მეც მყავს ჩემი ნინო. ჯგუფელები ვიყავით. მერე შვილი მოვანათვლინე და სამუდამოდ გადავებით ერთმანეთს. ბოლო შეხვედრა დედათა მონასტერში შედგა. ეს იყო გაზაფხულზე, შვიდი წლის წინ... დიდი ჩანთით მოვიდა შეხვედრაზე. - ეს ტანსაცმელებია, ვეღარ ვხმარობ, სახლში მაინც ჩაიცმევ... ვეხუტები, იცის რომ ის პერიოდი ძალიან მიჭირს. უკიდურესადაც კი. - ეს სამკაულებია, ჩემი ფუფალა ხომ ხარ ?! - ალერსიანად მეკითხება. -კი, მაგრამ შენ არ გინდა ? - მე აღარ დამჭირდება, დინა ! ვერაფერს მივუხვდი. ვისხედით მონასტრის ეზოში და ორივე ცალ-ცალკე ვფიქრობდით. მე ახალი სამოსი, სამკაულები... და ის თანხა მიხაროდა, ნინომ რომ გადმომცა, ილიკოს შენ თვითონ უყიდე, რაც უნდაო... მას სხვა საფიქრალი ჰქონია, სულ სხვა... მერე ყუთი მომაწოდა , ეს ელადა დეიდას მიუტანე ჩემგან (დედაჩემზე მეუბნება) , ჩავეხუტებოდი კია, მაგრამ ახლა ვჩქარობ, შენ ჩამიკოცნე... ისევ ვერაფერს მივხვდი ! დავუყევით დაღმართს და სვეტიცხოვლისაკენ დავეშვით. უცებ მომიბრუნდა : - შენ ჩემი დის ნომერი ჩაიწერე, ამ დღეებში დასჭირდები ქეთის. ისევ ვერაფერი გავიგე ! ისევ საჩუქრებში ვტრიალებ. დავემშვიდობე. - ტაქსით წადი, არ იძუნწო - მომაძახა და მარშუტკაში შეხტა. დილით გზავნილი დამხვდა. მწერდა, რომ მონასტერში წავიდა, გადადგმული ნაბიჯი გასაჩივრებას არ ექვემდებარება და მთხოვდა, ქეთისთვის დამერეკა. ქეთი ტიროდა და იმ დღეს საუბარი ვერ შედგა. მე , მე კი... კარადიდან იატაკზე ვყრიდი ნინოს ნაჩუქარ ტანსაცმელს, სამკაულს და საკუთარი, მიუხვედრელი თავი მძულდა !!! მას მერე არ მინახავს. ერთი პერიოდი წერილებს ვუგზავნიდი. ვიდრე იკოთის მონასტერი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცეოდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ბოლო შეხვედრა დედათა მონასტერში შედგაო - აქედანვე მივხვდი... საფინალო წინადადება ძალიან მწვავეა. ამ მონასტრის შესახებ არ მსმენოდა აქამდე, მგონი.
არ ვიცი, კომენტარები მაქვს თუ არა დატოვებული, თუმცა ადრეც წამიკითხავს თქვენს გვერდზე პროზა და კარგად წერთ.
ბოლო შეხვედრა დედათა მონასტერში შედგაო - აქედანვე მივხვდი... საფინალო წინადადება ძალიან მწვავეა. ამ მონასტრის შესახებ არ მსმენოდა აქამდე, მგონი.
არ ვიცი, კომენტარები მაქვს თუ არა დატოვებული, თუმცა ადრეც წამიკითხავს თქვენს გვერდზე პროზა და კარგად წერთ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|