მიჰქრის მანქანა, კილომეტრებს ისრუტავს ვით მტვერს, ღამეა, ძილი ბურანში მხვევს და მისკენ მითრევს, ჯინაზე ერთი მოსახვევიც არ უჩანს ტრასას, თითქოსდა ხელი შეუკვრია ეშმაკთან მასაც.
ჩათვლემილს უცებ მუხრუჭების ხმა შემომესმა, შიშმა შემიპყრო, მომცინარი დავლანდე ეშმა. მესმის ყვირილი - სასწრაფოში დარეკეთ, ჩქარა! უნახეთ ვინმემ პულსი თუ აქვს? ხომ არ მომკვდარა?..
ასფალტზე იწვა გაუნძრევლად, როცა მივედი, გადარჩებათქო, გული სავსე მქონდა იმედით. ამ დროს, ღრუბლიდან ფარნით ხელში გამოძვრა მთვარე და იმის შუქზე სხეულს თვალი გადავატარე.
იწვა ლამაზი, გასაოცრად ლამაზი ქალი, მის ნახატ სახეს ვერ მოვწყვიტე ვერაფრით თვალი, წარბი შეჰკროდა, საფეთქელთან სისხლი სდიოდა, თითქოს ნანობდა ტრასაზე რომ გადადიოდა.
აზრი შემიჩნდა, რომ ოდესღაც, სადღაც მენახა, მივუახლოვდი, დავაშტერდი ცხედარს ხელახლა. თვალწინ დამიდგა წამიერად მთელი წარსული, ვინ იყო ნეტავ მშვენიერი, უცხო ქალწული?
ვიცანი ბოლოს, ჩემ სიზმართა ხშირი სტუმარი, ნაკადულივით ანკარა და ტბასავით წყნარი. თბილ ზმანებებში ჩემი სულის რბილი მალამო, ტანი - ნატიფი, ბაგე - ტკბილი, ჟღერა - საამო.
შემოვტრიალდი, ნაღვლიანმა ტრასას გავხედე, დარდმორეულმა ღმერთის გმობა ლამის გავბედე. ჩემი სიზმრები! ჰო! იქიდან იყო მოსული!.. ძილში დაიპყრო ამ საბრალომ - ეს მონო სული.
ბოღმა მახრჩობდა, მკვდარი იწვა ჩემი ოცნება, (არ ვიცი როდის ეს ჭრილობა შემიხორცდება...) ვერ გავუძელი, ტკივილისგან ცრემლები ვღვარე, ისევ ღრუბლებში შეიყუჟა ის თარსი მთვარე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. სევდიანი და სინანულით სავსე. ნექტარი. სევდიანი და სინანულით სავსე. ნექტარი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|