 | ავტორი: მარი მემანიშვილი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 3 ივნისი, 2016 |
ღამის სამი საათი იქნებოდა, ჭიშკართან ხმაურმა გამაღვიძა, ცოტა შემეშინდა. უცებ ტანზე მოვიცვი და კართან გავჩნდი.პატრულის მანქანა რომ დავინახე, გულმა მიჩხვლიტა, ნეტავ რა მოხდა_მეთქი. არავის გაღვიძება არ გამხსენებია, კარს ვეცი და _რა ხდება _ხმამაღლა დავიძახე. _ქალბატონო მარიტა აქ ცხოვრობს?_მეკითხება ერთ ერთი ფორმიანი. სანამ ვუპასუხებ, თვალი მანქანისკენ გამირბის, ღამეა და ვერ ვარჩევ, მანქანაში ვინაა. _მარიტა? მასე არავინ მომმართავს, მარი მქვია,მასე მხოლოდ ერთი ადამიანი მეძახის - ვპასუხობ მე. _არ ვიცი, მგონი თქვენთან არიან_უკან არ იხევს პატრულის თანამშრომელი. ამ საუბარში მანქანიდან ბიჭი და პატარა გოგონა გადმოდიან. ბიჭი მიახლოვდება, ლამპიონის სინათლეზე მის სახეს გარკვევით ვხედავ და ვგრძნობ, რომ ეს სახე არასდროს მინახავს.
_მარიტა_ბიჭმა მე მომმართა _ნიკა? _გაკვირვებისგან წამოვიძახე უცებ.. პატარა გოგონა ამ დროს უკვე ტანზე ამეკრო და ჩემს კაბას შემოეხვა. _ნუთუ ნიკა ხარ?_უკვე მერამდენედ ვიმეორებ მე _ჰო მე ვარ_ ეღიმება მას. უცებ მანქანის ხმაურმა გამომარკვია, პატრულის მანქანა დაიქოქა და უკუსვლით გავიდა ჩემი ჩიხიდან. დავიბენი. _შემოდით, შემოდით_დავიხარე და გოგონას ვაკოცე__შენი შვილია?_უაზრო კითხვა დავსვი ცოტა დაბნეულმა. ღამის სამი საათია. ისინი ეზოში შემოდიან.
ნიკამ, ბავშვს ეძინება, როგორმე დავაძინოთო _ წყნარად ჩაილაპარაკა. _ააა , კი, კი, ახლავე _საჩქაროდ ლოგინს ვშლი და ბავშვს ფრთხილად ვაწვენ, ერთი სული მაქვს, სიმართლე გავიგო, აქ როგორ მოხვდნენ, თუმცა კითხვას ვერ ვბედავ და ველოდები, თვითონ როდის მეტყვის. _ნიკა, ახლავე ჩემებს გავაღვიძებ და სუფრას გავშლი, მოშიებული იქნები. _ არა, არაა ჭამის დრო. _მაშინ შენც გაგიშლი ლოგინს. _ცხელა. გარეთ დავჯდები ცოტა ხანს, სიგარეტს მოვწევ.
მე ეზოში რომ ქვის მაგიდა მაქვს, იმ მაგიდასთან მიმყავს და სინათლეს ვანთებ,თან მიკვირს, ხმაურზე ჩემი ოჯახიდან რატომ არავის ეღვიძება. ალბათ ძალიან ვფრთხილობ. _აქ გრილა, ვიქნები აქ_ ჩუმად ამბობს ის. _კარგი, ახლავე მოვალ. სამზარეულოში შევდივარ, ხაჭაპურისთვის ცომს ვზელ , მერე ყავას ვადუღებ და თხუთმეტ წუთში ნიკასთან ვჯდები. _როგორ ხარ ნიკა?_ვეკითხები პირველად_ყავა დალიე, ხომ გიყვარს ჩემი გაკეთებული ყავა? ნიკას ეღიმება. _აქეთ ვიყავით,მარიტა, მანქანა გამიფუჭდა, შენ გამახსენდი_მიყურებს და თვალებით მიბოდიშებს,თან ყავას ნელა და ყლუპებით სვამს. _კარგია რომ მე გაგახსენდი, კარგია რომ მე გაგახსენდი_ვიმეორებ მერამდენედ, თმაზე ვეფერები და ამ დროს სულ მაციებს, ღამის სიგრილე თავისას შვება. _წადი, გცივა, დაწექი შენ_ _რას ამბობ, ჯერ შენ უნდა დაწვე, სტუმარი ხარ_ვამბობ ხმამაღლა _სასურველი და მოულოდნელი სტუმარი_ ვამბობ გულში და მეღიმება. ნიკა ხვდება, რაც გავიფიქრე. მასაც ეღიმება. _ხო, მარიტა_ისევ ჩუმად ამბობს. _მალე გათენდება_ვამბობ. _ჰო, გათენდება მალე. რამდენი რამ მაქვს სათქმელი და სულ დამავიწყდა ყველაფერი. რამდენი რამის თქმა მინდოდა,ოდესმე როცა ვნახავდი, სიტყვები დაწყობილი მქონდა .
_ჩემი ნიკალა_ ისევ მაციებს მე. _გაცივდები და მე დამბრალდება_იცინის და ლოყა ლამაზად ეჩვრიტება.
დილით, როცა ავდექი და საძინებლიდან ჩამოვედი, ჩემი დედამთილი ხაჭაპურებს უკვე აცხობდა. ათი საათი იყო, ეტყობა ჩამძინებია. არავითარი კვალი წუხანდელი სტუმრებისა არსად იყო . გული ჩამწყდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|