჩამოსაკიდებლად. ბოლოს ბუხარიც ამოიყვანა ფერად-ფერადი, ლამაზი კენჭებისაგან და სახლიც მზად იყო. მართლაც მშვენიერი ნაგებობა გამოვიდა. ტყის ბინადრებმა ერთხმად შეაქეს წინწკალას სახლი - ამაზე მოხერხებული და კოხტა ბინა თვით ადამიანებსაც არ ექნებათო.
წინწკალა ამაყად იყურებოდა თავისი ახალი სახლის სარკმლიდან. კმაყოფილი იყო, ასე ყოჩაღად რომ გაართვა თავი ამ ძნელ საქმეს, მაგრამ უშენიშვნოდ მაინც ვერ გადარჩა.
- ადამიანებს ფანჯრის რაფებზე ოთახის მცენარეები უდგათ! - ჩამოსძახა კაჭკაჭმა ხის ტოტიდან. - ისე სახლი სახლად არ ჩაითვლება.
წინწკალას სიტყვაც არ დაუძრავს საპასუხოდ. კაჭკაჭს შესანიშნავად მოეხსენებოდა ადამიანების ავან-ჩავანი. ასე რომ მისი შენიშვნა ნამდვილად ყურადსაღები იყო. იფიქრა, იფიქრა და მარწყვი აირჩია თავისი სახლისთვის ყველაზე შესაფერისად. ნამდვილად არ იყო ურიგო არჩევანი. მარწყვი შესახედავად ძალიან ლამაზია, მშვენივრად ყვავილობს, საჭმელადაც ხომ უგემრიელესი ხილია. ჰოდა, ჩარგო მარწყვის ნერგი კაკლის ნაჭუჭში და დიდის ამბით დადო ფანჯრის რაფაზე. მერე წყაროს წყლის მოსატანად გაეშურა, რათა ნერგი მოერწყა.
მაგრამ წინწკალა უბრალო წყაროს წყალზე როდი წავიდა, მიწისქვეშა წყაროს მიაკითხა. იცოდა, რა უებარიც იყო მისი ნამი მცენარეებისათვის. წყაროსთან ადგილის დედა შემოხვდა, მოზრდილი დოქი წყლით აევსო და ის იყო ტყეში წასვლას აპირებდა ნორჩი ნერგების მოსარწყავად. დიდი, ფართოდ ტოტებგაბარჯღული ხეები ადვილად სწვდებიან მიწისქვეშა წყაროს ნამს მიწაში ღრმად ჩასული ფესვებით. ახლად ტანაყრილ მცენარეებს ეს არ შეუძლიათ და ამიტომ ადგილის დედა ხშირ-ხშირად აკითხავს მათ, სათითაოდ ჩამოუვლის და რწყავს ხოლმე. თან ვითომდა გაჯავრებით ტუქსავს: რაღას უყურებთ, დროზე გაიკვლიეთ ფესვებით გზა მიწისქვეშა წყაროსკენ, სულ ჩემს იმედზე ხომ არ უნდა იყოთ, განა კიდევ იმდენი ჯანი მომდევსო.
- ასე სად მიგეჩქარება, წინწკალა? - ჰკითხა ადგილის დედამ.
- ამ წყაროს წყალი უნდა წავიღო და მარწყვის ნერგი მოვრწყო, ოთახის მცენარედ გამომადგება, - უპასუხა წინწკალამ, თან სულს ძლივს ითქვამდა ნარბენი და ოფლში გახვითქული. ძალიან ჩქარობდა, უკვე მოსაღამოვდა, მას კი დღის სინათლეზე უნდოდა მოესწრო ყველაფერი.
- იმას რა სჯობია, თუ შენს სახლში მცენარეები იყვავილებენ, - თქვა გახარებულმა ადგილის დედამ და თავისი დოქი მიაწოდა, წაიღე და ამითი მორწყეო. წინწკალამ მხარზე შეიდგა დოქი და სასწრაფოდ გამოქანდა სახლისაკენ. ადგილის დედამ რაღაც მოაძახა, მაგრამ აღარ გაუგონია, ისე ჩქარობდა.
მორწყა წინწკალამ მარწყვის ნერგი მიწისქვეშა წყაროს წყლით. მთელი დოქი დაასხა, წვეთიც არ ჩაუტოვებია. ამასობაში მთლად ჩამოღამდა. წინწკალაც ძალიან დაიღალა, ხუმრობა საქმე ხომ არ არის სახლის აშენება, მთელი დღე მუხლი არ ჩაუხრია. დაწვა თავის ახალ სახლში და ტკბილად დაიძინა.
უკვე კარგად გათენებულიყო, როცა თვალი გაახილა. სწრაფად წამოხტა, გააღო კარები, რათა გარეთ მწვანე მოლზე გაესეირნა... და ძლივს შეიმაგრა თავი, კინაღამ ჩამოვარდა სადღაც მაღლიდან.
გაოცდა წინწკალა, ეს რა ამბავიაო! მიიხედ-მოიხედა და, რას ხედავს: სახლი, რომელიც წინადღით მწვანედ მობიბინე მოლზე ააშენა, ახლა ტანმაღალი, ფართოდ ტოტებგაბარჯღული ხის ტოტზეა დასკუპებული. და ეს მაღალი ხე სხვა არაფერია, თუ არა... მარწყვის ხე. დიახ! მთელი დოქი მიწისქვეშა წყაროს წყლით მორწყული პაწაწინა ნერგი უშველებელ ხედ იქცა ერთ ღამეში. თურმე ადგილის დედამ სწორედ ეს მოაძახა, წვეთ-წვეთობით მორწყეო. მაგრამ წინწკალას, როგორც უკვე ვთქვით, ძალზე ეჩქარებოდა და არ გაუგია. ეს მერე გამოირკვა, როცა ტყეში სეირნობისას შემთხვევით გადაეყარა ადგილის დედას: თანაც რა ნაყოფი ესხა იმ ხეს, აღარ იკითხავთ? გოგრისხელა მარწყვები!
ჯერ ძალიან ეუცხოვა წინწკალას, ეს რა გამოვიდაო, თქვა. ოთახის მცენარე მინდოდა და, პირიქით, ჩემი სახლი იქცა მცენარის ოთახად, თითქოს ჩიტის ბუდე იყოსო. მაგრამ როცა გემო გაუსინჯა გოგრისხელა მარწყვს, ძალიან მოეწონა. იჯდა მოსვენებით სახლში და მარწყვს პირდაპირ ღია კარებიდან შეექცეოდა. აბა, ამას რა სჯობდა?! არც ასვლა-ჩამოსვლა გასჭირვებია იმ სიმაღლეზე. ერთს რომ დაჰკრავდა ფეხს მიწაზე, თვალის დახამხამებაში კენწეროზე მოექცეოდა მარწყვის ხეს. თრითინასავით დახტოდა ტოტიდან ტოტზე და თავის სოკოს ქუდს პარაშუტივით იშველიებდა. ჰოდა, საბოლოოდ ძალიან კმაყოფილი დარჩა. მარწყვის იშვიათი სურნელება ტრიალებდა მუდამ მის კოხტა სახლში, ფანჯრების წინ თეთრი, მშვენიერი ყვავილები იფურჩქნებოდნენ... იმაზე თუ აღარაფერს ვიტყვით, რომ ყოველდღე მარწყვს მიირთმევდა. მერე როგორ მარწყვს, გოგრისხელას, უგემრიელესს.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები