(გაგრძელება)
სწავლა ორი თვის დაწყებული იყო, კლასში ყველაზე ციცქნა მოსწავლე, ნინო, რომ მომიახლოვდა და ჩურჩულით მეუბნება: -ხვალ მამა უკვე სახლში იქნება -სად იყო მამა?-ვეკითხები დაუფიქრებლად. - არ იცოდი?! მამა ციხეში არის - მხრები აიჩეჩა -კი ვიცოდი-ვიტყუები. მართლა არ ვიცოდი -ხვალ მამა სკოლაში მოვა -დედააააა-გამცრა. რა ველაპარაკო ციხიდან ახლახანს გამოსულ მამას. გავუღიმე. მამამისი მართლაც მოვიდა სკოლაში, მაგრამ ორი კვირის მერე. ვისაუბრეთ. გამიღიმა. დამარიგა. ბავშვებთან ურთიერთობის ნიუანსები მასწავლა. (არა, მართლა მასწავლა რაღაცეები. თვითონაც მასწავლებელი ყოფილა ადრე.) მთელი ღამე ვფიქრობდი, მამა რომ ციხეშია და დედა რომ მარტო უძღვება ოჯახს, ხო მაგარია... რაღაცნაირად მერომანტიკულა.. სხვათა შორის ყვავილები და "ბანბანერკა" მომართვა. (ტყუილად ელოდებით, მეტი გაგრძელება ამ ისტორიას არ მოჰყოლია) უძახე ციხე...
მე რა...გამოუცდელი გოგო ვიყავი. შვილი არ მყავდა და რამდენი რამე არ მესმოდა... (ბანბანერკას და ყვავილებს არ ვგულისხმობ.)
ის დიდი ზამთარი წვალებით და საკუთარი ხელით დანთებული ცეცხლით გადავატანინე ბავშვებს. როგორც იქნა გაზაფხული დადგა. თუმცა ვირუსებმა გაზაფხულზე უფრო იმატა. იყო დღეები, თვრამეტიდან მხოლოდ ხუთი ბავშვი იყო სკოლაში. არც ტელეფონი მქონდა და არც ინტერნეტი. კარდაკარ დავდიოდი და ბავშვების ამბებს ვკითხულობდი. რაც მალინის მურაბა მქონდა ...ყველა მათთან დავარიგე. წამლებიც მიმქონდა, ჩემთვის ნაყიდი. მამაჩემის კბილებისთვის ნაყიდი ლინკომიცინიც კი გავატანე ერთ მშობელს. ვხედავდი , ვშიმშილობდით დიდი და პატარა.
სკოლიდან წამოსულს გზაზე , ბიძაჩემის გაშენებული, ბჟოლის ხეივანი უნდა გამევლო. ადრე მის ფოთოლს აბრეშუმის გამოსაკვებად იყენებდა ცხონებული ბებიაჩემი. მერე, სადღა იყო აბრეშუმის ჭია და ამ ხეივანში სიმინდს თესდა ბიძა. დილით ვერ ვასწრებდი და სკოლიდან დაბრუნებულს ბევრჯერ გამიშავებია შავი ბჟოლით ტუჩები. თუთა? ვიცი, თუთა რომაა სწორი, მაგრამ ბჟოლა უფრო მაგარი სიტყვაა . რამდენიმე თეთრი პიჯაკი მქონდა...ყველა შავი თუთით დავალაქავე.
იმ წლის ხელფასით ერთი ქოლგა ვიყიდე... არა, კიდევ ჩემს პატარა ძმისშვილს ვუყიდე მაქმანებიანი მაისური.
მერე "შემომიჩნდა" ერთი ადამიანი და ის სოფელი და ის სკოლა სამუდამოდ დამატოვებინა. თუმცა სკოლა არასდროს აღარ მიმიტოვებია. სულ რამდენიმე წელში და მე და ჩემი შვილი ერთად წავედით ახალ სკოლაში. ის პირველ კლასში, მე მეხუთეში, დამრიგებლად.
ბედმა ისევ გამიღიმა და არაჩვეულებრივი ბავშვები დამხვდნენ. კლასის მოსწავლეთა სამოც პროცენტს დედა საზღვარგარეთ ყავდა... სამუშაოდ წასული. საკმარისი იყო დედა მეხსენებინა, სულერთია რანაირ კონტექსტში, ბევრ თვალში დგებოდა ცრემლი.
ჩავტრიალდი და "დედუნა" გავხდი. ნემსი და მაკრატელი მოვიმარჯვე და გახეულს ვაკერებდი და მოსაჭრელს ვჭრიდი.
მოსაჭრელი რაღა იყო?
კრაზანის ნაკბენი რომ დაამუშაო, რეიტუზი უნდა გაჭრა, როცა ბავშვს რცხვენია და არ იხდის!! კრაზანა სადღა იყო? სპორტის გაკვეთილზე სკოლის მეზობელს კარალიოკი თუ უდგას ეზოში, ჩათვალე რომ არავინ დაამწიფებს. კრაზანებიც იქაა და"გველეშაპებიც". ეგ კი არა, შეიძლება მახრჩობელა კომშმა მოსწავლე დაგიხრჩოს, თუ წყლის ჭიქით აქეთ იქეთ არ ირბინე. ირბენ, ვიდრე დატუქსავდე. ვიდრე ახსნა-განმარტებას დააწერინებდე და ჩადენილ დანაშაულს (კომშს) ამოანთხევინებდე...
სიურპრიზები არასდროს მაკლდა. ორი კვირის დაწყებული იყო სწავლა. ნატალის ფეხი რომ აუცურდა მოზაიკაზე და კეფით დაეცა... მივედი და ბავშვს უკვე გული ერეოდა. - ტვინის შერყევა- იმწასვე გავიფიქრე ხუთ წუთში სასწრაფო ადგილზე იყო. საასწრაფოს ჩემი წაყვანა არ უნდოდა . მე მაინც წავყევი. მშობლები რომ მოვიდნენ, უკვე ყველა პროცედურა გვქონდა გავლილი.
წოლითი რეჟიმი ორი კვირა- ექიმმა ასე გადაწყვიტა. რამდენჯერმე მოვინახულე. ოჯახიც გავიცანი და ბებიაც ... ნატალი ისეთი სიფრიფანა გოგოა... მაგრამ ისეთი ბეჯითი. გაცდენების მიუხედავად სემესტრი მაინც ათებზე დაამთავრა. ისე, ფათერაკაა, მაკრატელი რამდენჯერმე გაიყარა ხელში.
(გაგრძელდება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ვაგრძელებ. სკოლაში ყოველდღეა კურიოზები :) ვაგრძელებ. სკოლაში ყოველდღეა კურიოზები :)
3. მოგყვები :) მოგყვები :)
2. გავაგრძელებ... ისტორიები ბევრია. მადლობა გიო მოგიკითხე მეც
გავაგრძელებ... ისტორიები ბევრია. მადლობა გიო მოგიკითხე მეც
1. კარგი რამეა, უნდა გაგრძელდეს )) მოკითხვა კარგი რამეა, უნდა გაგრძელდეს )) მოკითხვა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|