 | ავტორი: ნუნუ ნონა ჟანრი: საბავშვო 9 სექტემბერი, 2015 |
რითია ცუდი მარწყვის ხეზე ცხოვრება
მართლაც საამო ცხოვრება ჰქონდა წინწკალას, რაც მარწყვის ხეზე დაიდო ბინა. შემოიჭრებოდნენ თუ არა მზის სხივები მისი სახლის ფანჯრებში, მაშინვე წამოხტებოდა, პირს დაიბანდა მარწყვის ყვავილებში ჩაგუბებული ნამით. იცოცხლე, თავისუფლად ჰყოფნიდა დილის ნამი... მარწყვის ხე თეფშისხელა ყვავილებით ყვავილობდა. მერე ერთი ორჯერ ყირაზე გადავიდოდა მარწყვის ტოტებზე, რამდენიმე თავბრუდამხვევ ილეთს შეასრულებდა და ასე გამოცოცხლებული, ჯანსაღი და ბედნიერი მიირთმევდა საუზმედ მარწყვს. კმაყოფილი იყო წინწკალა. გულში ფიქრობდა, ადამიანები სწორად იქცევიან, მცენარეებს რომ ახარებენ თავიანთ სახლებში, მაგრამ არც ხეზე ცხოვრებაა ნაკლებიო. მარწყვის ხის ტოტებში მუდამ ჩიტებს გაჰქონდათ ფრთხიალი. წინწკალას მათი სტუმრობაც ძალიან ახარებდა... ისინი რომ არა, ამდენ მარწყვს რა მოერეოდა ... მიწისქვეშა წყაროს წყლით ბარაქიანად მორწყული მარწყვის ხე მთელი წლის განმავლობაში ნაყოფით იყო დახუნძლული. ერთხელ, როცა თვალი გაახილა, ფანჯარაში შემოჭრილი მზის სხივები ვეღარ დაინახა. ირგვლივ ისე ბნელოდა, თვალში თითს ვერ მიიტანდი. - ჯერ ალბათ ძალიან ადრეა, შემთხვევით რაღაცამ გამომაღვიძა, - გაიფიქრა წინწკალამ. გაურკვეველი ხმაური თითქოს მართლა ჩაესმა ძილში. მხარი იცვალა და ისევ დაიძინა. როცა გაეღვიძა, ისევ სიბნელე დახვდა. ისევ დაძინება სცადა. ამჯერად ძილი აღარც ეთქმოდა. ბურანში მყოფი შიგადაშიგ თვალს აჭყეტდა ხოლმე, ხომ არ გათენდაო. არა და არ თენდებოდა, ოთახში ისევ კუნაპეტი სიბნელე იდგა. მიხვდა წინწკალა, რაღაც სხვა ამბავია. ნეტავი რატომ აღარ თენდება, მზეს ხომ არაფერი დაემართაო?.. ამ მშფოთვარე ფიქრით შეპყრობილი ბნელში ხელების ცეცებით მიადგა კარებს. სცადა გაეღო, ფრთხილად მოსწია და უცბად იგრძნო, რაღაც წებოვანი და ბლანტი შემოცოცდა კარების ღრიჭოდან. ჯერ შეშინდა წინწკალა, მაგრამ მალე დამშვიდდა. იმ ბლანტ ცომს მარწყვის სუნი ასდიოდა. სუნი რომ იგრძნო, გემოც გაუსინჯა წინწკალამ. მართლაც მარწყვი აღმოჩნდა. მიხვდა წინწკალა, რაშიც იყო საქმე. სწორედ წინა დღეს დაინახა, მისი სახლის ზემოდან ხის ტოტზე ძალზე მწიფე გოგრისხელა მარწყვი ეკიდა. როგორც ჩანს, ჩამოვარდა და სახლს დაეცა თავზე. ისედაც ძალზე მწიფე, დაცემისგან სულიერთიანად დაიჭყლიტა და ზვავივით დაფარა წინწკალას კოხტა სახლი. - რა გაეწყობა, - თქვა წინწკალამ. - მაინც მშიერი ვარ და ვეცდები როგორმე შევჭამო. მოიმარჯვა კოვზი და შეუდგა ჭამას. მართლა მშიერი იყო და კარგა ბლომად შეჭამა. მერე ისევ დაწვა და დაიძინა. აბა არ უნდა ექნა, წასვლით ვერსად წავიდოდა. როცა გაიღვიძა, ისევ შეჭამა მარწყვი, მაგრამ იმდენი კი ვეღარ. შემდეგ ჯერზე კიდევ უფრო გაუჭირდა მარწყვის ჭამა. - რაიმე სხვა გზას უნდა მივმართო, ასე არაფერი გამოვაო, - თქვა წინწკალამ. აძვრა ბუხარში, კოვზი ბურღივით დაატრიალა მარწყვის რბილ მასაში და ნახვრეტი გააკეთა. როგორც კი სინათლეს მოჰკრა თვალი, იმწამსვე ყვირილი მორთო: - ჰეი, სადა ხართ, ჩიტებო!, მოდით, მარწყვის ჭამაში მომეხმარეთო. როგორც უკვე ვთქვით, ჩიტები მარწყვის ხის ხშირი სტუმრები იყვნენ. გაიგონეს ყვირილი და ახლოს მოფრინდნენ, აბა, ვინ ყვირისო. ვერც წინწკალა და ვერც მისი სახლი ვერსად ნახეს, სამაგიეროდ ძალზე მწიფე მარწყვი დახვდათ. ყველა ერთად დაესია და კენკვა დაუწყეს. წინწკალასაც შემოესმა მათი ხმაური. მიხვდა, ჩიტები მარწყვს კენკავენო. გუნება გამოუკეთდა და ისევ შეძლო რამდენიმე კოვზი მარწყვის შეჭმა. ამასობაში კაჭკაჭიც მოფრინდა. როცა გაიგო, რაშიც იყო საქმე, მეგობრისთვის კაცი რას არ იზამსო, თქვა, და დიდი მონდომებით წაახმარა ნისკარტი მარწყვის ჭამაში. ისე გამოიდო თავი, ისეთი სიმარჯვე გამოიჩინა, სულ მალე ყველა უკან ჩამოიტოვა... თვალნათლივ დაანახა მთელ ტყეს, თუ როგორ უყვარდა წინწკალა. ასე შეერთებული ძალით დაამარცხეს მარწყვის ზვავი, როგორც კაჭკაჭმა თქვა ბოლოს. უშველეს საბრალო წინწკალას. მართლაც დროზე მიუსწრეს. ამდენი მარწყვის ჭამით ისე გაბერილიყო, სულს ძლივსღა ითქვამდა. თანაც ერთიანად მარწყვის წვენში იყო ამოვლებული. ისე შეეღება იმ წვენს, კაჭკაჭს ისიც მარწყვი ეგონა და ერთი ორჯერ ნისკარტიც უთავაზა. კიდევ კარგი, იღბლად წამოწვიმა. ო, რა სიამით შეუშვირა წინწკალამ თავი წვიმას. სახლიც გარეცხეს წვიმის წვეთებმა. ყველაფერი ისე გასუფთავდა, სულ კრიალი გაჰქონდა. ასე გაეცნო წინწკალა იმ ძველ ჭეშმარიტებას, რომ ყოველ სიკეთეს თავისი მეორე მხარე გააჩნია. მშვენიერია მარწყვის ხეზე ცხოვრება, მაგრამ არც ესაა უნაკლო. ამის შემდეგ ყოველთვის ფრთხილობდა. თვალი ფხიზლად ეჭირა, ჩემი სახლის ზემოთ მარწყვი ხომ არ მწიფდებაო და, როგორც კი წითლად შეთქვირებულ მარწყვს დაინახავდა, მაშინვე ჩიტებს უხმობდა, ჯერ ეს შეჭამეთო.
სარკე
ასეთ სასაცილო მდგომარეობაში არასდროს ჩავარდნილა წინწკალა: სარკის შესახებ მხოლოდ ის იცოდა, რომ იგი ისე აირეკლავს გამოსახულებას, როგორც მწვანე ტყის კამკამა მდინარე, მყუდრო, მდოვრე ადგილას დაგუბებული. წინწკალა დაფიქრდა: ცხადია, მდინარე მის ბინაში ვერ იდენდა, ეს შეუძლებელი იყო. ვერც ის კამკამა გუბურა მოთავსდებოდა მის სახლში, კიდეც რომ მოსახერხებელი ყოფილიყო მისი იქამდე გადატანა. ალბათ, წარღვნას გამოიწვევდა და სულ წაიღებდა წინწკალას კოხტა სახლს. მაგრამ იმ კამკამა გუბურის რაღაც ნაწილის გადმოტანა რომ მოხერხდებოდეს, ეს კი კარგი იქნებოდა! მაგრამ რითი გადმოიტანოს გუბურის რაღაც ნაწილი? ვთქვათ, ადილის დედამ ათხოვოს კიდეც თავისი დოქი. იმ დოქში ხომ ვერ ჩაიხედავს, როგორც გუბურაში იხედება ხანდახან, მოცლილობის ჟამს. დაფიქრებული წინწკალა გამწარებით ისრესდა შუბლს. როგორ გადმოიტანოს გუბურა ისე, რომ მოთავსდეს მის ბინაში და თან მასში სარკესავით ჩახედვა შეიძლებოდეს? უცბად ბრწყინვალე აზრმა გაუელვა თავში. რა იქნება, რომ გამოთალოს განიერი როფი? იმ როფით გუბურის რაღაც ნაწილსაც მოიტანს და შიგ ჩაიხედავს კიდეც. რაც უფრო ჩაუფიქრდა, მით უფრო მოეწონა ეს აზრი წინწკალას. ფიქრს თავი ანება და საქმეს შეუდგა. ტყეში გამხმარი ხის კუნძი მონახა და მიწიდან ფრთხილად ამოჩიჩქნა. ამით ერთი კეთილი საქმე კიდევ გააკეთა: მადლობით აავსეს იმ პაწაწინა ნერგებმა,რომლებსაც იმ კუნძის ქვემოდან ამოეყოთ თავები და მისი გადამკიდე წელში ვერ გამართულიყვნენ. შემდეგ ხელმარჯვე წინწკალამ სულ ადვილად გამოთალა იმ კუნძისგან როფი და გუბურისკენ გაქანდა. პირთამდე გაავსო კამკამა წყლით და ციმციმ გააქანა სახლისაკენ. დადგა იატაკზე, ჩაიხედა შინ და ძალიან კმაყოფილი დარჩა. წყალში მშვენივრად ჩანდა წინწკალა თავისი წინწკლებიანი ქუდით. ისე მკაფიოდ, რომ ყველა წინწკალს დაითვლიდი სათითაოდ. ბედნიერი იყო წინწკალა. ხშირ-ხშირად იხედებოდა წყლით სავსე როფში და უხაროდა, ახლა აღარც სარკე აკლია ჩემს ბინასო. მაგრამ რაღაც ეშმაკად კაჭკაჭი ესტუმრა და ცივი წყალი გადაასხა მის დიდ სიხარულს. - ადამიანებს სარკე ყოველთვის კედელზე უკიდიათ, - თქვა კაჭკაჭმა და წყლით სავსე როფს ათვალწუნებით დახედა. ეს კი მართლაც შეუძლებელ საქმედ მოეჩვენა წინწკალას. აბა, კედელზე როგორ დაკიდებდა წყლით სავსე როფს. ხომ უკანასკნელ წვეთამდე დაიღვრებოდა წყალი?! ერთი პირობა ასე გადაწყვიტა: მოდი, იატაკს და კედლებს სახელებს შევუცვლი. მაშინ წყლით სავსე როფი თავისთავად აღმოჩნდება კედელზეო, მაგრამ კაჭკაჭმა უარესად აიგდო სასაცილოდ. - სულერთია, სარკეში ჩასახედად მაინც დაბლა უნდა დაიხედო, თუნდაც კედელი დაარქვა იატაკს. ადამიანები კი სარკეში ჩასახედად მხოლოდ წინ იყურებიან, ანდა გვერდზე, აი ასე... და კაჭკაჭმა აჩვენა, როგორ იხედებიან ადამიანები სარკეში. გაბღენძილი შეტრიალდა და კისერი მოღრიცა, თითქოს თავის თავს გვერდიდან უყურებდა. ისევ დაფიქრდა წინწკალა. ბევრი იფიქრა, მაგრამ სრულიად უშუდეგოდ, გამოსავალი ვერ ნახა... მოულოდნელად, სანამ ფიქრში იყო, წყლის ჭყაპუნი შემოესმა. მიიხედა წყლით სავსე როფისაკენ და, რას ხედავს, შიგ თევზი ტრიალებს. თანაც უბრალო კი არა, ოქროს თევზი. თურმე წინწკალას თავისი როფით ოქროს თევზიც წამოეყვანა, ისე რომ თვითონ არაფერი შეუმჩნევია. ოქროს თევზი წყნარად იწვა როფის ფსკერზე, სანამ ჟანგბადი ჰყოფნიდა სუნთქვისთვის. მაგრამ როცა წყალში სუნთქვა გაუძნელდა, წრიალს მოჰყვა. წინწკალა მაშინვე მიხვდა, რა დღეშიც იყო ოქროს თევზი. დაავლო ხელი წყლით სავსე როფს და სასწრაფოდ მდინარისკენ გააქანა. ძალზე ჩქარობდა, რათა დროზე მიესწრო მდინარემდე და ოქროს თევზი არ გაგუდულიყო. კიდევ კარგი, ასე რომ იჩქარა. ცოტა რომ დაეგვიანა, ალბათ ვერაფერი უშველიდა ოქროს თევზს. მაშინვე მუცლით ამოტრიალდა, როცა წყლით სავსე როფი მდინარეში გადაუშვა წინწკალამ. მაგრამ გავიდა რამდენიმე წამი და ოქროს თევზი ოდნავ შეირხა. წინწკალა გულისკანკალით შეჰყურებდა. მალე ოქროს თევზმა კუდიც მოიქნია და თვალის დახამხამებაში მოცოცხლდა. გახარებულმა წინწკალამ ტაში შემოჰკრა. აი, უკვე ძველებურად შეჰკრა კამარა ოქროს თევზმა, ჩაიყურყუმელავა წყალში და გაუჩინარდა, მაგრამ სულ მალე ისევ ამოყვინთა, ოქროს ქერცლი მოიძრო და წინწკალას გაუწოდა. - თუ ჩემი ნახვა დაგჭირდეს, ეს ქერცლი დაწვი და შენთან გავჩნდები, - უთხრა ოქროს თევზმა. - გასწი, გასცურე, ოქროს თევზო, - უთხრა წინწკალამ. - თუ მომენატრე, ისედაც მოგძებნი. საჩუქრისთვის კი დიდი მადლობა. მერე მიიხედ-მოიხედა, თავის ხის როფს ეძებდა, მაგრამ სადღა იყო. თურმე მდინარეს გაეტაცნა, სანამ თვითონ ოქროს თევზს ესაუბრებოდა. აღარც უძებნია იგი წინწკალას. თვალში ეცა, სარკესავით რომ გაჰქონდა ლაპლაპი ოქროს თევზის ქერცლს და იფიქრა, იქნებ სარკის ნაცვლად გამომადგესო. წამოიღო და კედელზე გააკრა თავის კოხტა სახლში. გულისკანკალით ელოდა,რას იტყოდა კაჭკაჭი. როგორ გაიხარა, როცა მისი გრძელკუდა მეგობარი პირდაპირ აღფრთოვანებული დარჩა ამ სარკით. - ეს ხომ ნამდვილი ანტიკვარია, - თქვა კაჭკაჭმა და, ვინ იცის, მერამდენედ ჩაიხედა ოქროს ქერცლში. მართლაც ნამდვილ სარკესავით ირეკლებოდა მასში ყველაფერი. - ასეთი სარკე თვით ადამიანებშიც როდი ექნება ბევრს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კარგია, თუმცა ნამდვილი ანტიკვარის - მაგივრად სხვა სიტყვა ან აზრი ხომ არ მოუხდებოდა? კარგია, თუმცა ნამდვილი ანტიკვარის - მაგივრად სხვა სიტყვა ან აზრი ხომ არ მოუხდებოდა?
1. ხო, რა ვიცი, რა ვიცი ხო, რა ვიცი, რა ვიცი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|