ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
21 თებერვალი, 2016


გიგოს ქოხის სკივრიდან (ციკლიდან "ჩემი ქალაქის სვე-ხვნეშის!" - წერილები 1-9)

წერილი პირველი

შ.პ.ს. "მკვიდრთა დაბრუნება" გთავაზობთ ახალ სერვისს: კანდიდატები არჩევნებისთვის! უბრძლველად, ყოველი ძალისხმევის გარეშე თქვენ მიიღებთ "მაღალი" კვალიფიკაციის მქონე საკანდიდატოებს, რომელთა განსწავლულობა არც მეტი არც ნაკლები ესადაგება თვით მიმღებ-გამცემლობის ქალაქურ გამოცცდილებას. ასევე თქვენ შეძლებთ მასთან მჭიდრო ურთიერთობას, პირობები რომელთა აუცილებლობას უპირობოდ ინარჩუნებს ჩვენი შ.პ.ს. მდგომარეობს შემდეგში: კანდიდატები შერჩეულნი არიან მხოლოდ რამდენიმე პირის მიერ, რომლებიც აუცილებლად კომკავშირული სულისკვეთებით ჰღაღადებენ დღემდე. ასევე ჩვენ ვეხმარებით, ჩვენ კანდიდატებს სახლში დაბრუნებაში და "ლუკმა პურის" ადგილზე, საკუთარ ქალაქში, შოვნაში. მივმართავთ მოსახლეობას და ვაუწყებთ, რომ შ.პ.ს. "მკვიდრთა დაბრუნება" საკუთარ გამოცდილებას აუცილებლად გაუზიარებს ყველა ქალაქს და შეეცდება თქვენი იმედების გაწბილებას, ოცნებაზე ჩვენთან აკრძალვებია. ასევე შინაგანაწესის თანახმად ჯარიმდებიან ქეციანები, რომელთა მოუსვენრობა აღიზიანებს საზოგადოების დიდ ნაწილს. დაინტერესდით, რომ ჩვენ შ.პ.ს.-ში შეუკვეთოთ თქვენთვის მისაღები კანდიდატები? გელოდებით საინიციატივო ჯგუფებს 2020-2030 წლამდე!!! შემდეგ ჩვენც არ ვიცით რა მოგველის. ჩვენთან ლიკვიდურობა მაღალია და შესაბამისად ზიანს სახელმწიფოს ვერ მივაყენებთ. შესაბამისად ლარის გაუფასურების ალბათობაც ჩვენგან დაბალია, პროდუქტი კი მაღალ ანაზღაურებადი იქნება - გპირდფებით! ზოგადად ჩვენი შ.პ.ს. დაპირებებზეა ორიენტირებული და მისი მოგება ნაცვლად 20% არის 80% და იყოფა დამფუძნებლებსა და კანდიდატს შორის. კანდიდატს 40 %.

მიღება წარმოებს შემდეგ მისამართზე:
პლანეტა პლუტო (მეორე სახელი - მყეფარა) 41-ე კუთხე, მე-5 ასახვევი, მე-2 ნაკვალი მე-7 საკვამური, 32- საქვაბე. იკითხეთ ჰადესი! ან დაგვიკავშირდით ნომერზე : 333 222 111 555. წივილ-კივილის ხმაზე ნუ შეშინდებით. ხმა გამწარებული ხალხისაა!!!

პატივისცემით მე თქვენი....
გიგო რიონელი
27 აგვისტო 2015 წელი

----------------------

წერილი მიორე

კომპარტიის ყრილობებსა ჰგავსო ჩვენი ქალაქის გადამრჩენელთა სა(დ) -კრებული, მართალია ნეტავ, გეკითხებით მე თქვენ? განმანათლეთ! არ ვარ ქალაქში. ხალხმა მიპასუხოს. თქვენ ნუ შეწუხდებით პასუხი ზეპირად ვიცი და დგომაზე გეტყობათ, რომ კომუნისტები ხართ ან მათ მიერ ჩიტულები და დაფრენილები საბუდარაში. ჰაა... კარგი გამახსენდა. ნუ გექნებათ იმედი რომ იმ ჭაბუკს ჰგევხართ საბუდარა რომ მიატოვა მამაზე ადრე და სატრფოს გაეკიდა და შემდეგ გეგმაც გადაჭარბებით რომ შეასრულა. ეგ ფილმი თქვენი ბავშვობისა არის და ჩემიც, მაგრამ არც ერთნი იყვნენ საბუდარელნი და არც მეორე (მე) ვარ უთვისტომო. ორივე ფოთელები ვართ. ეგ კომუნიზმი კოჭებშიც გეტყობათ. დგომაში ასახავთ "დიდება შრომას". ერთნი თუ ფაშიზმის შესწავლით და ჰიტლერის გაიდეალებით იყვნენ დაკავებულნი, ჩვენ მეორე უკიდურესობა დაგვჩემდა. მეც თქვენიანად ვთვლი თავს. განა, ვის გაუგია საყვედური ჯგუფიდან ერთმა მიიღოს? ჰოდა გამკიხცხეთ და გამწკებლეთ იმისა გამო რომ ყველა ტკივილს, სხვათა მოქნეულ წკეპლას მედგრად დავუდექი და არ შევუშინდი, არც ახლო-მახლო ჩირგვებისთვის შემიფარებია თავი! ის დილეტლანქები ჰყავხართ ქალაქს, რომელთა საქნეველი მხოლოდ საჯდომი არ არის.
ახლა მთავარი. ცნობილი კითხვა "დოქსოფულო თქვენ დედა გყავს?", მეკი გეკითხებით თქვენ: ვინმე გყავთ, რომ მეხსიერება გაავარჯიშოთ?
მთავარზე მთავარი - ქართველები მრავალხმიანობით გამოირჩვიან და რაღა თქვენ დაგემართათ ერთდხმიანობის სინდრომი? - ამ უკანასკნელს ასე ვუწოდებ - "მუნიციპალური სიმღერის სინდრომი"
.ყელსახვევი გიჭერთ აშკარად!!!
ფაშისტებს სამკლავურები უჭერდათ!!!

პატივისცემით მე თქვენი...
გიგო რიონელი
28 აგვისტო 2015 წელი

-----------------------

წერილი მესამე

ყველა ქალაქი ნაქალაქარს ემსგავსა, ჯერ წინამორბედის თათებში. თქვენ კი მას ნაბადში გახვეული მოტაცებული ქალივით დაატარებთ უგზოუკვლოდ, ერთის განსხვავებით, ქალს აბინავაბენ...
დუმილს ამჯობინებს ჩემი ქალაქი. სწორედ ისე დუმს და თავის მსხვერპლად გაღებას ლამობს როგორც ცხრა აპრილს მოწყვეტილი ტიტები.
დღეს ილია მოკლეს...
დღეს ტიტების საქართველოა?!

პატივისცემით მე, თქვენი...
გიგო რიონელი
30 აგვისტო 2015 წელი

--------------

წერილი მიოთხე

მეოთხე წერილში გთავაზობთ ხელდახელ გამომცხვარ საგამოცდო ტესტებს, თანამდებობისთვის თავგანწირვით მებძოლ მამულიშვილებს. ტესტი იმდენად მარტივია, რომ რთულად მოგეჩვენებათ. სულ ათი შეკითხვაა. (სწორ პასუხებს მიგითითებთ . ჩაჭრის შემთხვევაში, თავი რაფრა გამოვყო ხალხში?)მიირთვით ცხლად!მაშ ასე, ვიწყებთ:

1. დაიცავთ თუ არა კონსტიტუციიდან ათ მუხლს მაინც, თითქოს ათი მცნება იყოს თუ ამას არა პარტია, არამედ ღმერთი გიბრძანებთ?

ა) დავიცავ მუხლის გადაყვლეფამდე.
ბ) არ ვიცი კონსტიტუცია, რადგან რესპუბლიკელი არ ვარ.
გ) მხოლოდ პარტიულ ბრძანებებს ვასრულებ.
დ) ვერ დავიცავ, საქართველოა! (სწორი პასუხი).

2. დავუშვათ უკვე მოირგეთ სავარძელი, გამოიცვალეთ მდივანი, დივანიც, მაგრამ მაინც კაპასობთ,რისთვის?

ა) არ მოგწონთ სავარძლის ფერი.
ბ) არ მოგწონთ, რომ სავარძელი გორგოლაჭებზე არ არის და არ ბრუნავს. უბრალოდ ვერ იქმნით ამის გამო კომფორტს რათა გაქანდეთ და გამოქანდეთ.
გ) არ მოგწონთ მდივან-დივანი.
დ) არ მოგწონთ ავეჯი (სწორი პასუხი).

3. თანამდებობისთვის შესაფერი ადამიანი:

ა) მოაზროვნე,
ბ) ჭკვიანი, განათლებული.
გ) ხელოვანი.
დ) უვიცი (სწორი პასუხი).

4. ცდილობთ დაალაგოთ სისტემა და ძირეული სტრუქტურული რეფორმებისთვის მზად ხართ, რა ხერხს მიმართავთ?

ა) ჩავატარებ თათბირს და გავაფრთხილებ თანამშრომლებს მოსალოდნელი გათავისუფლებებისა და ტესტირების შესახებ.
ბ) მოვიწვევ ჩემებს და გავაფრთხილებ, რომ ხელს მათ არ მოვკიდებ და მათთვის ეს ტესტები იქნება ფორმალობა.
გ) ჩემ აგენტებისგან (ბოზები) მივიღებ ინფორმაციას და მხოლოდ ამის შემდეგ ჩავატარებ ტესტირებას.
დ) გამოვიგონებ ახალ ველოსიპედს, სხვამ თუ არ დამასწრო, რათა თავი გადავიეჩინო (სწორი პასუხი). - მოგატყუეთ ეს არ არის სწორი პასუხი, რადგან არ გაქვთ თავი გამოგონებებისა ან არც დატვირთავთ გონებას ახლის ძიებით. ყველა ძველი ხომ ახალია?!

5. გაქვთ მაღალი სიცხე და ქალაქში წყალდიდობაა. მეორე დღეს საინფორმაცო გამოშვებიდან იგებთ, რომ დაღუპულია სამი ადამიანი. როგორ მოიქცევით?

ა) შევშფოთდები ევროპელივით და მივუსამძიმრებ ოჯახს. (სწორი პასუხი).
ბ) გამოვრთავ ტელევიზორს და მოადგილეს დავურეკავ რათა კურირება გაუწიოს აღსაშფოთებელი ტექსტის მომზადებას.
გ) თავად ვეცდები სტიქიის ადგილის მონახულებას და პირადად მივუსამძიმრებ ოჯახებს.
დ) მძიმე ავადმყოფობის გარდა არასოდეს მივატოვებ ჩემ ხალხს.

6. გამოცხადებულია ტენდერი სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად,როგორ იმოქმედებთ?

ა) კანონის ფარგლებში და მანამდე სტიქიით დაზარალებულთა სხვა ოჯახის წევრებთაგან მხოლოთ შვითალშვილები რჩებიან. (სწორი პასუხი).
ბ) არ გამოცხადდება ტენდერი. ოჯახებს ქალაქის სარეზერვო ფონდიდან (რომელიც არ გვაქვს) მივცემთ დახმარებას მეორე დღესვე, რა თქმა უნდა ზარალის დათვლის შემდეგ.

7. შვიდ გზის ზეთისცხებისას ჩავუთქვამ:

ა) ჩემ კეთლდღეობას (სწორი პასუხი).
ბ) სხვათა კეთილდღეობას.
გ) ევროპის შეშფოთების მიზეზებით გამოწვეული მოვლნების გამოსწორებას.
დ) სამშობლოს კეთილდღეობას.

8. ქალაქს დაქვემდებარებული სამსახურების უფროსებთან გარიგებაში შეხვალთ, მხოლოდ იმ შემთქხვევაში თუ თქვენი პროცენტი აღემატება:

ა) 10-ს
ბ)20-ს
გ) არაასოდეს ვიქნები გარიგების მონაწილე.
დ) 40-ს (სწორი პასუხი).

9. იტყვით თუ არა ხელფასზე უარს ან გაინახევრებთ თუ:

ა) ჯერ კიდევ შემრჩა ადამიანობა, კი.
ბ) არა (სწორი პასუხი).
გ) არ ვიცი. ხელფასს გააჩნია.

დ) სიკეთით არავინ გადამიხდის.

10. ჩემი პასუხების სისწორეს ვადასტურებ:
ა) პარკერის კალმით (სწორი პასუხი).
ბ) 30 თეთრიანი კალმით.
გ) მელანი დამიმთავრდა,ხშირად ვაწერ ხელს.
დ) ჩემ მაგივრად მოაწერეთ.


პატივისცემით მე, თქვენი...
გიგო რიონელი
5 სექტემბერი 3015 წელი


--------------

წერილი მეხუთე

შემოდგომის პირია ჯერ-ჯერობით. თქვენი პირით განსხვავებულად და მეტად საჩოთირო ამბის თხრობა, ცნობისმოყვარე და გართობისთვის გამზადებული მასისთვის არც მეტი არც ნაკლები დასაპურებლად მოპოვებული საკენკია. ცხირგრძელა და ენა ჭარტალები, თქვენ მიერ დაყრილ საკენკს ძლიერ თავმოყვარედ შეექცევიან, რადგან გემოს რეფლექტორები არ უმუშავებთ. საკენკის ძირითადი ჭურჭელი მიწაა, თქვენი საკენკისა კი ჯიბე. ერთმანეთის ქისებში უხვად აჩხრიალებთ 30 ვერცხლსაც, ოქროსაც და პლატინასაც. მკენკავები კი ის უტიფარი და მშიერი მასაა, რომელთა წონაც ერთი გროშის მოგზარობის პატარა უსათაურო ეპიზოდია! მგორავი ვალუტა დღეს ჩემი ქალაქის სარკინიგზო ბაქანზეც ჩამოდგა და წამსვე იგრძნო მოსახლეობამ ოცნების სიცხე - 2,41. აშკარად მაღალია ტემპერატურა. ქალაქის თერმომეტრი ყველა მოსახლის იღლიაშია ამოჩრილი და დაწევის მოლოდინშია! თერმომეტრის ხელთმპყრობელი არც კი ფიქრობს მინაში შეფუთული, ზომით 30 ვერცხლისწყლიანი შკალის ამოცლას და შემდეგ დაავადების მიზეზებზე ზრუნვას. მთავარი ექიმი კი ამ დროს სრულ იზოლაციაშია მოსახლეობისგან და "ეროვნული ინტერესების" კვალდაკვალ ახალ, ცხელ, ეროვნულ კერძს თავაზობს - პულსატორს, რომელიც უფრო მაღალი ინდექსების საზომად შექმნა! ბუხარში ცეცხლი ჯერ არ გიზგიზებს...მხოლოდ შემოდგომის პირია!პირით მთქნარებაც სჩვევიათ საკენკჭამიებსაც და საკენკმფანტველებსაც!...

პატივისცემით მე, თქვენი...
გიგო რიონელი
12 სექტემბერი 2015 წელი

--------------

წერილი მეექვსე

წერილამდე
არა რააა... ვინ ინებებს და მოგცემს ფიქრის საშუალებას რათა იფიქრო იმ ყოველდღიურ ყოფით პრობლემებზე, რომელიც დღითი-დღე "ლამაზდება" და ერთფეროვნების განცდასაც ეგზომ მიკარგავს. აფერუმ თქვენ მცდელობას და ზრუნვას!!! გამოგდით!!! სათაური "ჩემი ქალაქის სვე-ხვნეშის" არც მეტი არც ნაკლები უნდა მაიძულებდეს ვწერდე მხოლოდ მასზე, მაგრამ აბა როგორ?! მაძლევთ საშუალებას მხოლოდ მასზე ვიფიქრო? თქვენ წარმოიდგინეთ სატკივარს მიჩენთ საკუთარ სამშობლოზე და იძულებულს მხდით გვერდზე გადავდო ფიქრი გლობალურ თემებზე, შეფასებებზე და "შიშით" ვთქვა შემდეგი სიტყვები: "შეშფოთებული ვარ!" განა დაგაცდის ვინმე ევროპელობას პირველევროპელობადაკარგულებს, თან როცა წინაპირობად ცალი ფეხი სამარეში (ფუი ეშმაკს,ეს რა წამომცდა), ცალი ფეხი ევროპის საზღვარზე გვიდგას, ამას პლიუს მეორეთი ნახტომს დასავლეთში ვაკეთებთ?....ისტე ვართ ფეხებ-გაჭიმულები, საბანს ვინ ჩივა... ძარღვი გვაქვს გაწყვეტილი, ძამა.. რისი? - შუბლის დიდი ხანია!!!

ახლა საქმე და ჩემი სამშობლო...
ჩემო ქალაქო მაპატიე!!!

"მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო" - მახსოვს მე ეგ სიტყვები და ალბათ თქვენც, მაგრამ ზოგადად მგლისა და ცხვრის კავშირზე შესაძლოა სხვა მოსაზრებაც გაუჩნდეს ადამიანს. მოკლედ: მგელს რომ ადამიანი მოიხელთებ და დაიჭერ, ვოლიერში ამყოფებ რათა დამთვალიერებელი არ მოაკლდეს მის მრისხანე თვალებს, უნდა ეცადო როგორმე ეს სანახაობა დიდხანს გაგრძელდეს.
ლომის ხახაში მოხვედრა ადვილია თუ ვირი ხარ და მგლობას იჩემებ, მაგრამ თუ პირიქით - მგელი ხარ და ვირობას აწვები, ამ შემთხვევაში, ლომი რჩება პირში ჩალა გამოვლებული, თუმცა "დანაყრებული", ტყის ბინადარნი კი სანახაობა მოკლებული. რა ხერხს უნდა მიმართოს "ადამიანმა" თუ ის ამ ტყის განუყოფელი ბინადარია? ალბათ გაქცევას...
დიახ!
წაქცევამდე ჯერ უნდა გაიქცე!
მგლის მუხლი კი მტკიცე და დაუღალავია!
მგელს არც ალღო და მეხსიერება ღალატობს როცა ნადავლზე ფიქრობს, მაგრამ ის არასოდეს ნადირობს მარტო, უხმობს საძმოს გამაყრუებელი ყმუილით. ამ დროს მახეში გაბმულ ნადავლს - ფიქრისთვის ძალიან ცოტა დრო რჩება!
და ბოლოს ცხვრისა და მგლის კავშირზე: გაქცეული მგელი ცხვრის ფარაში ერევა!
ცხვარო გაპარსულო, გაფრთხილდი. ტილი აღარ გყავს მაგრამ ტყავი ხომ შეგრჩა?

პატივისცემით მე, თქვენი...
გიგო რიონელი
18 სექტემბერი 2015 წელი

------------

წერილი მეშვიდე

აქაოდა მეშვიდე წერილის დროც დამდგარა.
ქართლს დედა ჰყავს? - ჰყავს! კოლხეთს ჰყავს? - აღარ ჰყავს... ყველას თავისი დედა, ფრთებგაშლილი და წელში გამართული უნდა, რომ ჰყავდეს, მოვლილი და მუდამ თითით საჩვენებელი. გაგვიმართლა კოლხელებს - ჩვენი დედა მართლაც თითით საჩვენებელი გახდა, მისი, დაჩიავებისა და დაბერებისა გამო. თქვე მამაცხონებულნო, რაღა მაინცადამაინც ამ კოლხი ქალის დაბერება დაჩიავებზე გააკეთეთ ფულები?! არ თქვათ ახლა ადგილი მარადიორობას ჰქონდაო და მუცელი წელითურთ მოიპარესო... ისე რა მაგის პასუხიადა, ისევ ქართველი შვილი თუ გაუხეთქავს გულს და ქართველი კაცი გამოუფატრავს მშობელ დედას სიმწიფის თვეებს საკუთარი სულისა და სხეულისა!!! საკუთარი დედების მაგინებელ ერად ვიქეცით - გონითაც და ქმედებითაც!!!

პატივისცემით მე თქვენი....
გიგო რიონელი
4 ოქტომბერი 2015 წელი

--------------

წერილი მერვე


სრული ჰარმონია და ერთ დღეში ჩამოქროლილი შემოდგომა... ჩემი, ნაქირავები ბინის ფანჯრებიდან ასე ჩანს. ფანჯრებს გამოღმა ოთახებია - ცივი. იმიტირებულ ბუხარში ნაკვერჩხალს ჩიჩქნის უმცროსი, უფროსი დახატულ სავარძელში ითავსებს თავს. ბავშვების დედა ნამდვილ შალში გახვეულა და თავისუფალ დროს რომელიც დაღლილობით გამოძერწილა, მთელი დღის დაუფასებელი შრომის შემდეგ, ძილისთვის დაუთმია, ხოლო ბავშვების მამა, ახლა უმცროსის ე.წ. ბუკთან ზის და ღილაკებს აჩხაკუნებს, რადგან იქნებ გათბეს და ტეხილებად ქცეული თითები ელასტიურ წრფედ გარდაქმნას, რათა გაგიზიაროთ მერვე წერილის საოცრება.

დააგემოვნეთ ნუგბარი "მერვე საოცრება"

კაცობრიობას საოცრებების თვლაში ბადალი არ ჰყავს, მაგრამ მაინც ვერ დაუთვლიათ სახეიროდ. ჩემ ბავშვობაში შვიდი საოცრება იყო; როგორ ერთი ფილმის სათაური "შესანიშნავი შვიდეული". ნამეტნავად მოხიბლული ვიყავი მათი გმირობით და ბავშვს ზეთავისუფალი მეგონა თავი. შემდეგ იყო ბრუს ლი, ვანდამი, სტალონე, შვარცნეგერი, ბელმონდო, სიგალი და ჩაკ ნორისი. ეს შვიდი "საოცარი" ადამიანი ჰქმნიდა ამინდს, რომელიც წარსულში მომხდარ მიწისვრებს ბევრად სჯობდნენ. ჩვენი გულები კი 10 ბალიანი სიხშირით ცემდნენ და საოცრებაც ჩვენ გარდასახვაში აისახებოდა. "კუმირად" კი ყველა ბავშვში ბრუს ლი რჩება და არა მარგველაშვილი-სააკაშვილისა.

მართლა... რომელია მერვე საოცრება - ის, რომელიც ფოჩვებიან კანფეტებს არიგებდა თუ ის, რომელიც არიგებს?
ბრუს ლი, ბრუს ლი, ბრუს ლი!!!
ტიტუუუ... იაააააა.....


პატივისცემით მე, თქვენი....
გიგო რიონელი
12 ოქტომბერი 2015 წელი

--------------

წერილი მეცხრე

მეც მეცხრე ციდან გწერთ მომდევნო წერილს. გეთანხმებით, სკივრი იმისთვის რომ ცა ჩაატიო ყველა მისი თვისებით, ცოტა პატარაა, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ახლა მე სკივრში ვიჯდე და იქიდან გწერდეთ. განვმარტე, რომ მეცხე ციდან გწერთ.

სიზმრების სამყარო

    სანამ უშუალოდ სიზმარს მოვყვებოდე, მანამდე გკითხავთ: ამირანს უფრო იცნობთ თუ პრომეთეს?მეტ წილად იმედი მაქვს, რომ ამირანს იტყვით. ქართველები ხართ მაინც, მაგრამ მაინცდამაინც თუ ევროპულად აზროვნებთ მაშინ თქვენ იგულისხმეთ პრომეთე. მოკლედ. იმედი ამქვს დიპლომატიურად ეთიკის ნორმატივები ჩავაბარე და შესაბამისად არც ერთი ენჯეოშნიკი პრეტენზებით არ მომმართავს ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. მგონი მათზე წინდახედული აღმოვჩნდი.მადლობთ!  არ არის საჭირო ოვაციები!

    დიახ, წუხელ ამირანი მესიზმრა. დამპატიჟა. "ჩემთან ამოდიო, შუაგულშემოდგომაა, და სწორედ, ახლა მორჩნენ ჩემი ახალი სისხლის ჩაწურვას კლდის კასრებშიო. დაძველებულსაც გაგასინჯებ - იცი შენ ძველის გემოცო". აბა როგორ ვეტყოდი უარს. მივეახლე ამ ჩემ ძველ სკივრსა, ჩავხსხენი ურდული. ავწიე დასაბურავი და გამოვაჩინე ყველაფერი თუ რამ ელაგა მასში. ეს ჩემი რვა წერილი, ცალკე, მარცხენა ხელის თითებით გადავხვეტე და ძველისძველი ქამარ-ხანჯალი, ჩოხა-ახალუხი, ცალი ჩექმა, მარცხენა ფეხისა (მეორე წინა წელს ვირთხას შეეჭამა) და მარჯვენა ფეხისთვის ბოტასი ამოვაწყვე. შემდეგ ყველა კუთხის ქუდი სათითაოდ მოვირგე თავზე და ნაბად შემოხვეულმა ასე ორქართველურად გავუყევი (ჩექმა და ბოტასი) ხომლის მთისკენ გზას.
    ჩვენი რაჭა!...
    იქ არის მიჯაჭვული ამირანი-პრომეთე. იგივე ამირმეთე. ამ სახელით არც ბერძნებს დავწყვეტ გულს და არც ქართველებს. მაინც ორივე მითიური სახელია, ჰოდა ვინც მითში მას სახელი მოუგონა, იმედი მაქვს საავტორო უფლებებისთვის არ მიჩივლებს (აქაც ვიზღვევ თავს), რადგან თავადაც მოიგონა სახელი, მით უფრო ვინ მოსთვლის უკვე მერამდენე ვიზიტია რაც ამირმეთეს ვსტუმრობ და ძალიან მოსწონს ეს სახელი. მთასთან ვარ. ღმერთმანი, როგორ ეტყობა, რომ აქ ღმერთები გაწყრნენ და მხოლოდ ერთი დაპატრონებია ყველაფერს. ყოჩაღ მას! მიუვალია მაქამდე გზები. ამ "სიბრძნის კბილს" შიგ ცენტრში აქვს ჩასასვლელი, ზემოდან ქვებით და გადარჩენის შემთხვევაში გამოსასვლელი ქვემოდან ზევით. თითქოს მარტივად ჟღერს. დამიჯერეთ მხოლოდ ჟღერს. სიზმარში თუ შეძლებთ იქ მოხვდეთ და დატკბეთ იმ სილამაზით რასაც იხილავთ. არ ვგულისხმობ, რათქმაუნდა, ამირმეთეს. იტანჯება საწყალიდა მისი ტანჯვის გამზიარებელი მხოლოდ მე ვყავარ. შევუსვამ წითელ სასმისს, ვეზიარები და მისი ჯაჭვისგან გადებულ ხიდზე ქვაბულის მეორე მხარეზე გადავდივარ.. ესეც მისი მოთხოვნაა. ასე მირჩევნიაო. არ გენდობი და თუ რამეს დააშავებ ვერ მოგწვდებიო. შენ ხომ ერთადერთი მეგობარი მყავხარო (ისიც თავს იზღვევს უკვე ქართველთა მეგობრობის წინაშე, არადა ის ხომ ქვაბულშია და არა იცის რა) ეეჰ, ამირმეთ, ამირმეთ... რომ იცოდე... "რა უნდა ვიცოდეო, მეგობარო" მკითხა და სისხლიანი თვალებით მაინც გულთბილობით დააცქერთა ჩემ ბაგეებს.. - იმას რომ, ყოველ წელს მწარე ხდება შენი სისხლი. აი ბაბილონის გოდოლის აშენებამდე სისხლი რომ სდიოადა ამ მთას ის იყო უძვირფასესი! "რად მიედ-მოედები, ქართველო, ხომ იცი რომ მაქვს და ვხვდები, რომ ის გინდა შესვა...
    - დიახ! - ვუპასუხე მე.
    "აჰა, მიირთვიო!" - შემომძახა და ჯაჭვზე, "ახალი ღმერთივით" გამოაცურა ალმოდებული "კოქტეილი", რომელიც ყოველი წლის საწყისი სისხლით იყო დამზადებული, მასში ჩალბობილი ბამბა სოკოსა ჰგავდა. შევსვი. ბამბით თვალებზე ცრემლები შევღებე და გამომეღვიძა.

    ირგვლივ ყველაფერი შავი იყო, ვერაფერს ვხედავდი. სისველე ვგრძნობდი თვალებზე. ორქართველობით დამძიმებულმა გულის კედლის მტვრევის ხმაც გავიგე და ამ "ბედნიერი ერის" ერთ-ერთმა შვილმა სააბაზანოს მივაშურე, რომ ჩამომერეცხა მხოლოდ სხეული. ბანაობისას გამახსენდა ამირმეთეს ბოლო შეკითხვა და თხვონა, რომელსაც უკვე წლებია სვამს ჩემთან: "იქნებ მითხრათ თუ საიდან იცით რომ მე გულში ვმღერივარო და მეორე, სულ რომ ამბობთ - პრომეთე იყოო მიჯაჭვული, გამარკვიეთ ბოლოსდაბოლოს ავწყვიტე ეგ ჯაჭვები და თავისუფალი ვარ თუ ისევ თქვენი ტანჯვა-წამების მოდარეჯედ დიდხანს უნდა მამყოფოთ? დამასრულეთ თუ ღმერთი გწამთ. ჩემი ღმერთისა არა თქვენი ღმერთისაო!"


    ეეეჰ ჩემო ამირმეთ, ჯაჭვის იწამე ჯაჭვის!
    საიმედოდ ხარ მანდ, საიმედოდ!
    მთავრობის მოხელეებო, ქანჩიკ-ჭანჭიკებო, ცუდად მაქვს დაცდილი სიზმარი ამირანზე.
    სურეალისტური რეპორტაჟის დასასრული მეცხრე ციდან.


პატივისცემით მე, თქვენი...
გიგო რიონელი
19 ოქტომბერი 2015 წელი.


(გაგრძელება იქნება)



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები