ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხურსი
ჟანრი: პოეზია
30 ივნისი, 2016


ძახილი

უკან მოგიხმე,
მცდარ გზას ადგახარ,
სწორედ ამიტომ მოგძახი ზურგში,

დაეშვი დაბლა, მაგ ქარიდან,
ჩამოდი ქვემოთ,
რად აიჩემე, რომ ღრუბლებში უნდა ჩაყვინთო?

აი, ხომ ხედავ, დღესაც კოჭი გადაიუბრუნე,
სულ დაგისივდა თხელი ფეხები,

ნუ ყლაპავ ამ ცას,
ნურც კვალს ტოვებ მსუბუქ ქუსლების,
სად მიახატე ხელის გული, მოდი, მაჩვენე!

რომ ამოვიდე შენს სამყოფზე, რა მოვილოცო?
მზე რომ ავანთო თაფლის ძაფზე, ვინ დაგაბრუნებს?

გამოვაბულში ქარს ჩავკეტავ, გზაზე, შენამდე...

მთა რომ გადავჭრა და შიგნით შევწვე,
თან წავიფარო გულზე ქვა - ღორღი,
წვიმამ დამასხას შუბლზე ოფლიანს,
სტვენით დავბერო ფოთოლი შენი,
და შემოგიჩნდე თითებით ტანზე...

ანდა პირიქით,

ფილტვებში ავი ქარი ჩამიდგეს,
დამძიმდეს გული ლოდივით, ღამე,
ენა გადამცდეს, როგორაც ღუზა,
ან წამივიდეს უკუღმა ხელი,
ჩამოვეხიო მთვარეს ნიკაპით...

რა დაგიძახო ამაზე უხმო?
რით გაგიყუჩო ეგ ყრუ ტკივილი?

გოგირდის კედელს მოვწვავ ჩვენს შორის,
ავი სიზმრების დასაფრთხობად.







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები