ოდნავ გვერდზე გადაუხრია თავი და მონდომებით ხატავს. სრიალით მოძრაობენ პატარა თითები და კვალს ტოვებენ დაორთქლილ მინაზე. -ეს დედა, ეს მე, ეს თოვლის პაპა... მამა. გარეთ დეკემბერი სუნთქავს. დაუბერავს ცივ ნიავს და წონასწორობას აკარგვინებს ფოთლებს, აქა-იქ რომ შემორჩენია სახლის წინ მდგარ კაკალს. მინაზე ცხვირი მიუჭყლეტია პატარა გოგოს და სასაცილოდ ამოძრავებს მსხვილ თვალებს. -მ...მ...მოვა, მ..მოვა. -დე, ხომ მოვა? თოვლი ხომ მოვა? როდის მოვა დე? არაფერი ეტყობა ამინდს სათოვლე. -გეყოფა გარეთ ცქერა, მოდი მე მიყურე, როგორ ვაკეთებ გოზინაყს. დიდი გოგო რომ გაიზრდები, შენც გააკეთებ. -არ მინდა მაგის ყურება! მინდა რომ მოვიდეს. ხომ მოვა? -მოვა. მოვა? ექვსი თვეა მოდის და ვერ მოვიდა. ექვსი თვეა არ უნახავს შვილი. პატიება ითხოვა. აპატია, მაგრამ მაინც არ ჩანს. -თეო, გოზინაყს აკეთებ უკვე? რა გეჩქარებოდა?-კარიდანვე შენიშვნით იწყებს მეზობელი. შუახნის, გაუთხოვარი და არა შინაბერა, ნათელა. სახლში შემოსვლამდე რომ უნდა დააკაკუნოს, მისი ქცევის წესებში არ წერია. -კი, ასე მირჩევნია. -უჰ, ყოჩაღ შენ. როგორ ასწრებ ამდენ რამეს, სამსახური, ცალკე ბავშვი...აგერ მე მარტო ვცხოვრობ და საქმის გადამკიდე ძლივს ვიცლი საკუთარი თავისთვის. ბავშვებს და ქმარს რომ დრო სჭირდებოდა, იმიტომ არ გავთხოვდი გენაცვალე, აბაა, თორემ მთხოვნელების მეტი რა მყავდა? -დე, ვიყურები, ვიყურები და არ ჩანს? როდის მოვა?- ფანჯრიდან მაგიდასთან ინაცვლებს პატარა მხატვარი და კითხვით სავსე თვალებით შესცქერის დედას. -ელოდები თეო?! დღეს უნდა მოვიდეს? გადამრევ შენ მე, როგორ აპატიე გენაცვალე? რა არის მაინც შეყვარებული ადამიანის გული, სხვა გამჯობინა და მაინც აპატიე. -თოვლს ველოდებით ნათელა.-ხმას უმაღლებს და თავით ანიშნებს, ბავშვთან ნუ საუბრობო. -აა, თოვლს? ჰოო, თოვლს კი უნდა დაელოდო. მოვა, იგუნდავებ, ისრიალებ. შენხელა რომ ვიყავი, იმდენს ვთამაშობდი, თოვლის პაპას ვაშენებდით. -ჩემმა მამამ იცის თოვლის პაპის აშენება, დიიიიდი, სახლისხელა...ოღონდ უნდა მოვიდეს თოვლი. -ნწ, ნწ, ნწ-დანანებით იქნევს თავს ნათელა.-კარგი, წავედი მე გენაცვალე, ერთი დღეც და მოვა ახალი წელი, მე კი ათასი საქმე მაქვს. საქმე? კარგია რომ არსებობს საქმე, სახლის, სამსახურის. გეგმავ, ასრულებ, წვალობ, მოძრაობ, დადიხარ, დარბიხარ, ზრუნავ და ნაკლები დრო გრჩება ფიქრისთვის, დარდისთვის. თუ მაინც შემოგიტევს საფიქრალი, შუბლზე ჩამოყრილი თმასავით გადაიგდებ, ერთი თავის გაქნევით და აგრძელებ ყოველდღიურ ფუსფუსს. ამ ფუსფუსშია შენი არსებობის აზრი, მისგან გამომავალი შედეგით ასაზრდოებ შენს მიზანს და წინ მიიწევ. დაღლილობისგან ფეხზე ვეღარ დგას, მაგრამ არ ნანობს. გაღიმებული სახით უყურებს საახალწლო მოსართავებით დამშვენებულ ოთახს, ბრჭყვიალა ნაძვის ხეს. სავსე სუფრას. არაფერი მოაკლდება მის პატარას, არაფერი... -დედა, დედიკო, გაიღვიძე ჩქარა, მოვიდა დე, მოვიდა.-სავარძელში მიძინებული დედის გამოფხიზლებას ცდილობს გახარებული პატარა. მზერა ჯერ კარისკენ გარბის, მერე ბავშვზე ინაცვლებს და მისი ფანჯრისკენ გაშვერილი თითისკენ. -თოვლი მოვიდა დე. -კი, მოვიდა .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. წერე, ზღაპრადმოსულო, წერე! ნამდვილად კარგად გამოგდის და არ უნდა მოეშვა! მეორე კომენტარმა დიდი პატივისცემით განმაწყო შენს (თქვენს) მიმართ და კიდევ უფრო მეტი სურვილი გამიჩნდა, გავეცნო ნაწერებს ამ გვერდზე. თვითკრიტიკა ბევრისთვის სისულელეა და როგორ მიხარია ხოლმე, როცა იშვიათი ავტორები საკუთარ თავზე მუშაობენ. წერე, ზღაპრადმოსულო, წერე! ნამდვილად კარგად გამოგდის და არ უნდა მოეშვა! მეორე კომენტარმა დიდი პატივისცემით განმაწყო შენს (თქვენს) მიმართ და კიდევ უფრო მეტი სურვილი გამიჩნდა, გავეცნო ნაწერებს ამ გვერდზე. თვითკრიტიკა ბევრისთვის სისულელეა და როგორ მიხარია ხოლმე, როცა იშვიათი ავტორები საკუთარ თავზე მუშაობენ.
10. მადლობა მუხა.:) მეც გილოცავ და ყოველივე კარგს გისურვებ.:-* მიყვარს თოვლი, კარგია. მადლობა მუხა.:) მეც გილოცავ და ყოველივე კარგს გისურვებ.:-* მიყვარს თოვლი, კარგია.
9. შობა ახალ წელს გილოცავ, ჩემო ზღაპარო ფერია, ძლივს მოგაგენი, დღეს მთელი დღე ბარაქიანად თოვს ჩემთან. შობა ახალ წელს გილოცავ, ჩემო ზღაპარო ფერია, ძლივს მოგაგენი, დღეს მთელი დღე ბარაქიანად თოვს ჩემთან.
8. ყველა ლოდინი კეთილად დამთავრებულიყოს. :) +++ ყველა ლოდინი კეთილად დამთავრებულიყოს. :) +++
7. აქაურობასაც მოენატრე მაგდალენა.:) აქაურობასაც მოენატრე მაგდალენა.:)
6. დავინახე, როგორ დაიხატა სევდიანი ფიგურები დაორთქლილ მინაზე. მზერა კი მაინც "კარისკენ გარბის".
მომნატრებია აქ... :) დავინახე, როგორ დაიხატა სევდიანი ფიგურები დაორთქლილ მინაზე. მზერა კი მაინც "კარისკენ გარბის".
მომნატრებია აქ... :)
5. მშვიდი , ლამაზი და სევდიანი მშვიდი , ლამაზი და სევდიანი
4. ჰო. ზუსტად ეგაა და მოვა:)
მოგიკითხე. ♡ ჰო. ზუსტად ეგაა და მოვა:)
მოგიკითხე. ♡
3. მეორე, ოდნავ სევდიან კომენტარს შემოვყევი...
...არა და, სწორედ ეგ არის მწერლობა, რასაც ამბობდი...
ოღონდ, მერე... როცა დაღვინდება ნაწერი, როცა მობეზრებამდე მერამდენეჯერ გადაიკითხავ ხმამაღლა, ყურდაკვირვებით (გულისყურით), სხვა და სხვა ტონალობაში, სხვა და სხვა განწყობით, გამართულად, შეგნებულად დაღვარჭნილად და თვითირონიით... მერე მოგიბრუნდება და თვითონ გიყენებს პრეტენზიებს, - აქ გამისწორეო, იქ შემიმოკლეო, ეს მეზედმეტებაო...
აქაც ეგრე მოხდებოდა, ისე რომ მოქცეულიყავი, რასაც ახლა ვამბობ. მოვიდოდა და გეტყოდა: კარგიაო თოვლის მოსვლა ორმაგი მხატვრული დატვირთვით... კარგი კი არა, მშვენიერიო... აიო, სამაგიეროდო, ეს ყველა ბანალური ამბის უცვლელი გმირი, ყველა ავტორის ხელისშემშლელი მეზობელი ნათელა (სახელსაც კი არ იცვლის არსად და არავისთან) ტრაფარეტულია და გააინდივიდუალურე, შენს გმირად აქციეო... მეორე, ოდნავ სევდიან კომენტარს შემოვყევი...
...არა და, სწორედ ეგ არის მწერლობა, რასაც ამბობდი...
ოღონდ, მერე... როცა დაღვინდება ნაწერი, როცა მობეზრებამდე მერამდენეჯერ გადაიკითხავ ხმამაღლა, ყურდაკვირვებით (გულისყურით), სხვა და სხვა ტონალობაში, სხვა და სხვა განწყობით, გამართულად, შეგნებულად დაღვარჭნილად და თვითირონიით... მერე მოგიბრუნდება და თვითონ გიყენებს პრეტენზიებს, - აქ გამისწორეო, იქ შემიმოკლეო, ეს მეზედმეტებაო...
აქაც ეგრე მოხდებოდა, ისე რომ მოქცეულიყავი, რასაც ახლა ვამბობ. მოვიდოდა და გეტყოდა: კარგიაო თოვლის მოსვლა ორმაგი მხატვრული დატვირთვით... კარგი კი არა, მშვენიერიო... აიო, სამაგიეროდო, ეს ყველა ბანალური ამბის უცვლელი გმირი, ყველა ავტორის ხელისშემშლელი მეზობელი ნათელა (სახელსაც კი არ იცვლის არსად და არავისთან) ტრაფარეტულია და გააინდივიდუალურე, შენს გმირად აქციეო...
2. მადლობა მუხა.:) ჩემს აქ დადებულ ნაწერებზე, კომენტარების უმეტესობა დადებითი და საქებარი სიტყვებისგან შედგება, რისთვისაც დიდი მადლობა ყველას. შექება რა თქმა უნდა სასიამოვნოა, მიუხედავად იმისა იმსახურებ თუ არა მას. ვფიქრობ, ვმსჯელობ, საკუთარ თავს ვესაუბრები, ფიქრის დროს საიდანღაც მოსული ფრაზები კი წერის სურვილს მიჩენს და უმეტეს შემთხვევაში ამ ფრაზების ნიადაგზე იგება ნაწერიც, ყოველგვარი გადაკეთებისა და მათზე მუშაობის გარეშე. -"მოვა თოვლი? მოვა?" ვეკითხები ჩემს მეს და ვიწყებ რაღაცის გამოგონებას გაუაზრებლად. ეს რა თქმა უნდა მწერლობა არაა. და რატომ ვსაუბრობ ახლა ამდენს? უბრალოდ ძალიან მინდა, სხვისი თვალებით წავიკითხო საკუთარი ნაწერები. მინდა თქვენი თვალები მქონდეს და თქვენნაირად აღვიქვა ეს ნაწერები. მადლობა მუხა.:) ჩემს აქ დადებულ ნაწერებზე, კომენტარების უმეტესობა დადებითი და საქებარი სიტყვებისგან შედგება, რისთვისაც დიდი მადლობა ყველას. შექება რა თქმა უნდა სასიამოვნოა, მიუხედავად იმისა იმსახურებ თუ არა მას. ვფიქრობ, ვმსჯელობ, საკუთარ თავს ვესაუბრები, ფიქრის დროს საიდანღაც მოსული ფრაზები კი წერის სურვილს მიჩენს და უმეტეს შემთხვევაში ამ ფრაზების ნიადაგზე იგება ნაწერიც, ყოველგვარი გადაკეთებისა და მათზე მუშაობის გარეშე. -"მოვა თოვლი? მოვა?" ვეკითხები ჩემს მეს და ვიწყებ რაღაცის გამოგონებას გაუაზრებლად. ეს რა თქმა უნდა მწერლობა არაა. და რატომ ვსაუბრობ ახლა ამდენს? უბრალოდ ძალიან მინდა, სხვისი თვალებით წავიკითხო საკუთარი ნაწერები. მინდა თქვენი თვალები მქონდეს და თქვენნაირად აღვიქვა ეს ნაწერები.
1. მშვენიერია, თუმცა ცოტა სევდიანი, თოვლი განწყობას შეცვლის. მეც ამ პატარასავით ველოდები თოვლის მოსვლას. მშვენიერია, თუმცა ცოტა სევდიანი, თოვლი განწყობას შეცვლის. მეც ამ პატარასავით ველოდები თოვლის მოსვლას.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|