 | ავტორი: ნუნუ ნონა ჟანრი: საბავშვო 1 ნოემბერი, 2015 |
უ დ ა ბ ნ ო
ერთ მშვენიერ დღეს ბამბაქულა თავის მეგობარ ნიავთან ერთად ნება-ნება მილივლივებდა ჰაერში. ნიავი მეტად დამშვიდებულ გუნებაზე ბრძანდებოდა. ბამბაქულაც თავს სრულიად არხეინად გრძნობდა, ეს მშვიდი ლივლივი ძალიან უხარებდა გულს. უეცრად, სად იყო და სად არა, სრულიად უცხო მხარის ქარმა ჩამოიქროლა. ქარი კი არა, უფრო სწორად, ქარიშხალი იყო. ისე მძლავრად ჩაავლო მკლავები ბამბაქულას, რომ საწყალმა ერთი დაყვირება ძლივს მოასწრო. ნიავმა კი გაიგონა ბამბაქულას ყვირილი, მაგრან რა შეეძლო, ქარიშხალი მასზე ბევრად ძლიერი იყო. ბამბაქულა თვალის დახამხამებაში გამოგლიჯა მკლავებიდან, ელვის უსწრაფესად გააქანა და სულ მალე გადაკარგა იქედან. ბევრი იწუწუნა და იკვნესა ბამბაქულამ, მაგრამ იმ უცხო ქარს მისი არაფერი ესმოდა, დაუზოგავად ატრიალა და აბურთავა ჰაერში, მთელი სხული ნაფლეთებად უქცია. დიდხანს იქროლეს ასე. ბამბაქულას უკვე ეგონა, ეს გიჟური სრბოლა არასოდეს დამთავრდებაო, რომ მოულოდნელად ქარმა მკლავები შეუშვა და თავი მიანება. ბამბაქულამ შემოიკრიფა დაგლეჯილ-დაფლეთილი კიდურები, სული მოითქვა და თვალშ გამოიხედა. სრულიად უცხო მხარეს აღმოჩნდა გადაკარგული. მის ქვევით თვალუწვდენელი ყვითელი ზღვა გადაშლილიყო. ზღვა ეგონა ბამბაქულას და ასედაც თქვა ხმამაღლა: - ყვითელი ზღვა . . . რა საოცარია! ადრე არასოდეს მინახავს. - ზღვა კი არა, უდაბნოა, - გამოეპასუხა კალია. - უდაბნო . . . ამისთანა არაფერი მსმენია, რა საინტერესოა. ერთხანს ცნობისმოყვარეობით უყურა უდაბნოს, მაგრამ მალე მობეზრდა, ძალიან ერთფეროვანი სანახაობა იყო: მხოლოდ ყვითელი ქვიშა ყველა მიმართულებით და არცერთი სულიერი კალიების გარდა. თან მზემაც ძალიან დააცხუნა. ბამბაქულა მეტისმეტად შეაწუხა ცეცხლივით მწველმა სხივებმა და ხმამაღლა ინატრა: - ეჰ, სადაა ჩემი მეგობარი ნიავი, ნეტავი ეხლა აქ გაჩნდებოდეს და აქედან წამიყვანდესო. მაგრამ ნიავი არსად ჩანდა, ის ქარიშხალიც სადღაც გადაკარგულიყო, და ბამბაქულა უძრავად ეკიდა ღუმელივით გავარვარებული უდაბნოს ცაზე. ძალიან გაუჭირდა ბამბაქულას. ასეთ ცუდ დღეში არასოდეს ჩავარდნილა. სულ მთლად გამოშრა, დაილია და დაპატარავდა მზის მწველი სხივებისგან. ერთი წვეთი ნამიც არსად იყო, რომ წყურვილი მოეკლა და ისევ გავსებულიყო. თუმცა იმედი მაინც არ დაუკრგავს, მოთმინებით ელოდა, ან ჩემი მეგობარი ნიავი მომაგნებს, ან რაიმე სხვა საშუალება გამომიჩნდება და ისევ ვიხილავ ლურჯად მოლივლივე ზღვასა და მწვანედ მოღაღანე ნაპირებსო. უცბად მერცხალი დაინახა, ცხელ ქვიშაზე ეგდო და სულს ღაფავდა. ბამბაქულა მაშინვე მიუახლოვდა. - რა დაგემართა მერცხალო? - ჰკითხა გულმტკივნეულად. - გუნდს ჩამოვრჩი, მხარი დაშავებული მქონდა, - ძლივს წაიჩურჩულა მერცხალმა. - წყალი . . . ერთი წვეთი წყალი . . . - ეჰ, სადაა წყალი, ამოიოხრა ბამბაქულამ. - მეც არ მაწყენდა ახლა წყალი. ლურჯად მოლივლივე ზღვა ისე მენატრება, ლამის დარდით მოვკვდე. მერცხალმა ამ სიტყვებზე დანისლული თვალები გაჭირვებით გაახილა, ბამბაქულა რომდაინახა, ფრთები სიხარულით შეაფართხალა. - თეთრი ღრუბელი. . . ბამბაქულა. . . წვიმა მოვა ალბათ . . . - ჩემგან რა წვიმა უნდა მოვიდეს, - თქვა ბამბაქულამ, - ერთი წვეთი თუ გამოვალ , მეტი არა. მართლაც ბამბაქულა იმ დროისთვის ისე იყო დაპატარავებული, ბაფთისტოლა თუ იქნებოდა. რაკი ეს უკანასკნელი იმედიც გაუცრუვდა, მერცხალმა თვალი ისევ დახუჭა და თავიც გვერდზე გადააგდო. - მგონია კვდება, - თქვა შეწუხებულმა ბამბაქულამ. - ეი, მერცხალო, თვალი გაახილე. მერცხალმა თვალი ვეღარ გაახილა. წყალიო, - ესღა ამოიკვნესა. ბამბაქულას ძალიან შეეცოდა: - ცალკე სიცხისგან ვიწვები, ცალკე შენი ცოდვით. - ეეჰ, მოხდეს, რაც მოსახდენია, გული არ მითმენს, რომ არ გიშველო. ამ სიტყვებით ბამბაქულა სულ ერთიანად შეიკუმშა, შემჭიდროვდა, მოზრდილ წვეთად იქცა და ნისკარტზე დაეკიდა მერცხალს. მერცხალმა წვეთი გადაყლაპა, თვალსი გამოიხედა და იკითხა: - სადა ხარ, ბამბაქულავ? ბამბაქულა არსად ჩანდა. მერცხალი მიხვდა, საიდან გაჩნდა წყლის წვეთი. - რა კეთილი ხარ, შენს სიკეთეს არასოდეს დავივიწყებ, - თქვა მერცხალმა და ღონეზე მოსულმა მარდად წამოიწია ქვიშიდან, ფრთები გაშალა და გაფრინდა, პირდაპირ ლურჯი ზღვისკენ აიღო გეზი. სხვა ფათერაკი აღარ შეხვედრია მერცხალს გზაში. კარგა ხნის ფრენის მერე მშვიდობიანად მიაღწია ლურჯ ზღვამდე. თურმე იქ სახლობდა, ზღვისპირა ქალაქში ჰქონდა ბუდე. გულით გაიხარა მერცხალმა, როგორც კი ლურჯად მოლივლივე ზღვა დაინახა, მაგრამ მაშინვე ბამბაქულა გაახსენდა და იმწამსვე ისევ დაღონდა. - საწყალი ბამბაქულა, - თქვა ხმამაღლა, - როგორ ნატრობდა ლურჯად მოლივლივე ზღვას. როგორ გაიხარებდა, ახლა ისიც აქ რომ ყოფილიყო. და მერცხალს ცრემლები გადმოსცვივდა თვალებიდან. მერცხლის ცრემლებმა წვიმის წვეთებივით შეჰკრეს ჰაერში კამარა და ზღვისკენ დაეშვნენ, მაგრამ მაშინვე ჰაერში მოასწრეს აორთქლება და ბაფთისოდენა ნისლად იქცნენ. დაეშვა ნისლი ზღვის მოლივლივე ზედაპირზე, შეიწოვა მაცოცხლებელი ტენი, გაივსო, გაიზარდა და ისევ ბამბაქულად იქცა. წინანდელზე უფრო ფაფუკი და ბუთხუზა, ყოჩაღად აცურდა ჰაერში თავის მეგობარ ნიავთან ერთად. - გმადლობ, რომ არ დამივიწყე მერცხალო, - შესძახა ჰაერში მონავარდე მერცხალს. - რა სათქმელია, - გამოეპასუხა მერცხალი. - ეს მე უნდა ვიყო მადლობელი, უშენოდ ხომ ვერ მოვაღწევდი აქამდე. თითქოს არაფერი მომხდარიყოს, ისე არხეინად და მსუბუქად მილივლივებდა ბამბაქულა ჰაერში ასეთი სახიფათო თავგადასავლის შემდეგ. თოვლის გუნდასავით ჩამკვრივებული და ქათქათა კვლვაც მზად იყო ახალ-ახალი ფათერაკებისთვის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. პასუხი ნ-ი-კ-ის: დიდი მადლობა. კალიები არინ უდაბნოში, დაზუსტებით შემიძლია გითხრათ. მერცხლები მთლად შუაგულს თუ არა, უდაბნოს პერიფერიას მაინც გაუვლიან:)) სადაც გადამფრენი ფრინველები გადაიფრენენ, იქ ყოველთვის პოულობენ ჩამოვარდნილ ერთ ან ორ ფრინველს, რომლებიც გზის გაგრძელებას ვეღარ ახერხებენ პასუხი ნ-ი-კ-ის: დიდი მადლობა. კალიები არინ უდაბნოში, დაზუსტებით შემიძლია გითხრათ. მერცხლები მთლად შუაგულს თუ არა, უდაბნოს პერიფერიას მაინც გაუვლიან:)) სადაც გადამფრენი ფრინველები გადაიფრენენ, იქ ყოველთვის პოულობენ ჩამოვარდნილ ერთ ან ორ ფრინველს, რომლებიც გზის გაგრძელებას ვეღარ ახერხებენ
2. მშვენიერი საბავშვოა მომეწონა
ერთი ორი მომენტი დასაზუსტებელია კალიები თუ სახლობენ უდაბნოში და მერცხლების გადაფრენის მარშრუტი თუ გადის უდაბნოზე
კი ზღაპარია, მაგრამ მაინც საჭიროა სიზუსტე მე მგონი
5 ქულა მშვენიერი საბავშვოა მომეწონა
ერთი ორი მომენტი დასაზუსტებელია კალიები თუ სახლობენ უდაბნოში და მერცხლების გადაფრენის მარშრუტი თუ გადის უდაბნოზე
კი ზღაპარია, მაგრამ მაინც საჭიროა სიზუსტე მე მგონი
5 ქულა
1. ეს ძალიან მომეწონა. მშვენიერია. ეს ძალიან მომეწონა. მშვენიერია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|