ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
20 სექტემბერი, 2015


*** /არსებობს ასეთი ტენდენცია.../

არსებობს ასეთი ტენდენცია,
არსებობს ასეთი აპრიორი,
შეგეძლო შენ სხვა გზა შეგერჩია
და მაინც ჩემი გზით დადიოდი.

ქუჩებში გრიგალი ამოვარდა.
ქუჩებმა მიიკრეს ხეები და
შენ გახსოვს მთის პირას ალბორადა
და წასვლა გაყინული ხელებიდან.

არსებობს ასეთი თეორემა,
რომ მალე გაწვიმდება გარდაუვლად.
სახლიდან წვიმაში გავარდება
ჩვენ ორში პირველი დადაისტი.

მოკალი შენ ბოლო ეგოიზმის
შენს თავში მარცვალი და მიმატოვე.
გახდი შენი თავის ეგზორცისტი,
ახლა გრძნობ ზეცასთან სიახლოვეს.

არსებობს ასეთი ალგორითმი,
კითხვა უპასუხო: ვინა ხარ შენ? და
აღარ ვარ ვინც შენგან წამოვედი,
ანუ ვინც შენს თავში შეგახედა.

და ახლა შეხვედრა სულერთია,
ნაბიჯებს ეტყობა, რომ მშორდები.
ფარავენ შენს ქალურ მემორიალს
სხვები - დროებითი ბილბორდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები