ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეთ ავენ
ჟანრი: პროზა
4 თებერვალი, 2016


- ესთეტი -

        წინა დღეს გენერალურმა რეპეტიციამ სუსტად ჩაირა. ვისაც თეატრთან კავშირი ჰქონია, ის დარწმუნებით გეტყვით, რომ ეს იმის ნიშნად ითვლება, რომ პრემიერა სათანადო დონეზე შედგება. ქალაქში დიდი მითქმა-მოთქმა და მოლოდინი ჰქონდათ თეატრის მოყვარულებს და ამის საფუძვლიანი მიზეზიც იყო: მხატვრობა  N 1 მხატვრისა,  მუსიკალური გაფორმება N1 კომპოზიტორისა და ბრწყინვალე მსახიობთა დასი! რაც შეეხება რეჟისურას, ბორისისთვის ეს მეოთხე სპექტაკლი გახლდათ. წინა სამი თითო წლით უსწრებდა ყოველ მომდევნოს და სამივე სხვა და სხვა საერთაშორისო ფესტივალების საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს. ეს ფაქტები კი თეატრისმოყვარულთა მოლოდინს კიდევ მეტად მღელვარეს ხდიდა.  პრემიერა მართლაც შედგა! მეტიც, ყველა მოლოდინს გადააჭარბა! პუბლიკა? რა თქმა უნდა რჩეული საზოგადოება, ახლა რომ ოვაციებით და სათანადო შეძახილებით მხურვალე ტაშს არ იშურებდა. ბორისი, დახვეწილი გემოვნების ახალგაზრდა, კრისტიან დიორის ფრაკში და სათანადო ყველა აქსესუარ-დეტალებით და ოდნავ შესამჩნევი ღიმილით მილოცვებს ღებულობდა.   
- ეს კონცეპტუალური ხელოვნების ნიმუშია! ბრავო!     
- მეგონა, რომ უამრავი სპექტაკლი მქონდა ნანახი, თურმე  მხოლოდ ოთხი მინახავს და ოთხივე თქვენი არის! გილოცავთ! 
- ეს იყო საოცრება, ბორის! გმადლობ! 
- ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ კულმინაციიდან ფინალამდე, ესოდენ მცირე დროში, ამდენი რამის ჩატევა იყო შესაძლებელი! განცვიფრებული ვარ! 
- არნახული ფორმა! სრულიად ახალი და შეუდარებელი! ბრავო, ბორის! 
- არ მეგონა თუ სცენაზე შავ უნიტაზს და მასში მოთავსებულ ჯერ კიდევ ნორჩ მიმოზებს ესთეტიკასთან რაიმე კავშირი ექნებოდა! გაოგნებული ვარ ამ მიგნებით! ლოტრეკისებური იმპრესია! ჩინებულია!  თუ ვინმეს სურს იცოდეს რა არის ესთეტიზმი, უნდა ნახოს თქვენი სპექტაკლი! 
ამ ტექსტის ავტორს, ასე 70 წელს გადაცილებულმა წვერებიანმა მოხუცმა გადაულაპარაკა: 
- მე მიმაჩნია, რომ ამ წარმოდგენაში გონება დომინირებდა. 
- ამით რისი თქმა გსურთ? 
- რა ვიცი...ისე... სითბო დამაკლდა.
სწორედ ამ მოხუცის შეფასების უნებლიე მსმენელი გახდნენ ბორისის მშობლები, იქვე, გვერდით რომ იმყოფებოდნენ.
  ბანკეტის შემდეგ ბორისი მშობლებთან ერთად სახლში შედიოდა.   
- ჩვენ ვამაყობთ შენით, ბორის! - თქვა დედამ, როდესაც მამა კარს აღებდა. 
- ყოჩაღ შვილო! - შეაქო მამამაც.   
ბორისი სარკესთან შეჩერდა. მამა თავის ოთახში შევიდა. დედამ სამზარეულოდან დაიძახა: 
- ბორის! ბორის!   
- გისმენთ, დედა!   
- ჩქარა, გთხოვ! მიხედე!   
- უკვე? 
- უკვე, უკვე!
- რამდენია? 
- შვიდი! აღარ შემიძლია! 
ბორისი სამზარეულოში შევიდა და ერთერთ კუთხესთან მოთავსებულ მუყაოს ყუთში ჩაიხედა.   
- მოდი, ლუსი, მოდი -  იქედან კატა ამოიყვანა და აივანზე გასვა. მერე ყუთით ხელში საპირფარეშოში შევიდა.   
  ასე 3 წუთში  უნიტაზში წყალი ზუსტად შვიდჯერ ჩაშხრიალდა.   
  ცოტა ხანში ოჯახი ჩაის მიირთმევდა.   
  - ბორის, წარმოგიდგენია? ვიღაც ,,კრიტიკოსი,, მაინც გამოგიჩნდა! 
- ვინ, დედა? 
- ვერ შევიცანი. სამოცდაათს გადაცილებული მოხუცი იყო, წვერებით.     
- რაო, დედა? 
- სითბო დამაკლდა-ო.   
- მოხუცებს გამუდმებით სცივათ, დედა. - აუღელვებლად და ღიმილით წარმოსთქვა ბორისმა.   
  დიდხანს საუბრობდნენ... მუყაოს ყუთი ისევ იმავე კუთხესთან იდო.  ლუსის ერთხელაც არ დაუკნავლია. ტუალეტის კართან იატაკზე მოკალათებულიყო. ბორისს იმ ღამით თვალიც არ მოუხუჭავს, დილით კი ადრიანად გავიდა სახლიდან და ჯიხურში ის გაზეთები შეარჩია, რომელშიც გუშინდელი პრემიერის შესახებ წერდნენ.     
  თითქმის შუადღემდე, საქანელა-სავარძელში, საზურგეს მიყრდნობილს და ფეხი ფეხზე გადადებულ ესთეტს ერთ ხელში გაზეთი ეჭირა, მეორეთი კი ლუსის ეალერსებოდა.
 

-

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები