ყაზალი #004
დილის ნიავო, გთხოვ - შენ უამბო მას, უტურფესი რომ აქვს იერი, რომ მოვიარე უდაბნოს გზათა დასაბამი და დასალიერი, რომ ვერსად ვპოვე... რომ ბაგე ტკბილი, უკვდავებისთვის რომ არის ქმნილი, აღარ მიხმობს და არ ვახსენდები - ვინ ვარ, ვისი ვარ და ვისმიერი. ვარდო, სიტურფით ამაყობ, მგონი, იქნებ წაგერთვა შენ მისგან გონი, რომ არ იკითხავ ბულბულის ამბავს - ის ბედკრულია თუ ბედნიერი? უგონოდ მზირალს ისე, ვით მახე, ატყვევებს, თუა ლამაზი სახე, მაგრამ ეს მახე ვერაფერს ავნებს, ვინც ჭკვიანია და გონიერი. ასე ტანადი, ასე თვალადი, მე ვის ტრფობასაც გულში ვმალავდი, რად არის ასე უკარება და ხან ციერი და ხან მიწიერი?! როს გულისსწორთან ღვინოს სვამ ლხენით, მეც გამიხსენე, რომ ვცოცხლობ შენით, რომ ქარებს შევთხოვ - კვალდაკვალ მდიონ და გამინელონ გრძნობა ძლიერი. ჩემი ერთგული, ვიცი, არ ხარ და სხვა ნაკლს ვერ ვხედავ, მე ამის გარდა, რომ ერთგულება არა სჩვევია მას, ვინც ტურფაა და მშვენიერი. ჰ ა ფ ე ზ ს რაც ლექსად დაუკვნესია, ზუჰრას ამღერებს, ხოლო მესია როკავს ცაში და ამ წუთისოფელს ეფრქვევა მადლი უფლისმიერი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მომწონს თქვენი თარგმანები მომწონს თქვენი თარგმანები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|