ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თ.კომლაძე
ჟანრი: პოეზია
23 თებერვალი, 2016


  ჩამოტვირთვა

ელი გეძახით!

ასე დაიწყო ეს ამბავი, ელი, შენც იცი
შენც კარგად უწყი რომ ყველაფერს ჰქონდა მიზეზი
ჩვენი ბრალია, მხოლოდ ჩვენი, შენგან შერისხვა
დაბადებიდან რომ გვეწერა... ახლაც მიზერულ
ისედაც უკვე ხორცადქცეულ სხეულებს ვგლოვობთ.
სამოთხის კართან ატუზული ვგავართ იმ ბავშვებს,
რომელიც მამამ დასაჯა და ცრემლების გროვას
მუჭში მალავენ და სინანულს მიწაში რგავენ...
ელი, გეძახით! გადმოხედე შენს შექმნილ მიწას!
აგერ, შენს ფერხთით, უსიცოცხლოდ გდია სამყარო.
ცრემლებით, ელი, ცხარე ცრემლით დავალბობთ იმ წამს
როცა სულები სხეულიდან გარეთ გავყარეთ,
როცა სიკეთეს წითელ წიგნში მივეცით ბინა.
ყველა ოცნება გახდა გულში ცოდვის ვექტორი.
აპოკალიფსი რომც დავარქვათ, (ან როგორც გვინდა)
ვერც ცალი ხელით მოგიტანეთ ჯვარი, ვერც ორით.
სამყაროს ყელში გავეჩხირეთ მწარე დარდივით
და მკვდრების ძვლებით ვაშენებდით ახალ ბაბილონს,
სულ თავიდანვე მოელოდა დანგრევა, მაგრამ
უბრალო სიოს ხომ ვერ ამჩნევს ყურის ბიბილო...
ჩვენი ბავშვობის თვალებში კი ნალექად დარჩა
ომი ატომურ-ქიმიური, ბიოლოგიურ
კატასტროფებთან აზელილი. ვეძებდით სარჩოს
ჩვენი ხორცისთვის. შემოგვაკლდა მერე ლოგიკაც,
აღარ გვჯეროდა არც სიმართლის, არც განაჩენის
რომ პასუხს მოგვთხოვს ჩვენს ცოდვებზე ოდესმე ვინმე.
ჰოდა დაგვსაჯა თვითონ მიწამ და ანათემა
გამოგვიტანა, ფოთოლცვენამ რომ გავიფინეთ...
მერე რატომღაც გვაგონებდა იმედის ძაფებს,
ჩვენს ქვეყნებს შორის გაჭიმული გაზის მილები,
ათასჯერ ვჭრიდით დედამიწას მთელი ძალებით
მიწას, შენ მიერ უნაკლოდ და ერთხელ გაზომილს...

აი ასეა, ეს ამბავი ასე დაიწყო
და დასასრულიც, (საწყისივით) შენს ხელში არის...

ცამ ცისარტყელით ჩამოიხრჩო თავი და წყალიც
მზეს ჩასაქრობად გადაასხეს მუცელზე... ჩქარი
ნაბიჯით მიდის ჩვენი გზები უმისამართოდ
ან უფრო ზუსტად არსაითკენ არ მიდის გზები
და ასე ჩუმი, შიშნარევი, უმი სამართლის
აღსრულებაა ჩვენი ბედი... ვერც გავექცევით...

ელი, გეძახით! ჩამოხსენი ჩვენს შორის ფარდა
როგორც ბავშვები გეხვეწებით: გვეყო წვალება!
ჩვენი სიცოცხლე არაფერი არ იყო გარდა
მზადება ისევ საუკუნოდ გარდაცვალების...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები