– დამეხმარეთ, გთხოვთ, მშია. – ეს მე ვარ, გესმით ჩემი ხმა, ხომ ? ოხ, არც თქვენ ? უჩინარი იცით რატომ ვარ? იმიტომ, რომ ღატაკი ვარ, უფრო კონკრეტულად კი მათხოვარი, რომელიც ყარს. ეს ბოლო პერიოდი ჩემი სიმყრალე აღარ მადარდებს, აი შიმშილს კი ვერაფერი მოვუხერხე. კი მსმენია, თუ გტკივა, ესეიგი ცოცხალი ხარო, თუ რაღაც ესეთი, მაგრამ რათ მინდა სიცოცხლე, რომელიც ტანჯვას ჰგავს? ჰგავს კი არა, არის! ტანჯვა–მეთქი გეუბნებით, რადგან არ ვკვდები და როგორც ქრისტიანი, თავსაც ვერ ვიკლავ, სამაგიეროდ ამაზე ბევრს ვფიქრობ. ალბათ მიხვდებოდით, რომ წარმოსახვის საშუალებით უკვე რვაათასჯერ მოვკვდი. მოვკვდი, ხანაც ასფალტზე დახეთქებით, ხანაც ზღვის აბობოქრებული ტალღების მეშვეობით. მგონი ერთხელ იყო მომკლეს და ამან, ჭამაზე დიდი სიამოვნება მომანიჭა. ყოველი ფიქრის შემდეგ, აზრზე მოვდივარ და ვაანალიზებ, რომ მე ისევ აქ ვარ და მშია. არამგონია იცოდეთ რას ნიშნავს სიღატაკე. არამგონია იცოდეთ როგორი შემაძრწუნებელიცაა სამყარო სრულყოფილად შავ ფერში. მორჩა, ამით დავამთავრებ, არ მინდა წუწუნა ადამიანის შთაბეჭდილება დაგიტოვოთ. მე უფრო ვცდილობ, გამიცნოთ და გაიცნოთ ჩემი ამაღელვებელი გრძნობები, რომელიც ჩემსავით არ არსებობს. ამ უკანასკნელი სიტყვების გაგონებისას, ეჭვი მაქვს დაიბნეოდით, მაგრამ მე უკვე გითხარით საიდანაც მაქვს ეს შთამბეჭდავი უნარი, არ არსებობა. კიდევ არიან ჩემნაირი უნარის პატრონები, და თუ უხეშად არ გამომივა, გეტყვით, ისინი, შეუხედავი მელანქოლიკები უნდა იყვნენ. ასეა, უცხო თვალები კი გვხედავენ, მაგრამ სხვათა გონება ვეღარ აუდის ჩვენს ჩვეულებრივობას და გვაიგნორებს. ჩვენ, სხვა ხალხის გონებაში, არასასიამოვნო მოგონებებივით ვართ და გარეცნობიერი, უმალვე გვათავსებს ქვეცნობიერში, სადაც, მოგეხსენებათ კარგი არაფერია. როგორც მშივრების უმრავლესობამ, მეც ვაგზლის მეტროს წინ დგომა ვარჩიე, რადგან აქ ყოველდღიურად ათასობით ადამიანი დადის, ზოგი კეთილი, ზოგიც კი უბრალოდ ადამიანი, რომლის გონებაც ჩვენს არსებობას უარყოფს. ვფიქრობ, რომ ამასობაში ადამიანები კარგად შევისწავლე. ხურდას ის თუ გამომიწოდებს, ვისაც არ ეზარება ჯიბეში ხელის ჩაყოფა. არ ვარ მე უსამართლო კაცი, ხოდა გეტყვით, ჩვენს ქალაქში ყველა ზარმაცი არ არის, ანუ ზოგს ფული მართლაც არ აქვს, ზოგსაც აქვს, მაგრამ არა იმდენი, რომ ვინმე საწყალ მათხოვარს რამდენიმე მონეტა გაუნაწილოს. ყველაზე მეტად ეს მეძავები მწყალობენ, რომლებიც მეტროს შესასვლელიდან, ასე, თხუთმეტ–ოც მეტრში დგანან. თავიანთი გაჭირვებიათ, მაგრამ კარგ დღეებში, როცა თვითონ ჭამენ, მეც და რამდენიმე სხვა მათხოვარსაც გვეპატიჟებიან ხოლმე. დამიჯერეთ, ლუკმა ყელში მეჩხირება მათი გზებით ნაშოვნი ფულით რომ ვჭამ. ჭამისას იესოს ვევედრები ხოლმე, რომ მეც მომცეს იმდენი, რამდენიც ამ კეთილი ხალხის პატივისცემისთვისაა საჭირო. დღეები ყოფილა, როცა ჩემი ნაშოვნი ფულის სხვისთვის განაწილება შემძლებია, მაგრამ პირუტყვივით დავხამებულვარ და ხიდის ქვეშ, მარტოს მიჭამია ორი ფუნთუშა. როგორ მოგატყუოთ და გითხრათ, ამის გამო ღამე აღარ ჩამძინებია–მეთქი, მაგრამ ნამუსს კი შევუწუხებივარ, ოღონდ არა იმდენად, რომ სხვა დროსაც იგივე არ გამემეორებინოს. ვინ იცის, იქნებ ჩემსავით სხვასაც გაუკეთებია? ხო, რა გასაკვირია ეს მშიერი ადამიანის მხრიდან? ან იქნებ, მშიერი–მეთქი ვამბობ, რადგან თავი ვიმართლო და გონებაში გაიელვოს იმ აზრმა, რომ მეც ადამიანი ვარ? ჩემო მეგობრებო, ჩემი აზრები სულ ასე ირევა და საბოლოოდ ბადებენ კითხვებს, რომლის პასუხებიც ჯერ არ წარმოთქმულა. მოკლედ, მეგობრებო, აქ ვდგავარ და... – დამეხმარეთ, კეთილო ხალხო. – ვამბობ მე, რა თქმა უნდა დაზეპირებული სიტყვებით. ეს სიტყვები გულიდან არ მოდის, უბრალოდ სხვა ღატაკს ვბაძავ, მაგრამ ის, ჩემგან განსხვავებით იმდენს მაინც შოულობს, რომ დღის ბოლოს დანაყრდეს. თორემ მე სულ არ ვფიქრობ, რომ ხალხი კეთილია. ალბათ რომელიმე ოპტიმისტი პესიმისტად შემრაცხავს, რადგან არ იცის, რომ რეალისტი ვარ. ხოდა მას ვკითხავ ამას, თუ ხალხი კეთილია, მაშ, რატომ არსებობს ღატაკი? ნუთუ ეს არის სიკეთე? მითხრას ვინმემ, თუნდ იდიოტმა, რომ ფიქრის საშუალება მომცეს, თუ ადამიანთა მოდგმა არის სიკეთის განსახიერება, მაშ მე რატომ მელანდება სამყარო ასეთ სასტიკად? თუმცა სამყაროს რას ვერჩი, როცა ადამიანებზე ვსაუბრობ. მაგრამ გულის სიღრმეში, მე მაინც მჯერა ადამიანის დიდებული ბუნების. ბარდიულზე მჯდომი, ისევ საცხობს შევსცქერი, სადაც უგემრიელესი ხაჭაპური ცხვება და თან ხელი მაქვს გაშვერილი, იქნებ ვინმე კეთილმა ორლარიანი ჩამიგდოს. ისე, დარწმუნებული არ ვარ, რომ ამ საცხობში უგემრიელესი ხაჭაპური ცხვება, უბრალოდ, ასე მგონია, რომ მშიერ კაცს ნებისმიერი საჭმელი განსაკუთრებულად ეჩვენება. გამყიდველს რომ ვუთხრა, ერთი ხაჭაპური მომეცი–მეთქი, დარწმუნებული ვარ უარით გამომისტუმრებს, თორემ დღეს, რიდით, არ მერიდება. ოხ, ჯანდაბაშიც წასულა თავისი საცხობით ეს მსუქანი ქალი, რომელსაც მშივრები საერთოდ არ ებრალება. არადა როგორი მადისაღმძვრელი სუნი მცემს... სურნელი ჩემთვის ტანჯვაა და ამავდროულად სტიმულიც, რომ ფული ვიშოვო. მტანჯველი–მეთქი ვამბობ, რადგან ფულს ვერ ვშოულობ. არადა როგორ მომენატრა მდნარი ყველის გემო, რომელსაც ოდნავი სიმლაშე დაჰკრავს. ჩემი თვალით მაქვს ნანახი როგორ ამზადებენ ხაჭაპურებს. ცომში, არც ისე ბევრ ყველს ათავსებენ და მაცივარში დებენ, ასე ოთხი–ხუთი საათი. შემდეგ კვერცხ ნარევ წყალს უსვამენ და ღუმელში ათავსებენ ათი–თხუთმეტი წუთის მანძილზე. ეს კვერცხ ნარევი წყალი ხაჭაპურს, არაჩვეულებრივ გემოს აძლევს. ბოლოს, როცა ხაჭაპური გათბება, ვიტრინაში თავსებენ ხოლმე და ჩვენ, ამის ყურებით ვტკბებით. მაღაზიას ყველაზე მეტი კლიენტი ორშაბათობით ჰყავს. მე ამ ყველაფერს, ხაჭაპურების ცხობას გაყიდვას ისე ვუყურებ, თითქოს ჩემს წინ, და ვინჩის, ან დალის ნახატი იდოს. ბევრი ვერ უმკლავდება იმერულ ხაჭაპურს, მსუყედ ეჩვენებათ, და ბოლო ლუკმას ნაგავში მოისვრიან ხოლმე. შემდეგ მათხოვრებს შორის იწყება კონკურენცია, თუ რომელი ჩვენგანი ჩაძვრება ნაგვის ბუნკერში პირველი. მიუხედავად იმისა, რომ სხვა მშივრებთან შედარებით ახალგაზრდა ვარ, მაინც მასწრებენ ხოლმე. მერე მათ შევსცქერი, როგორ შეექცევიან სხვა ადამიანისთვის განკუთვნილ უკანასკნელ ლუკმას. – ეს არც ისეთი იოლია. გივი ძიას გასაყიდ წიგნებს ყოველვის დიდი სიამოვნებით ვათვალიერებ. ყველაზე მეტად კარდონზე დაწერილი სიტყვები მომწონს: წიგნები ერთ ლარად! მიუხედავად ამ დიდი და მისაღები ფაზდაკლებისა, კლიენტები მაინც არ ჰყავს. ხანდახან იხუმრებს ხოლმე, აფსუს, შენ ფული გქონდეს და ყველა წიგნს წაიღებდიო. – გივი ძია ცდება. პირველ რიგში, ადოლფ ჰიტლერის „ჩემი ბრძოლა“ – ს წავიკითხავდი. უკვე კარგა ხიანია მაინტერესებს, თუ რით იმართლებს თავს ჰიტლერი. ან, იქნებ წიგნი სულ სხვა რამეზეა? მოკლედ, საინტერესოა ბოროტი ადამიანის პოზიცია. ხო, ეს წიგნი არც გივი ძიას არ აქვს წაკითხული, არადა რომ შეხედოთ გეგონებათ ლიტერატურაში საუკეთესოდ ერკვევაო, მაგრამ არა, მან არაფერი იცის დოსტოევსკის გარდა. ასე მითხრა, ქრისტიანი ვარ, მაშასადამე დოსტოევსკი მომწონსო. ერთადერთხელ მაჩუქა ახალი აღთქმა და კითხვისას მივხვდი, რომ უკვე წაკითხული მქონდა, ოღონდ სად და როდის, რა თქმა უნდა ვერ გავიხსენე. მე კი მიფიქრია ჩემთვის საინტერესო წიგნის კითხვა, მაგრამ მალევე დაუძლევივარ შიმშილს. ეჰ, არც გივი ძიამ არ იცის რას ნიშნავს იყო მშიერი... ან, იქნებ იცის და სსწორედ ამიტომ ყიდის წიგნებს? იმ ბიჭებისგან განსხვავებით, საათებს იაფად რომ ყიდიან, მე არასდროს მომიპარავს, სამაგიეროდ ფულს შოულობენ. მაგრამ ხატების გამყიდველებს ვერაფერი გავუგე. მთელი დღე ზიან და ვერაფერს შოულობენ. ნუთუ დღემდე ვერ მიხვდნენ, რომ ხალხს ხატები აღარ სჭირდებათ? ისე, ხატი არც მე მაქვს და არც მჭირდება, ქრისტე ხომ ჩემშია, ხოდა რაღად მინდა, ვითომ ღმერთთან დამაკავშირებელი სურათი? მაგრამ გამყიდველები არა ქრისტეზე, არამედ ფულზე ფიქრობენ. კიდევ... კიდევ ჭორაობენ, რომ მალე გაიყვანონ ერთი მტანჯველი დღე, ამასობაში კი ავიწყდებათ , რომ მეორე და მესამე დღე, წინაა. მათვის ფული არასდროს მითხოვია, ან რა ნამუსით უნდა მეთხოვა? მათ ხატების გვერდზე უდევთ იაფასიანი, რაღაც თინეიჯერული სუვერინები. იცით ეს რას ნიშნავს? იმედს. ხანდახან, თუ დათრგუნული არ ვარ, ხიდის კიბეებზე ჩამოვჯდები ხოლმე და ხალხს ვუყურებ. ასობით ადამიანის ყურებისას, ერთი, ლოგიკური კითხვა მიჩნდება, თუ რატომ ვარ მე ასეთი უბედური. არ შეიძლება მეც იმ ხალხის ნაწილი ვიყო, რომლებიც არ აფასებენ იმას, რაც აქვთ?მინდა ვიყო კაცი, რომელიც თავის ცოლთან ერთად ტანსაცმელს ათვალიერებს. მინდა ვიყო ბიჭი, რომელსაც სკოლიდან სახლში მისულს, ცხელი კერძი დახვდება. მინდა ვიყო იმ ადამიანებიდან ერთ–ერთი, ვისაც კი ახლა ვუყურებ. მომწონს ჩემნაირ ახალგგაზრდა წყვილებს რომ ვუყურებ, ისინი ისეთი ბედნიერები არიან... არ მახსოვს, ალბათ ოდესღაც მეც მყავდა შეყვარებული, მაგრამ უეჭველი ვიცი, არ მიყვარდა, თორემ ახლა მემახსოვრებოდა. ხიდთან ახლოს სასმელების მაღაზიაა, სადაც ყოველდღე შევდივარ წყლის დასალევად იმის იმედათ, რომ გამყიდველმა რომელიმე ტკბილი ლიმონათი შემომთავაზოს. უკვე თვეებია, რაც წყლის მეტი არაფერი დამილევია. არადა რა გემრიელად გამოიყურება მსხლის ლიმონათი. კარგად მახსოვს, გაზიანი სასმელი ცრემლდენას იწვევდა. ეს ერთდროულად სასიამოვნოც იყო და შემაწუხებელიც. მაგრამ, რაც არ უნდა ყოფილიყო, ლალი დეიდა იმდენად კეთილი არ არის, რომ ეს გრძნობა, რომელიც ასე მახსოვს, კიდევ განმაცდევინოს. ასეთია ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღე, არაფერს ვაკეთებ ფიქრისა და მათხოვრობის გარდა. ბოლოს კი აქ ჩამოვჯდები ხოლმე, სავაჭრო ცენტრის წინ, სკვერში, ამ მორყეულ სკამზე. ასეა თუ ისე, აქაურობა მომწონს. თუ ძალიან შევეცდები, მანქანების ხმაურს ვაქრობ და ვუყურებ მხოლოდ ხეებს. წარმოვიდგენ ხოლმე, რომ სადღაც ყრუ ადგილში ვარ მშვიდად და უდარდელად. ალბათ დაგაინტერესათ, თუ როგორ დავიბადე. აქ დავიბადე. ერთ მოღრუბლულ დღეს, თვალები გავახილე, წამოვდექი და ჩემს გარშემო მყოფთ ვკითხე, თუ რა მოხდა. მითხრეს, ბარდიულს თავი დაარტყი და გაითიშეო. ანუ ამნეზია რა. ამდენი წელი გავიდა და მაინც ვერაფერს ვიხსენებ, გარდა იმისა, რომ ელექტრონული ემბიენტი მიყვარს. ისე, ჩემი სახელი ვერ გავიხსენე და ეს, არც თუ ისე მარტივად დასამახსოვრებელი მუსიკის მიმდინარეობა, კი. როცა დავიბადე თვამეტი წლის ვიყავი, ახლა კი ოცდასამის. მუშაობას ვერ ვიწყებ, არავის უნდა ჩემნაირი მყრალი ადამიანი საქმეში და თან მარცხენა ხელზე სამი თითი მაკლია, თუ რატომ, ცხადია არ ვიცი, მე უფრო მგონია, ასეთი დავიბადე. მაგრამ როცა იქნება რაღაც გამოჩნდება და ვისწავლი ჩვეულებრივი ცხოვრების სტილს. აქ ბექას ველოდები. მას ყოველ საღამოს აქ ვუცდი, თითქოს ეს იყოს ჩემი ცხოვრებისეული ვალდებულება. ბექა არაფრით გამორჩეული ჩვეულებრივი ბიჭია და ეს, მხოლოდ ერთი შეხედვით, თორემ მასთან დაახლოებისას, უმალვე მიხვდებით, რომ რაღაც რიგზე ვერ არის, ანუ, უცნაურია რა. უცნაურია–მეთქი ვამბობ, რადგან აშკარად გრძნობს რაღაც არაამქვეყნიურს და ამას თვითონაც ამბობს. ყოველთვის სასიამოვნოა მასთან საუბარი.. მელანქოლიკი ვარო ხანდახან ამოიჩემებს, მაგრამ თავს დავდებ მოსაჭრელად, რომ ცდება. ის უფრო, ასე მგონია, შეშლილია, ვიდრე სხვა რამ. ისე, თავის სიგიჟეს ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად უარყოფს, ხოდა სწორედ ამიტომაა გიჟი. ან, კაცი, რომელიც ამბობს, რაღაც არაამქვეყნიურს ვგრძნობო, როგორ არ უნდა იყოს გიჟი? მაგრამ თავის ნამდვილ სახეს მხოლოდ ჩემთან ავლენს. სხვის თვალში, მგონი მართლა ჩვეულებრივი ადამიანია. ხო, და კიდევ, ჩემთვის რაც მთავარია, ისიც ელექტრონულ ემბიენტს უსმენს. მოკლედ, ჩვენს შორის ბევრი განსხვავება არ არის. ამის გამო თავს კარგად ვგრძნობთ. სასიამოვნოა, როცა ყოველდღიურად საუბრობ იმ ადამიანთან, რომელიც გგავს. მაგრამ როგორც ის ირწმუნება, ეს მას უფრო ახარებს. ამას დიდი მნიშვნელობა არც აქვს, მთავარია ვარსებობ და არსებობს. იშვიათად, თუ კარგ განწყობაზეა, ჩემთვის საჭმელი მოაქვს ხოლმე. ჩემი ყოველდღიურობის შესახებ ბევრი რომ იცოდეს, საჭმელს დღეში ორჯერ მომიტანდა და ეს, მინიმუმ. ხო, ჩემს შიმშილზე ბევრი არაფერი იცის, ამაზე არ ვსაუბრობთ, ან რა სასაუბრო ეს არის. ჩვენ უფრო შთამბეჭდავ თემებს ვეხებით, როგორიცაა, მაგალითად თეოლოგია და მეცნიერება, მაგრამ ამ უკანასკნელზე ბევრი არაფერი ვიცით, თუმცა ვაფასებთ. მოკლედ, ეს არის ჩვენი ინტერესის სფერო. ყოვლისმცოდნეებივით ვმსჯელობთ საღამოობით, როცა ჩვენს საქმეებს ვამთავრებთ. ჰო, კინაღამ დამავიწყდა, ბექა არ არსებობს, ეს მნიშვნელოვანი ფაქტია. ის, ჩემი ჰალუცინაციაა. არა, არ ვარ გიჟი, მე უფრო სხვა რაღაც მტანჯავს. უბრალოდ, მგონი ყველა ვქმნით ჩვენთვის სასურველ პიროვნებებს, განსაკუთრებით კი მარტოსულები. ამაში არაფერია გიჟური, პირიქით, ამაზე ნორმალური, ჯერ არაფერი გამიგია. თუ ვინმე, არარსებულ პიროვნებას მაინც არ ვუყურებთ, მაშინ, მინიმუმ ჩვენ თავებს მაინც ველაპარაკებით, ხოდა სწორად ამას მივყავართ პიროვნების შექმნამდე. – როგორი დღე გქონდა? – მეკითხება ბექა. – საშინელი, შენ? – საშინელი. ეს ტრადიციული კითხვა პასუხია. მგონი გულწრფელად არც გვაინტერესებს ერთმანეთის განწყობა. „როგორი დღე გქონდა?“ – ეს უფრო საუბრის წამოწყების ყველაზე მარტივი გზა მგონია. – დღეს ეკლესიის ეზოში შევედი. – მეუბნება ბექა. – ისევ ისე ვიყავი, არაფრისგან ტანჯული, თითქოს ეშმაკეული ვიყოო, ხოდა, ლოგიკურია, რომ ეკლესიის ეზოში შევედი, მაგრამ ამან ვერ მიშველა. მერე კი ვიფიქრე, ეკლესიაში შევალ–მეთქი, მაგრამ შევშინდი. ხოდა ავტობუსში ვფიქრობდი, მართლა ეშმაკეული ხომ არ ვარ–მეთქი. ალბათ ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ სხვა ვარიანტები არ არსებობს. გიჟი ნამდვილად არ ვარ და ამის დადასტურება ბევრს შეუძლია. მე უფრო მგონია, მძიმე სულიერი დეპრესია უნდა მტანჯავდეს, მაგრამ რა არის ამის საწყისი, წარმოდგენა არ მაქვს. კიდევ ერთია, არსებობა არ მომწონს. ერთადერთი ოცნებაღა მრჩება, მინდა, რომ აღარ ვიარსებო. კარგად გამიგე, არ არსებობაში სიკვდილს არ ვგულისხმობ. – ლაპარაკობს ნელა და ჩუმად, რაც მისი მხრიდან ნამდვილად უჩვეულოა. – მეუბნებიან, ასაკობრივია, ვინმე შეგიყვარდება და მდგომარეობიდან გამოხვალო, მაგრამ რაღა ასაკობრივი, უკვე თინეიჯერიც კი აღარ მქვია. სიყვარულით კი, მომკალი და არავინ მიყვარდება. სულ რომ ხორცშესხმული ანგელოზი მომიყვანო, ან ზღაპრული სირინოზის მქონე სილამაზის გოგო, ისე შევხედავ, როგორც ყველას და ცხადია, რომც ვისურვო, ვერ შევიყვარებ. არადა, კი მინდა ამ გრძნობას გემო გავუსინჯო, რაღაც მადისაღმძვრელად გამოიყურება. ვინ იცის, იქნებ მართლაც ეს სიყვარული მჭირდება, რომ ვიგრძნო ეს ნანატრი მოსვენება. არც კი ვიცი რა მინდა. არც კი ვიცი, თუ რითი შეიძლება ამ გაუსაძლისი დეპრესიის დაძლევა. ხოდა აქ მოვედი და იქნებ შენ იცოდე პასუხი, ან რჩევა მაინც მოგეცა. – იმედი უნდა გაგიცრუო, მეგობარო. – არც შენ იცი ჩემი წამალი? – მეკითხება ბექა და იმედიანი თვალებით შემომცქერის. – ან იქნებ უღმერთობამ გიქნა ეს? – უღმერთო არ ვარ, მე ხომ ღმერთს ყოველდღიურად ვეძებ? უფრო მეტიც, მას ვგრძნობ. – მე მაინც გეტყვი, რომ ხსნა, ქრისტეშია და ის აუცილებლად ამოგათრევს ამ წუმპედან. – მერე აქამდე რას ელოდება? – ალბათ შენ გელოდება, გელოდება, თუ როდის მიიღებ მას. – ლოგიკა არ მაძლევს იმის უფლებას, რომ დაგიჯერო. – დარწმუნებული ხარ, რომ ახლა ნამდვილად ლოგიკა იგულისხმე? იქნებ გეშლება? დაფიქრებულიყავი. მარტოც იმიტომ ხარ, ღმერთს ადამიანის ნაბოდვარი რომ არჩიე. – რა გინდა, თავიდან აგიხსნა და დაგიმტკიცო, რომ ღმერთი არ არსებობს? – მე გითხარი, რომ ღმერთი არსებობს? – რა, არა? – გამეცი პასუხი, ბექა. – ხო, აბა რას ამბობდი? – მიპასუხე, როცა ქრისტესი გწამდა, განა მაშინ გტანჯავდა ის, რაც ახლა? – ეს მის არსებობას ამტკიცებს? – ახლა მიპასუხე, რომელი გირჩევნია, იყო ბრმა და ბედნიერი, თუ კარგი მხედველობის მქონე და უბედური? ისეთი უბედური, როგორიც ახლა ხარ. – რა თქმა უნდა სიბრმავე, ოღონდ ბედნიერი ვიყო, მაგრამ არამგონია ეს შესაძლებელი იყოს. – მერე, ჯანდაბა სიმართლეს, დაიჯერე ის, რაც შენი ბედნიერებისთვისაა საჭირო. საიდუმლოებებს მეცნიერება აუცილებლად ამოხსნის, შენ ვერაფერში დაეხმარებით მათ. – შენ რა, იმას იჯერებ რაც მოგესურვება? – კი, თუ ამაზე ვიმუშავებ. სიგარეტს ღრმა ნაფაზებს ვურტყამთ და სკვერიდან, ტრასას ვუყურებთ. ესეც ტრადიციათ ქცეული ჩვევაა, მდუმარება და სიგარეტის მოწევა. ხანდახან ვფიქრობ, რომ საუბარს მდუმარება ჯობია. ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ მაინც ვიტყვი, მე და ბექას მდუმარების სიღრმით საუბარი შეგვიძლია, თითქოს მონათესავე სულები ვიყოთო. ამავდროულად, ხშირად ვერ ვთანხმდებით, ნუ ცოტა რთულია თეისტის და ათეისტის მეგობრობა. რთულია–მეთქი ვამბობ, რადგან ორივეს გაფანატებულად გვწამს, ან არ გვწამს. მე ამას ვიაზრებ, მაშასადამე ვარ ჭკვიანი. ამას ბექაც იაზრებს, გამოუსწორებელი პესიმისტი... თუმცა პესიმისტი–მეთქი რომ ვთქვი, მისი მდგომარეობა არ აღმინიშნავს. – ხანდახან მგონია, რომ – მეუბნება – შენ ხარ ჩემი ტაძარი, რადგან მხოლოდ შენთან თუ ვგრძნობ მოსვენებას. – შენთან ყოფნისას, მეც მავიწყდება ჩემი ვინაობა, შესაბამისად თავს მეც უკეთ ვგრძნობ ხოლმე. – რეინკარნაციაზე რას ფიქრობ? – იმას, რომ მე და შენ წინა ცხოვრებაში ვმეგობრობდით. – ან უბრალოდ ერთი პიროვნება ვიყავით, ერთი შეშლილი პიროვნება. და მაშინ, უძველეს დროში, შენ გერქვა მე, ისევე როგორც მე. – სიგარეტის ნამწვს ფეხით სრისავს და განაგრძობს. – სავარაუდოდ, სხვა სამყაროში ვცხოვრობდით, პლანეტაზე, სადაც არ არსებობს საიდუმლოებები. – და სადაც არ არსებობს გაჭირვება. – მე გაჭირვების გემო არ ვიცი. – მე კი მძიმე სულიერი დეპრესიის. გაჭირვება, შავ–თეთრი ფერისაა. – მძიმე სულიერი დეპრესია კი მეცამეტე ფერის მსგავსია. – ა, მსგავსი? – ხო, რაღაც ეგეთი. – განაგრძობს უჩვეულო სიმშვიდით. – ხანდახან ეჭვი მეპარება, რომ მართლაც ვარსებობ. ო, ღმერთო, ნეტავი ვერ მიხვდეს, რომ ჰალუცინაციაა. ასე ხომ ყველაფერს აზრი დაეკარგება. ნეტავი რას ნიშნავს მისი ეს ეჭვი? გაქრობას ხომ არ აპირებს? კი მაგრამ, ღმერთი ასე გამწირავს? მის გარეშე, ასეთ მშვიდ საღამოებს, ხომ დავკარგავ, არა? განა შევძლებ ამის გადატანას? განა დავამარცხებ, გაჭირვებასთან ერთად, მარტოობას? – ეს ალბათ იმის ბრალია, რომ სამყაროს არარეალურად აღიქვამ. – ვეუბნები მე. – შენ? – რა მე? – შენ სამყაროს რეალურად აღიქვამ? – არ ვიცი... მგონი კი. – ესეიგი სამყაროსი არ გეშინია? არ გაშინებს უკიდეგანო სივრცე? არ მოგესმის შორეული ხმები? – არა, რა თქმა უნდა. – მაშინ ბედნიერი უნდა იყო. – ნამდვილად. მე რომ ღატაკი არ ვიყო, დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნებოდი. – უსამართლობაა, ღატაკი რომ ხარ. – ყველაზე დიდი უსამართლობა, რაც კი ოდესმე მინახავს, ან გამოგიონია. ასე ვფიქრობ იმიტომ, რომ ვაფასებ ყველაფერს, რაც მაქვს. – ჩემგან განსხვავებით... – არ მესმის შენი. – მერე რა, რომ ჩემი პირადი სივრცე მაქვს? განა, მე ეს მჭირდება? ვცდილობ დავაფასო ის, რაც მაქვს, მაგრამ მომკალი და არ გამომდის. მომკალი და არ მჭირდება ჩემი პირადი სივრცე. რა თქმა უნდა დავთმობდი ყველაფერს რაც მაქვს, თუ მე ეს გამაბედნიერებდა. მაგრამ, ცხადია შენიც მესმის. მგონი ასეა, ჯერ გაჭირვება უნდა ნახო, თუ ნამდვილი მოსვენების გემო გაინტერესებს. მოკლედ, სრული გაუგებრობა სუფევს ამ პლანეტაზე. – სრული გაუგებრობა ჩვენში. – ვეუბნები. – იმ გოგოზე ისევ ფიქრობ? – ცხადია, ისევ ვფიქრობ. ღმერთმანი, ნუთუ თქვენთვის ქეთიზე არაფერი მომიყოლია? მოკლედ, სათვალეებს ყიდის და თუ არ ვცდები, მიყვარს. მსგავსი სილამაზის მქონე გოგო, გეფიცებით არასდროს მინახავს. რა თქმა უნდა ის ვერასდროს მამჩნევს, მე ხომ უჩინარი ვარ. გულწრფელად გეუბნებით, ეს არ მწყინს, პირიქით, მახარებს. არ მინდა ჩემნაირი მოუწესრიგებელი ტიპი მისთვის შესამჩნევი იყოს. რომ შემომხედოს ალბათ მიწის გახლეჩვას ვინატრებ და რა თქმა უნდა, მიწა არ გაიხლიჩება. ჩემთვის ის იმდენად წმინდაა, რომ თავს ოცნების უფლებას არ ვაძლევ. არ არსებობს ოცნება, სადაც მე და ქეთი ზღვას ვუყურებთ. თუმცა, ერთხელ კი ვიფიქრე ყველაზე ნაკლებად სავარაუდო მომავალზე, სადაც მე ქეთისგან სათვალეს ვყიდულობ. ამ შემთხვევაში მისი ტუჩების ხაზებს დავაკვირდებოდი და მისი არაჩვეულებრივი თვალებით დავტკბებოდი. არაფრით გამორჩეული თვალის ფერი აქვს, ყავისფერი, და სწორად ამიტომაა გამორჩეული. მისი შავი თმების სურნელი, რომელიც წელამდე წვდება, წარმოდგენილი მაქვს. შორიდანაც კარგად ვხედავ მისი თვალის გუგებს, რომელიც სინათლის მომატებისას ვიწროვდება. ეს არადამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ ასეა. – და მისვლას არ აპირებ? – რომ მივიდე რა ვუთხრა? განა ვერ ხვდები, რომ ეს სისულელე იქნებოდა? – მე იმას უფრო მივხვდი, რომ მისი ყურებაა უაზრობა. მაშინ უყურე და იყავი ეგრე. – ყურებით მაინც დავტკბები. – ისე, თითქოს ხელოვნების ნიმუში იყოს? – კი, ზუსტად. მაგრამ შეიძლება გათენდეს დღე, სადაც მე კარგად მეცმევა, აი, მერე კი ნამდვილად მივალ. – აუცილებლად გათენდება ეგ დღე, ეჭვი არ შეგეპაროს. მგონი, ერთ დღესაც მოისვენებს ყველა ის, ვინც კი გადაიღალა. – აი, შენც ოპტიმისტი ყოფილხარ. – ხანდახან კი, როცა ეს საჭიროა. – მეუბნება ბექა და თავის ჩვეულ ხმის ტემბრს უბრუნდება. – სამწუხაროა შენ რომ არ გყავს ვინმე, ეს მცირეოდენ სტიმულს მაინც მოგცემდა. – ჰო, სამწუხაროა, მაგრამ არ ვნებდები და მარტო ცხოვრებას ვსწავლობ. – მგონი მარტოობა აგიჟებს. – ხო, გაგიჟებაზე გამახსენდა, ხვალ ფსიქიატრთან მივდივარ. – აბა, შენ არ ამბობ გიჟი არ ვარო? – ხოდა მაგიტომაც, თავს ვიზღვევ რა. ხომ გაგიგია, გიჟი თავის თავს ნორმალურად თვლისო. – ნუ, თუ გინდა სცადო, სცადე. მე უფრო მგონია, რომ ფსიქოლოგი გჭირდება. – მაგის დროც მოვა მეგობარო, როცა ფსიქიატრიდან ნევროლოგთან წავალ. ხოდა თუ ნევროლოგიც ამოიჩემებს, რომ არაფერი მჭირს, რასაკვირველია ფსიქოლოგთან მივალ. მე უფრო იმის მეშინია, რომ ვერცერთი ადამიანი ამოხსნის ჩემს მდგომარეობას. – კარგი ახლა, ასეთი განსაკუთრებულიც ნუ გეგონება შენი თავი. – ჩემი მდგომარეობა, მეგობარო, ენით უთქმელია. რომც გამოჩნდეს ჩემი მშველელი და მითხრას, მითხარი რა გჭირს და გიშველიო, დავმუნჯდები. არადა რაღაც განსაკუთრებული მჭირს. მე მესმის სამყაროსი, მაშასადამე მესმის ელექტრონული ემბიენტისაც. როცა ფიქრობ და ამასთან გესმის უსასრულო სივრცის ხმაური, გიჟდები, ამას კი ხან ხვდები, ხანაც ვერა. – ჩამოყალიბდი, გიჟი ხარ თუ არა? – გიჟი ვარ თუ არა? – მე მგონია, რომ უბრალოდ გრძნობები გაქვს გაღვივებული, ესაა და ეს. – ვეუბნები და სიგარეტს ვუკიდებ. – რა არის სიგიჟე, თუ არა დაჩლუნგებული და გაღვივებული გრძნობები? ხოდა, სხვებს რომ ვუყურებ, მგონია, რომ გიჟი ვარ, რადგან ისინი ბედნიერები არიან, მე კი არა. ამის აღიარებას ყოველთვის ვერიდები. – ანუ ფიქრობ, რომ გიჟი ხარ! – ანუ შესაძლოა გიჟი ვარ. ამას არ გამოვრიცხავ. თუმცა არ ვგავარ გიჯებს, ხოდა ეს არის პარადოქსი, არც ნორმალურებს ვგავარ რამით. მე უბრალოდ მოსვენება მინდა, მხოლოდ ესღა მიელავს თავში. როცა ჩემი სული შედარებით მსუბუქი გახდება, გაზაფხულზე, წამოვწვები გამწვანებულ მინდორზე. ჩემი სოფლის უკანა ეზოში, ღრმად შევისუნთქავდი დანამული ბალახის სუნს და შევხედავდი კავკასიონის მთებს, რომლის მწვერვალებზეც ისევ იდებოდა თოვლი. – აი, ეს იქნებოდა მოსვენება, მაცოცხლებელი ძალა. – ასე მხატვრულად რატომ? – იმიტომ, რომ ეს მთელი არსებით მსურს. ათეისტი ვარ–მეთქი, გეუბნები, მაგრამ განსაცდელის ჟამს მეც კი ვევედრები იესოს, რომ დროზე გადამარჩინოს და მომაშოროს ერთხელ და სამუდამოდ ეს ტანჯვა, რომელმაც უხსოვარი დროიდან შემიპყრო. – არ ყოფილხარ შენ ათეისტი. – ვარ. – დახმარებას იესოს ვთხოვო, მეუბნები და ამასთან იმასაც ამტკიცებ, რომ ათეისტი ხარ? – ხო, ყოველი შემთხვევისთვის, იქნებ მართლაც ღმერთია? თუ ღმერთი არსებობს, ნეტავი ის იესო იყოს, განა მასზე კარგ მეგობრობას, სხვა ვინმე გამიწევდა? მე გულწრფელობას ვაფასებ, ხოდა გეტყვით, ბექას ამ ფრაზამ, ცოტა მაეჭვიანა, სულ ცოტა. მხარზე ხელს ვადებ და ვეუბნები: – შენ მისი უკვე გჯერა, ჩემო მეგობარო. ახლა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო. შენ ყველაფერი გაქვს რაც გჭირდება. წესით იმდენად უდარდელი ცხოვრება უნდა გქონდეს, რომ ვიფიქრე, უპრობლემობა ხომ არ გტანჯავს–მეთქი. შენ შეგიძლია ყოველ საღამოს შენ ოთახში წამოწვე, შუქი ჩააქრო და ხმა მაღლა უსმინო ელექტრონულ ემბიენტს, რაც უდავოდ გაგაგიჟებს, მაგრამ ეს სიგიჟე არ იქნება შენებური, პირიქით, გესიამოვნება. შენ შეგიძლია გყავდეს მეგობრები, რომლებთანაც ღამეებს გაათევ საუბარში. შენ შეგიძლია დივანზე წამოწოლა და რომელიმე კარგი წიგნის წაკითხვა. ბექა, შენ ღმერთივით ყველაფერი შეგიძლია, მათ შორის, თბილი სახლიდან გარეთ გასვლა და სეირნობა, რათა მელანქოლიური განწყობა უფრო გაიღვივო, როცა კი ეს შენს ხელოვნებას დასჭირდება. შეგიძლია ადგე, ტელევიზორს მიუჯდე და რომელიმე საინტერესო შოუს უყურო. როცა გინდა ჭამ, როცა გინდა სვამ, ჯერ მხოლოდ ამიტომ უნდა იყო ბედნიერი. აღარაფერს ვამბობ ცაზე, რომელიც სურვილისამებრ, შენი სულის ნაწილი გახდებოდა. გიყურებთ და ვხედავ, როგორ გეზიზღებათ ის, რაც გაქვთ. თქვენ, მთლიანი კაცობრიობა გეზიზღებათ. მერე რა, თუ ვიღაცა ვიღაცას მოკლავს, სამაგიეროდ ჩემი თვალით მაქვს ნანახი, თუ როგორ იყოფენ ერთ პატარა ფუნთუშას, სამი მშიერი, განა ამაზე მშვენიერ სანახავს, სადმე სხვაგან გადაეყრები? და რით განსხვავდება კაცი, რომელსაც კაცობრობა სძულს იმ კაცისგან, რომელიც სხვა ადამიანს კლავს? არაფრით, ჩემო მეგობრებო, არაფრით, გარდა იმისა, რომ კაცობრიობის მოძულეს სამოსზე სისხლის ლაქები არ აშრება. კმარა! ჩვენ, ადამიანები დიდებული არსებები ვართ, უბრალოდ ყველაფერს ვართულებთ. ამხელა პლანეტაზე, როგორ შეიძლება, რომ მოიწყინო? ეს... ეს უფრო აზროვნების დაქვეითებას ნიშნავს. შეხედე მთვარეს, მეგობარო, განა მშვენიერი არ არის? – მშვენიერია. – მეუბნება ბექა. – ხვალ მზეს შეხედე, კარგი? – რატომ? – იმიტომ, რომ ისიც მშვენიერია, განსაკუთრებით კი სახლის ფანჯრიდან დანახული. მერე, როცა მზეს შეხედავ, ჩართე ის დაწყევლილი ელექტრონული ემბიენტი და მიხვდები, თუ რამდენად გაგიმართლა. ამას მიხვდები მაშინ, როცა მუსიკის გამო, ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი დაგივლის. პირობას გაძლევ ესე მოხდება, თუ შენს მწუხარებას ერთი წუთით ნებას მისცემ, რომ დაგტოვოს. შენ მოგეწონება მზის სხივები, რომელსაც შენს ოთახში დაინახავ. ეს იქნება მოსვენება, ჩემო მეგობარო. როცა წვიმს და არ სველდები, აი, ეს არის მოსვენება. როცა შეგიძლია პოეზია შეიგრძნო, აი, მაშინ ისვენებ. როცა კვირაში ერთხელ წახვალ მარტო, სადმე სიჩუმეში, ხეებს შორის, აი, მაშინ მოისვენებ. სიმშვიდე შენში ეძიე, ვარსკვლავებს კი ნუ უყურებ. ხოდა დადგება ის დღე, როცა გაქრება ეჭვი, რომ ეშმაკეული ხარ და სამყაროს დაინახავ თვალის მომჭრელად ნათელ ფერებში. ახლა ხომ ვიცი, რამდენიც არ უნდა გელაპარაკო, გაჯიუტდები და არაფერს დამიჯერებ. შენ არ ხარ მართალი, შენ დაკარგული ხარ. შენი ადგილი გჭირდება მეგობარო, რომ შენი აზრები ერთხელდასამუდამოდ დალაგდნენ. ღმერთის იმიტომ არ გწამს, რომ მას სწორად ვერ აღიქვამ. ალბათ ღმერთი, ჩვენი მსგავსი, ხნიერი, დიდ წვერება კაცი გგონია, როგორც ყველას. ეს ასე არ არის, ღმერთი ხარ შენ, ჩემო მეგობარო. შენ ხარ ყოვლისშემძლე. შენ ხარ ის, ვინც გინდა, რომ იყო და სწორად ამიტომ გარქმევ ღმერთს. შენ აკონტროლებ ყველაფერს. თუ მოისურვებ არ არსებობას, ამას ერთი ხელის მოსმით გადაწყვეტ. დაფიქრდი, ყველაფერი შენზეა, როცა მოგინდება იღვიძებ, როცა მოგინდება იძინებ. თუ მოგინდება, სამყაროს შავბნელსაც კი ხდი. ყველაფერი შენს ხელშია. დაე შექმენი ის, რაც მოგესურვება. დღეა, და შენ გინდა, რომ ღამე იყოს? შენც ადექი და შენი სახლი ჩააბნელე. ოცნებად გექცა ქალაქიდან გასვლა? გადი. თუ ქარი ამოვარდება ფანჯრები ჩარაზე და ჭრილიდან გამომავალი ზუზუნი, მუსიკად გარდაქმენი. თუ ექსტრემალური გრიგალი ამოვარდა, სარდაფში ჩადი და იქ დაწერე. თუ თოვლი მოვა, გარეთ გადი და ძირს მკვდარივით გაწექი, სანამ ყინვა, გაუსაძლისი არ გახდება. ზაფხულის საღამოებს, სახურავზე, მდუმარებაში გაატარებ და მოწმენდილ ცაზე, ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს დაითვლი. არავინაა შენი მშველელი, გარდა შენი თავისა. შენ თუ ახლა ჩემს საუბარს იაზრებ, უეჭველად მოისვენებ. და არც ნამდვილი ღმერთია შენი მსგავსი. ღმერთი, არ არის ვინმე ადამიანის შესახედაობის. ის იდუმალებაა, რომლის ამოხსნის სურვილსაც კი შეუძლია მაჩუქოს სიცოცხლის ხალისი. ღმერთი, ეს სამყაროა, შეუცნობელი სამყარო, და შენ გინდა თქვა, რომ ის მშვენიერი არ არის ? მაშ, რატომ უყურებ ღამღამობით მთვარეს? რა მოგწონს მასში, თუ არა სუნთქვისშემკვრელი მშვენიერება? მდუმარედ ყოფნისას რატომ უყურებ ვარსკვლავებს, თუ სამყარო სასტიკია? განა იმ სიჩუმეს, რომელიც გხიბლავს, სამყარო არ გჩუქნის? შენი სასიამოვნო ძილის ბოლო სტადიაც სამყაროს ნაბოძებია, ანუ ღმერთის. დაფიქრდი ბექა, განა ყველა გრძნობს იმას, რასაც შენ? – და მე რას ვგრძნობ? – რაღაც არაამქვეყნიურს, რომელიც დარწმუნებული ვარ მშვენიერია, და ამავდროულად შეუცნობელი. ძილში რომ ხედავ, ასევე ამოუხსნელი გრძნობების გამომწვევ კადრებს, განა ამას ღმერთი არ გჩუქნის? და იცოდე, ღმერთი არის ეს, ენით აუღწერელი სამყარო და არა ვინმე ბერიკაცი, რომელიც ზეციდან გვაკვირდება. არავინ ცდება, ჩემო მეგობარო, არც იუდეველი და არც ქრისტიანი, არც ბუდისტი და არც დეისტი, ისინი ერთ ღმერთს აღიარებენ, – სამყაროს. ამ უკანასკნელს, დასაბამიდან გრძნობს ადამიანი. ბოლოჯერ გეუბნები, როგორ შეიძლება ზღვის ხილვისას მოიწყინო, ან მწუხარება განიცადო?! – აჰა... მგონი მართალი ხარ. – მგონი? ბექა თავს ხრის და დასევდიანებული, ქრება. ყოველთვის ასე იცის, გაუფრთხილებლად ქრება ხოლმე. ან ჩემი ქვეცნობიერი აქრობს, მაგრამ დღეს ცოტა ადრე მოუვიდა. ხო, ნამდვილად, როგორც წესი ხალხზე უნდა გვესაუბრა, მერე კი მდუმარების სიღრმეში, სიგარეტი უნდა მოგვეწია და ტრადიციულად გვეყურებინა – არაფრისთვის. არაფერი, მშვენიერია, იმაზე მშვენიერი, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ხოდა, ასე, არაფრის ყურებაში უნდა გასულიყო რამდენიმე საათი. აი, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაექრო ჩემს ქვეცნობიერს ბექა. მაგრამ არაუშავს, წინ მილიონი საღამოა, სადაც მე და ის, ვსაუბრობთ. ამ საღამოს მდუმარებას მარტო შევხვდები, მარტო მოვწევ სიგარეტს და მარტო... ხო, მარტო... მარტოდმარტო. ნეტავი ჩემმა ქვეცნობიერმა კიდევ დამანახოს არაფრისგან ნატანჯი ბექა, . ხმას არ ამოვიღებდი, უბრალოდ ბოლო ღერს მოვწევდით ერთად. სკამიდან ვდგები და შუაღამის სიჩუმე, მცირედით მაძრწუნებს... არა, ეს უფრო მარტოხელობის შეგრძნებაა, ვიდრე შეძრწუნების, ან რამ განანსხვავა ეს ორი ერთმანეთისგან? არც ეს გზა განსხვავდება გუშინდელი დღისგან, რომელსაც ახლა გავდივარ. ეს არის ტრასა, სადაც მოთმინებით მელოდებიან ნაგვისბუნკერები. ისინი არაფრით განსხვავდებიან ადამიანებისგან... არა, ხალხის შეურაცყოფა არ მიფიქრია, გეფიცებით, უბრალოდ მათაც აქვთ მეტყველების უნარი. მე უფრო ის მაშინებს, გიჟად არ შემრაცხოთ. ან, რას ვამბობ აუხდენელს და დაუჯერებელს? განა ბავშვობაში სათამაშოებთან არ გილაპარაკიათ? მე კი დარწმუნებით გეუბნებით, უეჭველი გისაუბრიათ უსულო საგანთან, თუნდ ხატი ავიღოთ, მორწმუნენო, ხოდა მე გიჟად ნუ შემრაცხავთ. ნაგვისბუნკერები მიყვებიან, აქვთ თუ არა ჩემთვის რამე ვარგისი. კიდევ მიყვებიან, დღის განმავლობაში ადამიანები როგორ იქცეოდნენ. მოკლედ, ჟურნალ–გაზეთების კითხვა არ მჭირდება იმის გასაგებად, თუ რა ხდება ქალაქში, ყველაფერს ნაგვისბუნკერები მიყვებიან, ჩემი ღამის მეგობრები – ასე ვუწოდებ მათ. – ნომერო პირველო, როგორ ხარ? – ვეკითხები ნაგვის ბუნკერს. – ვყარვარ, ვერ ხედავ? – ჩემსავით, არა? – უარესად, უარესად. – ეჰ, მაგაზე არ იდარდო. – ჩემში რას იქექები? – ცუდ ხასიათზე რატომ ხარ? ხო მშვიდობაა? – მშვიდობა... მშვიდობა როდის ყოფილა? მშვიდობა, ჩემო მეგობარო, გადადნობაშია. აი, როცა გადამადნობენ, მაშინ მოვისვენებ. – შენ რა ჩემი პესიმისტი მეგობარივით ლაპარაკობ? – თორე შენ არ იყო პესიმისტი რა. – დღეს ოპტიმისტი ვარ. – ვეუბნები– რას ვიქექები შენში და საჭმელს ვეძებ, თითქოს არ იცოდე. – საჭმელი ეძებე აგერ წინ, გახედე, სუპერმარკეტია. – მოიცა რა, შენი ცუდი ხასიათი არ გადმომდო. – არ მაქვს საჭმელი. ჩემში დღეს ყველამ ნაგვის ნარჩენები ჩაყარა, რომელიც შენ კი არა, ლოკასაც კი არ დააკმაყოფილებს. – ლოკა? ვინ არის ლოკა? – ერთი ქეციანი კნუტია. – ვახ, რა კარგად გამაცინე. მერედა ლოკა რატომ დაარქვი? – სულ მლოკავს და იმიტომ. კარგი, გამეცალე ახლა, დასვენება მინდა. – ანუ შენში საჭმელი არ არის? – არა–მეთქი, ვა. – იცოდე გენდობი. – ვახ, მენდე და იყავი, კაცო. – კარგი, ხვალამდე. იცოდე ხვალაც თუ ასეთი ბოროტი იქნები, ჩემი ხელით გადაგადნობ. – შენ ეგ სიკეთე გააკეთე და მთელი წელი სერაფიმად გადავიქცევი. – მეუბნება პესიმისტი, ამ ცხოვრებაზე დაბოღმილი, საყვარელი ნაგვის ბუნკერი და გზას განვაგრძობ. მარჯვენა ფეხს დღესაც ფრთხილად ვადგამ, რადგან არ მინდა ფეხსაცმელს ძირი გაძვრეს. ღმერთმანი, ეს რომ მოხდეს აღარაფერი მეშველება. ხოდა ამ თითქმის გამოუვალ სიტუაციას, მირჩევნია ნელა ვიარო. თან მარტო ფეხსაცმელზე კი არა, დაცემაზეც ვფიქრობ. ხო, ფეხი რომ რამეს წამოვკრა და დაცემის შედეგად, რომელიმე ფეხი, ან ხელი მოვიტეხო, ხოა დასანანი? მართალია, ხალხი, ფეხ, ან ხელ მოტეხილს რომ მნახავს, მოწყალებას გამოიჩენს, მაგრამ საქმე მხოლოდ ფულში ხომ არ არის, არა? ვერ ავიტან მოტეხილობის მტანჯველ ტკივილის, ხოდა როგორც ჭკვიან ადამიანს შეეფერება, დავდივარ ნელა და ფრთხილად, გულის სიღრმეში კი მაინც ფეხსაცმლის ძირზე ვფიქრობ. ასე უმჯობესია. ასე ფეხი გაყინვას გადამირჩება. ნომერ მეორეს ვესალმები: – აბა, როგორ ხარ? – ამ ღამეს, განსაკუთრებულად მომინდა ვივალდის რომელიმე მუსიკის მოსმენა. ხოდა ვარ ასე, დეპრესიაში. შენ? – რავი... მე თითქოს მელანქოლიურ განწყობაზე ვიყო. ისე ვივალდი მეც კი მომწონს, მაგრამ ჩემ ამნეზიას გადამკიდე, აღარ მახსოვს როდის ვუსმენდი. აბა, მის რომელ მუსიკას მოუსმენდი? – აი, „LA FOLLIA – ს, ძაან მიყვარს. – ჰოო, ეგ კარგი არჩევანია, მაგრამ არამგონია ასეთ განწყობაზე იყო. – ვარ, ვარ. – მერედა გონებაში ჩართე, რატომ არ რთავ? – არ შემიძლია. მოიცა, ადამიანებს შეგიძლიათ გონებაში ჩართოთ ის მუსიკა, რაც მოგეწონებათ? – ნუ, სხვების რა გითხრა, მაგრამ მე შემიძლია, ოღონდ მხოლოდ ელექტრონული ემბიენტის. – ეგ რა არის? – მუსიკის მიმდინარეობა, რომელიც ღმერთის სუნთქვას ჰგავს. – ვაა, მართლა? – კი, არც მეტი, არც ნაკლები. აი კლასიკა ხომ გავს მთლიანი უსასრულო სივრცის ხმაურს?! ეგრე ვამსგავსებ მე ელექტრონულ ემბიენტს ღმერთის, ანუ სამყაროს სუნთქვას. – მოიცა, რაღაცას მატყუებ შენ ახლა. – მაინც რას? – აბა, ღერთის სუნთქვა მონასმენი გაქვს? – ოხ, სიტყვა არ შემარჩინო. ყველაფერი პირდაპირი მნიშვნელობით კი არ უნდა გაიგო. თუ გეტყვი, რომ დღეს ცა, ზღვას ჰგავს, ესეიგი ის მშვენივრად გამოიყურება, ესაა და ეს. შენ ის მითხარი, დღეს როგორი დღე გქონდა? – ჩემთვის კარგი, შენთვის კი ცუდი. – ეგ როგორ გავიგო? – დღეს ჩემში ბევრი ნაგავი არ ჩაუყრიათ. – ანუ შენში საჭმელი არ არის? – სამწუხაროდ არა. – დარწმუნებული ხარ? – სრულებით. ვწუხვარ. მე ის ხალხი უფრო მიყვარს, რომლებიც ღამე დასეირნობენ. ისინი, ამ უსაშველო ღამეს თავს აფარებენ. დადიან თავ ჩახრილი და უყურებენ თავიანთ ფეხსაცმელებს, ხანაც უსახო ასფალტს. ნებით თუ უნებლიედ, თავიანთ სულიერ პრობლემებზე ფიქრობენ. ვგონებ, სული მეტად მოსაფრთხილებელი და საშიში რაღაცაა. საშიში–მეთქი რომ ვამბობ, არ იფიქროთ მოჩვენებას, ან რაიმე მსგავს ვგულისხმობდე. თუმცა ღამით მოსეირნე ადამიანები მოჩვენებებს კი გვანან. ისე უხმოდ მიაბიჯებენ, ხანდახან, უეცრად რომ შევხედავ, გული გახეთქვაზე მაქვს ხოლმე. არადა თვალები აქვთ, გული აგიჩუყდებათ. ეხ, ღამე გამოსულო მარტოსულებო, ნეტავი რას განიცდით ასეთს. რა არ გასვენებთ, რა გტანჯავთ? განა მართლაც ენით უთქმელია თქვენი სულის წამება? ან იმ გოგოს ყოველღამით რა ტანჯავს, ასე ორსული, რომ დაეხეტება ხოლმე? ახლა არ მითხრათ ჯამრთელობის გამოო, თორემ სულ შევიშლები. კარგი, ორსული გოგოს ამ საქციელს მოვუფიქროთ რამე, მაგრამ დასევდიანებულ ბერიკაცს რაღა ვუყოთ? ალბათ ყოველ ღამე სახლიდან გამოდის იმის გამო, რომ ღმერთი იპოვნოს, როგორც იმედი. შეიძლება ვცდები, თანაც მწარედ. ალბათ პრობლემებს ასე გაურბის, სიჩმეში, ხოდა სულიერი ვინმე მათხოვარი თუ გადაეყრება, სხვა არავინ. ასეთია ღამე, უსასტიკესი და ამავდროულად უმშვენიერესი. – როგორ ხარ? – ვეკითხები ნომერ მესამე ნაგვის ბუნკერს. – დღეს, ჩემო მეგობარო, გაგიკვირდება და ცუდ ხასიათზე ვარ. – რატომ? – მთელი დღის განმავლობაში ხალხს ვუყურებდი და მათზე ვფიქრობდი. ხოდა, ცუდ ხასიათზე დავდექი და ცხოვრებაში პირველად გამიხარდა, რომ ნაგვის ბუნკერი ვარ. თურმე მეც ვნიშნავ რაღაცას ამ ხალხის ფონზე. – მერე, ნომერო სამო, რა დაინახე ასეთი ადამიანებში? – კარგი არაფერი ჩემო მეგობარო. ადრე მეგონა, რომ ადამიანები დიდებული არსებები იყვნენ, ხოდა შევმცდარვარ. მეგობარო, ადამიანებში ვერაფერს ვხედავ, გარდა სექსუალური ლტოლვისა. – ოხ, ახლა შენ რაღაც ფროიდისეული გამოგდის. – ჯანდაბას ფროიდი, მე იმას ვამბობ, რასაც ვხედავ. არ მესმის კაცების, რომლებიც ავადმყოფურად აშტერდებიან ქალის სხეულის მოშიშვლებულ ადგილებს. განა ჩემო მეგობარო, საქმე სხეულშია? შენ ხარ ადამიანი და მითხარი, განა უფრო დიდებული გრძნობები არ არსებობს, ვიდრე ეს, ჩემთვის გაუგებარი სექსუალური ლტოლვაა? ადამიანი ხარ და გეკითხები, თქვენში სიყვარული არ არის? მე ვერ ვპასუხობ ამ კითხვებს, ნაგვის ბუნკერი ვარ, ხოდა შენ მითხარი, განა ხორციელი სიამოვნების მიღებას, სულით ამაღლება არ ჯობია? ახლავე მოგახსენებ რას ნიშნავს სულის ამაღლება, – ეს, მეგობარო, წყნარი მუსიკის ფონზე, შენს სიყვარულთან წამოწოლას ჰგავს, ოთახში, სადაც მთვარის მკრთალი ნათება, კედლებზე ელავს. შენ ხარ ადამიანი და გეკითხები, რა ჯანდაბა გვჭირს? გიყურებთ და ყველალაფერს ვგრძნობ, რასაც თქვენ, მაშასადამე არაფერი გამაჩნია ზიზღისა და სექსუალური ლტოლვის გარდა. ჯანდაბა, გული ამერეოდა კუჭი რომ მქონდეს. ჩემი ცნობიერება ვეღარ აუდის ამდენ სიბინძურეს. დილა თენდება და ხალხი იწყებს ცხოვრებას. ყველა გაღვიძებისთანავე იზიზღებს ყველაფერს. დადიან სამსახურებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა ადამიანებზე შთაბეჭდილება მოახდინონ. შენ ფიქრობ, რომ ვიღაცას გულწრფელად აინტერესებს, მაგალითად, ვინმე ფრიდრიხ ნიცშე? – აბა, ნომერი სამო, რატომ უნდა მოიძიო ვინმე ფრიდრიხ ნიცშეზე ინფორმაცია, მასზე თუ არაფერი გაინტერესებს? – იმიტომ, რომ ის სხვებს აინტერესებთ. ხოდა ვიღაც ნათლდება იმის გამო, რომ ამ განათლებით მოიპოვოს სხვათა პატივისცემა. არ შეიძლება, რომ თქვენ, ადამიანებმა ერთხელ და სამუდამოდ იფიქროთ საკუთარ თავებზეც? – შეგვიძლიამ, ნომერო სამო და ასეც ვიქცევით. არავიზე ვფიქრობთ გარდა ჩვენი თავებისა. – ხო, რაღაც მხრივ ჭეშმარიტებას ამბობ, მაგრამ საქმე მთლად ასე კარგად არ არის. შენ თუ შეხედავ, მაგალითად კარგად გამოწყობილ გოგოს, რას იფიქრებ, რა არის მისი ჩაცმულობის მიზეზი? მას ხომ არაფერი უნდა გარდა იმისა, რომ სხვების ყურადღება მიიპყროს?! ეს არ არის თავისუფლება, ეს საკუთარი თავის მონობაა. ყველა ერთმანეთს ემონებით. ნუთუ საკუთარი აზრების მართვა არ შეგიძლიათ? შენ შეგიძლია დამარწმუნო იმაში, რომ მართლაც არსებობს სიყვარული? – ეჰ, ნომერო სამო, სიყვარული რომ არსებობდეს, განა ქვეყანაში მათხოვარი იარსებებდა? – მაშ, გამოდის უბრალოდ ცოცხალი ორგანიზმები ხართ. ვფიქრობ, თქვენაირად ვერ ვიცხოვრებდი. – მაგრამ არსებობენ კარგი ადამიანებიც. უფრო მეტიც, მე შესანიშნავი მეგობარი მყავს, ბექა, – ჩემი სულის განუყოფელი ნაწილი. – მოკლედ, არ ვიცი რა ხდება თქვენს თავს, რა გინდათ, რა მოგწონთ, მაგრამ დავბრიყვდები და ვიტყვი, რომ კარგი ადამიანებიც არსებობენ. ხო, ახლა მეძინება, ჩემში ქექვა არ დაიწყო, საჭმელი არ მაქვს. დღეს ხალხმა ნაგვის უმეტესი ნაწილი ასფაალტზე მიმოფანტეს, ღრებივით იქცეოდნენ. ვატყობ, ხვალ მძიმე დღე მელის. ახლა კი, მაპატიე, უნდა დავიძინო. კარგი კუჭო, ხვალ საჭმლით გამოგტენი–მეთქი მოვატყუე და აქ, ჩემს მორყეულ სკამზე წამოვწექი. თავი ცისკენ მაქვს აღმართული. ლამპიონების ნათების გამო, ვარსკვლავებს ძლივს ვამჩნევ, მაგრამ არ ვჩივი, ესეც სასიამოვნოა. კიდევ, ჩემს გონებაში ჩართული მუსიკის მოსმენაც სასიამოვნოა, რომლის სახელიც არ ვიცი, ასე ვთქვათ ,მე გამოვიგონე. (ამას ხშირად ვაკეთებ, როგორც ტიპური მარტოხელა.) სამაგიეროდ მთვარე კარგად ჩანს, თუ ჩემს თავზე გადმოშლილ ტოტებს არ შევიმჩნევ, რომელსაც ასევე ხელოვნების თვალსაზრისით ვაკვირდები. ეს ხედი, რატომღაც ბეთჰოვენის „სიჩუმეს“ მაგონებს. აქაურობა ხომ იდუმალებამ მოიცვა, ენით უთქმელმა იდუმალებამ. ეს მშვენიერია, თუ პირიქით, საშინელი, არ ვიცი. ალბათ, მშვენიერი იქნებოდა, მარტო რომ არ ვიყო. დიდი სიამოვნებით ვინმეს დაველაპარაკებოდი მთვარეზე მიხატულ მოწყენილ სახეზე, მაგრამ არამგონია ჩემი დამჯერი გამოჩენილიყო. ჯანდაბას, სულ ჩუმად ვიქნებოდი იმ პირობით, თუ ერთად შევხედავდით მთვარეს. ასე სიცივე გადამავიწყდებოდა და მარტივად შევძლებდი დაძინებას. აღარც დახეულ ფეხსაცმელს შევავლებდი თვალს, შესაბამისად აღარ შემეშინდებოდა ხვალინდელი დღის, სადაც ფეხშიშველა ვმათხოვრობ. დღეს კი გაუძლებს კაცი, მაგრამ ასეთ ჩუმ ღამეს, ვერა, სადაც მე, შეციებულს და მშიერს, ხელები მიცვალებულივით დამიწყვია მკერდზე, თითქოსდა ზებუნებრივ ძალებს რაღაცას ვევედრებოდე, მაგრამ არა, მხოლოდ ერთ მყუდრო ბინაზე ვფიქრობ, სადაც თბილა და რომელიც რეალობაში არ არსებობს. ხოდა ვერ გამიგია, ამ ოცნებით თავს ვიტანჯავ თუ ცხოვრებას ვიადვილებ. ალბათ უფრო ვიადვილებ, აბა ოცდაოთხი საათის განმავლობაში რეალობაში რა გამაჩერებდა?! ხო, სასტიკია რეალობა და ამის თქმა, სულ არ გამოხატავს იმას, რასაც ვგულისხმობ. მე უფრო სიბინძურე და არაკომფორტულობა ვიგულისხმე, როცა ვთქვი სასტიკია რეალობა–მეთქი. ბინძურია და ბინძურია რეალობაც, ვინმე ჰიგიენური კი, ცხადია სხვაგვარად ფიქრობს, – ეს კანონზომიერებაა, სადაც უსამართლობა არალეგალურად იჭრება, ამას კი ბევრი ვერ ამჩნევს. მხოლოდ ჩვენ თუ შეგვიძლია უსამართლობის დანახვა, პრობლემებით დახუნძლურ, უჩინარ ტიპებს. არადა ჩვენი ხმა ისმის, ვინმეს, უსამართლობაზე რომ ვუამბოთ. ან, თუ ვინმე მოგვისმენს, უმალვე გიჟად შეგვრაცხავს, – ეს უკეთეს შემთხვევაში. ვითვლი, მაგრამ ხშირად, ისევე როგორც ახლა, ეს ვერ მშველის და ვცდილობ ზაფხულის ღამის სიცივე შევიყვარო ისე, როგორც არასდროს. ვცდილობ ყველაფერი შევიყვარო რაც მაქვს, მხოლოდ ასე თუ შევძლებ გამდიდრებას, მაგრამ ეს, ჩემ თავთან ურთულეს მუშაობას ითხოვს. ხოდა ვფიქრობ, ამაზე დაღლას, თვლის გაგრძელება ხომ არ ჯობია–მეთქი? მეექვსე წამზე ვიყავი... ექვსის ნაცვლად, ყოველთვის შვიდს ვამბობ ხოლმე. რიცხვ ექვსიანის მეშინია, ალბათ ეს რელიგიას უკავშირდება, ნუ, ექვსას სამოცდაექვსი, ხომ ხვდებით, არა? თვალს მხოლოდ მაშინ ვწყვეტ, როცა ძილის ბოლო სტადიას ვუახლოვდები. შემდეგ იწყება უაზრო ფიქრები, როგორიცააა ძაღლის თავიანი ირემი, ერთი ოთახის ხელა სამყარო ან უფრო პატარა და ლოკოკინა, რომელიც სინათლის სისწრაფით დაქრის. უაზრობებზე ფიქრები მავიწყებს აწმყოს და თუ არ გადავაჭარბებ გეტყვით, ამით ენით აუღწერელ სიამოვნებას განვიცდი. ხო, რატომაც არა? ვივიწყებ ჩემს ადგილ სამყოფელს, სიცივეს, ხის სკამს, მისტიკურ გარემოს, შიმშილს, ოცნებებს, დამთრგუნველობას, ღმერთს, ხალხს და ამით სიამოვნებას ვიღებ. ხოდა ხანდახან ამიტომაც ვფიქრობ ბექასავით, რომ არ არსებობა, უმაღლესი შვებაა. ეს ნებისმიერი ადამიანისთვის ჯეკპოტია. სიკვდილიო რომ ამბობთ, თვითონ ეს სიტყვა გაძრწუნებთ და აღარაფერზე ფიქრობთ. წარმოიდგინეთ, როგორი მშვენიერია არ არსებობა, არ გაქვთ საფიქრალი, სრულყოფილი სიბნელის ნაწილი ხდები და დაბრკოლებების გარეშე მოგზაურობ უსასრულობაში. თქვენ იცით, რომ ძილის დროს არ არსებობთ? ხოდა ეს არის სიკვდილი. და მაინც, ყოველი ძილის შემდეგ, დილაობით, ვთვლი, რომ ასე კარგად არასდროს მძინებია. გივი ძიას წიგნებს ვათვალიერებ, რომ შუა დღის გაუსაძლის სიცხეს როგორმე გავუძლო. ეს თვითგადარჩენის ინსტიქტი უფროა, ვიდრე ლიტერატურით დაინტერესება, თუმცა აქვე მინდა ავღნიშნო, თუ უკვე არ აღმინიშნავს, რომ გივი ძიას წიგნების თვალიერება მომწონს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მშვენიერი კლიმატია. ანუ ახლა შიმშილის გაძლება უფრო მარტივია, ვიდრე სიცხის, ამის გამოვლინება კი, უკვე გითხარით, ლიტერატურით დაინტერესებაა. ყველაფერი ყველაფერი, მზეს როგორღაც ვუმკლავდები, მაგრამ გაოფლილ, შუბლ შეკრულ ხალხს რა მოვუხერხო, აზრზე არ ვარ. ამას ერთი პლიუსი კი აქვს, ყველა ჩემნაირად აყროლებულა და მე, ცხოვრებაში პირველად ვხდები საზოგადოების ნაწილი. ეს მომწონს. როცა საზოგადოების ნაწილი ხარ, გგონია, რომ არავინ, არავისზე მეტი არ არის, თუმცა რეალობა სულ სხვა რაღაცას ამტკიცებს. კიდევ, დილით, შედარებით ურცხვად ვითხოვდი მოწყალებას, რამდენიმე ადამიანი დავლოცე კიდეც, მაგრამ რა თქმა უნდა უგულოდ. – გივი ძია, ეს წიგნი რა ღირს? – ხელით დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედია“ – ს ვაჩვენებ. – ეჰ, შვილო, ნეტავი ამ წიგნის ფასებს ტყუილ უბრალოდ არ მეკითხებოდე. – მეუბნება და გაზეთის კითხვას ისე განაგრძობს, თითქოს არც შეუწყვეტია. მგონი ფეხბურთელებზე, თუ ფეხბურთზე კითხულობს რაღაცას. ხო, გივი ძია გაზეთებსაც ყიდის, „სარკეს“ „თბილისელებს“ „სპორტ–ტაიმს“ და „პრაიმ–ტაიმს“ გაიკეთებს ხოლმე დიდ, იაფასიან სათვალეებს და თავის პროდუქციას, ყოველდღიურად ასე ეცნობა. – რვა ლარი, შვილო, რვა ლარი. გივი ძიამ არ იცის, რომ მე ოდესღაც რვა ლარი მექნება, თუმცა ამის ცოდნა მისთვის არც არის აუცილებელი. ალბათ განცვიფრდება, როცა ტკიცინა ათ ლარიანს მივაწვდი დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ სანაცვლოდ. ( რა თქმა უნდა ხურდას არ გამოვართმევ.) მერეღა შეწყვეტს გაზეთის კითხვას და ყურადღებას მომაქცევს, ქეთისგან განსხვავებით, რომელსაც ჩემს ზურგს უკან, ათ მეტრში ვგრძნობ, ვგრძნობ, თუ როგორ ცხელა. სახესთან ახლოს რვეულს იქნევს და ილუზიებშია, ვითომდა აგრილებდეს დახუთული ჰაერი. შავი „რეიბანები“ კი ეხმარება მხედველობაში, მაგრამ სიცხეს ტრადიციული, ოც თეთრიანი ბურახითაც ვერ ერევა. – ხალხო, სიცხე გვაერთიანებს. – ეს არ დამიყვირია, თუმცა დიდი სიამოვნებით დავიყვირებდი. წარმოიდგინეთ, თუ როგორ ცხელა ჩემს საყვარელ საცხობში. ისე, დარწმუნებული არ ვარ, რომ ცხელი ხაჭაპურის ჭამას შევძლებდი, თუმცა ყიდვით კი ვიყიდდი. ახლა უფრო ქათმის სალათის ხასიათზე ვარ, რომელიც, მგონი არასდროს გამისინჯავს. ნაყინსაც დიდი სიამოვნებით შევჭამდი და ჩრდილში, ცივ ბურახს დავლევდი, როგორსაც ლალი ბებო ყიდის. რომ ვუთხრა, კი ჩამომისხავს ერთ პატარა პლასტმასის ჭიქაში, მაგრამ რაღაცნაირად მერიდება, ეს იგივეა ქეთის მივესალმო. ხოდა ამ სიცხეში შეიძლება გონება ამერიოს და ბურახი დავაგემოვნო. – ლალი ბებო, დღეს გაგიმართლათ რომ ცხელა. – ძალით ვიღიმი და წიგნებზე საჩვენებელ თითს ვასრიალებ ისე, რომ გივი ძიამ ვერ შენიშნოს ჩემი ჭუჭყიანი ფრჩხილი. – მე ვიკითხო მე, ეს ბრეზენტი ჰაერს უარესად რომ ხუთავს. – ამბობს გივი ძია და ხელით ბუზების მოგერიებას ცდილობს. – ეჰ, შვილო, ჯერ იმიტომ არ ითქმის ჩემზე გამართლებული, რომ ამ სიცხეში ბურახს ვყიდი, მერე კიდე ვერაფერსაც ვერ ვშოულობ. ხანდახან მგონია, რომ აქ, მეტროს წინ მომუშავე ხალხი, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რა თქმა უნდა ეს შეჩვევის ბრალია. გაჭირვება გვაერთიანებს და ეს ბინძური ვაგზლის მოედანი, თუმცა ეს ორი, ერთიდაიგივეა. სიბინძურე–მეთქი ვამბობ, რადგან ქურდი თუ ყაჩაღი, ამ ადგილს ირჩევს, არაფერს ვამბობ მათხოვრებზე, თაღლით მოვაჭრეებზე და მეძავებზე, რომლებიც დღეს რატომღაც არ ჩანან. ალბათ დღეს მტკვრის სანაპიროზე წავიდნენ მეთევზეების შესაბმელად. რაც მთავარია ქეთი თავის ადგილზეა. თუ წიგნებს თვალს ვწყვეტ, მას ვუყურებ, ოღონდ ისე, რომ არავინ შეამჩნიოს, მათ შორის გივი ძიამაც, არ მინდა მისი დამცინავი ფრაზები და როხროხი მოვისმინო, როგორც ტიპურ უსაქმურ კაცს ჩვევია. მთელ ვაგზალს მოდებდა ჩემს ამბავს და ცხადია ქეთიც გაიგებდა, ხოდა ვივლიდი შერცხვენილი. – გივი ძია, ეს წიგნი? – თითით „მე–ღმერთი“ – ს ვანახებ. – ეს წიგნი ჯერ არ დაწერილა. – მეუბნება და გაზეთის კითხვას განაგრძობს. ოქროს მაღაზიის წინ, არც ისე დასვრილ კიბეზე იცით რატომ ჩამოვჯექი? აბა იფიქრეთ. იფიქრეთ. იფიქრეთ. იფიქრეთ. იმიტომ , რომ აქედან ქეთი კარგად ჩანს ,მე კი კვლავ შეუმჩნეველი ვხდები, მის უკან აღმართული, სათვალეების დასაწყობი თაროს გამო, არ ვიცი ამას შეიძლება თავის სახელიც აქვს, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, განსაკუთრებით კი თქვენთვის. მთავარი აქ ქეთია, რომელიც მტანჯავს. ხოდა ეს ტანჯვა ვერ შეედრება ვერც შიმშილს და ვერც სიცხეს. ( არადა გუშინ მციოდა.) ხოდა ქეთის რომ ვუყურებ, რაღაც ეგზოტიკური მაგონდება, მაგრამ ამ მოგონებაშიც ცხელა. მოკლედ, უკეთესად განგიმარტავდით თავს ყველაფრის უფლებას რომ ვაძლევდე. მაგრამ ერთს გეტყვით, რაღაც უცნაური მუსიკა ჩამესმის, უფრო კლასიკური ჟანრის, და ამის ფონზე ქეთის ნიავს გამყოლი თმები განმაცდევინებს, თუ რას განიცდის ყველაზე დიდი ნარკომანი არაფხიზელ მდგომარეობაში. – ეს უდარდელობას ჰგავს, უდარდელობას და კიდევ რაღაც ენით უთქმელს. ღერთმანი თავი ასე კარგად არასდროს მიგვრძვნია და იცით რატომ? იმიტომ, რომ... ასობით ადამიანი შეშდება და ამის გამო, თავს უცნაურად არ ვგრძნობ, სწორად ეს არის უცნაურობა. ასობით კაცი გაშეშდა–მეთქი რომ გითხარით, ქეთი არ მიგულისხმია. ეს მშვენიერია ჩემო მეგობრებო და მე, ვიღიმი. მუსიკის სახელი მაინც ვიცოდე, გაგიზიარებდით და თქვენც ჩემსავით იგრძნობდით მოსვენებას. ალბათ დაინახავდით იმას, რასაც მე, გაშეშებულ ხალხს, ღრუბლებს და მზეს, რომელიც აღარაა ისეთი მცხუნვარე. და რაც მთავარია, დაინახავდით ქეთის, რომელიც მე მიყურებს. გეუბნებით, დრო გაჩერდა–მეთი და თქვენზეა დამოკიდებული, დამიჯერებთ, თუ არა. თუმცა გიჟად არ შემრაცხოთ თქვენი მოაზროვნე გონებით, რადგან ვერაფერი ამტკიცებს სიგიჟე მართლა არსებობს თუ არა. – დღეს კარგად გამოიყურები. – მეუბნება ქეთი, იმიტომ, რომ ძვირადღირებული კოსტიუმში, თეთრ ზოლებიან მაისურში და ბექას საყვარელ შარვალში, მართლაც კარგად გამოვიყურები. გვერდზე, კიბეზე მიჯდება და ვეუბნები: – ასე გაშეშებული ხალხი, რა მშვენიერია, არა? – განსაკუთრებით გაჩერებული დრო მომწონს. – და ეს მუსიკა მოგწონს? – ვეკითხები ელექტრონულ ემბიენტზე, რომელიც ყველაზე შორეული სამყაროდან ისმის. – კი. ამაღელვებელია. – უფრო მეტი, ვიდრე ამაღელვებელი. ეს სულის მუსიკაა. დამწუხრებული მეკითხება: – ვერაფერს მიხვდი? – როგორ ვერა, ქეთი. მივხვდი რაც ხდება და ამიტომაც ვიღიმი. – და მაინც ფიქრობ, რომ სული გაქვს? – კი, ქეთი, ასე მგონია. – მე ერთი ის მიხარია, რომ მალე გავქრები. – გავქრებით და მოვისვენებთ. – ხო, და არარსებობის ჟამს, ვიოცნებებ, რომ აღარავინ შემქმნას. ლიკა ჩემსავით ფიქრობს, რომ არ არსებობაშია მოსვენება. ხოდა ერთი უცნაურობაა, ცოტახანში უნდა გავქრეთ და მაინც ენით უთქმელ სევდას შევუპყრივართ. სიხარულის ნაცვლად, განვიცდით რაღაც სხვას. – ელექტრონული ემბიენტი... – მეუბნება და თან სიჩუმეს აკვირდება – ელექტრონული ემბიენტი ჩვენ არ არსებობას ჰგავს. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს მუსიკის მიმდინარეობა მართლაც არსებობს. – არაფერს აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რომ ის მშვენიერია. – შემდეგ სიცოცხლემდე. – მეუბნება ქეთი. – შემდეგ სიცოცხლემდე. – ვეუბნები ქეთის და ვქრებით. ბექა კი დაწყევლის იმ დღეს, როცა ფსიქიატრმა მოარჩინა, რამეთუ მხოლოდ მაშინ გაიაზრებს, რომ ღმერთია, მე კი მისი ჰალუცინაცია.
აი, ამიტომ.
ელექტრონული ემბიენტი
მე ვგრძნობ რაღაც არაამქვეყნიურს და ეს, მინდა იგრძნოს ყველა ცოცხალმა ორგანიზმმა, რომლებიც ამ, ნეკა თითის ზომის უსასრულო სივრცეში სახლობენ. ეს გრძნობა მეუფლება მაშინ, როცა ძილის ბოლო სტადიას ვუახლოვდები, როცა ჩამესმის უკიდეგანო სივვრცის ხმაური. მაშინვე გარდაიქმნებოდით ღმერთად, ის რომ იგრძნოთ, რასაც მე ვგრძნობ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. აუ როგორ მიყვარხარ ))) აუ როგორ მიყვარხარ )))
2. მომეწონა. 5. მომეწონა. 5.
1. სევდიანია... სევდიანია...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|