ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მამლუქი
ჟანრი: პროზა
1 მაისი, 2008


ფაკირი


 

          თვალს ვახელ. წითელ ხალიჩაზე მიმოფანტულ რამდენიმე ვერცლისფერ მონეტას ვხედავ. სულ ახლოს... მათი ბრწყინვა მზის დამრეც სხივებში, რაღაცა იდუმალებას ქმნის... მზერა ხან ბუნდოვანი მიხდება, ხან მკაფიოდ ვხედავ.
          ერთი მონეტა განსაკუთრებულად ბრწყინავს, მისი ფორმა უნაკლოდ მრგვალია - ყველაზე საიდუმლო, მაგიური ფიგურა, რაც კი კაცობრიობას შეუქმნია.
          გუშინ უგონოდ დავთვერი. ახლა, რაღაცა მნიშვნელოვანის  გახსენებას ვცდილობ, მაგრამ როდესაც ფიქრს ვიწყებ,  ჩემი ტვინი ან აბსოლუტურად უაზროდ დაეხეტება გაუგონარ სივრცეებში ან ბრიყვულად, ჯიუტად დაჩლუნგებული  - სდუმს...
          ჰოო! ჩემი აზრით, ჭეშმარიტი სიყვარული ისეთივე მრგვალია, როგორც ეს მონეტა, რომელსაც პრაქტიკულად არანაირი ფასი არა აქვს, მაგრამ  როგორც ვთქვი, იდეალურად მრგვალია! არც ბოლო აქვს და არც საწყისი წერტილი... აი, იაპონელი ბრძენები თვლიდნენ,  რომ სიყვარული მაშინ აღწევს იდეალს, მისი საიდუმლო ადამიანს სამარეში რომ მიაქვს...
        აუუუ, რაებს ვბოდავ? რა დროს სიყვარულია? დავფიქრდი... თავი თითქოს  აღარ მტკივა, უნდა ავდგე. ეს მონეტები შარვლიდან გადმომიცვივდებოდა. ნეტა შარვალი სადღა წავიღე? აი, აქ ყოფილა - საწოლის ქვეშ! სიფათი რას მიგაავს?! არადა ნაჟმას უნდა შევხვდე.
        "ნაჟმა" - არაბულად ვარსკვლავია. ჰოდა, ნაჟმას - თვალების მაგივრად, ორი ვარსკვლავი აქვს, ტანი - ფირუზისფერი კობრასი (აქაურ ქალებს აბრეშუმის გრძელი,  კაპიშონიანი მოსაცმელები აცვიათ და კობრას გვანან), ნაჟმა - ჩემი და ორი  რუსი სტუმარი ქალბატონის "გზამკვლევია" - მეგზური.
          ყველაზე მაროკოული შთაბეჭდილებები: "მედინა", "სუკი" და "ჰამმამი"...
          ვინ დაარქვა არაბულ ჩიხებს  ლაბირინთები? აბსოლუტური ლაბირინთი  - "მედინაა",  ძველი  ქალაქი, მატყლის გორგალივით აბურდული, ვიწრო  გზა-ჩიხებით, ყრუ  კედელ-კარებებით, რის უკანაც საიდუმლო და ჯადოქრობა იმალება ...
          ნაჟმას გარეშე ერთ ნაბიჯსაც ვერ გადავადგამდით, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რადგან ჩემს  რუს ქალბატონებს აქაური "ჭვინტიანი" ქოშები ჩაუცვამთ ქანდაკებისმაგვარ,  სქელ ფეხებზე, მაგრად უჭირთ.
          მე სულაც არ მიჭირს... მივეჩვიე! ადამიანი, როდესაც თავის რომელიღაცა ჩვევას იცვლის, ხშირად ვერც კი იაზრებს, რომ ის თავისი ჩვეული ცხოვრების  წესსაც იცვლის, ანუ, მე თითქმის არაბივით ვიქცევი და ვაზროვნებ.
          ნაჟმა, სად მიგვყავართ, ნაჟმა?
          ნაჟმას ჰამმამში მივყავართ, ჰამმამში... ჰამმამი აბანოებია, არაბული, ორთქლის აბანო.
          მე კაცების ნახევარში შევდივარ. ქვის, ჭრელი მოზაიკის მოკირწყლულ იატაკზე, ორთქლისა და წყლის ნაკადებში მჯდომი და გაშხლართული სხეულები, ძალიან უჩვეულო სანახაობას ქმნის. ჩვენი "ჭრელი" აბანოების შემდეგაც კი, იქაურობა ძალიან უცნაურია. არაბები აქ მთელ დღეს ატარებენ, პიტნის ჩაის სვამენ, ქვეყნის საქმეებს არჩევენ... 
