მე მრავალტოტიანი ხის,მეცამეტე ტოტზე ვცხოვრობ.მდინარის ხედით.ჩემს საცხოვრებელს არც აივანი აქვს,არც ფანჯრები.არაფრით ჰგავს ბარში არსებულ საცხოვრებლებს,რომელზეც ჩიტები მიყვებიან.ეს კარგიც კია.ისინი ამბობენ,რომ ადამიანები ხანდახან ჩაკეტილი ფანჯრიდანაც კი ხტებიან.ბინის ქირას არ ვიხდი,რადგან მამაჩემთან ვცხოვრობ.ნამეხარი მუხაა მამაჩემი.მისგან აკვანს არასდროს გამოთლიან.მეხმა მას დაღი დაასვა,რომლის ტარება ისეთივე მძიმეა, როგორც ჯვრის.ადამიანებმა კი არა ხეებმაც მიატოვეს ის.თუ მამა დაუძახებს რომელიმეს თავს ისე მოიკატუნებენ,როგორც ქმრებზე გაბრაზებულმა ქალებმა იციან ხოლმე თავის მომძინარება. დილით,როცა მზე ტახტრევანზე დედოფალივით დაბრძანდება ვიღვიძებ.უფრო სწორად ზარმაცი ბავშვივით ცალ თვალს ვახელ და ვტკბები სანახაობით.უხდება მბრძანებლობა მზეს.ცალი წარბის აწევით ნახირივით მორეკავს ხოლმე სხივებს,დაიშლის ამ მწიფე თავთუხებივით დალალებს და სხივებიც ისე ლამაზად უწნავენ,როგორც საყვავილე კალათებს წნავენ ხოლმე ქალები.მორჩება თუ არა დილის პროცედურას ისე ჩამოიხედავს ქვემოთ თითქოს მეკითხება აბა, ლამაზი ვარ თუ არაო?ამ დროს ვიბნევი,თითქოს ბრინჯის მარცვალი ვიყო.დიდი ჭორიკანა ვინმეა ეს მზე,დილით გამოგზავნის ამ სხივებს და საღამოს უკან იბარებს,რომ დედამიწის ჭორები გაიგოს.ხან ღრუბლებს ჩადრივით იფარებს,ხან სიამაყით ინდაურივით გაიფხორება.როცა მზე ღამის პერანგს იცვამს და ასპარეზს მთვარეს უთმობს ქარი ქვითინით მოდის მამაჩემთან.ამ დროს, იმ სათაგურივით ჩუმი ვარ,აუტანელი სიმშვიდით,რომ ელოდება მსხვერპლს.ძირითადად სიკვდილზე საუბრობენ.მამა ამბობს:,,ხეები თვალგახელილი და ფეხზე მდგარი კვდებიან,გული კი ბადეში მოხვედრილი თევზივით ფართხალებს“-ო.ხანდახან ვცდილობ წარმოვიდგინო,როგორია სიკვდილი.თავში იმდენი აზრი მომდის საკუთარი ფიქრების ზღვიდან ანკესით ამომაქვს ფიქრი-თევზები. დღეს ისევ ჩვეული დილაა მზის პერფორმანსით.მხოლოდ შორიდან რაღაც უცხო ხმა მესმის,რომელიც სწორედ ამ უცხოობით მაფორიაქებს.კარგა ხანი გავიდა.ამასობაში მზემ ბალეტის მოცეკვავესავით თითისწვერებზე აიწია.რამდენიმე წუთში სიკვდილი დავინახე ხელში ნაჯახით.არ ვიცი,თვითონ უფრო საზარელი სანახავი იყო თუ მისი ჩრდილი.ის ჩვენთან მოვიდა და ყოველგვარი სინანულის გარეშე ჯერ ყასაბივით ნადავლი მოსინჯა,მერე კი მამას პირდაპირ ფილტვებში ჩაარტყა.ვხედავდი,როგორ წამიერად შეუყვითლდა ფოთლები ჩემს ბებერს.ფეხქვეშ მიწა ეცლებოდა.მიჩურჩულა: ,,შვილო,შენ ერთადერთი რკო ხარ,რომელიც წელს გამოვისხი.მე ისედაც დავბერდი.ჩემზე ნუ იდარდებ.გახსოვდეს,რომ მიყვარხარ.იზრუნე ჩვენი ჯიშის გამრავლებაზე.“ თქმა და წაქცევა ერთი იყო.გავიგონე,როგორ ჩაემსხვრა ხერხემლის მალები.მამა მტოვებდა.მივეკარი.მხოლოდ ახლა ვიგრძენი ჭორფლებივით მთელ ტანზე,ნაოჭები ეყარა.მიყვარხარ მეთქი ვუთხარი.მან გაიღიმა და უკანასკნელი ძალით მკრა ხელი.მდინარეში მოვადინე ტყაპანი.იქიდანაც დავინახე,როგორ დახუჭა თვალები.მაშინ ჩემთვის ყველა სხივი გაქრა,მზეც ჩაქრა.მდინარე თავისით მიმატარებდა.გონს მოვეგე.თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი ეგებ ფესვისგასადგმელი ადგილი ვიპოვო მეთქი.ამაოდ.მას შემდეგ ალბათ ორი დღე გავიდა.მე არ მიგრძვნია დღე-ღამის მონაცვლეობა.მდინარემ ბარში ჩამიყვანა.აქ მდელო იშვიათია.მიწაც გამომშრალი,ხოლო სახლები ზოგი შუშისაა,ზოგი ხის,ზოგი ქვის.მაინც ღვთისშვილები უფრო მძიმე სანახავია.გაყინული თვალებით,რომ უსიყვარულობას დაატარებენ.არსად ჩემი ადგილი არ არის.მდინარეს ბოლომდე გავყვები,ზღვაში,რომ თავი ჩავიხრჩო.ჩემს დღიურს ალბათ თოლიები მოიტანენ თქვენამდე.მამას ზეცაში შევხვდები.მოვუყვები,რომ ახლა სამყარო ნამდვილი არ არის,პირიქით ნაყალბევ ნახატს მოჰგავს,ორიგინალთან კი არაფერი აქვს საერთო. ახლა,როცა საკუთარი თავის უფალი ვარ,თვითონ გადავწყვეტ რამდენად სწორია სუიციდი.უბრალოდ იცოდეთ არსებობენ მლოცველი ხეები,რომლებსაც ტოტები,როგორც ხელები ცამდე აქვთ აწვდილი.მიწას ჩაშტერებული,წელში მოხრილი ხეები,რომელთაც თითო მალა თითო ცოდვის ბინად აქვთ მიჩნეული და ხეები,რომლებიც ერთი შეხედვით ამაყები ჩანან,სინამდვილეში კი მონანიე მლოცველებს წარმოადგენენ.უბრალოდ დააკვირდით მათ. მე ზღვის ქაფს ვუერთდები.იქნებ ნიმფადაც ვიქცე.ტალღები იავნანას მიმღერიან,რომელიც პირველად და უკანასკნელად მესმის.ძილი მერევა.მესიზმრება თითქოს რკო კი არა მრავალშვილიანი ხე ვარ.ჩემი რკოები ხმაურით იკლებენ არემარეს.ამ დროს მამაჩემი სათვალეს იკეთებს,შლის მის გულის წიგნს და შვილიშვილებს უყვება ზღაპარს სიკეთესა და სიყვარულზე.მეზობლის ბავშვებიც მოდიან მოსასმენად. ნამეხარი მუხის ხე იყო მამაჩემი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. გაიხარე,დიდი მადლობა! ^_^ გაიხარე,დიდი მადლობა! ^_^
3. კარგია ივდო, და კიდევ უკეთეს ველოდები აქ. მმიყვარს შენი ლექსები.. კარგია ივდო, და კიდევ უკეთეს ველოდები აქ. მმიყვარს შენი ლექსები..
2. მადლობა ^_^ მადლობა ^_^
1. კარგია, როცა მამის სიცოცხლეს შვილი აგრძელებს. კარგია, როცა მამის სიცოცხლეს შვილი აგრძელებს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|