ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ლოხიშვილი
ჟანრი: პროზა
12 აპრილი, 2016


განსაწმინდელი


„სიკვდილის გემო ჩემს ენაზეა. ვგრძნობ რაღაც არაამქვეყნიურს.“
ვოლფგან ამადეუს მოცარტი


    შვიდი წლის წინ რომ მოვმკვდარიყავი, ჩემი სული ამაზე არათუ განაწყენდებოდა, არამედ პირიქით, უეჭველად ეგონებოდა, რომ იღბლიანია. მე თუ მოვკვდებოდი ცხრამეტი წლის ასაკში, ვერც ქალს, და ვერც კაცს მოძებნიდით, ვინც დამიტირებდა. ღმერთმანი, ეს კი არა, დაკრძალვაზე ვინმე მოვიდადა თუ არა, ესეც არ ვიცი და სიმართლე ვთქვა, ამაზე დღისით საერთოდ არ ვფიქრობ. აი, ხომ მიხვდით, რატომ ვხედავდი სიკვდილში შვებას, მაშინ, როცა ცხრამეტი წლის ვიყავი. მარტოობამ ჭკუიდან შემშალა, (თუმცა ეს უფრო სხვა იყო, ვიდრე ჭკუიდან შეშლა.) რამაც დრეიდენი შემაძულა იმ ერთი ფრაზის გამო: „შეშლილობაშიცაა სიამოვნება, რაც მხოლოდ შეშლილებმა იციან.“ მე მხოლოდ ერთი ვიცოდი, რომ შიზოფრენიის მეორე ფაზას, (მწვავე ფაზას) ნარწყევის სუნი ასდიოდა. ყველაზე ცუდი, რაც კი შეიძლება ადამიანს დაემართოს, გაგიჟებაა. ამ დროს მთლიანი სამყარო, უსასრულობა, ისეთი საშიშია, რომ მის გვერდით, მაგალითად, ფილმ „რიტუალის“ პერსონაჟი, „ბაალი“, ერთ უწყინარ ტიპს ჰგავს, რომელიც ყოველთვიურად სამას ლარს იღებს, ყველაზე ცუდ ბავშვთა გასართობ ცენტრში. მაგრამ სხვები რომ სიგიჟეს ნატრობდნენ, ან ჭკუათ მყოფელები შეშლილობისკენ რომ ილტვოდნენ, სულ მთლად ვგიჟდებოდი. ცხადია, ეს მათ კარგი ეგონათ, მაგრამ საკუთარი თავებისთვის არასდროს დაუსვამთ ის ერთი გადამწყვეტი შეკითხვა: „რატომ?“ ცხოვრებაში, გამორჩეულობაზე მეტად, ჩვეულებრივობაა მნიშვნელოვანი. ხოდა, როცა არაფრით გამოირჩევი, აღარ მიდიხარ შორს და ხედავ მხოლოდ დედამიწას, აისს, დაისს, ზღვის მღელვარებას, მთვარის ფანტასტიკურობას, ვარსკვლავების ბრწყინვალებას და კიდევ სხვა მრავალ მნიშვნელოვან მოვლენას, რომელიც ადამიანს... ჩვეულებრივ, მოკვდავ ადამიანს, აბედნიერებს... ეს უდავოა... ეს ფაქტია, ისევე როგორც ჩემს თავს ზემოთ ცა, ისევე როგორც ამ წინადადების დასასრულს, წერტილი. ხოდა, სიმართლეს ვლაპარაკობ–მეთქი, ვამბობ, და ამაში დამეთანხმება ყველა, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, ჯიუტად გაიძახიან, სიგიჟე, სიგიჟეო, ვერავის მოაშლევინებ. დაე იგემონ ამ უბედურების გემო, რათა უკან, რეალობაში დაბრუნება ვეღარასდროს შეძლონ.
    ასე ვიყავი, ნატანჯი და საყოველთაოდ მარტო, თექვსმეტიდან ოც წლამდე, და გეუბნებით, ამ ტანჯვის სიმწარე, ენით უთქმელია. ეგ კი არა, ერთ ხანს ფიქრმა შემიპყრო, თვით სატანა, შიზოფრენია ხომ არ არის–მეთქი. ხო, მგონი მთავარ თემას ავცდი და უაზრობებს ვლაყბობ.
    რაც არ უნდა ყოფილიყო, როგორც არ უნდა დავტანჯულიყავი, მადლობა ღმერთს და ყველაფერი დასრულდა, ზუსტად მაშინ, როცა ოცი წლის ვიყავი, ამას კი, ვის უნდა ვუმადლოდე, თუ არა ჩემ სამ მეგობარს. მათი დამსახურებაა ჩემი იდეის განხორციელება, – ჟურნალ „თავისუფლების სამყაროს“ წარმატება. რომ არა ჩემი მეგობრები, ოცი წლის ასაკში, ვინმე მეტყევე, ტყეში, ყველაზე მაღალ და ლამაზ ხეზე, მდინარის პირას, სახრჩობელაში გაკვანძულს მიპოვნიდა. არა, არა, არ ვაჭარბებ, გეუბნებით, რომ არა ისინი, დღეს მე კაი ხნის მკვდარი ვიქნებოდი. ღმერთმა? ხო, მგონი ღმერთმა მოისურვა ჩემი ბედნიერება და მათ შემახვედრა, სალაშქრო სეზონის გახსნაზე, ორიათას თექვსმეტ წელს, ოცდასამ აპრილს, რკონში ჩასვლიდან პირველივე დღეს. პირველად გიორგი გავიცანი, რომელიც ტიპური მოლაშქრე მეგონა, მაგრამ შევცდი, ეს ხომ ცხადია. შემდეგ, ასე ვთქვათ, საუკეთესო მეგობრები, ლიკა და ანასტასია გავიცანით, რომლებიც, მაგარი მთვრალები, მდინარიდან თავიანთ კარვებამდე გზას ვერ იკვლევდნენ. ამაში მე და გიორგი დავეხმარეთ. მეორე დღეს, დილიდან დილამდე ისე გავერთედ, რომ შემდეგი სამი წელი სულ ამაზე ვლაპარაკობდით... მართალია ცოტას ვაჭარბებ, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ყოველღამეული გართობა ქალაქშიც განვაგრძეთ. ხან სად ვსვამდით, ხან სად. ხან ბარ „CROSS RIDER“ – ში, ხან მთაწმინდის ყველაზე ლამაზ და ყრუ ადგილში, საიდანაც სტაფილოსფრად განათებული, ჩვენი ულამაზესი დედაქალაქი, ხელისგულივით ჩანდა. შემდეგ, ეს ყველაფერი მოგვბეზრდა, ჟურნალზე მუშაობა დავიწყეთ და ფული ვიშოვეთ, ზუსტად იმდენი, რამდენიც მარტო გადასვლისთვის გვჭირდებოდა. ეს იყო ჩემი ბედნიერების ხანა. თავიდან, ყოველდღიურად, წვეულებებს ვმართავდით ხოლმე. მაგარი იყო. ოთხ ოთახიან, ევროპული რემონტის მქონე სახლს, თავზე ვიმხობდით ხოლმე. იქამდე ვსვავდით, სანამ არ გავითიშებოდით. თუმცა, ამაში რა მოგვწონდა, წარმოდგენა არ მაქვს. ალბათ უკვე გავიზარდეთ. ხოდა, ჩვენს სახლში წვეულებები აღარ იმართება, რაც ნამდვილად კარგია. ახლა აღარაფერი გვესმის მოცარტისა და ბახის გამაგიჟებელი მუსიკების გარდა. ჩვენ ყოველთვის ჩუმად ვართ. მხოლოდ ვკითხულობთ, ღამ–ღამობით კი, თუ პარტნიორებს ვერ ვპოულობთ, ერთმანეთთან გვაქვს სექსი, რაც, დამიჯერეთ, ჩვენს მეგობრობას არათუ აქარწყლებს, არამედ ამყარებს. თუმცა, ეს ხშირად არ ხდება; მხოლოდ მაშინ, თუ ელექტრონული ემბიენტის თანხმლებით რაღაც ენით აუღწერელი სიამოვნების განცდა გვინდა. წითელთმიანი ლამაზმანი, ლიკა, ამაზე ამბობს, საკვებივით საჭიროაო, რაშიც, რაღაც მხრივ ვეთანხმები, რაღაც მხრივ, –არა.
    ხოდა, რატომ გიყვებით ჩემს არც ისე საინტერესო ამბავს; ბედნიერი ვარ... როგორც იქნა ბედნიერი ვარ და... მოკლედ, ვკვდები. ზუსტად შუა დღის სამისნახევარზე, ჩემი საოცნებო „ლენდროვერი“ მეჯახება, კისერს მამტვრევს, – ნეკნებზე რომ აღარაფერი ვთქვა – და ვკვდები, ქალაქის ცენტრში, ერთი დიდი ეკლესიის წინ, მოწმენდილი, მზიანი ცის ქვეშ. აბა, როგორც მოგწონთ? საშინელებაა, არა? მძიმე სულიერ დეპრესიას ვემშვიდობები, ვბედნიერდები, და ბოლოს, როცა ყველაფრის შეგრძნებით ტკბობა უნდა გამეგრძელებინა, მოვკვდი. ალბათ სამართალი ადამიანის გამოგონებული ზღაპარია, რომლის დაჯერების შემთხვევაში, ჩვეულებრივი სულელი ხარ, როგორც შვიდი წლის ბავშვი, რომელსაც სანტა კლაუსის არსებობის სჯერა.
    რაც არ უნდა იყოს, პანიკაში არ ვარდები... პანიკა კი არა, მგონი ასეთი გაწონასწორებული არასდროს ვყოფილვარ. ალბათ ეს იმ მშვენიერი, ზღაპრული ტყის ბრალია, სადაც ახლა ვარ. აბობოქრებული მდინარის ხმაური მესმის, მაგრამ თვითონ მდინარეს, ვერ ვხედავ; სიმართლე ვთქვა, მისი ადგილმდებაორება არ მადარდებს, მე უფრო იმას ვცდილობ, ვიფიქრო და ამოვხსნა ის უდიდესი საიდუმლოება, რომლიც ამოხსნას, კაცობრიობა დასაბამიდან ცდილობს. ის უკვე ნათელია, რომ სიკვდილის შემდეგ, სიცოცხლეა. მგონი ისიც ვიცი, რომ სამოთხეში ვარ, მაგრამ ერთი ის მაინტერესებს, თუ ვინ არის ღმერთი. მაგრამ, ვინც არ უნდა იყოს, დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი ათეისტური აზრის გამო, – რომელიც სიცოცხლეში გამაჩნდა, – არ მიწყენს. ხო, აბა რა ჩემი ბრალია, რომ ლოგიკას ღმერთის არ არსებობასთან მივყავდი. მაშინ ეთქვა ვარსებობო, რას მეთამაშებოდა? ნუ, სადაც სამოთხე არსებობს, იქ იმის მიზეზიც იარსებებს, თუ რატომ არ მეცხადებოდა ღმერთი.
    ასეთი ადგილი თუ არსებობდა, ნამდვილად არ მეგონა. ყველაფერი ნამდვილად ზღაპრულია. უამრავი ხმების შერწყმით, ერთი დიდებული მუსიკა იქმნება, რომელიც ჰარმონიიის გემოს მაგრძნობინებს. მაგრამ, მაინც, რომ არა ბობოქარი მდინარის და სივრცის ხმაური, რაღაც მნიშვნელოვანი დამაკლდებოდა; ის, რაც ახლა მავსებს. ყოველივე ამას, რა თქმა უნდა, სიჩუმე უხდება... ნუ, ამის გაგება არც ისე მარტივია. მოკლედ, ყველაფერი მშვენივრადაა. მომწონს აქაური კლიმატი, – არც ცივა, და არც ცხელა. რომ აღარაფერი ვთქვა გაფოთლილ ხეებზე, – რომლებიც უამრავია ჩემს გარშემო, – ჩემი სულითაც მოვიხიბლე. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ, გეუბნებით, ცხოვრებაში პირველად, ჩემი სული მსუბუქია, სულ რაღაც ერთი გრამი... ან უფრო ნაკლები. მგონი ჩემი სულიერი მდგომარეობა განაგებს სიმშვიდეს და არა ეს ტყე. ხო, სიცოცხლეში, სადღაც ამოვიკითხე: „სიმშვიდე შენში ეძიე, ვარსკვლავებს კი ნუ უყურებო.“ ამ ფრაზის აზრს, მხოლოდ ახლა ჩავწვდი. სიარულითაც ისე დავდივარ, თითქოს დავფრინავდე. სული ვარ, ეს ხომ ცხადია, მაგრამ ჩემს ნაიარევებს და სვირინგს, ისევ ვხედავ. ისევ ის საშინელი კოსტიუმი მაცვია, რომელიც სიკვდილის დღეს მეცვა. მობილურიც ჯიბეში მიდევს, მაგრამ რათ გინდა, – არ იჭერს, და სიმართლე ვთქვა, არც მინდა, რომ იჭერდეს. ისე, საპირისპირო შემთხვევაში, მე ვიქნებოდი პირველი არსება, ვინც სამყაროდან სამყაროში გადარეკა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩემი მეგობრებიდან ერთ–ერთს დავურეკავდი, მაგალითად ლიკას, და ჭკუიდან გადავიყვანდი. არ დამიჯერებდა. უკეთეს შემთხვევაში ტელეფონს გამითიშავდა, მანამდე კი მკაცრი ხმით მეტყოდა, რომ არ ცალია, შემდეგ კი, როცა ჩემს გვამს შეხვდებოდა, უეჭველად იგრძნობდა სევდის მომგვრელ–გამაგიჟებელ ჟრუანტელს, რომელიც, რამდენიმე წამს გასტანდა. დარწმუნებული ვარ ცრემლიც მოერეოდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ მოვკვდი. ო, ღმერთო ჩემო, მათი სახეები მანახა, იმდენს ვიცინებდი, იმდენს, რომ ალბათ მეორეჯერ მოვკვდებოდი.
    ვინ იცის, იქნებ გაიფიქრონ: „ მორჩა, მოკვდა! ჟრნალი „თავისუფლების სამყარო“ აყირავდა.“ სიმართლე ვთქვა, არ აყირავებულა. უჩემოდაც გაუმკვლავდებიან ყველაფერს. ბოლო–ბოლო „მისტერ ფრიმენს“ მოპარავენ ფრაზებს.... ან, იქნებ უკვე დროა, რომ ჟურნალი აყირავდეს, როგორც მე, „ლენდროვერზე“? ხო, საკმარისად ვწერეთ სიმართლე, ახლა კი ყველაფერი ხალხზეა, – უნდათ სიმართლე, თუ არა. ისე, მეც მაგარი ვარ, რა... მოვკვდი, ცოტა ხანში ალბათ ღმერთსაც ვნახავ და მე მაინც ჟურნალ „თავისუფლების სამყაროზე“ ვფიქრობ. ამას ჯობია, ამ ზღაპრული ადგილით დავტკბე.
    ჩემი ნაბიჯების ხმაც კი უერთდება სიჩუმის ხმაურს, რომელიც ჰარმონიას ქმნის. არაფერს შეუძლია ჩემი დათრგუნვა. სული რომ არ ვიყო, აუცილებლად ვიგრძნობდი სასიამოვნო ჟრუანტელს. გული... ჩემი გული კი, უბრალოდ ვერ გაუძლებდა ყოველივე ამის აღქმას, განსაკუთრებით კი ამ უზარმაზარი ხეების, რომლის ფოთლების შრიალიც, სიშორეზე იჭრება. ალბათ დედამიწაზეც აღწევს ბობოქარი მდინარის ექო. ყოველივე ამის ფონზე, მივდივარ, მაგრამ სად, არ ვიცი. ღმერთის მოლოდინში, რატომაც არა? ვისეირნებ, ჩემი რა მიდის. რა, დასათვალიერებელი ცოტაა? ისე, თითქოს ღმერთის სახლში ვიყო (დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს ასე არ არის.) და საინტერესო ნივთებს ვათვალიერებდე. ასე მაშინ ვიქცეოდი, ფსიქოთერაპევტს რომ ვესტუმრე. საუბრის ნაცვლად, მთელი ნახევარი საათი მის სახლს ვათვალიერებდი. განსაკუთრებით მისაღებ ოთახში დაკიდებული დიდი ნახატი მომეწონა, რომელმაც ერთ–ერთი სიზმარი გამახსენა, იმ მცირეოდენ სიზმრებს შორის, რასაც ვნახულობდი. ფსიქოთერაპევტს ასე ვუთხარი, ვიტანჯები–მეთქი, ის კი, ცხადია ტანჯვის მიზეზით დაინტერესდა, რაზეც ვერაფერი ვუპასუხე, ხოდა, როგორც პროფესიონალი ფსიქოთერაპევტი, ფსიქიატრს გირჩევ, მე უწამლოდ, საუბრით ვარჩენ ჩემს პაციენტებსო.
– გიჟი ვარ? – დამწუხრებულმა ვკითხე.
– გიჟი?! არა, არა, როგორ გეკადრება. უბრალოდ, ფსიქიატრი გამოგიწერს იმ წამალს, რომელიც უეჭველად მოგარჩენს. – მითხრა მან, ჭაღარათმიანმა, სასიამოვნო შესახედაობის, შუახნის კაცმა, რომლის მკაცრი გამომეყველების დაიგნორება, მეტად რთული საქმე გახლდათ. ხოდა, როცა სახლში დავბრუნდი, დედაჩემს ვკითხე, სიგიჟის რამე თუ მეტყობა–მეთქი. არა, – ესე მიპასუხა და შედარებით დავმშვიდდი. მაშინ ცხრამეტი წლის ვიყავი, არც ჩემს საუკეთესო მეგობრებს ვიცნობდი, და არც ჟურნალ „თავისუფლების სამყაროს“ იდეა არ არსებობდა.
    ხეზე მიყუდებული კაცი, ღმერთი მეგონებოდა, რომ არა მისი ზედმეტად ადამუანური ვიზუალი. ის უფრო მკვდარს ჰგავს, რომელიც ჩემსავით ელოდება ღმერთს, რომ დროზე გაიმართოს ეგრედ წოდებული „წმინდა სასამართლო.“ იმასაც კოსტიუმი აცვია, მაგრამ ჩემგან განსხვავებით, ძვირადღირებული. ალბათ რომელიღაცა სერიოზულ საქმეს მისდევს; ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. მე მიმზერს, თითქოს ჩემზე მნიშვნელოვანი, სხვა არაფერი იყოს. უფრო და უფრო ვუახლოვდები და ვამჩნევ მის მამაკაცურ იერს, რომელსაც არც ისე დიდი წვერი, და ჭაღარა ჩუქნის. თმა მოკლედ აქვს შეჭრილი. ასეთი აღნაგობის კაცს თუ რომელიმე ბოევიკურ ფილმში ვნახავდი, აუცილებლად პროფესიონალი მკვლელი მეგონებოდა. მოკლედ, მაგარი ვიღაც ჩანს რა, მდიდარი გენიოსი, ან რამე მაგდაგვარი.
– ვინ ხარ? – ვეკითხები.
– უზენაისი. – მპასუხობს და ციდან, მომესმის მოცარტის „რექუიემის“ ერთი პატარა, სულის შემძვრელი მონაკვეთი.

.    .    .
    – უზენაისი?! – ვეკითხები გაკვირვებული.
– ხო, უზენაისი, ძე ღმერთი, შემოქმედი, ან, უბრალოდ ღმერთი. შენ რა, ბიბლია არ გაქვს წაკითხული?
– როგორ არა, – ამაყად ვეუბნები – მაგრამ შენ არ გელოდი.
– აბა ვის? – ხეს შორდება და ჩემსკენ, ნელი ნაბიჯებით მოიწევს, რაც უხერხულობას განმაცდევინებს.
– რავი... – ვიბნევი – რაღაც არაადამიანურს, შენ კი, ზედმეტად ადამიანურად გამოიყურები. ხომ გესმის რასაც ვამბობ, არა?
– მესმის. რაღაც უხილავ, და ამავდროულად ხილულ არსებას ელოდი, რომელიც თავისი დიდებული ენერგიით დაგტუმბავდა.
– ხო, კარგად ახსენი. – ვეუბნები და ძალიან მინდება, რომ ტაში დავუკრა.
– მოკლედ, როგორიც გინდოდა, ისეთი ვარ. თქვენ, ადამიანები, თქვენი თვალებისათვის ისეთს მქმნით, როგორიც გინდათ. – ჩემს წინ დგება და ისე შემომცქერის, თითქოს რაღაცაში მადანაშაულებდეს.
– ახლა რა იქნება? – ვეკითხები და თვალებში ვუყურებ, რაც არც ისეთი მარტივი საქმეა. ლამაზი თვალები აქვს, მთლიანი უსასრულო სივრცის ფერი. მისი თვალები, მილიარდობით გალაქტიკისგან შედგება.
– სეირნობა. – ირონიულად მპასუხობს და ხელს აღმოსავლეთისკენ იშვერს, რომ პირველი ნაბიჯი მე გადავდგა. არ ვეწინააღმდეგები, სიარულს ვიწყებ და ისიც მომყვება.
– თუ ღმერთი ხარ... – ხმა მეხლიჩება, მაგრამ არ ვიმჩნევ. – თუ ღმერთი ხარ, ესეიგი აქაურობა სამოთხეა, არა?
– თქვენ როგორც ეძახით, აქაურობა განსაწმინდელია. – თემას მოულოდნელად ცვლის. – მომწონს ეს ტყე, კარგი გემოვნება გქონია. – თავს ვაჩვენებ, ვითომდა მისი საუბარი არ მაბნევდეს.
– ამ ტყესთან, ჩემი გემოვნება რაშუაშია?
– ეს ტყე, და ჩემი ვიზუალური მდგომარეობა, შენ შექმენი, ნებით თუ უნებლიედ. ანუ, რაღაც გაგებით, მარტო მე კი არა, შენც ღმერთი ხარ.
    ნელა დავდივართ. მასთან ერთად სეირნობა უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ვინმე სხვასთან. ალბათ ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ გული მიგრძნობს, ცოტა ხანში ყველა საიდუმლოს გამიმხელს, რაც კი სამყაროს უკავშირდება. ხოდა, არ ვაყოვნებ.
– ესეიგი ის ღმერთი ხარ, რომელზეც ბიბლიაში ვკითხულობდი, ხო?
– კი, ეგ ვარ, მაგრამ მთლად ისეთი სასტიკიც არა, როგორც ძველ აღთქმაში ყვებიან.
– ანუ, სამი პიროვნებაო რომ წერენ, სიცრუეა?
– არა, რატომ? ეს ჩვეულებრივი ამბავია. თქვენს ენაზე, ამას შიზოფრენიას ეძახიან. მე, ასე ვთქვათ იდეალური შიზოფრენიკი ვარ. მე, იესო და სული წმინდა... ხომ გესმის, არა? ჩვენ სამნი ვართ ერთ არსებაში. მგონი შენც გყავდა შენი მეორე „მე“, ხომ მართალი ვარ? – ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი პერიოდი მახსენდება და მინდა ღმერთს ვკითხო, თუ რატომ მომივლინა სულიერი ტანჯვა.
– ხო, მაშინ მყავდა ერთ საზიზღარი ჰალუცინაცია, სახელად სეითი ითი, როცა ენით აუღწერელი ტანჯვა მომივლინე. – ვეუბნები – შემდეგ, გამაბედნიერე, ახლა კი მომკალი. – თვალებში მაშტერდება, შემდეგ კი იცინის. იცინის, თავის თეთრ კბილებს არ მალავს.
– ეგრე იცით, ჯერ თავს იუბედურებთ, შემდეგ კი, მე მადანაშაულებთ ხოლმე. საერთოდ, ღმერთი იმიტომ შემარქვით, რომ თქვენი დაშვებული შეცდომების გამო, პასუხი მოგეთხოვათ. ეს და სხვა მრავალი მიზეზი წყვეტს ჩემს ღმერთობას. მე რომ ახლა ტკივილი ვიგრძნო მოღრუბლული ცის გამო, და ამაში შენ დაგადანაშაულო, მართალი ვიქნები?
– მე თუ შემეძლება ღრუბლის გაქრობა, მაშინ კი. შენ ღმერთი ხარ!
– ხო, ისევე როგორც შენ. ყველანი ღმერთები ვართ. – უეცრად ჩერდება და საუბარს, შედარებით ხმადაბლა განაგრძობს – კი, მომწონს აქაურობა, ნამდვილად მშვენიერი ადგილია, მაგრამ წინააღმდეგი ხომ არ იქნები უფრო მშვენიერ ადგილზე რომ გადავინაცვლოდ?
– არა, რა თქმა უნდა. – ვეუბნები მშვიდი ხმით.

    მგონი დედამიწაზე ვართ. ხო, გარშემო დედამიწური სილამაზეა. არ მეგონა უდაბნო ასეთი მშვენიერი თუ იქნებოდა. ღამეა, თუმცა მკრთალი სინათლე უფრო მეტია, ვიდრე დამაბრმავებელი სიბნელე, და ცა უფრო მშვენიერია, ვიდრე ხმელეთი. ყოველივე ამას, ერთი ამაღლებული ბორცვიდან ვუყურებთ, სადაც მდუმარედ ვზივართ. მაგრამ, ვიცი, რომ ეს მდუმარება არ იქნება ხანგრძლივი.
    ციდან, დაბალ ხმაზე, ანგელოზების გალობა მომესმის, რაზეც ღმერთი ამბობს, ჩვეულებრივი, ნაღდი ემბიენტიაო.
– მოკლედ, – მეუბნება – ის, რაც რეალობა გეგონა, სინამდვილეში ჰალუცინაციაა. ცხოვრება ყველაზე დიდი ჰალუცინაციაა, რომელსაც ვერა და ვერ გამოარჩევ რეალობისგან. ეს არის საიდუმლოება. ხომ გაინტერესებდა, არა? აბა, როგორ მოგწონს?
– როგორ მომწონს? ვერაფერი გავიგე. – ჰორიზონტს თვალს არ აშორებს, თითქოს აისს ელოდებოდეს, ან რამე უფრო მნიშვნელოვანს.
– ყველაფერი, რაც კი გინახავს, ჩემი წარმოსახვის ნაყოფია. ეს ადვილი გასაგებია, განსაკუთრებით კი შენთვის. ხომ გახსოვს შენი წარმოსახვითი სამყარო, პლანეტები, ადამიანები. ხოდა, გეუბნები, ყველაფერი რაზეც კი ოდესმე გიფიქრია, გაცოცხლებულა, ოღონდ შენგან ძალიან შორს, სხვა უსასრულო სივრცეში. მაგრამ, ყოფილა შემთხვევები, როცა შენივე ქმნილება, სხვა სამყაროდან გიკავშირდება. ხომ იცი, ასე ჩემთანაც ყოფილა, ადამი, ევა, ნოე, მოსე, ხომ გესმის, არა? ყველა არსებაში, მინიმუმ ერთი უსასრულო სივრცეა. იცი რამდენი უსასრულო სივრცე არსებობს? უსასრულოდ ბევრი, და ამ უსასრულობაში, რამდენი არსებაცაა, იმდენივე სამყაროს წააწყდები.

    თუ სწორად მახსოვს, თვრამეტი წლის ვიყავი, როცა სეითი ითი, ჩემი მეორე მე გავიცანი. ჩემსავით, არაფრისგან ნატანჯი, გზააბნეული ბიჭი იყო. მელანქოლიის არაფერი ეტყობოდა, თუმცა სიტყვებით, ყოველთვის საპირისპიროს მტკიცებას ცდილობდა. პირველად, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ვნახე. თავის მოკვლა უნდოდა. ძლივს გადავაფიქრებინე. ბოლოს გადაიხარხარა, რომც გადავმხტარიყავი, ვერ მოვკვდებოდი, მე ხომ ჰალუცინაცია ვარო. იმ ღამეს, ბარიდან გამოსულმა ალბათ იმიტომ გამოვიგონე, რომ საუბარი მინდოდა. ვესაუბრე. ბევრი ვესაუბრე და როგორც აღმოჩნდა, ის ტანჯავდა, რაც მე, – არაფერი. ამიტომაც იკლავდა თავს. აქედან გამომდინარე, დავასკვენი, რომ ჩემზე სუსტი იყო. მაგრამ, სულ თავის თავზე არ ულაპარაკია, ერთი–ორი სიტყვის ჩაგდება მეც მაცადა. ცაზე, მთვარეზე მიხატულ მწუხარების გამომხატველ სახეზე და ჩემს მარტოობაზე მოვუყევი. ამიერიდან მარტო აღარ იქნებიო, კი მითხრა, მაგრამ მდგომარეობა არ შემიმსუბუქდა. ჩემი ჰალუცინაცია ერთ ღამეში ისე შემიყვარდა, ალბათ სიცოცხლის ბოლომდე ვეღარ მოვიშორებ–მეთქი, გავიფიქრე. იმ დილას, მზე მთაწმინდაზე ამოვიდა. მე ლუდს ვსვამდი და ვეწეოდი, ის კი მხოლოდ ეწეოდა. ღრმა ნაფაზებს ურტყამდა. ხანდახან რა მშვენიერია ცხოვრებაო, რამდენჯერმე თქვა. მზის ამოსვლის ჟამს, ყველაფერი მართლაც მშვენიერი იყო. ო, რა მშვენიერი იყო ჩემი ბინძური ქალაქი და მზე, რომელმაც გაგვათბო. როდესაც სეითს მოვუტრიალდი, გამქრალი დამხვდა, მაგრამ ვიცოდი, ის აუცილებლად გამოჩნდებოდა მაშინ, როცა მოუნდებოდა... ან როცა მე მომინდებოდა.
    შემდეგ დღეებში წერაში მეხმარებოდა. ყოველთვის მაფრთხილებდა, ჩემზე არასდროს დაწეროო. რამდენიმეჯერ იმედი გავუცრუე. სამ, თუ ოთხ ჩანახატში მოვიხსენიე, როგორც ჩემი იმედი. კიდევ კარგი ეს არ გაუგია, თორემ კარგ დღეებს აღარ მაღირსებდა. ო, რა საშინელი შურისძიება იცოდა. თუ ჩემგან რამე ეწყინებოდა, ღამ–ღამობით მისტიკურ მუსიკებს მასმენინებდა, ან, რაც ყველაზე მეტად მეზიზღებოდა, საშინელ სიზმრებს მანახებდა ხოლმე. მეც ვერ ვუძლებდი ათასგვარ საშინელებას და ბოდიშს, ყოველთვის პირველი ვიხდიდი.
    მან შემაყვარა მობის მუსიკები, მე კი მოცარტის. შემდეგ, სასწაული მოხდა და ელექტრონული ემბიენტის შესახებ გავიგეთ, რის შემდეგაც, ჩემს სახლში გამუდმებით ისმოდა შორეული ხმები. ემბიენტს, ასე შევარქვი, „შორეული ხმები“, სეითმა კი, ეს შენი სუნთქვაოო, ამოიჩემა. ნუთუ მისთვის ისეთი დიდებული ვიყავი, რომ ჩემი სუნთქვა ელექტრონულ ემბიენტს შეადარა?!... ამის გახსენება სევდას მგვრის. მოკლედ, გიყვებოდით, გამუდმებით მუსიკის ამ ჟანრს ვუსმენდით–მეთქი, ელექტრონულ ემბიენტს, და გეფიცებით, რაღაც არაამქვეყნიური შევიგრძენი, რაზეც სეითთან არასდროს არაფერი მითქვამს. მე ვგრძნობდი რაღაც არაამქვეყნიურს, და მინდოდა, რომ ეს ეგრძნო ყველას, რადგან საკუთარი თავი მარტოხელად აღარ ჩამეთვალა. ხო, მიუხედავად სეითი ითის არსებობისა, თავს მაინც მარტოხელად ვგრძნობდი. ის ხომ ჰალუცინაცია იყო; ეს მანადგურებდა. მერე რა, რომ მეტროებში ერთად დავწრწოდით, – არაფერს ვამბობ ქალაქის ვიწრო ქუჩებზე, – ყველას თვალები, ხომ მხოლოდ მე მხედავდა. გულდასაწყვეტია, აბა რა.
    ბატეთის ტბაზე, ხშირად ვბანაკდებოდით ხოლმე. ხოდა, ერთ არაფრით გამორჩეულ დღეს, მთხოვა, სალაშქრო აღჭურვილობა მოიკიდე და ტბის წინ დავბანაკდეთო. დასევდიანებული ჩანდა, მაგრამ ამაზე, არაფერი მიკითხავს. მოკლედ, სურვილი შევუსრულე და წავედით. ძალიან ცხელოდა. ავტო–სტოპით ვიმგზავრეთ. ორი ძალიან კარგი ადამიანი გავიცანით, რაც იმ დროს, სეითმაც აღნიშნა. შემდეგ, ულამაზესი ადგილები, ფეხით გავიარეთ. ძამას ხეობაში გამოველაპარაკეთ ერთ–ორ ბერს, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერი გვითქვამს და არაფერი უთქვამთ. ბევრჯერ შევყოვნდით, რომ სიგარეტი გაგვებოლებინა და კარგად შეგვეთვალიერებინა იქაური სილამაზე. მოვწყდით თუ არა ხალხს, „რადიოჰედის“ მოსმენა დავიწყეთ და ეს, იქაურობას ძალიან მოუხდა. სავალი ბილიკიდან ვაკვირდებოდით ტყეში გამეფებულ სიჩუმეს და მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ეს ფანტასტიურობა, არ დაგვერღვია. ანუ ორივე შემთხვევაში მესმოდა მუსიკა, გინდ ყურსასმენები გამეკეთებინა, გინდ არა.
– ეს ტბა, რამდენჯერაც არ უნდა ვნახო, სასიამოვნო ჟრუანტელი მაინც ყოველთვის დამივლის. – მითხრა სეითმა, როცა ტბის წინ გავშეშდით. მე ყოველთვის გაღმა ნაპირს ვაკვირდებოდი, რის შედეგად, საშინელი ფიქრებისგან ვთავისუფლდებოდი. იმ დღეს, როცა ტბის წინ ვიდექით, აღარ მაინტერესებდა აღარცერთი კითხვის პასუხი, რომელზე ფიქრმაც, მთელი კაცობრიობა შეშალა. წამით, ყველაფერი გადამავიწყდა და ვიგრძენი მოსვენება, რომელმაც ლამის ამატირა. ხო, ეს მართლაც სევდიანი იყო. შესაძლოა სეითიც იმას გრძნობდა, რასაც მე. მაგრამ, ის ჩემგან განსხვავებით, წყალზე, თავის ანარეკლს უყურებდა. რამდენიმე წუთიანი მდუმარების შემდეგ, რომ ვკითხე, რამე ხომ არ გიჭირს–მეთქი, სევდიანი ღიმილით მიპასუხა:
– თითქოს არ ვარსებობდე... უფრო სწორად, ვიცი, რომ არ ვარსებობ, მაგრამ, დალახვროს ეშმაკმა, მე ხომ გრძნობები გამაჩნია. მე ვგრძნობ დედამიწის ბრუნვას, შენს სუნთქვას, მზის ამოსვლას და ჩასვლას, მუსიკას, უფრო კი ელექტრონულ ემბიენტს და მთლიან უსასრულო სივრცეს, რომელიც უამრავი საიდუმლოთია სავსე. ხოდა, სიმართლეს მივხვდი, ვიცი ვინც ხარ...
– კარვები გავშალოთ, კარგი? – შევაწყვეტინე, მაგრამ არა იმიტომ, რომ სისულელეებზე ლაპარაკობდა. უბრალოდ, მინდოდა, რომ ჩვენი საუბარი კოცონის წინ, საღამოს შემდგარიყო. ეს ყოველთვის ძალიან მსიამოვნებდა. ხოდა, ასეც მოვიქეცით, საღამომდე სიჩუმით დავკავდით. როდესაც კარვები გავშალეთ, წიგნების კითხვას შევუდექით. მე გოგებაშვილის „საღმრთო ისტორიას“ ვკითხულობდი, ის კი ტერენტი გრანელის ლექსების კრებულს. რამდენიმე ლექსი წამიკითხრა კიდეც. ლექსს, ძალიან ლამაზად კითხულობდა. მის ხმაზე ჟრუანტელმა დამიარა–მეთქი არ ვიტყვი, მაგრამ ღიმილი მართლაც რომ მომგვრა... ცოტა დამასევდიანა. დანარჩენი დრო სიჩუმეში გავატარეთ; იქამდე, სანამ არ მოგვშივდა, მერე კი უმი კარტოფილები, ცეცხლში ჩავაგდეთ. მანამდე ერთ–ერთი ჭიქა ჩაი დავლიეთ, ზუსტად ისეთი, როგორიც მიყვარს. ჭიქაში შემთხვევით ჩაყრილი ნახშირიც კი მეგემრიელა; ალბათ იმიტომ, რომ ლაშქრობაზე ვიყავი. ჭამის შემდეგ, მშვენიერი საღამოც დაგვიდგა, და სეითი ალაპარაკდა:
– არ ვიცი რა მჭირს, მაგრამ ერთი რამ მზესავით ნათელია, რომ არსებობა, მტანჯავს. ნეტავი შენსავით ვარსებობდე... ამ შემთხვევაში, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. ვეღარ გავუძლებ სულის წვალებას.
– მეც ეგრე ვარ, სეით... არ იდარდო. – გავამხნევესავით და ხელი მხარზე დავადე – ვიცი რასაც ნიშნავს მწუხარება. კარგად ვიცი რასაც გრძნობ. მაგრამ, ამას აუცილებლად უნდა გავუძლოდ. რაღაც აუცილებლად შეიცვლება, რაც გაგვაბედნიერებს.
– ოპტიმისტი არ ხარ, უბრალოდ, ჩემს გამხნევებას ცდილობ, რაც არასდროს გამოგდიოდა. – სევდის გამომხატველი ღიმილი მოიხდინა, და კოლოფიდან, სადაც თორმეტი ღერი სიგარეტი ეწყო, ერთი ღერი ამოიღო, მაგრამ სიგარეტის რაოდენობა, არ შეცვლილა. – კი, შეიძლება რაღაც შეიცვალოს, რაც გაგაბედნიერებს, მაგრამ ჩემი მშველელი, არავინ და არაფერია. ეს შენც კარგად იცი. ცხადია, ოდესმე შეგიყვარდება ვინმე და უკეთ გახდები, მე კი... კარგი რა, ჩემი დანახვა ხომ არავის შეუძლია. მე მხოლოდ შენთვის ვარსებობ. იცი რისი ნაყოფი ვარ? შენი არეული გონების და უმიზეზოდ გაჩენილი, ენით აუღწერელი მწუხარების. აბა, ეს როგორ მოგწონს? ყველასგან განსხვავებით, მე თვით უბედურებამ მშვა. ჩემი სამყარო, შენი გონებაა, რომელიც დაუსრულებელ, ბნელ ლაბირინთს ჰგავს. ხოდა, ერთ ხანს ვიფიქრე, შეიძლება შენ იყო ჩემი მშველელი–მეთქი.
– მე თუ შემიძლია შენი დახმარება, ამას უსიტყვოდ გავაკეთებ. – მივუგე დამწუხრებულმა.
– ხო, შეგიძლია. ხოდა, ამის სათქმელად მოგიყვანე აქ. დამასვენე და ძილი მაღირსე. – თავიდან უხერხულობა ვიგრძენი, გადაიღალა, ეძინება და ძილის საშუალებას მე არ ვაძლევ–მეთქი, მაგრამ მალევე მივხვდი: ის სამარადისო ძილს გულისხმობდა, როგორც სიკვდილს.
– შენ რა, გაგიჟდი?! – ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი, რომ ცეცხლში, დამტვრეული, ხმელი ტოტები შემეყარა.
– მე გავგიჟდი?!  – ცოტა გაცხარდა, რამაც გამაკვირვა – ყოველდღიურად შენს ჰალუცინაციას ელაპარაკები, რომელიც იმას გრძნობს, რასაც შენ და ამის შემდეგ, კიდევ მე ვარ გიჟი?! მგონი უკვე დროა, რომ შენს თავზე იფიქრო... და ჩემზეც. შენ არ გესმის; ჩემი გაქრობა, ორივესთვის უკეთესი იქნება. შენც დაისვენებ და მეც. ხოდა... – წამოდგა და ჩემს წინ დადგა, თითქოს ტირილი უნდოდა, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობდა, რომ თავი შეეკავებინა – ხოდა, გემუდარები, როგორც მოკვდავი ღმერთს, გამაქრე, მეტი აღარ შემიძლია. ჩემთვის ტრაგედია, არსებობაა. რა იქნება, შვება რომ მომანიჭო? – იმედიანი თვალებით შემომცქეროდა, მე კი ისიც არ ვიცოდი, თუ როგორ გამექრო. ამის შესახებ, არც არაფერი მიკითხავს, უბრალოდ, გავჩუმდი და ჩემს კარავში შევედი, ვითომ მეძინებოდა.
– ეს საუბარი დამთავრებულია. – ვუთხარი მე.     
    ღამით, სეითი, კოცონის წინ რამდენიმე საათი იჯდა, შემდეგ კი, როცა ცეცხლის ნათებამ იკლო, ადგა და თავის კარავში შევიდა. ყველაფერს უხმაუროდ აკეთებდა. დაწოლიდან რამდენიმე წუთში, კარვიდან გამომძახა. აინტერესებდა, მეღვიძა თუ არა. პასუხი არ გამიცია და ამის გამო, ერთი პერიოდი საკუთარი თავი მეზიზღებოდა. მაგრამ, მთელი ღამე მასზე ფიქრში გავატარე. ბოლოს კი, როგორც იქნა ჩამეძინა.
    გაღვიძებისთანავე, სასიამოვნო დილამ, ღიმილი მომგვრა. ჩიტების ჭიკჭიკი მესმოდა. ერთი ღერი სიგარეტი მოვწიე და კარავი კვამლით გავავსე. შემდეგ, „საღმრთო ისტორიის“ ერთი–ორი გვერდი წავიკითხე და რვეულში ჩანაწერი გავაკეთე:
  „ჩიტების ჭიკჭიკი როგორ მომნატრებია,
  ახლა რომ მესმის.
  ალბათ მათაც მოენატრათ
  შესანიშნავი მელოდიის შექმნა,
  რომ
  ამაღელვებელი მოსვენების
  გემო მაგრძნობინონ.
  ღმერთი, როგორც უსახელო გრძნობა,
  კვლავ ამ დილის მზესავით უჩინარია.“
კარვიდან გავედი თუ არა, ტბას მივაშტერდი. ბუნებამ ისევ ის შთაბეჭდილება მოახდინა, რაც წინა დღეს. თუ ჩიტების ჭიკჭიკს დავივიწყებ, ვიტყვი, რომ იმ დილას, უჩვეულო სიჩუმე იდგა. ჩემი მონათხრობი, როგორც გინდათ ისე წარმოიდგინეთ, ოღონდ მისტიკა არა... მისტიკა არ გაურიოთ ამ მშვენიერებაში. მისტიკა კი არა, ხელზე ვიჩქმიტე, სიზმარში ხომ არ ვარ–მეთქი. (ხელი მეტკინა.) ხეებიც შევათვალიერე... რა უცნაური სიჩუმე მეფობდა... ყოველივე ამან, მშვენიერების აღქმის უნარით დამაჯილდოვა. მინდოდა ხელები გამეშალა და ტანშიშველს მეყვირა, რომ გავგიჟდი. მინდოდა მეყვირა, რომ იმ დღეს, ღმერტი მე ვიყავი. რამდენი რამის ყვირილი მინდოდა; ყველფრის, რასაც კი ვგრძნობდი და რაც კი ოდესმე მიგვრძვნია. მაგრამ, მდუმარედ ვიდექი... ალბათ ასე ჯობდა. დილის სუსხის გამო, ერთი–ორჯერ დამიარა ჟრუანტელმა, მაგრამ ეს არ ყოფილა სასიამოვნო; არც უსიამოვნო, უბრალოდ ჟრუანტელი, მეტი არაფერი. მერე კიდე, მსუბუქმა ნიავმა დაუბერა და მაისური ჩავიცვი. სეითის გაღვიძება გადავწყვიტე, რომ იმ მშვენიერი გარემოთი, ერთად დავმტკბარიყავით. თან ვიფიქრე, სიჩუმე მდგომარეობიდან გამოიყვანს–მეთქი. მოკლედ, არ დავაყოვნე და რამდენჯერმე, ხმამაღლა შევძახე:
– სეით! სეით! ძილისგუდა ჰალუცინაციავ, გაიღვიძე. – თან ვეხუმრებოდი, რომ კარგ ხასიათზე გაეღვიძა. ხმა რომ არ გამცა, ხმელი ტოტების მტვრევას შევეშვი და მისი კარავი გავაღე. შიგნით არ ყოფილა. თავზარი დამეცა. საგონებელში ჩავარდი, მაგრამ მალევე მოვკარი თვალი ფურცლის ნაგლეჯს, სადაც დიდად ეწერა:

