ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
15 მარტი, 2016


მელაპარაკე...

(მელაპარაკე, რათა შენი დანახვა შევძლო - სოკრატე)


მელაპარაკე, რათა შენი დანახვა შევძლო,
ხომ გახსოვს - ღმერთი არ უყურებს სახეს კაცისას,
მხოლოდ ლოცვისას ჩნდება, ანუ საუბარს ეძებს!
მელაპარაკე, იქნებ ჩემთვის შენც ხმა ხარ ცისა...

მელაპარაკე, გადამჭკნარი ჩემი სამყარო,
როგორც უდაბნო - წვიმას, ელის შენთან დიალოგს.
მელაპარაკე, რომ გონება სხეულს გავყარო
და შენი სულის სიღრმეებში ვახეტიალო.

მელაპარაკე (თუნდაც თვლიდე, რომ თქმადაც არ ღირს),
რადგან მე, შენზე, ყველაფერი მაინტერესებს;
რადგან მე, შენთან საუბარი არასდროს დამღლის,
როგორც არ დაღლის, კარგ დიაკვანს, დიდი კვერექსი.

მელაპარაკე, რათა ჩემი დანახვაც შეძლო
(როგორც ცდა - ბედის, ისე ბედიც ტოლია ცდისა).
მელაპარაკე, იქნებ შენი გული - მე მეძებს,
და სწორედ ჩემთან საუბარში ესმას ხმა ცისა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები