რაც თავი მახსოვს, სკოლაში ვარ. ხუთი წლის ვიყავი, ნულ კლასში რომ მიმიყვანა დედაჩემმა.დილით რძე დამალევინა.მე კი გაკვეთილზე გული ამერია და ვაღებინე. ასეთი უსიამოვნო ინცინდენტით დაიწყო ჩემი და სკოლის ურთიერთობა. ნული კლასის გარდა გავიარე პირველიდან მეათე კლასამდე. მერე გავიარე უნივერსიტეტი და შევედი სკოლაში, უკვე მასწავლებლის სტატუსით. ჰოდა, რაც აკვნიდან გადმოვკოტრიალდი, სულ სკოლაში რომ ვარ, ეს აღარაა გასაკვირი. აკვანზე გამახსენდა. აკვანშიც დიდხანს მომიწია თურმე წოლა. ოჯახში მესამე შვილი ვიყავი და წყვილი საწოლი, რომელიც მზითვად ჰქონდა დედაჩემს, უკვე სავსე იყო ბავშვებით და მე სადღა უნდა დავეწვინე...მამაჩემმა ჯერ ფეხებისკენ გააგრძელა თურმე აკვანი და მერე თავისკენ. ისე გავიზარდე მასში, დარწევა აღარ მჭირდებოდა, მივიდოდი და თვითონ ვწვებოდი, ეგ კი არა, იავნანასაც ჩემ თავს ვუმღეროდი თურმე. სამი წლის ასაკში ამოვედი და ისე გავაგრძელე ცხოვრება, უაკვნოდ.
უნივერსიტეტში პედაგოგიკა ნასწავლი მქონდა, მაგრამ სოფლის სკოლაში რომ მომიწია მუშაობის დაწყება, ცოტა დავიბენი. დასაწყისისთვის მეოთხე კლასში შემიშვეს, "ამხელა მათემატიკოსი" ქალი. იმ ზამთარს დიდი თოვლი მოვიდა. ამოივსო სკოლის ფანჯრები და შესასვლელი. სკოლის ეზოში მოჭრილი ალვის ხე ისეთი ჯვაპი იყო, მისგან ცეცხლი რომ დაგენთო, სამი ლიტრი ნავთი უნდოდა. ამიტომ ბავშვებს რიგრიგობით სახლიდან მოჰქონდათ მშრალი შეშა და ნაქურჩელი, მოსანთებად. ჩემი ბიძაშვილი, ლევანი, იმავე კლასში იყო, რომელსაც მე ვასწავლიდი. ამიტომ გაკვეთილებს გზაში ვამეორებინებდი ხოლმე. ერთხელაც ლევანის შეშის წამოღებამ მოუწია. მივდივართ სკოლისაკენ, მივარღვევთ თოვლს. ათი წლის ბავშვს იმდენი შეშის ტარება რომ გაუჭირდა, ახლა მე მოვკიდე ბიძაჩემის სკოჩით გაკრულ შეშას ხელი. ლევანი ლექსს მიყვება, რწყილი და ჭიანჭველა აქვთ გაკვეთილად , ხოდა მივდივარ მე შეშით დატვირთული ურემივით და ლევანი ლექსს ყვება: კარზე მიადგა ჭინჭველას ვედრებით, ჩემო ნათლიაო...
- ბიძია, შეშას რაღაზე წვავთ, ბარემ აქვე დოუწერე ნიშანიო - მოგვაძახა ჭიჭიამ. ამიტყდა სიცილი, გადამიცდა ფეხი გაკვალული თოვლიდან და ამოვყირავდი. მაყენებს ლევანი, ვერ ვდგები. უფრო სიცილი მიშლის ადგომაში ხელს. იმ დღეს აღარ გამიძახია, ისე დავუწერე ჟურნალში ხუთიანი. გადაუმეორებლად ისე კარგად იცოდა და გადამეორებულზე უკეთესად არ მოყვებოდა?!
სამჯერ დამესწრო დირექტორი, ერთხელ მათემატიკაზე და ორჯერ ქართულის გაკვეთილზე. რადგან არასპეციალისტი ვიყავი, როგორ ახერხებსო... მათემატიკის გაკვეთილი რომ გამირჩია, ასე მითხრა, თავი უნივერსიტეტში მეგონა, იმხელა ტემპი ააღებინე ბავშვებსო... მე ვუთხარი, უფრო სწრაფადაც შეგვეძლო, მაგრამ მოგვერიდათქო. მერე ქართულის გაკვეთილზე შემომესწრო და , ამნაირი ქართულის გაკვეთილი არასდროს მინახავს, ასე შერწყმული გრამატიკა და ლიტერატურა არასდროს გამიგონიაო... (ეს კაცი ახლაც, როცა ქუჩაში მხვდება, თავს ისე დაბლა მიკრავს, ნამდვილად ვხვდები ჩემი ენალიტერატურის ნაზავით კმაყოფილებას.)
კარგი იყო თუ ცუდი, იმ წელს კადრი არ ყავდათ და მეც ვიფერებდი მაღალ ხელფასს და სრულ განაკვეთს, ოცდაორი წლის გოგო, მაგრამ იმ ზამთარში ფული ისე გაუფასურებულიყო, ერთი თვის ხელფასით ნახევარი კილო პეჩენია რომ ვიყიდე, კი მივხვდი ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები იქ არ უნდა გამეტარებინა.
სკოლამ შეჩვევა იცისო, ერთხელ თუ ცარცით მოიწამლე, მერე ძნელია უარის თქმაო-ჩემზე გამოცდილმა მითხრა. ცარცის მოწამვლის რა მოგახსენოთ და ბავშვების სიყვარული ნამდვილად წამალივითაა.
პირველივე თვეში, დირექტორმა ინსტრუქცია მოგვცა, ყველა მოსწავლის ოჯახური პირობები უნდა შეისწავლოთო. ნაცნობი მასწავლებელი დავიმგზავრე და თითქმის მთელი სოფელი შემოვიარე. მშობლები ნამდვილად შევაწუხე. შემოდგომა იყო, ზოგმა ჩურჩხელა და ტკბილი კვერი ამოგვიდო იღლიაში და ზოგმა ტკბილეული მოგვაწოდა. მე კი ეს ხონჩა ერთერთი მოსწავლის ოჯახში უკლებლად დავტოვე... სახლში მისულმა ზუსტად ვიცოდი, ეს აუცილებელი იყო.
იმ დღის მერე ხარიტონოვის ნაწერი , მისი ოჯახის პირობებს რომ გავითვალისწინებდი, ისეთი სუფთა მეჩვენებოდა და ისეთი სრულყოფილი, კიდევაც მიკვირდა... არც სიურპრიზები მაკლდა: ერთხელ დილით მაგიდაზე წერილი დამხვდა; -ლამაზი მასწავლებელი - ბატიფეხურით ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერილი. ჩემი პირველი თაყვანისცემელი- ჩამეღიმა და კლასს ჩუმად გავხედე. ორი ბიჭი გაწითლდა. მესამე მე ვიყავი...
ნეტავ ხმამაღლა უნდა მეთქვა რამე?- დღემდე არ ვიცი...
ჯიბეში ჩავიდე და გაკვეთილი გავაგრძელე.
(გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. კარგი იყო :* კარგი იყო :*
4. კარგია, ხალასი ამბავი, იუმორი და წერის მსუბუქი მანერა. კარგია, ხალასი ამბავი, იუმორი და წერის მსუბუქი მანერა.
3. ბევრი რამე მაქვს თავმოსაყრელი, ჩემი ოცწლიანი პედაგოგიური სტაჯიდან :D ბევრი რამე მაქვს თავმოსაყრელი, ჩემი ოცწლიანი პედაგოგიური სტაჯიდან :D
2. სახალისო იყო. დაველოდები დასასრულს. 5 სახალისო იყო. დაველოდები დასასრულს. 5
1. ♥ ველი გაგრძელებას ♥ ♥ ველი გაგრძელებას ♥
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|