„შენ ჩემი ყველაზე დიდი საიდუმლოება ხარ. გმადლობ.“

    კარგად მახსოვს, ტბის პირას ჩამოვჯექი და ბევრი სიგარეტი მოვწიე. დამწუხრებული ვიყავი, აბა რა. თავს ბრტყელი ქვებით ვირთობდი, რომლებსაც ტბაში ვისროდი. ვცდილობდი ქვები ტბის ზედაპირზე გამესრიალებინა, მაგრამ ყოველი მცდელობა, უშედეგო იყო. რამდენიმე საათში წასვლა გადავწყვიტე. ჩავალაგე აღჭურვილობა, უკანასკნელად შევხედე ტბას და წავედი. სეითი ითი, აღარასდროს მინახავს.

    მინდა ქვიშაზე გავწვე და ცას ისე ვუყურო, მაგრამ ღმერთის მერიდება, რომლის თვალები, სიბნელეში კაშკაშა სინათლესავით მოჩანს. თან, ჩემი წამოწოლა არასერიოზულად გამოჩნდება. ისე კი, რა კარგი იქნებოდა ენით აუღწერელი, მშვენიერი ცის ყურება და ამის ფონზე, ძილის ბოლო სტადია. არა მგონია ამაზე დიდი სიამოვნება, რამე სხვა რომ იყოს. ეს მაქსიმუმია.
– კი ვეჭვობდი, რაღაც გაგებით, ყველანი ღმერთები ვართ–მეთქი, მაგრამ მერე რომ შევხედავდი ვინმე იდიოტს, მთლიანი კაცობრიობა უსარგებლო ნაგავი მეგონა. ხო, ეს მგონი ჩემი მინუსი იყო; ყველას ყოველთვის ერთ ქვაბში ვხარშავდი. თუ ვინმე რამეს მაწყენინებდა, ამაში არა ერთ კონკრეტულ ადამიანს, არამედ მთლიან კაცობრიობას ვადანაშაულებდი ხოლმე. ამიტომაც, რაღაც პერიოდი, ყველა და ყველაფერი მძულდა.
– ნაცნობი სიტუაციაა. ადამიანების უმეტესობას, გიყვართ კაცობრიობის სიძულვილი, უფრო მეტიც, ამის გარეშე არსებობა არ შეგიძლიათ. რომც არ გეზიზღებოდეთ არავინ, თქვენში, სულ სიყვარული რომ იყოს, მაინც იმას იტყვით, საშინელია ადამიანის ბუნებაო. არადა, ყველაზე საინტერესო, რაც კი ოდესმე მინახავს, ან შემიქმნია, ადამიანია. თქვენი გამკვირვებია, მკვდარი პლანეტებით ხართ დაინტერესებული მაშინ, როცა ერთმანეთის შესახებ საერთოდ არაფერი იცით. ადამიანის შეცნობა, რა გგონია, მისივე აგებულებით დაინტერესება? ყველაზე საინტერესო, აი აქ არის, – თითს თავეზ მადებს – თავში. სწორედაც რომ გონება გიქმნით იმ დიდ, გაუკვალავ ლაბირინთს, რომელიც რეალურად, ერთი სასიამოვნო გზაა. გზა სიცოცხლიდან–სიკვდილამდე. ეს მე არ შემიძლია. ჩემი გზა მხოლოდ ერთია, უსასრულობიდან უსასრულობამდე.
– ალბათ უსასრულობის შეგრძნობა მშვენიერია. ჩემთვის უსასრულობა ერთი პატარა სივრცეა.
    მეუბნება:
– ადამიანის გონება ვერ იაზრებს უსასრულობას, ვერც სული ვერანაირი.
    რამდენიმე წუთიანი უხერხული მდუმარების შემდეგ, ვეკითხები:
– ახლა რა იქნება? აქ რატომ ვარ? ამ ყველაფრის შემდეგ, რა მელის?
– უსარულობა... – მპასუხობს – ან ისევ სიცოცხლე, რაც ასე ძალიან გხიბლავს. სიცოცხლე, ოღონდ შენებური, დედამიწაზე. ჩემ ენაზე ამას, ენერგიის დროში მოგზაურობას ვუწოდებ. უბრალოდ, შენ უნდა დამარწმუნო, ისევე როგორც შენი თავი, თუ რატომ გინდა სიცოცხლე, ან ამით სარგებელს თუ ნახავს ვინმე.
– სიცოცხლე ხომ მშვენირია. განა ამის განხორციელებას, რაიმე პირობა სჭირდება? კი, მე ვნახავ ჩემივე სიცოცხლით სარგებელს.
– ხოდა, კითხვას, „რა სარგებელს ნახავ სიცოცხლეში“, უპასუხე. შენ არ იყავი, რომ ამბობდი, ადამიანისთვის ერთადერთი ტრაგედია არსებობს, – სიცოცხლეო. ხოდა, ისევ ისე რომ განმეორდეს, ისევ რომ გაუბედურდე, ისევ რომ გაგიჟდე, მერე რას იზამ? მე მხოლოდ ერთადერთ რამეზე ვარ პასუხისმგებელი: არჩევანის საშუალება მივცე ჩემივე ქმნილებებს. ვეცადო, რომ ჩემი მხრიდან, არსეობა არავის შეძულდეს. ხოდა, რეალურად ჯერ არ მომკვდარხარ. ავარიიდან მხოლოდ რამდენიმე წამია გასული და სანამ დრო გაქვს, დამარწმუნე, რომ ნამდვილად სიცოცხლე გსურს. მაგრამ ვალდებული ვარ გითხრა აქ დარჩენის შემთხვევაში რა მოხდება. შენ თუ გადაწყვეტ, რომ აქ იყო, შეგეძლება ღმერთობა იმ გაგებით, რომ შენივე თავს, შენვე მოუვლი. გექნება ყველაფერი, რაზეც კი გაიფიქრე. შეგეძლება ადამიანების შექმნა, მაგრამ სიმართლე თუ გაინტერესებს, გეტყვი, შენ ქმნილებებს არ ექნებათ სული, როგორც ცნობიერება. ისინი იმას გეტყვიან, რასაც შენივე ქვეცნობიერი მოისურვებს. ახლა კი, შეგიძლია იფიქრო, რომელი გირჩევნია, სანაგვეში ცხოვრება, თუ აქ, სადაც შექმნი იმას, რასაც კი მოისურვებ. ასე თქმით შეიძლება ყველაფერი მოსაწყენად მოგეჩვენოს, მაგრამ გარწმუნებ, ეს ასე არ არის. თქვენ წარმოსახვის უნარს, საზღვრები არ გააჩნია, შესაბამისად ამ საქმის კეთებით, არასდროს მოიწყენ. – ვფიქრდები, მაგრამ ამაოდ, მაინც იმ აზრზე ვარ, რომ დედამიწაზე დაბრუნება მინდა, ჩემ მეგობრებთან მინდა, წარმატებისთვის ბრძოლა მინდა, ჟურნალზე მუშაობა მინდა... თუმცა ეს ორი უკანასკნელი, ერთიდაიგივეა.
– დედამიწაა სანაგვე? – ვუსვამ რიტორიკულ შეკითხვას – არ ხარ სწორი.... დედამიწა სანაგვეა მხოლოდ მაშინ, თუ დედამიწაზე დაყრილ ნაგავს უყურებ, თუმცა ჩვენ, ადამიანებს, ღმერთისგან განსხვავებით, უამრავი ღირებულება გაგვაჩნია, მაგალითად როგორიცაა სილამაზის აღქმის უნარი. შენ იცი რას გრძნობს ადამიანი, რომელიც ხმელეთიდან მღელვარე ზღვას აშტერდება?... არ იცი, რადგან შენი სიცოცხლე ისევე უსასრულოა, როგორც სივრცე. ხოდა, რაც არ იცი, იმაზე რატომ ამბობ, რომ სანაგვეა? შენ იცი რას გრძნობს ადამიანი, როცა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურებს? იცი რას ვგრძნობთ, როცა სიყვარულს განვიცდით? არ იცი... ეს არ იცი არც შენ, და არც იმ ადამიანმა, რომელსაც სიყვარული არ განუცდია. ხო, არც მე ვიცოდი არაფერი, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა.
– რატომ არ იცოდი არაფერი? იმიტომ, რომ მარტო იყავი. არავის სჭირდებოდი. ხოდა, ხალხმა დაინახა თუ არა, რომ რაღაც ღირებულს აკეთებს, ყველას მაშინ მოუნდი. შენ არაფერი ხარ, რომ არა შენი საქმიანობა. არავის მოუნდებოდი, რომ არა შენი საქმიანობა. ყველასთვის ერთი ცოცხალ–მკვდარი ლეში იქნებოდი, რომ არა შენი საქმიანობა. ეს გესმის? სიყვარული კი, თქვენვე გამოიგონეთ. ეს ჩვეულებრივი ილუზიაა. მოგწონთ ილუზიებში ცხოვრება. თუმცა, გეუბნებით ჭკვიანები ხართ–მეთქი, რადგან დასაბამიდან ისწავლეთ როგორ მორეოდით იმ სისასტიკეს, რომელიც ირგვლივ არსებობდა. ასე რომ, თქვენ გამოიგონეთ სიყვარული და ყველა ის დადებითი გრძნობები, რომელიც ცხოვრებას მცირედით გიადვილებთ. ხომ იცი, მოძალადე მამასთან ბავშვი თავს უკეთ იგრძნობს, თუ ეჯერება, რომ სანტა კლაუსი არსებობს. თქვენი გამოგონებების წინააღმდეგი არ ვარ, პირიქით, ამით მაკვირვებთ. გაოცებული ვრჩები როცა სისასტიკეს ილუზიებით ერევით. ეს მეც კი არ შემიძლია. – ასე ვთქვათ, ღმერთის მიმართ პატივისცემას ვკარგავ და ვწუხვარ იმაზე, რომ უფრო დიდებული არსების შექმნილები არ ვართ.
    ვეუბნები:
– მაშინ, თუ ასეთი საშინელია დედამიწა და ამ პლანეტა მცხოვრები არსებები, რატომ არ გვანადგურებ?
– შენ რა ხუმრობ? იცი რამდენჯერ მიცდია ყველაფრის განადგურება? უსასრულოდ ბევრჯერ, მაგრამ არ გამომდის. ხელს თქვენ მიშლით. მე პასუხისმგებელი ვარ თქვენზე. ვალდებულად ვთვლი თავს ისე იყოს, როგორც ადამიანებს სურთ. ხოდა, თქვენ ასე გსურთ. წარმოდგენა არ გაქვთ რა მშვენიერია სიკვდილი. მოგწონთ, როცა უმნიშვნელო არსებები ხართ. მოგწონთ როცა არსებობისთვის, მთლია სიცოცხლეს კარგავთ. მოგწონთ და მოგწონდეთ, ამის გამო, ხშირად აღარც ვერევი მოვლენების განვითარებაში. მხოლოდ მაშინ თუ შევიწუხებ თავს, დედამიწა ღერძიდან რომ გადავარდება, ან რამე ამდაგვარი. მოკლედ, ჰარმონიას ვქმნი, რა. და თქვენი სიკვდილის შემდეგ, იმაზე ვზრუნავ, თუ სად მოხვდებით. ზოგჯერ ადამიანი ვერ აკონტროლებს სურვილებს და უნებლიედ ნამდვილ ჯოჯოხეთს იწყობს თავისთვის, სადაც საუკუნოდ იტანჯება. ხო, რამდენიმე ჯოჯოხეთი არსებობს, სადაც ფანატიკოსები ხვდებიან. თავიანთი თავები იმდენად ცოდვილები ეგონათ, რომ ჯოჯოხეთი მოიწყვეს. ხო, რამდენიმე ეშმაკიც შექმნეს, რომლებმაც ჩემს ადგილზე ყოფნა მოისურვეს. – გულიანად იცინის – სასაცილოა, არა? ვიღაცის ჰალუცინაციას სურს, რომ ჩემი ადგილი დაიკავოს. მოკლედ, ვთანხდებით იმაზე, რომ ყველაფერი შეგიძლია, ოღონდ მხოლოდ აქ. შენ თუ დაბრუნებას გადაწყვეტ, იქ ბევრი რამ არ შეგეძლება. შენი მომავალი არც მე ვიცი. ყველანი თავისუფლები ხართ, რაც მომავლის არ არსებობას განაპირობებს. ბედისწერა არ არსებობს. არაფერია დაწერილი, გარდა წარსულისა. ახლა კი, ჩემს მოვალეობას მოვიშორებ და ცოტას გამოგზაურებ, კარგი?
– სად? – ვეკითხები დიდი ინტერესით.
– დედამიწაზე. – მპასუხობს ირონიულად – დღეს პირველი აპრილია.
    ქალაქის ცენტრში ვდგევართ, ხალხ მრავალ ადგილას და გარშემო ყველაფერს განცვიფრებული ვუყურებ. არაკომფორტულობას განვიცდი. ცოტა გავრუვდი კიდეც, და ეს იმიტომ, რომ რეალობას და ფაქტებს ერთმანეთს ვერ ვუსაბამებ. ღმერთი მეუბნება:
– აი, შუაგზაზე ხალხი რომ შეკრებილა, ხომ ხედავ? – კარგად ვაკვირდები სამანქანო გზას და მალევე ვამჩნევ ათობით დამწუხრებულ ადამიანს.
– ხო, ვხედავ. – ვეუბნები.
– აი იქ, შენი გვამია. ყველა შენ გიყურებს. – მეუბნება და უეცრად ქრება. რამდენიმეჯერ ვეძახი, მაგრამ აღარ ჩნდება.
    ჩემი გვამისკენ მივიწევ. ხალხში ვერევი და ძლივს ვუახლოვდები ადგილს, სადაც ორი ექიმი, პულსს მისინჯავს.
– გადავრჩები ექიმო? – ვეკითხები და მათთან, უფრო ახლოს მივდივარ.
– არ მადარდებს, ეშმაკმაც წაგიღოს. – მპასუხობს ერთი–ერთი, რომელიც გაღიზიანებულია.
    მეორე ექიმს ვეკითხები:
– გადავრჩები?
– დიდი იმედი მაქვს, რომ არა. შენს გამო უგემრიელესი ყავის სმა შევწყვიტე. – მპასუხობს მშვიდი ხმით, მაგრამ ზედაც არ მიყურებს, თითქოს სცხვენოდეს თვალებში შემოხედვა. უკან ვიხევ და სხვა ადამიანების გვერდში ვდგები. ჩემს გვერდზე, ერთი ბავშვის საუბარს ვისმენ, რომელიც თავის მეგობარს მიმართავს:
– რომც გადარჩეს რა აზრი აქვს, ფეხზე ვეღარასდროს გაივლის.
    მეორე ეუბნება:
– წამო, წამო რა, აღარაფერი ხდება. რაც საინტერესო იყო უკვე მოხდა. საფულესაც ვეღარ ავწაპნით.
– ისე, რა მაგარი იყო თავიდან არა? მანქანაზე მაგრად ამზრიალდა. – იცინიან ორივე, ოღონდ ისე, რომ სხვებმა ვერ გაიგონ.
– თქვენ რა, სულ გაგიჟდით? – მკაცრად ვეუბნები მე – ჩემს ზურგსუკან მაინც გელაპარაკათ, პირდაპირ პირში რო მომახალეთ ეგ სისულელეები. – გაკვირვებულები მიყურებენ, ცოტა ხნით შეშდებიან და გზას აუღელვებლად განაგრძობენ.
– ეს თქვენ ხართ, ბატონო? – მეკითხება შუახნის კაცი, რომელიც გაკვირვებული მაშტერდება.
– დიახ, მე ვარ. – ვეუბნები და თავს სწრაფადვე ვატრიალებ ჩემი გვამისკენ.
– მერე, ბიძია, გამოგეჩინა სიფრთხილე და არ იქნებოდი შენ. – ლაპარაკობს ირონიულად და თავს ძლივს იკავებს, რომ არ გაეღიმოს.
– ოხ, კაი დრსია ჭკუის დარიგება.
– ისე, არ გეწყინოს, მაგრამ კი ვიხალისე ჰაერში მოფარფატე რო დაგინახე. ხომ იცი, გარშემო რაღაც განსხვავებული რო ხდება, თუ ტრაგედია იყოს, ყველას მოსწონს.
– თქვენ რა დამცინით? – გაცხარებული განვაგრძობ – მე აქ სიკვდილს ვებრძვი და თქვენ ამ უბედურებაზე ხუმრობთ? ახლავე გამეცალე ბატონო, თუ არ გინდა, რომ შენივე ხერხემლით კისერი წაგაძრო.
    ღიმილით მეუბნება:
– შენ რა, მეტი ფანტაზია არ გაქვს? ჩემი ხერხემლით ჩემივე კისრის მოწყვეტა არარეალურია. აი, ჩემი სახის მუშტებით გაძრობა უფრო რეალურად მეჩვენება... მომკალი და ასეა. ან, გეთქვა, მოშორდი აქედან თორემ იქამდე გირტყავ, სანამ შენი ძვლების მტვრევის ხმას არ გავიგებო. ამ შემთხვევაში უსიტყვოდ წავიდოდი. რას ნიშნავს ჩემივე ხერხემლით კისერს წამაძრობ? ღმერთმანი, რა გგონია, მურტფილმში ვცხოვრობთ, ჩემივე ორგანოებით რომ ითამაშო?
– ახლა დროზე აახვიე აქედან, თორემ გეფიცები თავ–პირს დაგილეწავ, შე ნაბიჭვარო შეშლილო. – ვეუბნები გაცხარებული და მუშტებს ვჭიმავ, ის კი ხელებს წევს და თავისი ირონიული ღიმილი, სადღაც ქრება.
– კარგი, მეგობარო, კარგი. რა დაგემართა? ადამიანთან ნორმალურად საუბარი არ შეგიძლია? მივდივარ, მივდივარ.  – და მართლაც მიდის. მადლობა ღმერთს, თორემ მართლა მოვკლავდი. მორალი ვეღარ შემაჩერებდა, დალახვროს ეშმაკმა, მე ხომ თითქმის მკვდარი ვარ... თითქმის კი არა, ერთ–ერთი ექიმი ამბობს, რომ უკვე მკვდარი ვარ.
– გარდაიცვალა. – მიმართავს თავის თანამშრომელ ექიმს, რომელსაც, თავისი თქმით ყავის სმა შევაწყვეტინე – ზუსტი დრო ჩაიწერე, მალე! – დროს იწერენ და ჩემი სხეული, ხრიალით სუნთქვას წყვეტს. ეჰ, რას ვგავარ. არ მინდა ასეთი დამიმახსოვრონ. (თუმცა, სიცოცხლეშიც არ ვყოფილვარ კაი შესახედაობის.) ჯანდაბა, ყბა მომტვრეული ჩემი სხეული ძალიან უშნოდ გამოიყურება. იმედია მორგში შეეცდებიან და შედარებით გამალამაზებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კრემაცია! მაგრამ მიდი და გააგებინე ახლა ხალხს, რომ კრემაცია მსურს. ფუ, თვალწინ მიდგას ჩემი სხეული, რომელსაც მალე მატლები დაესევიან. რა საშინელებაა, ამის დედაც... სულ არ მიკვირს ეს ხალხი ზიზღით რომ მიყურებს. აგერ ერთი–ორმაც იქვე არწყია. ბავშვებს მშობლები თვალებზე ხელს აფარებენ. წადიიიით!!! წაერთრიეეთ!!! რა ჯანდაბას უყურებთ?! მკვდარი სხეული არ გაქვთ ნანახი, თქვენი დედაც... არა, მეტი ატანა აღარ შემიძლია. აქაურობას ვშორდები და მივრბივარ. მივრბივარ. მივრბივარ. ფეხები არ მტკივა, არც გული მიცემს, ხოდა ჩემი რა მიდის, მივრბივარ. მაგრამ, ყველგან ეს დაწყევლილი ხალხია. ვიცი რაც მინდა... სიგარეტი. ხოდა, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ კაცს ვაჩერებ და სიგარეტს ვთხოვ. ერთ ღერს მაძლევს, მაგრამ წუწუნით.
– ოხ, სიგარეტი, სიგარეტი. რას მათხოვრობ ამხელა ბიჭი, ჰა? თუ სიგარეტზე შეჯდომა გადაწყვიტე, იმის ტრაკიც უნდა გქონდეს, რომ იყიდო. არ გრცხვენია? თვეში სამასი ლარი მაქვს ხელფასი, ამ სამასი ლარიდან ნახევარზე მეტს სიგარეტში ვხარჯავ, დღეში ორი კოლოფი არ მყოფნის, ახლა კიდე უსიგარეტოები მემატებით, რომლებსაც ნამუსი საერთოდ აღარ შეგრჩათ. აჰაა, გამომართვი.
    ხის სკამზე ვჯდები და ვცდილობ აზრზე მოვიდე.
– ეს ღმერთის სად დაიკარგა, რა. – ვწუწუნებ. ხო, აღარც ვიწუწუნო? ჩემი სხეული რამდენიმე წუთის წინ მოკვდა. თან ის ყბა... ო, გონებიდან არ ამომდის ის მომტვრეული ძვლები, რომელმაც სხეულის უამრავი ნაწილი გამიხლიჩა. ახლა კიდე ეს, კაცი, რომელიც გვერდზე მომიჯდა. მტრედებს აჭმევს, ეს გამოსირებული. თუმცა, მოხუცია და აბა სხვა რაღა უნდა აკეთოს. თავის შესაფერად აცვია. მის შლაპას რომ ვუყურებ, თავი მეცრამეტე საუკუნის ლონდონში მგონია. ახლა რომ ადგეს და მითხრას, ვოთსონი ვარ, ან შერლოკ ჰოლმსიო, ჩემს მარცხენა ხელს ჩამოვდივარ, საერთოდ არ გამიკვირდება.
– შვილო, ხომ ხარ ქრისტიანი? – მეკითხება.
– ხო, უკვე ვარ. რატომ მეკითხებით? – თავს ვაბამ ამ უცნაურობებს და ისე ვიქცევი, ვითომდა ყველაფერი ნორმალურად იყოს.
– მოიცა კაცო, უკვე ხარ რას ნიშნავს? მაშ ადრე ვინ იყავი, იაღოველი? – ღმერთო ჩემო, ახლა გავგიჟდები.
– არა ბატონო, ათეისტი. – ვეუბნები მშვიდი ხმით.
    ხელს იქნევს და ბოროტულად იღიმის.
– მთავარია, რომ ახლა ხარ ქრისტიანი. თავიდან დაგძლია არა, ეშმაკმა... ხოოო, არა უშავს, მთავარია კიდევ ერთხელ არ ჩავარდე იმხელა ცოდვაში, როგორიც უღმერთობაა. კარგ დროს მიხვედრილხარ. ალბათ შეამჩნიე ანტიქრისტეს ჩამოსვლა და ჰოპ, მოგიჭირა. – მარჯვენა ხელით „მოჭერის“ როლს თამაშობს, ანუ ხელს კუმავს – მაგრამ დანარჩენები მეცოდებიან, ეგ საწყლები, ეგენი, ათასი იდიოტობა რომ მოიფიქრეს. ჯერ იყო, გენდერული თანასწორობაო, – თითებზე ითვლის – მერე ეს პედარესტებიო, ბოლოს კი, ღმერთმა იცის რას მოგვთხოვენ. პედარასტები კი არა, არსად გადამეყარონ ეგ მამათმავლები, თორემ მერე უკვე ჩემს თავზე პასუხს აღარ ვაგებ. გამასამართლებენ და გამასამართლონ, ერთი მაგათი დედაც მოვტყან. აბა, ბიძია, ქართველობას ესე ადვილად კი არ წამართმევენ. არ გვინდა საბჭოთა კავშირი, არ გვინდაო. აბა, საბჭოთა კავშირის დროს, ესეთ რამეს გადაეყრებოდი? ვერა შვილო, ვერა. ეგ კი არა... – სკამიდან ვდგები და მივდივარ. მოხუცი კაცის ავის მომასწავლებელ მზერას, კიდევ ვგრძნობ. დალახვროს ეშმაკმა, ამ ხალხს მაინც ვერ ვცდილდები. ყველგან ისინი არიან და მათი გულისამრევი საუბარი მინდა არ მინდა, მაინც ჩამესმის. საშინელებაა. რას აღარ მეუბნებიან. აგერ, ამ ნაკლებად სექსუალურ გოგოს უსმინეთ:
– ჯანდაბა! ყველას აიფონები აქვთ. – მეუბნება – ჩემ მობილურს კიდე შეხედე. – არც ისე ცუდ მობილურს მანახებს – სად არის სამართალი? დავიჯერო, სხვებზე მეტად არ მინდა კარგი მობილური? დალახვროს ეშმაკმა, ამის გამო თანახმა ვარ ნებისმიერს მინეტი გავუკეთო... ოღონდ არ უნდა ყარდეს.
– ამდენი ფული არ მაქვს, მირჩევნია ჩემი შვილი მოკვდეს. – მოდის მეორე ქალი და ჩემს წინ, არც ისე სექსუალური გოგოს გვერდზე დგება, რომელსაც კარგი მობილური ასე ძალიან უნდა. – ღმერთო ჩემო, რა დავაშავე დაუნისინდრომიანი შვილი რომ გამიჩნდა? ნორმალურად ვერ აზროვნებს, ხალხთან ყოველთვის მარცხვენ და ამის შემდეგ, ბევრი ფული მეხარჯება მის მოვლაში. ხან რა უნდა, ხან რა.
– ბედი არ გინდა? – მეკითხება თუ რაღაცას შვრება მოხუცი კაცი – როგორი სექსუალური თაობა მოდის, მე კიდე კლიმაქსი დამეწყო. რამდენიმეზე რამდენჯერმე კი ვიფიქრე, გავაუპატიურებ, ჩემი რა მიდის–მეთქი, მაგრამ, თუ ვერ გავათავე, რათ მინდა, ჰა?
– მეზიზღება ჩემი ქმარი, – მეუბნება თექვსმეტი წლის გოგონა – ეგ სოფლელი სირი. რომ იცოდე როგორ ყარს... გეფიცები, არ გავყვებოდი, ჩემი ნება რომ ყოფილიყო. მომიტაცა მაგ ნაბიჭვარმა. მამაჩემმა კიდე, ქალიშვილი რომ აღარ ვიყავი, იქიდან წამოსვლის ნება აღარ მომცა. ეგეც კაი სირია, დედაჩემზე რომ აღარაფერი ვთქვა. ხოდა, ახლა ორსულად ვარ. იმ გამოსირებულის ბავშვს ველოდები. არ მეყვარება ჩემი შვილი, მაგრამ მეგობარი მიმტკიცებს, რომ დაიბადება ყველაფერი სხვაგვარად იქნებაო. ხო, იქნებ მაგის შემდეგ აღარ გამაუპატიუროს ხოლმე ჩემმა ქმარმა. იქნებ მთელი ყურედღება თავის შვილს მიაქციოს.
– ჩემმა ჩაცმულობამ არ მოგატყუოს. – მეუბნება ახალგაზრდა, ასე ოცდახუთი წლის ბიჭი – დახეული და ჭუჭყიანი სამოსი რომ არ მაცვია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შიმშილისგან კუჭი არ მტკივა. მომკალი და მათხოვრობა არ შემიძლია. კი მეუბნებიან სამსახური დაიწყეო, მაგრამ გზის ფული არ მაქვს და სამსახურში როგორ ვიარო? ამის გარდა, კიდევ უამრავი მიზეზია.
    ამ რამდენიმე ადამიანს უერთდება მორიგი ახალგაზრდა ბიჭი და მეუბნება:
– მოვტყან ქართული მენტალიტეტი. ერთი სექსი მქონდა... მხოლოდ ერთი, და ვიღაც სოფლელი გოგო შემატენეს. არ მოვიყვანდი და კარგი დღე არ დამადგებოდა. მომკლავდნენ ეგ უჯიშოები, ეგენი. გეფიცები, ლინჩის წესით გამასამართლებდნენ, ქვებით ჩამქოლავდნენ. ამ გოგოს მიმართ არც სექსუალური ლტოლვა მაქვს რო გავერთო მაინც. ჩემგან სრულებით განსხვავდება. გენდრეული თანასწორობის მომხრე არაა და ა.შ. უნდა, რო ჩემი მონა იყოს. ერთხელ მითრა, თუ გინდა ფეხებს დაგბანო და რამის ზედ დავარწყიე. სულ ვჩხუბობთ. მოკლედ, მოსაუბრეთაც არ მადგება. აღარ ვიცი რა ვქნა. მხოლოდ სხვა ქალაქში გადასვლაღა მიელავს თავში.
– ყველაფერი საშინელებაა. – მეუბნება ახალგაზრდა ბიჭი, ასე თვრამეტი, ცხრამეტი წლისა, რომელიც, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებ, უნივერსიტეტიდან მოდის – ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება. თავსაც ვერ ვიკლავ, არ არის ეს ადვილი საქმე. მეგობრები საერთოდ არ მყავს... თუ რა თქმა უნდა ყალბ მეგობრებს არ ჩავთვლი, რომლებსაც ჩემგან ყოველთვის რაღაც სურთ. იდიოტები არიან... სრული იდიტები. ყოველთვის მეკამათებიან. არა, მე კი ვთვლი, რომ შეიძლება ყოველთვის მე ვცდები, მაგრამ, კარგი რა, ესეც არ არის. მერე კიდე, სახლშიც გულის ამრევი სიტუაცია მაქვს. მართალია, მამაჩემმა ჩემი ცემა კაი ხნის წინ შეწყვიტა, მაგრამ ისევ სულ ყვირის, დალევაზე რომ აღარაფერი ვთქვა. დედაჩემი კიდე, ვირივით მუშაობს. ვეუბნები ხოლმე, ყველაფერი დაიკიდე, წადი სამოგზაუროდ–მეთქი, მაგრამ რათ გინდა, მერე თქვენ ვინ მოგივლითო. თქვენ ვინ მოგივლითო რომ ამბობს, მე კი არა, მამაჩემს გულისხმობს. უყვარს ეგ მუქთახორა სირი. მე კიდე, ერთხელაც გადამეკეტება, და ღმერთის სახელს გეფიცები, როცა ყველა დაიძინებს, სახლში გაზსს მოვუშვებ. ამაზე ხშირად ვფიქრობ. ხოდა, გეუბნები, ერთ დღესაც გავაკეთებ რა.
– მეც თავის მოკვლა მინდა. – მეუბნება, ასე თხუთმეტი წლის, ქერა, ლამაზი გოგონა, რომელსაც მართლაც შთამბეჭდავი თვალები აქვს – ჩემი ისტორია სხვაგვარია. მე შევიშალე, ოღონდ, ეს შეშლილობა სულ სხვანაირად მტანჯველია. – ამის გაგონებაზე ამხელა ხმაურში ვცდილობ მხოლოდ მას მოვუსმინო. – ფროიდმა თქვა, დღევანდელი პრობლემის გამომწვევი მიზეზი, ღრმა ბავშვობაში ეძიოთეო, თუ რაღაც ესეთი. ხოდა, რომ ვფიქრდები, კარგად მახსენდება მთვრალი ბიძაჩემის სუნთქვა, ორგაზმს ძლივს მიღწეული, ქროშინით რომ ნანობდა თავის საქციელს. ყოველი სექსის შემდეგ ასე იყო. თუ ვინმეს მოუყვები, მოგკლავო, მემუქრებოდა, და გეფიცები, სიკვდილის გულწრფელად მეშინოდა, ხოდა ჩუმად ვიყავი ხოლმე. თან, ბავშვობიდან ვიაზრებდი იმას, რომ ჩემი ამა ამბის გახეთქვა, არაერთ ადამიანს დააზიანებდა. ახლა დიდი ხანია არ მომკარებია ის ღორი. თვალებშიც ვერ მიყურებს ხოლმე, მაგრამ რათ გინდა, რაც მოხდა, იმას ვეღარ ვივიწყებ. ფსიქოლოგიც ვეღარ მშველის. რვეულში ყოველდღიურად ვწერ, რაც მინდა, რომ ბიძაჩემს დაემართოს. ხანდახან ამაზე ვლოცულობ კიდეც. სიცოცხლე აღარ მინდა. დედაჩემი მეუბნება, შეგიყვარდება ვინმე და ცხოვრების ხალისსაც დაიბრუნებო, მაგრამ, მომკალი და არავინ მიყვარდება. კაცების დანახვაზე, რაღაც ენით აუღწერელი შიში მეუფლება და ვინმე, როგორ უნდა შემიყვარდეს. ამის გამო, გადახრებიც მაწუხებს, ხანდახან გოგოების მიმართ განვიცდი სექსუალურ ლტოლვას. ნეტავი ღმერთმა მისმინოს და მომკლას, რომ დავისვენო, რომ, ერთხელ და სამუდამოდ ძილი მეღირსოს.
– ქმარი ყოველდღიურად მცემს. – მეუბნება ახალგაზრდა გოგონა, ასე ოცდაშვიდი–ოცდარვა წლის. – დავშორდებოდი, მაგრამ, ასე რომ მოვიქცე დარწმუნებული ვარ მომაგნებს და მომკლავს. სასტიკია ეგ ღორი. შემომხედე სახეზე, ნაიარევს ხედავ? ეს მაგ ნაბიჭვარმა მიქნა. ერთ დილას პერანგი გაუთავებული არ ქონდაა და გამწარებულმა, ნამძინარევს ვაზა შემომალეწა სახეზე. ძლიერმა ტკივილმა გამაღვიძა და მთელი დილა, სანამ სამსახურში არ წაეთრა, მაგინებდა. პერანგი დასისხლიანებულმა გავუვუთავე... ჰალსტუხიც მე გავუკეთე, მაგ ნაბიჭვარს. ერთ ხანს ვფიქრობდი, ხელს გამოვფატრავ–მეთქი, მაგრამ არ მინდა ციხეში. ალბათ ოდესმე რამეს მოვიფიქრებ. შეიძლება ჩემთან ცხოვრება მობეზრდეს და თვითონვე გამომაპანღუროს თავისი სახლიდან, რაც უმალვე გამაბედნიერებს. კიდევ კარგი შვილი არ მყავს, თორემ დარწმუნებული ვარ მასაც ჩემსავით დატანჯავდა. ერთხელ ორსულად დავრჩი და მოვიშალე, ოღონდ ჩუმად, მას რომ ვერ გაეგო. ამის გამო ერთი წამითაც არ მინანია მიუხედავად იმისა, რომ მწამს, მუცლის მოშლა მოუნანიებელი ცოდვაა. მაგრრამ, ბავშვი რომ გამეჩინა და მას შემოეჩივლა, რატომ გამაჩინე ამ ჯოჯოხეთშიო, ვერაფერს ვუპასუხებდი და ეს უფრო დიდ ტანჯვას განმაცდევინებდა, რასაც ახლა განვიცდი.
– მთელი ფული სამორინეში წავაგე. – მეუბნება ახალგაზრდა, სავარაუდოდ სტუდენტი ბიჭი, რომელსაც სახეზე ფერი არ ადევს. – ახლა ნამდვილად დამერხა. სახლიდან მამაჩემის სამსახურის ფული მოვიპარე და წყალს გავატანე, წავაგე. ახლა ორი საათი მაქვს დრო, რომ ხუთიათასი ლარი ვიშოვო. არ ვიცი, შეიძლება ჩემს ძმაკაცს მამამისის „გლოკი“ მოვაპარინო სახლიდან და რომელიმე დიდი მაღაზია გავძარცვო. ხო, უეჭველად მაგას ვიზამ. თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, აუცილებლად გავაგრძელებ სწავლას და ჭკვიანად მოვიქცევი. ახლა კი, ღმერთს ვევედრები რამე მიშველოს.
    ნელ–ნელა უკან ვიხევ და ხალხხს ვუყვირი:
– კარგით! გეყოფათ! შეჩერდით! – მაგრამ, ისინი მაინც არ ჩერდებიან. ბუზებივით მეხვევიან და თავიანთ გასაჭირზე მიყვებიან, თითქოს ღმერთი ვიყო.
– საჭმლის ფული არ მაქვს, რომ შვილები გამოვკვებო....
– ბავშვობაში პიდოფილის მსხვერპლი გავხდი...
– მამაჩემი, უმიზეზოდ, ყოველდღიურად სასტიკად მისწორდება...
– რამდენიმე კვირის წინ ჩემს ძმასთან სექსი მქონდა...
– ბავშვთა სახლში გავიზარდე, სადაც ყოველდღიურად სასტიკად მექცეოდნენ...
– არ ვიცი რა მჭირს... სექსუალურ ლტოლვას ვგრძნობ ბავშვების მიმართ...
– ორი ადამიანი მყავს მოკლული...
– არ ვიცი, მგონი ვგიჟდები...
– ღმერთმა მიმატოვა...
– თვითმკვლელობა...
– შიზოფრენი...
– სიკვდი...
– გაჩერდიიით! – ვყვირივარ მთელ ხმაზე. ადამიანები ყველა მხრიდან მეხვევიან. სუნთქვის საშუალებასაც აღარ მაძლევენ, მე კი, დაუძლურებული მიწაზე ვწვები და მკლავებს თავზე ვიალებ. ვცდილობ მათ აღარ მოვუსმინო. თვალებს მაგრად ვხუჭავ და... უეცრად სიჩუმე მეფდება, – თუ არ ჩავთვლი ხალხის ჩუმ საუბარს და მანქანების ხმაურს – და თავს შედარებით კარგად ვგრძნობ. თვალებს ვახელ. წელში ვიმართები და გარშემო ყველაფერს ვათვალიერებ. ისევ იმ ადგილე ვარ, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარადაა; ხალხი გარს აღარ მახვევია. ყველამ გზა განაგრძო. მაგრამ ერთი უცნაურობაა, სულ სხვა ტანისამოსი მაცვია. მაისური ცოტა ყარს კიდეც. სულ მთლად ჭუჭყიანი ვარ. ორივე ფეხსაცმელი დახეული მაქვს და თავზე ასევე მყრალი ქუდი მახურავს. ნელა სიარულს ვიწყებ. ვხვდები, რაღაც გამოცდას ვამარებ. ხალხში ვერევი. ისე მიყურებენ, თითქოს ადამიანი არ ვიყო. ზოგი ცდილობს, რომ თვალი ამარიდოს, ზოგიც პირდაპირ თვალებში მიყურებს და სახეს ისე მანჭავენ, თითქოს ერთი წამის წინ მყრალი მძღნერისთვის შეეხედოთ. უეცრად წყურვილის გრძნობა მეუფლება და ნამცხვრების მაღაზიის წინ, ვიტრინასთან ვჩჩერდები. გამყიდველს ვთხოვ, რომ წყალი დამალევინოს. რაღაცას საქმიანობს, ზედაც არ მიყურებს,  მაგრამ თანხმობის ნიშნად თავს მიქცევს. სულმოუთქმელად ველი წყალს როდის დამალევინებს. უეცრად ბრუნდება, წყლით სავსე ჭიქას ერთი ხელის მოქნევით, ზურგს უკან მალავს, ისე, რომ ვერ შევამჩნიო და მეუბნება:
– წყალს კი დაგალევინებდით, მაგრამ ჭიქა არ მაქვს. – საშინლად ვბრაზდები.
– სუფთა ვარ შე ნაბიჭვარო! არაფერი მჭირს. ნუ ღელავ, არაფერს გადაგდებ. უბრალოდ, წყალი დამალევინე. – ვუყვირი მთელ ხმაზე.
– ბატონო, ახლავე თუ არ წაბრძანდებით პოლიციაში დავრეკავ. – ტელეფონს იღებს და ელოდება, რას ვიზამ, – წავალ თუ გავაგრძელებ მის გინებას.
– ჯანდაბაშიც წასულხარ! – წყალს მოჩხრიალე ფანტანიდან ვსვამ, რომელიც ჩემგან რამდენიმე მეტრის მოშორებით იყო.
    ხალხისგან ასეთი ზიზღი არასდროს მიგვრძვნია. ან ეს სირობა ტანსაცმელი საიდანღა მოხვდა ჩემს სხეულზე? კარგით რა, ტანსაცმლის გამო ასეთი სიძულვილი შეიძლება?
– ჩვენ არა ტანსაცმლის, არამედ შენი საქმიანობის გამო გვძულხარ. – ღიმილით მეუბნება ხანში შეული კაცი. – მათხოვარო! – და გზას განაგრძობს.
    მოიცა, მოიცა, ახლა რომ ჩემს სახლში წავიდე და ჩემი მეგობრები ვნახო, თუ შემიძლია? მაგრამ, ნუთუ ღმერთი მომცემს ამის უფლებას? არა მგონია. კი მაგრამ, აქ რაღა უნდა ვაკეთო? რამე დავალაება მაქვს შესასრულებელი? ცას ვუყურებ და ასე მინდა საათი გავიგო. მზე ცის შუაგულშია, ასე რომ, შუადღეა, მაგრამ უფრო კონკრეტულად მაინტერესებს.
– უკაცრავად... – ვაჩერებ შუახნის კაცს.
– არ მაქვს. – მეუბნება მკაცრად და გზას განაგრძობს. ნაბიჭვარი. მოწესრიგებულად ჩაუცვია და ამის გამო გონია, რომ ჩემზე მაღლა დგას.
– ოთხს უკლია ოცი წუთი. – მეუბნება ღმერთი, რომელიც ჩემს უკან ისე გაჩნდა, ვერც გავიგე. – რაში გაინტერესებს საათი?
– ცნობისმოყვარე ვარ. – ვეუბნები ირონიულად. – კი მაგრამ, რა ჯანდაბას აკეთებ? რამე გამოცდას მაბარებინებ?
– არა, განახებ რასაც მისტირიხარ. მე გეუბნები, იქ, სადაც სიკვდილის შემდეგ მოხვდები, ყველაფერი შეგეძლება–მეთქი. იქ ვერ ნახავ ისეთ სისასტიკეს, რასაც აქ ნახულობ; უფრო მეტიც, შენს სამფლობელოში შეგეძლება, რომ სისასტიკე ამოიღო ლექსიკონიდან. უბრალოდ გააქრო.
    გარშემო უამრავი ხალხია. საშინელი ხმაური მესმის. ყველა ხმამაღლა ყვირის, მაგრამ მშობლიური ენა საერთოდ არ მესმის. არც კი ვიცი ეს ხალხი რა ენაზე ლაპარაკობენ, ან რის გამო ყვირიან. რამდენიმე ადამიანს უხეშად ვაგდებ აქეთ–იქით, რომ გავერკვიო, ვის, ან ვინებს უყვირიან. ღმერთმანი, თურმე ბავშვებს უყვირიან. წრეში მოიმწყვდიეს შავკანიანები თეთრ კანიანებმა და ერთმანეთზე მიაბეს. აჰა, გასაგებია, ეს მომყვირალე ხალხი რასისტები არიან. შესაფერისად აცვიათ კიდეც, სკინჰედურად, თუ რაც ქვია რა, ამაში ნორმალურად ვერც მე ვერკვევი. აქ ბაიკერებსაც მოუყრიათ თავი, რომლებიც ყველაზე მეტად აქტიურობენ. ოთხ ერთმანეთზე მიბმულ ფერადგანიანებს, რას აღარ ესვრიან. ამიტომაც, ფერადკანიანები სისხლათ იღვრებიან. სახეები სულ მთლად დალეწილი აქვთ. ალბათ, სანამ ერთმანეთზე მიაბამდნენ, ჯერ კარგად გაუსწორდნენ. ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ მსხვერპლთაგან, ერთ–ერთი გოგოა. ახლგაზრდა გოგო, თითქმის ბავშვი. ხოდა, იმ ბავშვს, მკერდი აქვს მოშიშვლებული. თავისი ვარდისფერი მაისურის ნაგლეჯები ჯერ კიდევ შერჩენია სხეულზე. გაუპატიურების კვალიც ნათლად ეტყობა. ბიჭებისგან განსხვავებით, ის არ ტირის. ალბათ მალევე შეეგუა ბედს. ალბათ მიხვდა, რომ ყველაფერი დამთავრდება; როცა იქნება, ყველაფერი დამთავრდება. ხოდა, მოთმინებით, ღირსეულად ელოდება ამ დასასრულს. თვალებიც გაეყინა, თითქოს სული აღარ ჰქოდესო. ერთ საშინელებას ვარრაუდობ, რომ მსხვერპლები ერთმანეთის ნათესავები, ან რაც უფრო მთრგუნავს, – დედმამიშვილები არიან. ხო, სახეზე აწერიათ, თავიანთი თავების გარდა, ერთმანეთიც ადარდებთ. ხოდა ამიტომ მეცა რაღაც ნათესაური კავშირის სუნი. საშინელებააა! მივეშველებოდი, მაგრამ ღმერთია მოწმე, ამას აზრი არ აქვს. ამ შემთხვევაში, მინიმუმ მეც მათ გვერდზე აღმოვჩნდები.
    ეს სასტიკები არიან, ფურთხებისა და გინების მეტი არაფერი იციან. ღმერთმანი, ამაზე იცინიან. თითქოს მათი წამებით ერთობოდნენ. ხო, აბა რატომ იცინის ის ნაბიჭვარი ბაიკერი, რომლის ნასროლმა ბოთლმა, ფერადკანიანი გოგო სამარადისოდ დაამახინჯა. თუმცა, ბიჭებსაც არ აკლებენ, ერთ–ერთ მათგანს ორიოდე წამის წინ ბეისბოლის ჯოხით ხომ დაალეწეს ფეხები, არა? კი მაგრამ, პოლიცია სად არის? სად ჯანდაბაშია ის სისტემა, რომელმაც წესით უნდა დაგვიცვას?
    ღერთის მზერას ვგრძნობ. ნამდვილად საგრძნობი მზერა აქვს. ვაღიარებ და, ის რომ მიყურებს დიდი იმედის გრძნობა მეუფლება. ჩემს გვერდზე დგას.
– შენ ახლა ოცდამეერთე საუკუნეში იმყოფები. იმ ქვეყანაში ხარ, სადაც განვითარება ვერადავერ ხერხდება ამ დაუმთავრებელი ომების გამო. ესენი არიან ადამიანები; არაფრით გამორჩეული ადამიანები. უბრალოდ, ყველასგან განსხვავებით, ესენი აკეთებენ იმას, რასაც ფიქრობენ. ესენი, ამ საწყალი ბავშვების მწამებელლნი, არიან ისინი, ვინც არიან, არ თამაშობენ, და ამასთან ყოველთვის ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ. ამათ ერთი გამოსირებული ღმერთის სწამთ, რომელიც უხსოვარ დროს, ერთმა არაფრის მცოდნე, ამ ცხოვრებაზე დაბოღმილ გლეხმა შექმნა. ხოდა, აქაურობას ამ დაწყევლილი რელიგიის გავლენაც ეტყობა.
    პლასტმასის ბოთლში ჩასხმულ ბენზის ფერადკანიანებს ასხამენ და ხმამაღალ ყვირილს განაგრძობენ.
– მოიცა, მოიცა, ახლა უნდა დაწვან?
– კი, უნდა დაწვან. – მეუბნება აუღელვებლად.
– და შენ მათ შეაჩერებ, ხომ?
– რა თქმა უნდა არა. – როგორღაც სიმშვიდეს არ კარგავს.
    ფერადკანიანებს ცეცხლს უკიდებენ და ჩამესმის მათი ღრიალი, ხვეწნა–მუდარა.
– შეაჩერე! ახლავე შეაჩერე! – ვუყვირივარ ღმერთს, მაგრამ ის იღიმის და არ მოქმედებს. დგას, სეირს უყურებს, თითქოს ისიც რასისტი იყოს.
– რომ შევაჩერო, ბოროტი კი არ ვარ. ამას ჯობია მოკვდნენ, და გაცოცხლდნენ. მე მათ აუცილებლად მივცემ იმათ, რასაც სიხარულით გამომართმევენ, რასაც შენ არ იღებ და ამ უბადრუკ სიცოცხლეს, ლაჩარივით ებღაუჭები.
    საოცარია, მაგრამ გოგონა, რომელიც იწვის, არ ყვირის. სიმშვიდეს ინარჩუნებს. ეს ჟრუანტელს მგვრის. თითქოს მედიტაციაში იყოს. თმები აღარ შერჩენია, სულ დამახნიჯდა. მისი ხორცის დამწვრის სუნი მცემს და ლამისაა გული ამერიოს. გარშემო მყოფი რასისტები ამას ტაშის დაკვრით და ყვირლით ხვდებიან. მაინც არ წყვეტენ მძიმე ნივთების სროლას. ერთმანეთზე მიბმული ფერადკანიანები, სიმწრისგან ერთ ადგილზე ვერ ჩერდებიან და ერთმანეთს ათრევენ. ერთი სული აქვთ, როდის მოკვდებიან.
– ყველაზე მშვენიერი იცი რა არის? – მეუბნება ღმერთი. – მათ სანამ რასისტები ჩაიგდებდნენ ხელში, სხვადასხვა ოცნება ჰქონდათ, ზოგს ველოსიპედი უნდოდა, ზოგს კომპიუტერი, ერთსაც ბევრი ფული, რომ გოგოებს მოსწონებოდა. მაგრამ, ახლა მათ ერთი ოცნება აერთიანებთ; ერთი უბრალო ოცნება, რაც მასევდიანებს. მათ უბრალოდ უნდათ, რომ თავინთ სახლში იყვნენ. უბრალოდ უნდათ, რომ თავიანთ არაკომფორტულ დივანზე დაჯდნენ და რომელიმე სათავგადასავლო ფილმს უყურონ. მხოლოდ ეს უნდათ, სხვა არაფერი. სიცოცხლე უნდათ, რომელიც აუცილებლად მიაცემათ, მაგრამ არა დედამიწაზე. ისინი თვალებს აუცილებლად გაახელენ, ოღონდ არა ამ პლანეტაზე. მათ ეღირსებათ მოსვენება, ოღონდ არა სიკვდილით. ახლა გესმის ჩემი? მე არ ვარ ბოროტი. მათ განიცადეს ტკივილი მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებს არ ვართმევ თავისუფლებას. დაე ისე მოიქცნენ, როგორც უნდათ, მაგრამ შემდეგ, მე ვწყვეტ ვის მივცე მოსვენება, და ვის სამარადისო ძილი. მე არ ვარ ბოროტი. მე უბრალოდ თავისუფალი ნებით დაგაჯილდოვეთ, რაც, დამიჯერე, ჩემს აგელოზებსაც არ გააჩნიათ. მე თქვენ გჩუქნით თავისუფლებას, ამას კი, სისასტიკეში იყენებთ. რამდენი რამე შეგიძლიათ... ყველაფერი. თქვენ ხართ ღმერთები. ყველანი ჩემი შვილები ხართ. თქვენ გეკუთვით ის, რაც კი ოდესმე შემიქმნია. მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ყველაფერს მე მაბრალებთ, ამის გამო კი, ჩემს გონებაში, გრგძნობთ, როგორც არასასურველებს.
    ახლა კი, უფრო მშვენივრად ვგრძნობ თავს ამ უდაბნოში, ვიდრე უწინ. ახლა უფრო მომწონს ვარკსვლავებით გამოჭედილი ცა და ბორცვი, რომელზეც, ვზივარ. ეს თბილი ქვიშაც მომწონს. აქ ხომ სიმშვიდეა. ქაოსიდან სიმშვიდეში გადმოვინაცვლე. ღმერთმანი, მართლაც რა კარგად ვგრძნობ თავს. მაგრამ, ერთი უცნაურობაა, ღმერთი, ღმერთს აღარ ჰგავს. მისი თვალები აღარ ანათებენ. მის თვალებში გალაქტიკებს ვეღარ ვხედავ. მისი თვალები, ადამიანური გახდა, რაღაც სევდის გამომხატველი. ამჯერად არა ჰორიზონტს, არამედ ქვიშას უყურებს.
– ხომ კარგად ხარ? – ვეკითხები.
    თავს წევს და მპასუხობს:
– კი. – ღმერთმანი, ხმაც შეცვლილი აქვს.
    გაკვირვებული, და ცოტაც შეშინებული, ვეკითხები:
– ვინ ხარ?
    ღიმილით მპასუხობს:
– ქრისტე.

.    .    .
    მეკითხება:
– გადაწყვეტილება უკვე მიიღე?
– რა გადაწყვეტილება? – უეცრად ვიბნევი.
– აქ რჩები, თუ დედამიწაზე დაბრუნება გინდა? – მისი ხმა, ისეთი მშვიდია, ისეთი, რომ თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ.
– მე თქვენ ჩემი სიცოცხლის რაღაც პერიოდში ისე მიყვარდით, რომ ამის გაცნობიერებისას ტანში ყოველთვის ჟრუანტელი მივლიდა. – მინდება ავუხსნა ის, რასაც მის მიმართ ვგრძნობდი. – სულ გევედრებოდი, რომ გეარსება. და ათეისტობის ჟამს, გულისსიღრმეში მაინც მწამდა ღმერთის. მინდოდა, რომ შენ გეარსება, სხვა, არავის. მხოლოდ იესო ქრისტეში ვხედავდი მოსვენებას, ანუ შენში. ახლა კი, შენს წინ ვზივარ.
– მე ღმერთი არ ვარ. – მეუბნება ღიმილით, მშვიდი ხმით. – ერთადერთი რაც შემიძლია ადამიანისთვის გავაკეთო, მეგობრობაა. ყველაფერი კარგად ვიცი. მახსოვს შენი ყოველი ფიქრი, რაც კი მე მეხებოდა. არ დამვიწყებია არც ის ჟრუანტელი, რომელიც ჩემზე ფიქრის დროს გეუფლებოდა. მე აქ ვარ, ნებისმიერი სახის განსაცდელი, წავიდა. – ხელს მხარზე მადებს და ისე განაგრძობს – კი მომწონს ეს ადგილი და საერთოდ ყველაფერი, რასაც კი მამაჩემი ირჩევს, მაგრამ წინააღმდეგი ხომ არ იქნები ჩემთვის უფრო მშვიდ და ლამაზ ადგილას რომ გადავინაცვლოდ?
    არა–მეთქი, ვეუბნები, რა თქმა უნდა.
    როგორც ქრისტე ამბობს, ამჟამინდელი ადგილდმებარეობა, ყველაზე მაღალი მთაა, ოღონდ მარსის. ისე, გარშემო ყველაფერი რომ შევათვალიერე, ინტუიციით მივხვდი, რომ მარსზე ვიყავი. თუმცა, აქაურობა ესეთი ლამაზი თუ იქნებოდა, ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი. თან, აქედან დანახული აისი უფრო მშვენიერია, ვიდრე დედამიწიდან. ყველაფერი სულისშემძვრელია. აქაურობა რაღაცით დედამიწასაც კი მაგონებს. ახლა ხედს რომ გადავყურებ, მინდება, რომ ხელები გავშალო და სულ მცირე ერთი წამით, გავიფიქრო, რომ მე ვარ ჭეშმარიტი ღმერთი, პირველი და უკანასკნელი. ეს იქნებოდა რაღაც დიდებული, ენით უთქმელი.
– მთლიან უსასრულო სივრცეში, უამრავი ამაზე მშვენიერი ადგილი არსებობს, მაგრამ აქაურობა განსაკუთრებით მამშვიდებს. – მეუბნება ქრისტე.
– ნამდვილად. ეს მოცარტის „რექუიემია“... ან რაიმე უფრო მაგარი.
– მოცარტს ვიცნობდი. – მეუბნება ღიმილით. – მე ვიცნობდი, მაგრამ ის, არა. მანაც გაიარა ის გზა, რაც შენ. ხოდა, აქ დარჩენა ისურვე. მისი სამოთხე არ გაინტერესებს?
– რა თქმა ინდა. – ვეუბნები დიდი ინტერესით.
– მუსიკა. მუსიკად გადაიქცა. ეს ცოტა ძნელი გასაგებია.
– მუსიკა? ეგ როგორ?
– მოცარტი, ერთ დიდ, დაუსრულებელ მუსიკად გადაიქცა. თურმე, ეს იყო მისი სამოთხე, – მუსიკა. ხოდა, შენ რა გადაწყვიტე, მოცარტის ბედის გაზიარება, თუ დაბრუნება?
– არ ვიცი. – ვპასუხობ გულწრფელად. – პირველად აქ რომ მოვხვდი, დაბრუნება მთელი არსებით მინდოდა, მაგრამ ახლა, საგონებელში ჩამაგდო ადამიანის სისასტიკემ. ნუთუ ღირს იქ დაბრუნება, სადაც ყველაზე დიდი სისასტიკე მეფობს? მე კი მეშველება, დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას, ჩემს მეგობრებს, მაგრამ სხვებს რას ვუშველო? ამიერიდან, თუ ვინმეს თვალებში ჩავხედავ, უმალვე მივხვდები თუ რა გამოიარა. ხოდა, ვერ გავუძლებ. არა მგონია ამის გაძლება შემეძლოს. ეგოისტი ვეღარ ვიქნები.
    რამდენიმე წამიანი მდუმარების შემდეგ, ქრისტე მეუბნება:
– რაღაც მხრივ, აქ დარჩენა მოსაწყენია. გასაგებია, აქ რასაც გინდა იმას შექმნი, მაგრამ ვისაც არ უნდა დაელაპარაკო, არ იქნება ცოცხალი. აქ თუ დარჩები, შენი გრძნობების გაზიარება, მხოლოდ ილუზიის დონეზე შეგეძლება. ეს საშინელებაა. მაგრამ, თავი არ მოიტყუო იმით, რომ დედამიწაზე სისასტიკე მეფობს. არ არის ეგრე. პირადად მე, მთლიან უსასრულო სივრცეს კარგად ვიცნობ, და გეუბნები, არაფერი მინახავს დედამიწაზე უფრო მშვენიერი. იცი რატომ ხართ ადამიანები ასეთი დიდებულები? თქვენთვის ყველაფერი ზედაპირულია. ყოველთვის ცდილობთ, რომ აზრებით შორს არ წახვიდეთ და ამით, ბედნიერდებით, რასაც არასდროს აღიარებთ. თქვენ, შეგიძლიათ გამოიკეტოთ მაგ თქვენს პლანეტაზე და აღარ იფიქროთ იმ შეუცნობელ სამყაროზე, რომელზე ფიქრიც, უდავოდ გონებას გირევთ და რა თქმა უნდა, საბოლოოდ გიჟდებით. ასე და ამგვარად, უყურებთ მხოლოდ ერთ ვარსკვლავს, ამდენ ვარსკვლავებს შორის, და ეს მაცოცხლებელი ენერგიით, ყოველდღიურად გტუმბავთ. თქვენ არ გაინტერესებთ რომელიმე შორეული გალაქტიკის მშვენიერება. გულისიღრმეში იმით კმაყოფილდებით, რაც გაქვთ. როგორ შეგიძლია თქვა, არ იცი დარჩენა გინდა თუ წასვლა? მხოლოდ სიცოცხლეში თუ შეძლებ დადგე მკვდარი ზღვის ნაპირზე და შეხედო ჰორიზონტს, რომელიც შენში ენით აუღწერელ გრძნობებს დაბადებს. ნუთუ მშვენიერი არ არის, შენს სიყვარულთან ერთად ნაგვის წინ რომ ზიხარ, და ის ნაგავი, ლამაზად რომ გეჩვენება; ამის ნახვა მხოლოდ სიცოცხლეში თუ შეიძლება. დედამიწა, ამ პლანეტისგან განსხვავებით ცოცხალია. თქვენ უბრალოდ არ გინდათ, რომ იგრძნოთ ძლიერი პულსი, ან კიდევ სისხლის მოძრაობა, რომელიც, თუ დაკვირდები, არაფრით განსხვავდება აბობოქრებული მდინარისგან. მერე კიდე ღამე... ო, დედამიწაზე დაღამება რა მშვენიერი რამეა. გახსოვს, როცა ყველას ეძინა, მარტოდმარტო ქუჩებში რომ დაეხეტებოდი ხოლმე? მაშინაც კი წუხდი, მაგრამ ეს მწუხარებაც ისეთივე მშვენიერი იყო, როგორც ყოველი ღამის უჩვეულო სიჩუმე. ამიტომაც, ბევრმა იცის, ყოველთვის ადამიანობა მინდოდა. თქვენა ხართ ჭეშმარიტად თავისუფალი არსებები. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ თქვენივე სულის ყველაზე მგრძნობიარე ნაწილის დახატვა. ბოლო–ბოლო, ბუნებას გრძნობთ, სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებო. ცხოვრება მშვენიერია, და გეუბნები, უკან დაბრუნებაზე უარი არ თქვა, სანამ შენი გული ცემს, თორემ მერე გვიანი არ იყოს.
– კი მაგრამ, მე ხომ უკვე მოვკვდი? – ვეკითხები გაკვირვებული, და თვალს ვწყვეტ სიშორეზე გაჩენილ ექსტრემალურ გრიგალს.
– არ მომკვდარხარ. ის, რაც ნახე, მხოლოდ და მხოლოდ ილუზია იყო. შენ ჯერ კიდევ ასფალტზე წევხარ და სუნთქავ. არ იდარდო, – სასიამოვნოდ იღიმის – არც ყბა გაქვს მომტვრეული.
– დალახვროს ეშმაკმა, არ ვიცი რა მინდა.
– მოდი ცოტა ხანი დედამიწაზე გაისეირნე, კარგი? – მთავაზობს და ხელს ლურჯი პლანეტისკენ იშვერს, მე კი, რა თქმა უნდა ამ შემოთავაზებას სიამოვნებით ვთანმხდები.