          შესვლისთანავე მექისე დინჯად მომიახლოვდა, ძალიან ტაქტიანად მომექცა, თავისუფალი ადგილი მოძებნა და ცხელ იატაკზე, საპნის ქაფში, თითქმის ძალად დამაწვინა. საიდანღაც რაღაც  საძაგლობის  ბრიკეტები და წებოვანი, რუხი მასის ლავაშები დააძრო, ტანზე დამატყეპა. წინააღდეგობის გაწევას შევეცადე, არ გამომივიდა! ჯერ სახსრებიდან  ჩემი ხელებისა და ფეხების გამოგლეჯვა დაიწყო, მერე  კანი გამაძრო, ბოლოს სკალპის გადაძრობა რომ დაიწყო, მთელი ძალით ავყვირდი და გინება დავუწყე. ქართულად, მამაპაპურად ვაგინებდი და ხელებს ვიქნევდი. ასეთ სანახაობას შეჩვეული, ირგვლივ ყველა ხარხარებდა.
          სხვა გამოსავალი რომ არ დამიტოვა, ჩემ მტანჯველს მივენდე... მერე ჩემი საქციელის შემრცხვა, მერე აბსოლუტურად "ახალგაკეთებული" სხეულით გამოვედი აბანოდან. წარმოუდგენელი შეგრძნებაა. აფსუს აზიზა, აბდალამ - ასე ერქვა ამ მტანჯველს, აზიზა გაახუნა!
          ახლა ნაჟმას სუკში მივყავართ. სუკი - ბაზარია, აქაური ბაზარი. ხან-ელ-ჰალილის შემდეგ თუ რამე გამაკვირვებდა ამ ქვეყანაზე არ მეგონა – გამაკვირვა... ბაზრის  ჭრელი, აღმოსავლურ სურნელოვანი  ლაბირინთებიდან დიდ მოედანზე გამოვდივართ.
          დღე ეს უზარმაზარი მოედანი აბსოლუტურად ცარიელი და უკაცრიელია. მხოლოდ მზისგან დახრუკული, დამჭკნარი ქოლგები და წყლის გამყიდველები აცოცხლებენ მას.  წყლის მოხუცი გამყიდველები, მთელი დღე  ფლასტა-ფლუსით  უვლიან მოედანს, დააქვთ  უზარმაზარი ტიკები და შემთხვევით გამოჩენილ მოქალაქეებს სთავაზობენ ან წყალს ან ფოტოს გადაღებას მაინც,  ფულზე.
          საღამოს, როგორც კი თაკარა მზე მიიმალება, მოედანი ხალხით ივსება.
          ეგზოტიკურ ქვეყანაში ყველაფერი მიმზიდველი, საიდუმლო და მაგიურია. მაგია, ფაკირი, დევრიში - ხალხის თავშეყრის განუყოფელია ნაწილია. რაც  უფრო მეტი, პირღია ტურისტი  იკრიბება სადმე, მით უფრო მეტი, ყველა ჯურის თაღლითი იყრის იქ თავს. ზოგი გულუბრიყვილო ფოკუსებს აჩვენებს, ზოგი პირიდან ცეცხლის ალს უშვებს, ირგვლივ ბენზინის სუნს აყენებს და ახლო მდგომებს დამწვრობის მიღების სერიოზულ საფრთხეს უქმნის. უფრო გამოცდილი თაღლითები ცდილობენ, ვითომ  ჰიპნოზის გაკეთებას და ჯიბიდან, სასწაულად  შემორჩენილი, ფულის ამოცლას. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ თაღლითა შორის, გველების მომთვინიერებელია, ველოსიპედის საბურავის მსგავსი, თავისი ბებერი კობრათი. ეს ღიპიანი თაღლითი  ცდილობს ჯერ კობრა მონუსხოს, (რამე მაინც რომ გააკეთებინოს), მერე ტურისტი - ფული დასტყუოს. ყველა ეს თაღლით-აფერისტი თავს "ფაკირს" ან "დევრიშს" უწოდებს.
          ფაკირი - არაბულად, დევრიში - სპარსულად, პირდაპირი მნიშვნელობით  "მათხოვარს, ღატაკს" ნიშნავს. ეს ხალხი, ლუკმაპურის შოვნაში მთელ ქვეყანასაა  მოდებული. ვის არ ნახავთ მათ შორის: მოხეტიალე ექიმბაში, მკითხავი, გრძნეული მკურნალი, გველების მომთვინიერებელი. ამ ხალხის ძირითად მცნებაა  – მისტიური ექსტაზითა და თვითჩაღრმავებით მიუახლოვდნენ უფალს... ჰოდა, ვისაც როგორ შეუძლია უახლოვდებიან. მუცელი რომ შიმშილით გიჭყრიალებს, მიაუახლოვდება უფალს, აბა რა?
          აი, სერიოზული გარეგნობის ღიპიანი ბიძა, ფლოსტებწამოცმულ, ქუსლებდახეთქილ ფეხებს აჯვარედინებს, ქვაფენილზე ჯდება... თვალებს იელმებს, ლოყებს ბერავს და გამეტებით  უშვებს ჰაერს პატარა დუდუკში. ამ საცოდავი  დუდუკის გამოცემული ჰანგით ცდილობს რაღაცა შეაგნებინოს თავის "ველოსიპედის საბურავს". ის არ იძვრის, ჰანგებს არ ემორჩილება... მერე სიტყვიერად ამუნათებს, ხო მიხვდით , ეს "საბურავი" -  გველია და არა მარტო, შემზარავი - კობრა!
          კობრა  – "ნამდვილი ნაია" - ასპიტი, ძველ ეგვიპტეში სიძლიერის, დიდებისა და ძალაუფლების სიმბლოდ ითვლებოდა. ამიტომ ამ "ნაიას" გარეშე, ეგვიპტური კულტურა უბრალოდ წამოუდგენელია. რელიგიაში, ხელოვნებაში - ყველგან ამ ქვეწარმავლის კულტია!
          კობრას გამოსახულება აშვენებს ქანდაკებებს, აკლდამების ფრესკებს, თვით ფარაონიც კი წარმოუდგენელია კობრას გარეშე. ფარაონის  შუბლზე კობრას თავია გამოსახული.
          ეს ცხოველი, გაღიზიანებულ მგომარეობაში, სხეულის წინა ნაწილს წევს მაღლა, კისრის დისკებს  აფართოვეს, სიგრძე მეტრანახევრიდან ორმეტრნახევრამდე აღწევს (ღმერთმა დაგვიფაროს), ძალიან საშიში და შხამიანიაო! კობრაზე ბევრი კი გამიგია, მაგრამ ეგვიპტეში არასდროს მინახავს, იქ არც ფაკირი შემხვედრია!
        ვააა, "საბურავი" გაცოცხლდა, თავიც კი წამოსწია. ეს საწყალი, ბოროტი სულაც არ სჩანს, უბრალოდ ცხოვრებამ დაღალა, თან მშიერია! მაინც უნდა თავი დასძლიოს, იზრუნოს პატრონის შემოსავალზე და გაიზარდოს, ანუ თავისი სხეული ახალ-ახალი სანტიმეტრებით  ასწიოს ჰაერში,  დაადასტუროს რომ "საბურავი" კი არა,  გველია, თანაც  - კობრა!
        კისრის გაბერვა სცადა, ამაზე  უკანასკნელი ძალები დახარჯა და  მოსხლეტილი ქვაფენილზე  მწარედ დაენარცხა. ისევ ძველ საბურავს დაემსგავსა. შეგონებამ რომ აღარ უშველა, გაბრაზებულმა  პატრონმა, ამ ბებერ უსაქმურს, კუდში სტაცა ხელი, შორიახლოს მდგომ,  შორტებსა და მაისურში გამოწყობილ, მოხუცი  ქალბატონისკენ მოისროლა. თავზარდაცემული ქალი და გაოგნებული "საბურავი", უძრავად ეყარნენ გვერდიგვერდ. "მადამ"  გონზე რომ  მოვიყვანეთ, ხელებს მაისურით მიბრყელებულ, დაჩამიჩებულ მკერდზე ისვამდა და "შლანგე, შლანგე" - გაიძახოდა. ფაკირი როდის ან სად გაქრა არავის შეუმჩნევია.
        სახლში ვბრუნდები! რაც არ უნდა მოხდეს, საიდანაც არ უნდა ვბრუნდებოდე აუცილებლად აბდირაჰამი თავის დუქანში ზის, ჩემს დანახვაზე წამოდგება, ჯიგრულად მომიკითხავს და პიტნის ჩაის შემომთავაზებს...
        დღეს განსაკუთრებულად მხვდება. "ალაჰ აკბარ" - მეუბნება, მერე რაღაცას მელაპარაკება, მგონი მილოცავს. მოვიდა, მხარზე მაკოცა, ჯიბიდან  ორი წითელი კვერცხი დააძრო და გაღიმებულმა  გამომიწოდა. გაოგნებული დავყურებ ამ კვერცხებს. აი რის გახსენებას ვცდილობდი დილით  - დღეს ხომ აღდგომაა!

       
          დილით პასკის სურნელმა გამაღვიძა, თავ-გვერდ დაბრაწული პასკის ჯარი ბაბოს მაგიდაზე დაემწკრივებინა.
          -ადე ეხლა, გიორგი,  პური ჭამე, პაპამ შეშა უნდა დახერხოს, მიეხმარე, ხერხი გაუწიე. ამაღამ არშაკა ამოვა და სიონში წაგვიყვანს დროგითა. ლიტანიობაზე უნდა წაგიყვანო, შემოგევლოს ბაბო, გაზიარო, მაგ ეკლესიაში ხარ მონათლული, მააშ.
          -ბიჭსა თავი გაანებე, ქალო, რა უნდა ღამე ეკლესიაში? ან რაღა დროის დროგია, ჰა? აგე, მარტო ბადალაანთ შალიკოს ბიჭსა, ორი მანქანა ჰყავს. ვეტყვი და გადაგიყვანს, იჯაყჯაყე ეხლა დროგითა, უკუღმართი რომ ხარ, შენი ჯური  არ იყოს. - გაბრაზდა პაპა.
          მაინც დროგით წავედით. ბაბო პაპაზე ჯიუტი იყო და, ჩვენში დარჩეს, პაპას თავის ჭკუაზე ატრიალებდა...
          ყვავილებისა და ზაფხულის სუნიან, რბილ თივაში ვიჯექი, ორივე ხელში, კბილებზე კაკუნით არჩეული, კვასკვასა წითელი კვერცხი მეჭირა, ტალახიან ბოტებიან ფეხებს, რიჟიკას დინჯ სვლას  ვაყოლებდი. სახეზე, დროგის ბორბლებიდან ასხლეტილი ტალახის წვეთები მეცემოდა... ჩემზე ბედნიერი ამ ქვეყანაზე არავინ იყო.
          -გიორგი, მოვედით, - არშაკას ქურთუკი გადამხადა, თივა ჩამომბერტყა, - პაპა გველოდება, შუქი  უნთია!
          პაპას როგორც მოეხერხებინა სუფრა გაეშალა. მაგიდის შუაგულში, დიდი ლურჯი ტაშტით, ღორის ბარკლის ვეებერთელა ნაჭერი დაედო. მას ჯერ ოხშივარი ასდიოდა. მკვრივკანიან ჩახვეწილ ხორცს, ლაპლაპა, მრგვალთავიანი ძვალი გამოეჩინა. ძვალს ხორცი თითქმის აღარ ეკროდა, იდო ასე უხერხულად, თითქოს ფიქრობდა "აქ რაღას ვაკეთებო?"... კიდევ სამკუთხედებად დაჭრილი, ყვითელგულა  პასკა. მთელი კალათა ბაბოს შეღებილი კვერცხი, ტარხუნა, კიტრი, ყველის მსხვილი ნაჭრები და პური. არყიანი გრაფინიც დაედგა, თავისი მრგვალი ლარნაკითა და მაღალფეხებიანი ჭიქებით, წითელი ღვინო - მუქ, მწვანე ბოთლში.
          -სადა ხართ აქამდე, ჰაა? მოვკვდი შიმშილითა. მარტოკა ხო არ დავჯდებოდი.შენა კიდე, ფოფოდია იყავი, მღვდელსა დაძინებამდე თავზე რომ ედექი? დროზე ვერ წამოხვედი? ბიჭი არ შეგეცოდა? უშენოთა რა, წირვასა ვერ დაამთავრებდნენ ?
          -როდემდე უნდა იყო ეგეთი ურჯულო? მა,  პასკა არ მეკურთხებინა? ან ბიჭი არ მეზიარებინა? რისთვის გავყინე ბავშვი მთელი ღამე, ჰა? შე, უღმერთო შენა! - სინანულით იქნევდა თავს ბაბო, - განა მოგვილოცა, ქაა? განა გვითხრა "ქრისტე აღსდგაო!?" - პაპას ახლაღა გაახსენდა, რომ უნდა მოელოცა, დაიმორცხვა -  რას მიბრაზდები? ვნერვიულობდი, ბიჭი არ გააციოს - თქო და ისა, ხო გაგიგია, "მარტო კაცი- ჭამაშიაც ცოდოაო"? სადღეგრძელო რომ მეთქვა, ვიღაცას ხომ უნდა გაეგონა? არა გიორგი? ეხლა ღვინო უნდა დაგალევინო შენა. ვაა, უკვე დაგალევინეს? რო გაზიარეს მაშინა? აი, ხომ ვთქვი უკვე დიდი კაცი ხარ მეთქი. მააშ!
          -არა, არა! არაფრის წესი შენ არ იცი. კაცოო, თეფში არ იყო სახლში?  გამიგია სუფრაზე ტაშტი? ეგ ღვინო სადღა იპოვე? გამიგულებ თუ არა, ეგრევე იქექები პატარა ბალღივითა. სადა ნახე? შენახული რომ მაქვს, ესეიგი მჭირდება! ყველაფერი შენ მუცელში  უნდა ჩაისხა? იმხელა ბაჩონკა, ქაა, შენა და შალიკომ გამოყლაპეთ მარტოკელებმა. "ალალი საფერავია. შენ დალიე,  წნევა რო არ გივარგაო და ბალღს დაალევინეთ, ეგეთი უფერო და გაცრეცილი რომა  გყაავთო! ეგრევე ფერზე მაიყვანს - საფერავი რა, ტყუილადა ჰქვიაო?...  გაგონილა,  კუკურა ქოროღლიშვილის დაყენებული ღვინო, ეგრე ერთიანადა გამოყლაპოს კაცმა?!. რავი, თქვე უპატრონოებო,  ფერი გაკლდათ თუ წნევას უჩიოდით? – ბუზღუნებდა ბაბო და მაგიდას თავიდან აწყობდა.
          კვერცხი ლამაზ თიხის თეფშზე დააწყო წრიულად . ნაკურთხი პასკა შუაგულში ჩაუდგა, პასკის თავზე სანთელი დაანთო. ჩუქურთმებიან,  კაკლის ბუფეტიდან ოქრის ვარაყიანი თეფშები, თავის მზითვის,  ვერცხლის დანა-ჩანგალი და გახამებული მოქარგული  ხელსახოცები გამოიღო. - აღდგომაა! ამან კიდე - ტაშტიო, ქაა! შეგირცხვა თავი! არა გვქონდეს მაინც!
          მობუზღუნე ბაბოს, პაპამ უცებ წელზე მოხვია ხელი, მძლავრად მოიზიდა და მუხლზე დაისვა.
          -აბა ვისა ჰყავს ჩვენაირი ბაბო, ჰა გიორგი?
          -უი, სულ გამოგძვრა ჭკუა, რას ჩადიხარ? - წამოდგომას ცდილობს  ბაბო.
          -აკი, მარხვა მორჩაო? მორჩააა,  მორჩა მარხვა! – იცინის პაპა. – ეს ღვინო  კიდე, ზუსტადაც რომ  მე გადმოვასხი და აღდგომისთვის შევინახე. თუ შენც გადმოგისხია, იმ ბაჩონკაში რაღა დარჩენილა, რომ გვაყვედრი? ჰოდა, მოდი ჩამოვასხათ დავილოცოთ!
          -ისე მართალი გითხრა, ეგ ბოთლი არ მეცნო - ეს უფრო დიდია.- შეურგიდა ბაბო...

          -სონა ძალო, კარი გააღე! ჰაი! თქვე ძილის გუდებო, ვისა სძინავს ახლა? ქრისტე აღსდგა! აღსდგა, მეთქი ქრისტე! აღდგომაა  - აღდგომა! გამიგია ძილი?  ქეიფის დროა! - ახალ ჩაძინებულს გვარეტიანებს გრიშა ძია.
          -აი, "ჩითახოს" მეტი ვინ იქნება მთვრალი ამ სისხამ დილითა? შენა ბიჭო, სულ ეგეთი გადარეული და გიჟი უნდა იყო, რა გეშველება? გამიშვი არ დამაგდო - აყვირდა ბაბო, გრიშა ძიამ ხელში რომ აიყვანა და დაატრიალა. გიჟო შენა ,გიჟო!
          -ადე სანდრო ძია, სიძემ ღვინო ჩამომიტანა ყვარლიდანა. ბატკანი დავკალი, ჩაქაფული დგას ცეცხლზედა. დროზე ჩაიცვით, წავედით. მანქანა არ ჩამიქრია. ვააა, ეს ქალაქელიც აქა გყავთ? გიორგის ვენაცვალეე ამ რამე-რუმეებში! მოდი ჩაგეხუტო. იცი, პატარა ბატკნები მყავს. გაჩუქებდი, მაგრამ ქალაქში სად შეინახავ? წამოდი, წამოდი ბოჩოლებიცა მყავს...
          წითელ "ზაპოროჟეცში" ჩავსხედით... 
          მორჩა, მორჩა, მორჩა! თორემ ვეღარ გავჩერდები.
          ქრისტე აღსდგა! - ჭეშმარიტად!

 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები