 | ავტორი: წკეპლა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 6 აპრილი, 2016 |
ისეთი არაფერი... ერთი რიგითი გიჟი იყო! უბრალოდ გიჟი კი არა, აუტანლად ეგოისტი, ნარცისი, თავნება, თავქარიანი, ჯიუტი... ყველაზე არაკომფორტული ადამიანი, ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია... და ამ ყველაფრის შემდეგ, ჩვენს ურთიერთობაში პირველმა მან გააჟღერა სიტყვები "არაკომფორტული ადამიანი", არც მეტი, არც ნაკლები, ჩემი მისამართით... "განებივრებული, გათამამებული ბავშვი ხარო, პირველობას მიჩვეული და ვერ ეგუები, თუ რომელიმე სიტუაციაში ეს არ გამოგდის... მოტრიპაჩო ელემენტი ხარო..."
ზედა სარძევე კბილებს შორის საკმაოდ დიდი სიცარიელე ჰქონდა (საერთოდაც ლამაზი და სიმპათიური არაფერი გააჩნდა გარეგნობაში). მე ჩვევად მაქვს ადამიანების "მაზოლებზე" (ანუ კოჟრებზე) ფეხები მონდომებით ვაბაკუნო, ჰოდა, მისი ამ ნაკლის (ჩემი აზრით) არაღნიშვნა დიდი "ცოდვა" იქნებოდა, ამიტომ ცხადია, აღვნიშნე, თან პირველივე შეხვედრისას. "ოოოო, ეს გარეგნობის იშვიათი შტრიხია! ასეთი მსოფლიოში მხოლოდ მე და მადონას გვაქვს და სხვათა შორის ძალიან ვამაყობ ამითო"... როცა ვუხსნიდი, რომ საერთო მომავალი არ გვქონდა, ჯიუტად მიმტკიცებდა ცდებიო: "რეალობისგან ძალიან შორს ხარ... ფრანს ჰგავხარ - თუ არ დაგიჭირე, გაფრინდები...მე შენი ძაფი უნდა ვიყო, რომელიც დედამიწასთან დაგაკავშირებსო..." მაგრამ... მაგრამ მას რა უნდა დავეჭირე, თვითონ ჩემზე მაღლა დაფრინავდა... რა თქმა უნდა არ მჯეროდა და არც ახლა მჯერა მისი სიყვარულის, თუმცა კი ხშირად მიმეორებდა: "ნეტავ, იმის ნახევარი მოგცეს, მე რომ სიყვარული ვიცი..."
მერე გადავწყვიტე და გაუფრთხილებლად გავქრი მისი ცხოვრებიდან... თვეები გავიდა... ერთ დღესაც შემეხმიანა და მეც მომეხასიათა პასუხის გაცემა...მაიმუნობის ტალღაზე ვიყავი და შეკითხვაზე "საით ხარო", ვუპასუხე რომ კახეთში...მანდ რას აკეთებო და წამში ახალი ტყუილი დამებადა თავში: რაღაცეები ამერია ცხოვრებაში, უკანონო შვილს ველოდები, სახლიდან გამაგდეს და კახეთში ვცხოვრობ ქირით" თქო... დაიჯერა. "მარტო გადავედი საცხოვრებლად, ახლავე მითხარი რა ადგილას ხარ, წამოგიყვან და ჩემთან იცხოვრე, შენ ახლა ზრუნვა და მიხედვა გჭირდებაო"...
ზუსტად მაშინ დავასკვენი, რომ ის მართალია არაკომფორტული, მაგრამ მაინც ადამიანი იყო... ადამიანი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. რომ არ ელოდები და ღმერთი გამოგიგზავნისო და ვისგანაც არ ელოდებიო, მაგაზე უთქვამს, ალბათ....
კარეგია იშვიათი ყვავილები... რომ არ ელოდები და ღმერთი გამოგიგზავნისო და ვისგანაც არ ელოდებიო, მაგაზე უთქვამს, ალბათ....
კარეგია იშვიათი ყვავილები...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|