    ისევ იქ ვარ, ქალაქის ცენტრში, სადაც ჩემი გვამი გდია. ჩემი სხეულის გარშემო, ისევ უამრავი ხალხი ტრიალებს. რატომღაც ვწყვეტ, რომ მათთან მივიდე. ასეც ვიქცევი, ოღონდ ამჯერად გზაზე ფრთხილად გადავდივარ. მაგრამ, მანქანა რომ დამეჯახოს, არა მგონია კიდევ ერთხელ მოვკვდე. ხო, სული ვარ, აბა რა, მაგრამ ხალხი ჩემს შეხებას გრძნობს, უფრო მეტიც, მათ ვესაუბრები და მესაუბრებიან. ხოდა, ყველაფერი მეორდება, ექიმთან მივდივარ, რომელიც პულსს მისინჯავს და ვეკითხები:
– უკაცრავად ექიმო, გადავრჩები?
– არ ვიცი, ბატონო. – ისე მპასუხობს, ზედაც არ მიყურებს. მისი მთელი ყურადღება ჩემს გვამს ეკუთვნის.
    მეორე ექიმი, რომელიც პირველისგან თითქმის არაფრით განსხვავდება, მეუბნება:
– ჯერ–ჯერობით პულსი გიცემთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გადარჩეთ, ოღონდ გთხოვთ, უკან დაიწიეთ. – ამჯერად ხალხს მიმართავს – გთხოვთ, რომ უკან დაიწიოთ. დაზარალებულს სუნთქვის საშუალება მიეცით! – რამდენიმე ნაბიჯით უკან ვიხევი და ხალხის გვერდზე ვდგები. ამჯერად ყველანი ჩუმად არიან, თუ არ ჩავთვლი მოხუცებულ, შავსამოსიან ქალებს, რომლებიც ოხრავენ. წუხან, ღმერთმანი, წუხან, და აღარ ამთავრებენ ამ ოხვრას, თითქოს შვილი, ან რომელიმე ახლო ნათესავი უკვდებოდეთ. ეს რაღაც მხრივ მსიამოვნებს. აბა რა, სასიამოვნოა თუ ვინმე ღმერთს შეევედრება ჩემ გადარჩენას, მაგრამ ჯობია გაჩუმდნენ, რომ სული მაინც არ ამიფორიაქდეს. გვამი კი, ჰა, რას ჰგავს, კანს ფერიც კი აღარ აქვს, ხოდა, იქნება სულმა მაინც მოისვენოს. მაგრამ, აბა როგორ ვკადრულობ მოსვენებაზე ფიქრს, როცა სამყაროდან სამყაროში ისე ვმოგზაურობ, ვითომც არაფერი. და ისევ მინდა ჩავიკეტო ამ არც ისე აღმაფრთოვანებელ პლანეტაზე, რომ ყველაფერი დავივიწყო ცისა და მიწის გარდა, ანუ მინდა უეცარი ამნეზია, რომ სიცოცხლის ბოლომდე გადამავიწყდეს ის, რაც ვნახე, მათ შორის შიზოფრენიკი ღმერთიც. ასე იყოს, დაუბრუნდეს ჩემი სული ჩემს სხეულს, და დალახვროს ეშმაკმა, თანახმა ვარ, ვიცხოვრებ თუნდ ტრამალის მგელივით. ხო, ახლაღა ვხვდები, ჩემი სული ვერ იღებს სამყაროს საიდუმლოებას. ასეა, სამყაროზე ფიქრი და გონების მტვრევა მიჯობს, ამ ლოდების თრევას. ახლა თითქოს აზრი აღარ აქვს არაფერს. აღარ ვარ სასტიკი და დამშეული მგელივით, რომელსაც ტკივა, რომ არაფერი იცის. ახლაღა ვხვდები, უდროო დროს, რომ ჭეშმარიტი გასხივოსნება, ზედაპირული და სიღრმისეული აზროვნების გაერთიანებაა. ჩემი სულიერი აშლილობის ჟამს კი ვიყავი ღმერთივით, მაგრამ ეს ცრუ ღმერთობა იყო. ხოდა, მაშინ ვაზროვნებდი სიღრმისეულად და ამან, რაღაც პერიოდი დამღუპა, რის შედეგადაც გოეთეს დავუპირისპირდი. მერე იყო ბედნიერების ჟამი, როცა ფიქრი შევწყვიტე სრულიად სამყაროზე. ბევრს აღარ ვფიქრობდი, რადგან მთლად მარტოსული აღარ ითქმოდა ჩემზე. ფიქრები მეგობრებმა წამართვეს, რის გამოც ყოველდღიურად მინდოდა, რომ მათ წინ მუხლმოდრეკილი დავმდგარიყავი და მადლობა გადამეხადა. ახლა კი, ეს ჩემი ცხოვრება, ჩემი გვამის წინ, სრულიად უცხო ხალხის გვერდზე გრძელდება. ხოდა, ნეტავი იცოდეთ როგორი ამაღელვებელი და სუნთქვისშემკვრელი ფიქრი მტანჯავს: რა იქნება შემდეგში? და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ექიმის სიტყვებით არ გადაჭრილა ჩემი ბედი.
– გარდაიცვალეთ, ბატონო. – მეუბნება დამწუხრებული ექიმი და ჩემი გულის გაჩერებას თვალცრემლიანი ხვდება, რაც მაოგნებს.
    ხოდა, ასე მატყობინებენ, რომ დავასრულე ეს წუთისოფელი. ჩემს სახესაც აღარ ეტყობა არანაირი სიცოცხლის ნიშანი. აი, ჩემს წინ ზუსტად ისეთი მოვლენა ვითარდება, მოზარტის რომელიმე სულისშემძვრელი მუსიკა რომ მოუხდებოდა. ასეა, თითქოს დიდი ადამიანი მომკვდარიყოო – უჩვეულო სიჩუმეც ამას ადასტურებს. არადა, დიდი არავინ მომკვდარა, ერთი ახალგაზრდა, რომელმაც ტანჯვისგან ძლივს გამოაღწია და მიაგნო ბედნიერებას. გეუბნებით, დიდი ადამიანის გვამი არ გდია ჩემს წინ, ის მხოლოდ და მხოლოდ ამძიმებდა ამ საწყალ პლანეტას. ბოლო–ბოლო მოვკვდი რა, ტრაგედია ხომ არ დატრიალებულა.
– დრო ჩაიწერე! – მიმართავს ერთი ექიმი მეორეს. ზუსტ დროს იწერენ.
– ღმერთო მაღალო! რატომ მიგყავს ასეთი ახალგაზრდები?! – ოხრავს ვიღაც მოხუცი ქალი.
– ვილოცებ მისი სულისთვის. – ხმადაბლა ამბობს სასიამოვნო შესახედაობის შუახნის ქალი.
– ეს მისი საფულეა. – ეუბნება ექიმს პატარა ბიჭი და ჩემს საფულეს აწვდის. – რომ გამოიღვიძებს დაუბრუნეთ.

    სეირნობას ზღვის ნაპირზე ვიწყებ, სადაც უამრავი ხალხია. მზე ჩასვლის პირასაა, თითქოს ოკეანის ზედაპირს ნაზად ეხებოდესო. მზეზე, და საერთოდ ბუნებაზე გასაოცარი ისაა, რომ ყველა იღიმის. გარშემო არავინაა ისეთი, რომ მწუხარება გავიხსენო. ასე და ამგვარად, სამყაროს ღიმილზე მეტად არაფერი უხდება. ეს არის ამაღლება! ბუნებრივი ღიმილის შემხედვარე, იძულებული ვარ გონებიდან გავნდევნო ყოველგვარი ფროიდისეული აზრები. ამჟამად თავში მხოლოდ ქრისტეს მიერ წარმოთქმული სიტყვები მიტრიალებს, და თუ არ გადავაჭარბებ, ვიტყვი, ბედნიერება ისევ ბუდობს ჩემი სულის პაწაწინა ნაწილში. ხო, ახლა ბედნიერებას მცირედით განვიცდი, მაგრამ ვგრძნობ ჩემს სულში რაღაც იმედის მომცემი, როგორ ვირუსულად ვრცელდება. ვგრძნობ ამაღლებას, რომელიც დაცემის გარეშე არ მოდის. ღმერთივით უდიადესი ვარ, და ეს იმიტომ, რომ გულისიღრმეში სულაც არ ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგადაა. მაგრამ... არ ვიცი რას განვიცდი, ქაოსის მაგვარ ჰარმონიას, თუ წინდათა წიმნდაჰარმონიას... არ ვიცი ჩემ ამ შეუცნობელ განწყობას ღიმილიანი სახეები განაპირობებს, თუ მზე, რომელიც ოკეანეს უნაზესად ეფერება. მაგრამ, ყოველგვარი საიდუმლოების, თუ მთლიანი სამყაროს არსი და აზრი, იმ ბავშვში მგონია, რომელიც კენჭებით პატარა კოშკის აგებას ცდილობს. ყოველგვარ მშვენიერებას მე იმ წყვილში ვხედავ, მარტოდმარტო, მდუმარედ რომ შესცქერიან ჰორიზონტზე გაჩერებულ მზეს. მე ჩემი სიცოცხლის არსს, სხვების სიცოცხლეში ვხედავ. როგორ დიად არსებებს გავხართ ადამიანებო. რა ამაღლებული სცენაა, როცა ვიღაცა ვიღაცას რაღაცას ჩუქნის. გრძნობების შემოტევას ვეღარ ავუდივარ, როცა სხვა ადამიანის ბედნიერებით აღსავსე თვალებს ვუყურებ. ახლაღა ვხვდები, არ გამეფებულა თურმე შური და ბოღმა.
– ღმერთოოო! –  ვყვირი მთელ ხმაზე. – მომეხმარე, რომ არ გადავცდე ბედნიერების განსაზღვრულ მიჯნას, როგორც ამას გოეთე წერდა. ღმერთო! გახადე სამყარო ისეთი, როგორსაც ამ ზღაპარში თუ ილუზიაში ვხედავ. ღმერთო! დააბრუნე უსასრულო სიმკვრივე, ან გვაღირსე უხსოვარ დროში გადაკარგული ჰარმონია, როგორც მოსვენება.
– სხვათაშორის ეს არ არის ილუზია. – მეუბნება ჩემს წინ, უეცრად გაჩენილი იესო ქრისტე. – შენ ახლა რეალობაში იმყოფები. ასეთია დედამიწა. იცი რატომ განახებ ამ ყველაფერს? არათუ შენმა სიტყვებმა, არამედ შენმა სულმა უნდა აირჩიოს, დარჩენა უნდა თუ დაბრუნება. ხოდა, ფიქრი გმართებს. შეხედე ამ ყველაფერს. განა აქაურობაზე მშვენიერი, რაიმე სხვა გინახავს? შეხედე ცას, როგორ ცდილობს, რომ სიმყარე არ დაკარგოს. გრძნობ როგორ თავბრუ დამხვევად ბრუნავს დედამიწა? ახლა კი, ყველაზე მშვენიერი ქმნილებებს, ადამიანებს შეხედე! ხედავ როგორ სწყურიათ სიცოცხლე? ხედავ, მათში როგორი მდუმარება ისადგურებს, როცა მზეს გაჰყურებენ? ეს არის ჭეშმარიტი ხელოვნების ფუძე. ნუ ფიქრობ! ნუ ეძებ! ნუ უსმენ! იგრძენი! შეიგრძენი ყოველივე ეს, რაც კი მაცოცხლებელი ენერგიით გტუმბავს.
    ნაპირიდან, მე და ქრისტე ზღვას გავყურებთ. მისი მზერა ჰორიზონტს ეკუთვნის. მზის შუქი ელავს მის ზედმეტად ადამიანურ, ზედმეტად იდუმალ თვალებში. ასე ვთქვათ, იესო ქრისტე ყველა ვარსკვლავზე უფრო თვალისმომჭრელად ბრწყინავს, ამის პირდაპირი და გატათანითი მნიშვნელობით. მასში სევდასაც ვხედავ, და პარადოქსი ზუსტად ის არის, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად იმედის მომცემია. წარმოიდგინეთ, მისი სევდაც კი უიმედობას მპარავს. ის უსიტყვოდ მაგრძნობინებს, რომ აუცილებლად დადგება წამი, როცა შევიგრძნობ უზენაესი მოსვენების ძალას. ვფიქრობ, რასაც ვეძებ ქრისტეშია. ქრისტეში მთლიანი, უსასრულო ელექტრონული ემბიენტია, რამაც სიცოცხლეში ვერა და ვერ მომასვენა.
    იესო მეუბნება:
– შეგიძლია გაიხსენო შენთვის ყველაზე სასიამოვნო დღე.
    მეც ცხადია არ ვაყოვნებ და ერთ მზიან დღეს ვიხსენებ:

    ლიკამ გამაღვიძა, ახლავე აეთრიე ლოგინიდან, მოწყენილობისგან ვკვდებიო. მე რა, ჯამბაზი კი არ ვარ–მეთქი ვუთხარი და წყალი გადამასხა. ის მსგავსი არაადეკვატური ქცევებით გამოირჩეოდა და ერთხანს ფიქრმა შემიპყრო, ვაი თუ საზოგადოებისთვის საშიში ფსიქოპატია–მეთქი. მაგრამ, გაიცნობდით თუ არა, უმალვე მიხვდებოდით, რომ საღი აზროვნების მქონე შეშლილი იყო. საოცრად ახერხებდა თავისი შეშლილობით ტკბობას. ხანდახან მეგონა კიდეც, რომ გამომწვევად და არაადაეკვატურად სპეციალურად იქცეოდა. ხანდახან ისიც მეგონა, რომ მას უბრალოდ ართობდა სხვა ადამიანების გამწარება. ხო, იმ დღეს გამამწარა, ლოგინიდან წამოვხტი და ბალიში მთელი ძალით გავუქანე. ეს გაუაზრებლად მომივიდა. თავიდან მეგონა, რომ კისერი მოვამტვრიე და სულ მთლად გავშრი. მერე სიცილ–ხარხარით წამოდგა და სულ მთლად გავშრი. კისერზე ხელი მოისვა, მაგრად მოგივიდაო, მითხრა და ისტერიკული სიცილი განაგრძო. აბა, რაღა დამაძინებდა? წამოვდექი და ჯინსი ამოვიცვი. შემდეგ ფარდები გადავწიე და უეცრად შემოჭრილმა სინალემ, ლიკა ვამპირივით აანერვიულა.
– მთელი ღამე ვხატავდი. – მითხრა გახარებულმა.
– მერე, რა დახატე? – სამზარეულოსკენ გაიქცა. (რატომღაც სამზარეულოში ხატვა უყვარდა.)
    სამზარეულოდან დაბრუნებულმა, ნახატი სიამაყით წარმიდგინა.
– აი, ეს.
    მშვენიერია–მეთქი, ვუთხარი, უემოციოდ, მაგრამ არ მომიტყუებია. ეს გადაამოწმა კიდეც.
– ხომ არ მატყუებ?
– არა, რას გატყუებ. ხო იცი, რო არ მომწონებოდა მინიმუმ დაგცინებდი.
    ხო, ეგეც მართალიაო, ჩაიბურტყუნა. შემდეგ უეცრად რაღაც სისულელე მითხრა:
– მთვარის ადგილას იუპიტერი რომ იყოს, უფრო მაგარი იქნებოდა. თან, ჩემი აზრით მთვარის გავლენის გარეშე უფრო უკეთესად ვიაზროვნებდით.
    ჩაის ვამზადებდი და მისთვის დიდი ყურადღება აღარ მიმიქცევია. აქეით–იქით დაბოდიალობდა, თითქოს კაიფში ყოფილიყოო. ბოლოს როგორც იქნა საძინებელში თავისი ადგილი იპოვა. ლოგინზე წამოწვა და “FIRST AID KID – WOLF’ ჩართო. ხო, კარგად მახსოვს, მუსიკას რაღაც პროგრამით წვიმის და ჭექა–ქუხილის ხმები დაუმატა, რითიც, უდავოა, რაღაც დოზით სახლში ჰარმონია შეიქმნა. ამიტომ არეულობისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია და სამზარეულოში, პატარა, მწვანე მაგიდის წინ ჩამოვჯექი, ჩაის ვსამდი და ფანჯრიდან მზეს გავყურებდი, რის გამოც, მხედველობა ლამის გამინახევრდა. ხო, თვალები ამტკივდა და ამით ვკაიფობდი, სანამ ცრემლდენა არ დამეწყო; სანამ ჯონი ქეშის “AINT NO GRAVE” არ მომესმა. შემდეგ კი, ჩაის ჭიქაც დამიცარიელდა და ლიკას ოთახში შევედი. მის გვერდზე წამოვწექი. აღგზნებული ვარ, ძილი არ შემიძლიაო, მითხრა.
– მერედა არ დაიძინო, ვინმე გაძალებს?
– არა, მაგრამ მინდა ისე მეძინოს და მეღვიძოს, როგორც ყველას. აი, ანასტასიას და გიორგის როგორც სძინავთ, ისე მინდა რო მეძინოს. მათ ოთახებში შევიჭყიტე. ბავშვებივით სძინავთ. როცა გძინავს, შენც გიყურებ ხოლმე.
– მერე, მეც ბავშვივით მძინავს ხოლმე?
– არა, შენ ყოველთვის პირღია გძინავს. ხანდახან დორბლებითაც ასველებ თეთრეულს.  მაგრამ, რამდენჯერაც მიცდია სურათის გადაღება, იმდენჯერ სახე ბალიშში დამალე. თითქოს სულ გღვიძავს და თავს იჩვენებ. – მითხრა ღიმილით და თავი მკერდზე დამადო. მისი სუნთქვის მოსმენა მესიამოვნა. მისი წამწამების კანზე შეხებაც მსიამოვნებდა. თავისი გაყინული ხელი ჩემს მუცელზე ედო, თითქოს ჩემს გაგრილებას ცდილობდა.
– წარმომიდგენია რა იდიოტურათაც გამოვიყურები ძილის დროს.
– სულაც არა. – მომიგო ბავშვური ხმით. – პირიქით, ძალიან საყვარელი ხარ ხოლმე.
    ნაირ–ნაირი მუსიკის ჟანრის მოსმენის და ცოტაოდენი ვნებით აღსავსე ალერსის გაზიარების შემდგომ, ანასტასიამ და გიორგიმ ერთდროულად გაიღვიძეს. ოთახებში მთვარეულებივით დააბიჯებდნენ. რას ეძებდნენ, ვგონებ არც თვითონ იცოდნენ, რომ აღარაფერი ვთქვა ყოვლისმცოდნე ღმერთზე. მალევე გამოფხიზლდნენ და ეს შევიტყვე უმალვე, როცა ყავის კეთებას შეუდგნენ. შხაპის მიღების შემდეგაც ჩუმად იყვნენ. ვხვდებოდი, ორი დღის წინანდელი ამბავი, – ჩვენი ორგია აწუხებდათ. ხო, გულისრევის შეგრძნებით დატანჯულნი, უმეტეს დროს უხერხულ მდუმარებაში ატარებდნენ.
– კარგი განცდაა დასვენება იმ დღეს, რომელ დღესაც ღმერთმა დაისვენა. – წამოროშა გიორგიმ და ანასტასია თავის დაკვრით დაეთანხმა. ხო, კვირა დღე იყო; მზიანი, უჩვეულოდ ჩუმი კვირა დღე. ხოდა, ამ სიჩუმემ და მაჯერად მოცარტის ამაღელვებელმა სონეტმა, კითხვის სურვილი გაგვიღვივა. ასეც მოვიქეცით, კითხვას შევუდექით, ოღონდ ჯერ სახლი დავაწკრიალეთ, რამაც საათი–საათნახევარი წაიღო. ლიკა ფანჯრის რაფაზე მოთავსდა, ანასტასია ლოგინზე, მე და გიორგი კი კომფორტულ დივანზე. ერთ ხანს ძალიან მომინდა წიგნის გადადება და ჩემს წინ, კედელზე დაკიდებული ტელევიზორის ჩართვა. ძალიან, ძალიან მომინდა რომელიმე იდიოტური სატელევიზიო შოუს ყურება. დავაპირე კიდეც, ფარდებს გადავწევ და ტელევიზორს მთელ ხმაზე ავუწევ–მეთქი, მაგრამ სურვილის განხორციელება ლიკამ დამასწრო. წამოიყვირა, ვერ ვიძინებო.
– ვერ ვიძინებ, არადა მეძინება. თქვენ კიდე ძალიან, ძალიან მოსაწყენები ხართ. დავიჯერო ახლა ისვენებთ?
– რას გვთავაზობ? – მშვიდად მიუგო გიორგიმ, ისე, რომ წიგნისთვის თვალი არ მოუშორებია.
    ლიკა დაიბნა, მაგრამ პასუხის მოფიქრება არ გასჭირვებია:
– ყველაფერს, რაც კი გაგვართობს. – ფანჯრის რაფიდან გიჟივით ჩამოხტა. რამის მუხლები გადაიტყავა ძველი, ხის იატაკის მეშვეობით. – მაგალითად დავლიოთ.
– მოიცა რა, ყელშია დალევა. – წამოვიყვირე მე. – თანახმა ვარ ყველაფერზე, ოღონდ სახლიდან გამიყვანა, მაგრამ დალევა აღარ ახსენო!
    ანასტასიას ჩვენი, ვისთვის გულისამრევი, ვისთვის კი სასიამოვნო ორგია გაახსენდა, და მორცხვად ჩაილაპარაკა, ხო, დალევა არ გვინდაო. მოკლედ, ამაზე შევთანმხდით... შევთანმხდით, თან როგორ, ალკოჰოლი მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში აღარ გვიხსენებია.
– ცხელა, – ლოგინზე წამოჯდა ანასტასია. – ისეთს ვერაფერს გავაკეთებთ. კლუბშიც ვერ წავალთ, შუადღეა. დალევაც არ გვინდა. ფული არც ისე ბევრი გვაქვს. ერთი სიტყვით წიგნის კითხვის მეტი, არაფრის გაკეთება შეგვიძლია. ხოდა, ტყუილად ნუ ვიმტვრევთ თავებს...
– ჯანდაბა! – ხმამაღლა წამოიყვირა ლიკამ. – თქვენ რა, ფანტაზიის უნარი არ გაქვთ? რამდენი რამის გაკეთება შეგვიძლია... – უეცრად მე შემომიბრუნდა. – მიდი, მითხარი, ახლა ყველაზე მეტად რისი გაკეთება გინდა? – დალახვროს ეშმაკმა, შეშლილს ჰგავდა. ასე ვთქვათ, უძილობით კაიფობდა, რასაც მეც ხშირად ვაკეთებდი.
– არ ვიცი. – ვუპასუხე რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ.
– იდიოტი, შეშლილი, ცხოვრების ხალისს დაკარგული გვამი ხარ! – დიაგნოზი დამისვა ლიკამ, რაზეც გულიანად გამეცინა.
– ატრაქციონებზე ხო არ გვეკატავა? – სრული სერიოზულობით შემოგვთავაზა გიორგიმ.
    ლიკამ არ დააყოვნა:
– შენ უარესი ხარ! ღმერთო ჩემო! სადაცაა ოცდაცხრა წელს მიუკაკუნებ, რაღა დროის შენი ატრაქციონებია?! ღმერთს გეფიცები, ამას მირჩევნია ოთახიდან–ოთახში ვირბინო და ვირტუალური იარაღებით ომობანა ვითამაშო. მაგრამ... აი, ზღვაზე წასვლაზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი. წამოთ რა, რომელიმე ზღვისპირა ქალაქში წავიდეთ.
    ლიკას იდეა თავიდან არავის მოგვწონდა, მაგრამ მერე და მერე ჩვენში რაღაც რომანტიკულმა გაიღვიძა და მიუხედავად იმისა, რომ მეორე დღეს ჟურნალისთვის დამღლელი სამუშაო გვიწევდა, მაინც დავთანმხდით. ხო, ყველანი თანახმანი ვიყავით, რადგან ერთმანეთს ვირუსივით გადავდეთ რაღაც სასიამოვნო, ყველაფრისგან განსხვავებული, სულ სხვაგვარი შეშლილობა. წინაპირობა კი ასე ჟღერდა: ჩავიდოდით ზღვისპირა ქალაქში, ვნახავდით ზღვას და უკან დავბრუნდებოდით. პირადად მე, ზღვაზე მეტად მატარებლით მგზავრობა მახარებდა. გეფიცებით, ბავშვივით გახარებული ვიყავი, მაგრამ ამის დამალვას მაქსიმალურად ვცდილობდი. თავის მოჩვენება სახლიდან გასვლისას უფრო გამიადვილდა, რადგან მცხუნვარე მზე, ღიმილის უფლებას არ მაძლევდა. ასე ვიყავით ყველანი, შუბლშეკრულები, სანამ უახლოეს სადგურს არ მივადექით. სადგურში ცოტა ავცანცარდით. ისევ და ისევ ლიკას ინიციატივით დაჭერობანას თამაში დავიწყეთ. ყველა გაოცებული გვიყურებდა. გოგონები ისტერიკულად იცინოდნენ, რის გამოც ერთი–ორმა მოხუცებულმა უზრდელებად შერაცხეს. მხოლოდ მაშინ შევწყვიტეთ ერთმანეთის დევნა, როცა პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა ტიპმა გვითხრა, ნუ ხმაურობთო. უეცრად დავსერიოზულდით, მაგრამ ლიკამ მაინც განაგრძნო ჩუმი სიცილი. შემდეგ კი, ბილეთები ვიყიდეთ და მატარებელში ავედით. სასაცილოა, მაგრამ ადგილებს ნახევარი საათი ვარჩევდით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა სკამი ერთნაირი იყო. ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ მატარებლის შუა ნაწილში უნდა დავმჯდარიყავით. პატარა მაგიდას მივუჯექით. მე და ლიკა ერთად დავჯექით, ანასტასია და გიორგი ერთად, ჩვენს წინ. მართალია მეგობრები ვიყავით და ამას წყალი არ გაუვა, მაგრამ ხანდახან ერთმანეთი თავდავიწყებით გვიყვარდებოდა ხოლმე. ხოდა, მგონი იმ დღეს მე და ლიკას ერთმანეთი გვიყვარდა, როგორც გიორგის ანასტასია და ანასტასიას გიორგი. მგონი, ამიტომაც მივუჯექით ერთმანეთს. მალევე გავიკეთედ ყურსასმენები და კლასიკური მუსიკის მოსმენა დავიწყეთ. მერე ლიკამ მხარზე თავი დამადო და დაკომპლექსებული ბიჭივით მღელვარებამ შემიპყრო. ეშმაკეულივით ვღელავდი, მაგრამ მალევე გადავეშვი ვნებათა–ღელვაში. ყურსასმენებში “MOBY – EVEROLOVING” გაიჟღერა და ფანჯრიდან გავიხედე, ამ კომფორტულობას კი ლიკას თმების სურნელი ერთვოდა. ტყეს შევავლე თვალი და ძალიან მომინდა მატარებლიდან გადმოხტომა, რომ იქაური მშვენიერება წამით მაინც შემეგრძნო. ათასი და უფრო მეტი ადგილი გავიარე, რომლის გავლაც ისე მეწყინა, როგორც ერთ დროს ჩემი ძაღლის სიკვდილი. რამდენიმეჯერ კი ვუთხარი ლიკას, რა მელანქოლიკივით მოიწყინე, ხედს გახედე–მეთქი, მაგრამ ყურადღება არ მომაქცია, ან... დარწმუნებული არ ვარ, რომ ჩემი ესმოდა... სავარაუდოდ კლასიკას უსმენდა, ბეთჰოვენს, ან შოპენს. არ მშორდებოდა. მკლავზე პატარა, დაუცველი ბავშვივით მებღაუჭებოდა. მისმა შავმა თვალებმა იმ დღეს ისე მომხიბლა, როგორც არასდროს. ვუთხარი კიდეც:
– შენი თვალები უსასრულო სივრცეს მაგონებს.
    ცოტა უცნაური შეკითხვა დამისვა:
– რამხელა ეგ შენი უსასრულო სივრცე?
– შენი თვალების ხელა, არც მეტი, არც ნაკლები.
– მოცარტის „რექუიემიც“ უსასრულო სივრცეა. – და აი, მივხვდი, თურმე მოცარტს უსმენდა.
– მოცარტის „რექუიემი“ უსასრულობა კი არა, თითქმის ერთსაათიანი ატომური ბომბია.
– რაა? – გაკვირვებულმა მკითხა – ნუთუ უფრო მეტს ვერ იმეტებ „რექუიემისთვის“?
– კარგი, ხო, მაშ, დიდი აფეთქებაა ეგ შენი „რექუიემი.“
– რამდენად დიდი?
– სამყაროს ხელა, ლიკა, რა გემართება?!
– ანუ უსასრულო. აზრზე ხარ რა მაგარი თვალები მქონია?! – ჩემსკენ ამოიწია და ლოყაზე მეამბორა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
    მოწევა მომინდა. ავდექი და ვაგონის იმ ნაწილისკენ გავემართე, სადაც მოწევა აკრძაულილი არ იყო. ლიკაც მიყვდა, რომ მოსაწევად მივდიოდი და გამომყვა. ღმერთმანი, პირველმა–ორ ნაფაზმა უდიდესი შვება მოგვანიჭა. სიამოვნების გახანგრძლივების მიზნით, კვამლს ნელ–ნელა ვუშვებდით. ერთმანეთის მოშორებით ვიდექით. ის ერთ კარს ეყუდებოდა, მე მეორეს. შემდეგ ცოტა ვისაუბრეთ ხელოვნებაზე და ადგილებს დავუბრუნდით. ლიკას კლასიკური მუსიკის თანმხლებით ჩაეძინა. ცოტა მეც ჩამთვლიმა, მაგრამ მალევე გამოვფხიზლდი.
    ზღვისპირა ქალაქში რომ ჩავედით, ღამის თერთმეტი საათი იყო. ბულვარს სამჯერ თუ ოთხჯერ ავუყევით და ჩამოვუყევით. იქამდე დავსეირნობდით, სანამ იქაურობა ხალხისგან არ დაიცალა, მერე კი ზღვისპირას ჩავმწრივდით და ძირს წამოვწექით. მართალია, ქვებზე წოლა არაკომფორტულობას განგვაცდევინებდა, მაგრამ, სამაგიეროდ უმშვენიერეს ცას ვუყურებდით. უეცრად გაჩნდა თემა, რომელიც არ ცდებოდა თეოლოგიასა და ფილოსოფიას. ხოდა, სასტიკი კამათი გავმართედ. მე და ანასტასიას ღმერთის არ გვწამდა, მათ, – კი. ცხადია, ვიაზრებდით, რომ კამათს აზრი არ ჰქონდა, მაგრამ ისეთი ჯიუტები გახლდით, მთელი არსებით ვცდილობდით, რომ ერთმანეთისთვის აზრები დაგვემახინჯებინა. ბოლოს კი, თვალებსაც ძლივს ვახელდი ისე მეძინებოდა. თავი ქვებზე დავდე და ლიკას ნაზი ხმის მოსმენა დავიწყე თავიდან გვკითხა:
– გინდათ სიამართლე გაიგოთ?
– აბა, არ გრცხვენია ლიკა?! რეებს გვეკითხები?! – ირონიულად მიუგო გიორგიმ.
– თავიდან იყო არაფერი... – გვითხრა ლიკამ – თავიდან იყო არაფერი, გარდა ვინმე მარტოხელა არსებისა. ის მძიმე დეპრესიამ შეიპყრო და თავისი ფსიქოლოგის რჩევით, წარმოთქვა სიტყვები, „დაე იყოს ნათელიო.“ ნათელი იქმნა ჩემი თვალებისხელა აფეთქების სახით, რაც, ყოველივე ამის შემქმნელს, მოეწონა. შემდეგ მარტოხელა არსებას მოესმა მოცარტის „რექუიემი“. მას ეს მუსიკაც მოეწონა და დაყო თითქმის ერთ საათად. მარტოხელა არსება შეუერთდა უსასრულობას და კანონზომიერებაში ჩაიპრესა. მაშასადამე, „რექუიემმა“ შექმნა მოცარტი, და არა მოცარტმა „რექუიემი“. აშკარად მეძინება, არა?
    დაე წარმოიდგინოს ვინმე მარტოხელამ წითელ თმიანი გოგო, რომლის მშვიდი სუნთქვა რითმულად ისმის. ამასთან წარმოიდგინოს მთვარის ნათების ელვარება ზღვის ზედაპირზე, რომ გაიგოს, თუ რა ტკბილად ჩამეძინა ზუსტად ორ წუთში, ირმებზე ფიქრისას.
    და მართლაც, ასე ტკბილად არასდროს მძინებია. გაღვიძებაც არ ყოფილა უსიამოვნო. დილა იყო. მზე თითქოს ოკეანის ფსკერიდან ამოსვლას ლამობდა. ცა უჩველო, ასე ვთქვათ „მეცამეტე ფერით“ შენიღბულიყო. ჩიტების რითმული ჭიკჭიკი უერთდებოდა სივრცის ხმაურს. ჰარმონიას ქაოსური ხმები წარმოქმნიდა. კიდევ ერთხელ გავოცდი ჩემი თავით, რადგან ნანახის მეშვეობით, კიდევ ერთხელ შევიგრძენი რაღაც არაამქვეყნიური. თითქოს თავიდან დავიბადე. ეს იყო დაბადება, მრავალი ფერებით განავარდებულ სამყაროში. მერე ისევ ცას შევხედე, მერე ზღვას, ბოლოს კი მზეს. გავიფიქრე, როგორი მგრძნობიარე ვყოფილვარ–მეთქი. გეფიცებით, თვალზე ცრემლი მომადგა ზღვის მღელვარე ტალღებს ყური რომ დავუგდე. უეცარი, დაუძლეველი სურვილი გამიჩნდა, რომ გავფრენილიყავი. მომინდა ზღვისთვის გადამეფრინა. მაგრამ, ყოვლისშემძლე რომ ვყოფილიყავი, მხოლოდ და მხოლოდ დროს გავაჩერებდი. სწორედ ამიტომ შემშურდა იმ არსებების, სხეულების თუ პლანეტების, რომლებიც დროის მიღმა სახლობენ.
    წამოვიყვირე:
– აი, შეხედეთ! ეს არის ელექტრონული ემბიენტი! – ყველას გამოეღვიძა. შეხედეს ზღვას, მზეს და ხმურიანი სივრცის მოსმენა დაიწყეს. ეჭვი გამიჩნდა, რომ ისინიც იმას გრძნობდნენ, რასაც მე. შემდეგ წამოვდექით, ზღვას მივუახლოვდით და ჰორიზონტს მდუმარედ შევხედეთ. ასე ვიყავით სანამ რამდენიმე ღერი სიგარეტი არ მოვწიეთ.
    როცა რაღაც არაამქვეყნიურის შეგრძენბით გავძეხით, ლიკამ თქვა:
– ახლა შეგვიძლია დავბრუნდეთ. სამუშაო გვაქვს.
    არ დავაყოვნეთ. დავბრუნდით.

    იესო ქრისტე ადამიანებს მანახებს, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებიან. მე ვხედავ როგორ უყოფს ერთ პურს, მშიერი მშიერს. ვხედავ ადამიანებს, რომლებშიც ისევ ჭარბობს სიკეთის კეთების სურვილი. ბოროტ, სასტიკ ადამიანებსაც ვხედავ, რომლებსაც სიყვარული ისე სწყურიათ, როგორც არასდროს. მე მათ თვალებში ვკითხულობ, რომ გულისიღრმეში დაუძლეველად უნდათ სხვა ადამიანების დახმარება. მგლებს გვანან, დიახ, მგლებს, რომლებსაც მთელი არსებით სურთ, რომ ლეკვები იყვნენ. აღარავის უნდა ზიზღი და შური. ყველას გაეყინა გული, ვისაც კი მცირეოდენი სიყვარული მოაკლდა. მე თქვენ გხედავთ, ხალხო! გიყურებთ და გულიმიჩუყდება, საკუთარ თავებს ასე სასტიკად რომ უსწორდებით. მაგრამ, გპირდებით, ყველაფერი კარგად იქნება. ხო, ასეა, როცა იქნება ქრისტე აუცილებლად აგვიკრძალავს ჩვენებურ თავისუფლებას და ამოვისუნთქებთ. როცა იქნება დადგება დღე აპოკალიფსის; ყველანი ერთად გავემგზავრებით დროისა და სივრცის მიღმა და გარდავიქმნებით ნამდვილ ღმერთებად, რისი საშუალებითაც, ჩვენი წარმოსახვის უსაზღვრო ნიჭით, თითო–თითო უსასრულო სივრცეს შევქმნით.
– ასე და ამგვარად, – მეუბნება ქრისტე – ალბათ ხვდები, რომ არ არსებობს ბოროტი ადამიანი. უბრალოდ მზრუნველობა და სიყვარული გაკლიათ. უნებლიედ, თქვენვე ქმნით სამყაროს, სადაც არაფერია უიმედობისა და უსიყვარულობის გარდა. თუმცა, უდავოა, რომ ამ თავბრუდამხვევ პლანეტაზეც არსებობს სითბოსა და სიტკბოების  სულ პაწაწინა ადგილი. ეს ისევე იცი, როგორც ამ პლანეტის მოსახლეთა ოთხმოცდაათმა პროცენტმა. ახლა კი მიპასუხე, იესო ქრისტესი გჯერა?
= ცხადია, მე თქვენი ისევე მჯერა, როგორც ამ მზის თვალისმომჭრელი ბრწყინვალების.
– ხოდა, ესაა და ეს. გეუბნები, ესეოდენ ამაღელვებელია აქაურობა. ადამიანი ჯერ მხოლოდ იმიტომ უნდა იყოს ბედნიერი, რომ დედამიწაზე გაჩნდა. ხოდა, ალხა კი შენთვის მომინდია დანარჩენი. იმედია ცხოველური სისასტიკის მატარებელი აზრები გაგიქრა. შენ გადაწყვიტე, დარჩები თუ წახვალ. ოღონდ, რაც არ უნდა გააკეთო, არ დაივიწყო ვინ ხარ და საიდან მოდიხარ. არ დაივიწყო შენი დიადი სახელი, – ადამიანი.
    უეცრად იესო ქრისტეს თვალის ფერი ეცვლება და ის საერთოდ აღარ გავს ღმერთს, რომელსაც ესე ძალიან უნდოდა ადამიანობა. ის უფრო წმინდათა წმინდა არსებას ემგვანება. თვალები სევიანი აქვს–მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ მისი მზერა, რაღაც უდიდეს, სუნთქვისშემკვრელ დრამატურგიას მახსენებს. გასხივოსნებულია რაღაც უბედურებით და მეც აღარ ვაყოვნებ, ვეკითხები:
– ნუთუ იესო ქრისტე დაუბრუნდა საღმრთო საქმეებს?! მაშ, შენ ვინღა ხარ, მესამე პირი?
– ესეა. სახელი არ მაქვს. მაგრამ, თუ მაინც და მაინც გინდება რაიმე წოდება მომიძებნო, გეტყვი, სულიწმინდას მეძახიან... ზოგნიც ანგელოზს.

.    .    .

– ო, რა სასიამოვნოა. – ვეუბნები ღიმილით.
– ჩემო მეგობარო, თუ არ მიწყენ ადგილმდებარეობა შევიცვალოთ, კარგი? უბრალოდ, აქაურობა ძალიან არასასიამოვნოდ მეჩვენება. მე საერთოდ არ მიყვარს ხალხმრავალი ადგილები. მარტოობას ვარ შეჩვეული და ეს არის ჩემი ყოვლედღიურობა.
    როგორც თქვენ გადაწყვეტთ–მეთქი, თავაზიანად ვეუბნები.
    ახლა კი, რომელიღაცა სხვა გალაქტიკაში ვარ. რადგანაც მიზიდულობის კანონი აქ არ მუშაობს, ღია კოსმოსში დავფარფატებ და წინ, ზღაპრული ხედი იშლება. მაგრამ, თავი რომ დავანებოთ უცნაურ პლანეტებსა და ვარსკვლავებს, ყველაზე მეტად ფერად–ფერადმა ნისლმა მომხიბლა. ასე თქმით არაფერი გამოვა. ეს ყველაფერი ენით აუღწერელია. მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია: რაღაც კოსმიურს ვგრძნობ. ასეა, ზუსტად, არც მეტი და არც ნაკლები. ო, როგორ მინდა ვუამბო ვინმეს რასაც ვხედავ; რასაც განვიცდი.
– მოცარტის წინააღმდეგი ხომ არ ხარ? – მეკითხება სულიწმინდა.
– არა, რა თქმა უნდა. წინააღმდეგი კი არა, სიცოცხლეშიც მის მუსიკებს ვუსმენდი.
– მაშ, „რექუემი“, კარგი?
– როგორც გენებოთ. – ვეუბნები ღიმილით.
    მოცარტის გამაგიჟებელი „რექუემი“ ირთვება. სივრცეში სინათლის სისწრაფით იჭრება მელოდია. ამ გალაქტიკას აუღწერლად უხდება „რექუიემი“.
– თავიდან ვიყავი მე. – მეუბნება სულიწმინდა – ხო, უსასრულო სიმკვრივეს თავად მე წარმოვადგენდი. შემდეგ, აუტანელი მარტოობა ვიგრძენი. სწორად ეს არის იმის მიზეზი, რომ ჩემი გონება სამ ნაწილად გაიხლიჩა. აქედან გამომდინარე, სამყაროზე ადრე შეიქმნა უკურნებელი დაავადება, – შიზოფრენია. მერე და მერე ვგრძნობდი როგორ ვკარგავდი დროს. ერთ დღესაც გამომეღვიძა და დავინახე სინათლე, რომელმაც წარმოშვა უსასრულოდ ბევრი უსასრულო სივრცე. მართალია, მე ეს მომეწონა, მაგრამ საგონებელში ჩავარდი და გამალებით დავუწყე მოძებნა იმ არსებას, რომელმაც სინათლე შექმნა. მერე ის ჩემში ვიპოვნე, – უზენაისი. მაგრამ, ყველაფერთან ერთად მაინც მარტოდმარტო ვიგრძენი თავი და მივეცი ძილს, რომელმაც საუკუნეები გასტანა. გამოღვიძებულმა შევეგებე მეტად უცნარ და სასიამოვნო არსებებს, მდედრს და მამამრს; ადამიანებს. უზენაის ერთისთვის ადამი შეურქმევია, მეორესთვის კი ევა. მომეწონა მათი მდუმარება მზის ჩასვლისას და ორივე შევიცანი. მათთან ერთად თამაში დავიწყე, რომ აღარაფერი ვთქვა ბუნების ხმების მოსმენაზე. ასე და ამგვარად, მათი მონამორჩილი გავხდი. მთვარე სავსე იქნებოდა თუ მათ მოუნდებოდათ. ზღვაც ყოველთვის ისე ბობოქრობდა, როგორც ისინი იტყოდნენ. არ ვაჭარბებ, ერთი–ორჯერ მერკურიც კი მომიახლოებია დედამიწასთან, რათა მათვის მეჩუქნა ღამე, შესანიშნავი ცით. მაგრამ, ყველაფერი თავისთავად შეიცვალა, როცა ადამმა და ევამ ღმერთობა გადაწყვიტეს. ეს არ მოეწონა ჩემი გონების რაღაც ნაწილს, და უმალვე გამოიღვიძა უმკაცრესმა ღმერთმა. ხოდა, ისინი დაისაჯნენ წმინდა სასჯელით... თუმცა, აბა როგორ შეიძლება სასჯელი წმინდა იყოს?! არამც და არამც, აღარ გამაგონოთ სასჯელი! ხოდა, ისევ ძილს მივეცი. სულ რაღაც ერთ წამში ჩაიარა მოცარტისა და ბეთჰოვენის საუკუნემ. ესეოდენ ნიჭიერი და ღვთიური ძალის ბატონ–პატრონების ხელოვნება რომ შევიცანი, აღარ დამიძინია. გამუდმებით ვუსმენდი მათ რუთმულ ჰნგებს. გამუდმებით ვკითხულობდი მწუხარებისა და მარტოობის გამომხატველ გენიალურ ნაშრომებს; პროზა იქნებოდა ეს თუ პოეზია. გამუდმებით ვათვალიერებდი ნახატებს, სადაც შეშლილი ადამიანების სულიერი სამყარო აღიბეჭდებოდა. დავდიოდი მუზეუმებში და ყოველთვის ვეტრფოდი წმინდა ხელოვნების შემოქმედდთა სულებს. ჩუმად ვუქცერდი ხოლმე მათ საინტერესო და შეუცნობელ სამყაროს. ასე და ამრიგად, სწორედ ხელოვნებამ აჩუქა ჩემს სულს უფრო და უფრო გაუსაძლისი მარტოობის შეგრძნება და შეძლებისდაგვარად, ამით ტკბობას შევუდექი.  მერე და მერე დავიწყე ადამიანებთან ურთიერთობა. ბედნიერებთან მე რა მესაქმებოდა, მხოლოდ და მხოლოდ მონათესავე სულებს დავეძებდი. გარეუბნებსა და სიმყრალეში დავეძებდი იმ მარტოხელა ადამიანებს, რომლებიც რაღაცით მაინც მგავდნენ. ზოგი რას მეძახდა, ზოგი რას. იესოც ვყოფილვარ და ბუდაც, რომ აღარაფერი ვთქვა სხვა ღმერთებზე, მაგრამ გეუბნები, ყველაზე მეტად ჩვეულებრივ, განადგურებულ ადამიანად ყოფნამ მომხიბლა. ეს არის ჩემი ისტორია. შენთანაც ვყოფილვარ, ჩემო მეგობარო, სეითი დავირქვი იმ დროს და ჰალუცინაციად მოგაჩვენე თავი. არადა, შეშლილობის არაფერი გეტყობოდა...
– ო, ღმერთო ჩემო! ნუთუ სეითი ითი ხარ?! ნუთუ შენ ის მეგობარი ხარ, რომელმაც მარტოობის ჯამს მიშველა?! ნუთუ შენ ის ხარ, ვინც წუმპედან ამომათრია?!
– ეგ ვარ, არც მეტი და არც ნაკლები, მაგრამ ცოტას აჭარბებ. ხო, სეითი ვარ, ერთი ჩვეულებრივი მეგობარი, რომელმაც მიგატოვა. ხოდა, გეუბნები, ესეთია ჩემი ისტორია–მეთქი, მაგრამ ეჭვი მაქვს, შენი ისტორიაც ისევე გაინტერესებს, როგორც ერთ დროს სამყაროს მთავარი საიდუმლოება.
– ნუთუ გამაჩნია ისტორია?!
– ოჰ, თან როგორი – მეუბნება ღიმილით – გაგაჩნია, აბა რა. შენა ხარ ღმერთი! ხოდა უკანასკნელი სიტყვა შენზეა: რჩები, თუ ბრუნდები?
    სეითი ითს, ანუ სულიწმინდას, დაუყოვნებლივ ვპასუხობ:
– ვრჩები!
   
    მშვენიერი შუადღეა, მეტს ვერც ინატრებდა კაცი. გზაზე არ გადავდივარ, ჯერ სწრაფად მომავალ „ლენდროვერმა“ გაიაროს. აი, ასე ჯობია. ახლა კი, უშიშრად მივაბიჯებ. შემხვედრ ადამიანებს ღიმილით ვესალმები, რის გამოც გიჟად მრაცხავენ. ასევე ვესალმები სკამზე ჩამოჯდომილ კაცს, რომელსაც ერთი შეხედვით ეტყობა, რომ ჰომოფობია. მტრედებს აჭამე–მეთქი, ვურჩევ და სახიდან ღიმილს არ ვიშორებ. სახლისკენ მივაბიჯებ, ჩემი მეგობრები მელიან, მაგრამ არ ვჩქარობ, განა ასეთ გასაოცარ შუადღეს ხშირად ვნახავ?! ვერა, ვერა, ხოდა დავდივარ ნელა. ყველაზე მეტად კი, ხალხმრავლობა მომწონს.
    ახლა კი, თითებს ვატკაცუნებ და სივრცის დახმარებით მოცარტის იმ მუსიკას ვრთავ, რომელის სახელიც არ ვიცი.
    მზეც ზუსტად ისეთია, როგორიც მინდა.
   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები