ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ლოხიშვილი
ჟანრი: პროზა
3 ივნისი, 2016


სხვისი ფანჯრები

    ბავშვი ტირის, ჩემი ცოლი კი ოხრავს. მე ამის ფონზე ფანჯრის წინ ვდგავარ და გავყურებ ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანის სახლსის ფანჯარას. მისი სახლის კომფორტს თვალდახუჭული წარმოვიდგენ და თან ვცდილობ, რომ ჩემს სახლში გაჩაღებული ქაოსი, რაღაც ძალით ჰარმონიად გარდავქმნა. არ გამომდის. არ გამომდის არც სიმშვიდის შენარჩუნება და ჩემ სულიერ სამყაროში მიმდინარეობს დამანგრეველი აფეთქებები, რაც უთუოდ განაპირობებს ჩემი ცნობიერების ორად გაყოფვას. ერთ მხარეს სურს, რომ ფანჯრიდან გადავხტე და ჰაერში, – როცა უკვე გრავიტაციის სიძლიერეს სრულყოფილად შევიგრძნობ, – დავიჭირო წამი, მეორეს კი ვიდგე სასოწარკვეთილი იქ, სადაც ვდგავარ. პირადად მე ცნობიერების პირველ ნაგლეჯს ვემხრობი, თუმცა პატარა ბავშვივით ვშინდები, როცა ჩემი სხეულის ასფალტზე დანარცხებას წარმოვიდგენ. ხელები ამიწევია, ეს ამ დილას არ შემიძლია, ასე რომ, იძულებული ვარ ჩემი ცოლი ავიტანო, რომელიც ეშმაკეულივით შფოთავს. იძულებული ვარ ჩემი ბავშვის ტირილი ავიტანო, მაგრამ მაინც, რა უდარდელად ცხოვრობენ ყოველი ფანჯრის მიღმა, არა? უდარდელად ცხოვრობენ და ჰგონიათ, რომ სადარდებელი ბევრი აქვთ. მღელვარებაში ახჩობენ ბედნიერებას. არადა, მათ შეუძლიათ ყოველდღიურად დატკბნენ სიმშვიდით, რომელიც, ვგონებ მე არასოდეს მეღირსება. მათ შეუძლიათ ყოველ საღამოს ოჯახთან ერთად რომელიმე იდიოტური გადაცემის ყურება. მათ შეუძლიათ ქალაქს მოშორდნენ და დატკბნენ იმ თავისუფლებით, რომელიც მე არ მაქვს. მაგრამ არა, არავინ აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს; საკუთარ ოჯახს; საკუთარ სულიერ სიმშვიდეს და შესაძლებლობა რომ მქონდეს, მივმართავდი ყოველი სახლის პატრონს შემდეგი სიტყვებით:
    „შემომხედეთ დაუკმაყოფილებელო ღორებო! კარგად მიყურეთ და გაეცანით ჩემ ყოველდღიურობა, რათა შეიცნოთ ჭეშმარიტი უბედურება. შემომხედეთ მე, ზედმეტი ბედნიერებით გაუბედურებლებო, რათა დააფასოთ ის, რაც გაქვთ და სამუდამო დავიწყებაში გაამგზავროდ უმიზეზოდ აღმოცენებული მღელვარება. და მერე, სურვილისამებრ, შეხედეთ თქვენ ლამაზ ოჯახს, რომ მიხვდეთ, თუ რაოდენ იღბლიანები ხართ. თქვენთვის სიკვდილი ჭირია, ჩემთვის კი წამალი. დააფასეთ ეს! რეალობა თქვენ მხარესაა. მზე თქვენსკენ ანათებს. ყველაფერი თქვენია. თქვენა ხართ ღმერთები.“
    და მე ისევ მომესმის ჩემი შვილის ჩხავილი. ალბათ მუცელი სტკივა, ან თავი, ან ყური, ან არაფერი, ან... არ ვიცი. ხო, ან, არ ვიცი. ან, არ ვიცი, დალახვროს ეშმაკმა.
– რამე სტკივა? – ვეკითხები ჩემ ცოლს.
– მე რა ჯანდაბა ვიცი. – ღრიალებს ისე, რომ ბავშვის ჩხავილსაც კი ახჩობს. მე ამას ყურედღებას არ ვაქცევ... უფრო სწორად გარეგნულ სიმშვიდეს ვინარჩუნებ და ვცილდები ფანჯარას, რომელიც ყოველთვის სხვა ფანჯრებს უყურებს. ფინჯანსს სამზარეულოში, მაგიდაზე ვდგამ და ამაზე ჩემი ცოლი ცოფდება. მეუბნება, რომ ფინჯანი უნდა გავრეცხო, მე კი ამის თავიდან ასაცილებლად შემდეგი სიტყვებით ვპასუხობ:
– ძვირფასო, მაგვიანდება. – სულაც არა, არ მაგვიანდება და ეს თვითონაც კარგად იცის.
    იმ მაისურს ვიცვამ, რომელიც გუშინ მეცვა. დაჭმუჭნულია. ჩემს ცოლს რომ ვუთხრა, გამიუთავე–მეთქი, მე გამაუთავებს, და არა მაისურს. ხოდა, დღეს ნაღდად არ მაქვს გენდერული ბალანსის დაცვის თავი და ვკმაყოფილდები იმით, რაც მაცვია. ვკმაყოფილდები რა, სხვა გზა არ მაქვს და ჩემი ბინძური სამსახურიც არ მოითხოვს მოდურად ჩაცმას. ამის დედაც... არადა ახალგაზრდა ვარ. ხო, ამაზე გული მწყდება, აბა რა. მეზღვაურის ფორმაში გამოწყობილ იდიოტს ვგავარ, რომელიც დარწმუნებულია, რომ ხმელეთ კარგა ხანს ვერ გაეკარება და შესაბამისად არ ადარდებს საკუთარი ჩაცმულობა, ისევე როგორც ვიზუალური თუ სოციალური მდგომარეობა. ნეტავი მართლაც მეზღვაური ვიყო და ყოველდღიურად შემეძლოს მღელვარე ზღვით ტკბობა. მაგრამ არა, სრულ უაზრობაში ვარ, ხმელეთზე, საიდანაც, სამწუხაროდ არც გარკვევით და არც გაურკვევლად მოჩანს ჩემი სანატრელი დაისი. აქ თითქმის ყველა ვმუშაობთ და მზის ჩასვლაზე, ფიქრსაც ვერ ვასწრებთ. ჩვენ, უფრო კი მე, – ხმელეთზე მომუშავე მეზღვაური, – ვეღარ ვახერხებ ბუნების მეშვეობით სულის დამშვიდებას. ჩემი ეგოც მოუსვენრად დაწრწის ჩემ სხეულში. არა ჩემი ოჯახი, არა ჩემი სამსახური, არა ხალხი, არამედ მთელი ფილოსოფია, მთელი მეცნიერება, მთელი სამყაროა ჩემს წინააღმდეგ. ხო, კარგი, ჩემო ალტერ ეგოვ, შესაძლოა ვაჭარბებ, მაგრამ უეჭველია და არც გაბედო შეწინააღმდეგება თუ ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაში ყველაზე უბედური ადამიანი ვარ.
    კარგი, წავედი–მეთქი ვეუბნები ჩემ ცოლს, ის კი ასეთნაირად მპასუხობს:
– ჯანდაბაშიც წასულხარ! – ვშეშდები, თითქოს ისეთი რამე მომესმინოს, რაც აქამდე არ მომისმენია.
    „არ შეეპასუხო. ახლავე გამოაღე ეგ დაწყევლილი კარი და სახლიდან გადი.“ – ვუბრძანებ ჩემ თავს, არადა დაუდგრომელი სურვილი მაქვს იმისა, რომ ჩემ ცოლს ავუხსნა და კარგად გავარკვიო, თუ როგორი მახინჯია. მინდა ვუთხრა, რომ ყველაზე ცუდი ცოლია. რომც ვუთხრა ამას არა გულწრფელობაში, არამედ შეურაცყოფაში ჩამომართმევს. გამორიხული არ არის, ამის გამო ბავშვი რომ მომაჩეჩოს და სახლიდან გინებით გავარდეს. ხო, სავარაუდოდ ასეც მოიქცეოდა. არ ღირს. ჯობია სახლიდან დამცირებული გავიდე, ვიდრე დამარცხებული.
    ერთ დროს ჩემი ცოლი უმშვენიერესი იყო, მაგრამ ყოველდღიურმა დაღლილობამ, მღელვარებამ და გაჭირვებამ, უკიდურესად დაამახინჯა. ვეღარ ვიტან მის ჩაწითლებულ თვალებს, რომელზეც, ერთ დროს მრავალი ფერებით განავარდებულ უსასრულო სივრცეს ვხედავდი. ხო, ის ერთი დრო, მეტად ამაღელვებლად მახსენდება და იქ, წარსულში, არის გოგო, რომელიც კვლავინდებურად, ენით აღუწერლად მიყვარს. ახლა ის ჩემი ცოლია, მაგრამ ვგრძნობ მასში თუ როგორ კვდება ის ხელოვნებაზე შეყვარებული, გაწონასწორებული გოგო, რომელიც მაგიჟებდა და გამაგიჟებდა კიდეც, რომ არსებობდეს. სიამოვნებით, კიდევ და კიდევ და კიდევ და კიდევ დავისვენებდი მასთან ერთად ბუნებაში, სადაც ერთი მოვლენა მეფობს, – სიჩუმე. მინდა ჩემი სატრფო დამიბრუნოს დაღლამ, გაჭირვებამ და სრულ დისკომფორტმა, რომ ისევ შეეხოს მისი თითები როიალს და დაუკრას შოპენის ის მელოდია, რომელიც ჩემში უცნობ გრძნობებს ბადებდა. მაგრამ, ჩემდა საუბედუროდ, ბუნება შემდეგნაირად მუშაობს: რაც კვდება, ის აღარ ცოცხლდება. ხოდა ყველანაირი იმედი გადაწურული მაქვს და ვხდები მარტოსული მელანქოლიკი, როგორც ერთ დროს, მოზარდობის შავი ბურუსით მოცულ პერიოდში, როცა ღმერთს ეგოისტური მიზნებისთვის ვეძებდი. ახლაც სადღაც დაიკარგა ღმერთი და აღარცერთ სურვილს მისრულებს, თითქოს ძლიერი პიროვნება ვიყო. მაგრამ მე მას აღარ დავეძებ და ვხდები ყველაზე დიდი უღმერთო. ასე და ამგვარად, აღარაფერი დამრჩენია და იმ დაპროგრამებულ რობოტს ვგავარ, რომელსაც მხოლოდ ორ დავალებას აძლევენ: მუშაობა და მოთმინება. დავალებებს შესანიშნავად ვასრულებ და ნამდვილიად უნივერსაულური ვარ. თითქოს არაფერი მადარდებდეს. ყველას ერთი ჩვეულებრივი, უდარდელი ადამიანი ვგონივარ. არადა, მათ არ იციან, თუ როგორ განვიცდი ცოლის სიკვდილს; თუ როგორ მახრჩობს რეალობა; მახრჩობს, მაგრამ არ მკლავს. ეს საშინელი ცხოვრების ეტაპი რომც წარმატებით გადავლახო, წინ არავინ და არაფერია ჩემი შვილის გარდა. ჩემ შვილს კი, მოვლა უნდა, რასაც ვერ ვახერხებ. ხოდა, აი ახლა მახსენდება ჩემი არც ისე ახლო ნათესავის სიტყვები, რომელიც ყოველთვის ბოროტული სიცილის თანმხლებით ჟღერდა:
– ისწავლე, რომ პროფესია გქონდეს, თორემ ყველაზე დიდ ჭაობში აღმოჩნდები, რომელსაც „უსწავლელი კაცის ცხოვრება“ ჰქვია. – სიმართლე ვთქვა, ვისწავლე, მაგრამ არავის არ სჭირდება ეს შენი ზოგადი განათლება. დიპლომების არ ქონაზე დიდ პრობლემას, ჩემი მღელვარება წარმოადგენს. ვღელვავ და ვღელავ, ხან რაზე, ხან რაზე, უფრო ხშირად კი ჩემი ცოლის უეცარ გარდაქმნაზე, რომელიც ერთ დროს მიყვარდა. ასე რომ, არც ისე ცუდადააა ჩემი საქმე, მე ხომ ერთ დროს სიყვარულის წყალობით ვხედავდი მზეს, და საერთოდ მთლიან ცას. კარგად მახსოვს ჩემ სატრფოსთან გატარებული წუთები, სადმე ნათელ ღამეში, ტბის, თუ ზღვის პირას, სადაც კვლავ დარჩენილია ჩვენი ლანდები. გეფიცებით, ყველაფერი კარგად მახსოვს: ჩვენი ექსტრასული ცეკვები, როიალზე გამაგიჟებელი მელოდიების დაკვრა და გენიალური პროზის შექმნა. ახლა დიდი სიამოვნებით ვკითხავდი იმ ქალს, რომელსაც ჩემი ცოლი ჰქვია, ახსოვს თუ არა ის, რაც მე ასე ტკბილად მაგონდება. ალბათ მიპასუხებდა, რომ... არ ვიცი რას მიპასუხებდა.
    სასიამოვნო დილაა, მაგრამ უფრო სასიამოვნო იქნებოდა, ჩემ საძულველ სამსახურში რომ არ მივდიოდე. ამ თემასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ ყველა, ვისაც კი ვხედავ, ჩემსავით ფიქრობს. ო, როგორი ბოროტული სახეები აქვს ხალხს, თუმცა ეს არ მაკვირვებს, ისინი ხომ ამჟამად მიურბიან თავისუფლებას და იხდიან ასეთ ძვირფას დროს, რადგან სანაცვლოდ ის თანხა მიიღონ, რომელიც მხოლოდ არსებობისთვისაა საჭირო. რა უსამართლობაა, არა? ხო, ეს სიცილით უნდა წარმოვთქვათ, თუ რა თქმა უნდა გვინდა, რომ შედარებით საღ გონებაზე დავრჩეთ. ასეა, ჯობია ყველამ ერთად გავუღიმოთ რეალობას, როგორი სასტიკიც არ უნდა იყოს ის, რათა ასეთი მშვენიერი დილა, უფრო მშვენიერი გახდეს და ჩვენც დავმშვენდდეთ ამ მეტად უცნაურ პლანეტაზე. რომ არა ხალხის ასეთი დამთრგუნველი სახეები, მე შეიძლება შედარებით გამოვკეთებულიყავი. ხოდა, ხალხო, არ გინდათ ყველამ ერთად გავაცუროთ რეალობა და ვიცხოვორთ ილუზიაში, რამეთუ სხვაგვარად, არა მგონია ბედნიერება მოდიოდეს. მე ეს მარტოს არ ძალმიძს, თქვენი დახმარება მჭირდება, თქვენ კიდე რას აკეთებთ? სახე ჩამოგტირით, როცა წესით ბედნიერები უნდა იყოთ. გიხაროდეთ, რომ ჩემნაირი ცხოვრება არ გაქვთ. გიხაროდეთ, რომ ჩემგან განსხვევებით არსებობა არ გძულთ. მაგრამ, ეს არ შეგიძლიათ მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაზე დიდი უმადურები ხართ.
– ბატონო, შეჩერდით თუ შეიძლება ერთი წუთით. – ვეუბნები შუა ხნის კაცს, რომელიც ორიოდე წუთის წინ სახეს ხელით იჩრდილავდა.
– გისმენთ. – შეშდება და გაკვირვებული მაშტერდება.
– არა ბატონო, ასე ტყუილად ნუ მაშტერდებით, თქვენ მე არ მიცნობთ.
– რა გნებავს? იაღოველი ხარ?
– არა ბატონო... – ვესაუბრები ღიმილითა და დიდი პატივისცემით. – არა ბატონო, ნეტავი რამის მწამდეს, მაგრამ რომც იაჰოვას მოწმე ვიყო, ამის არ შემრცხვებოდა და პასუხსაც ასეთივე ღიმილით გაგცემდით.
– შვილო, რა გნებავს?
– ეხ, ბიძაჩემო, ღორივით რა არ მნებავს, მაგრამ თქვენ ალბათ ის გაინტერესებთ, რა მინდა თქვენგან, ხო?
– აბა...
– ბიძაჩემო... – ვეუბნები მორცხვად, და ხმის ტემბრიც, შესაბამისად მისუსტდება. – ბიძაჩემო, აი, ამ ვიწრო ქუჩას ხომ ხედავთ? – ხელით, თვალებს კვლავინდებურად იჩრდილავს და უყურებს ჩემ მიერ მითითებულ ვიწრო ქუჩას.
– როგორ არა. აბა, რა გაინტერესებს?
– მე რა არ მაინტერესებს, ბიძაჩემო, მათემატიკიდან დაწყებული, ფილოსოფიით დამთავრებული, მაგრამ ვგონებ ის გაინტერესებთ, მე რა მაინტერესებს თქვენგან, ხომ? – შუახნის კაცი ამჯერად ეჭვის თვალით მიყურებს და ალბათ ფიქრობს, რომ გიჟის კვალობაზე მშვენივრად გამოვიყურები.
– მომისმინე, მაგვიანდება და ან მითხარი რა გაინტერესებს, ან გზა დამითმე.
– ახლა კიდე, ბიძაჩემო, ცას ახედე, თუ შეიძლება. – ინსტიქტურად ცაში იხედება და მზე, მის მხედველობას თითქმისდა ანახევრებს.
– აჰა, მერე?!
– მზეს ხომ ხედავთ?
– კი, ვხედავ. ბრმა კი არა ვარ.
– მერედა, ბიძაჩემო, რატომ ჩამოგტირის სახე?! – ამჯერად ბრაზდება, მაგრამ რა აბრაზებს, წარმოდგენა არ მაქვს.
– გამატარე რა, თუ ძმა ხარ. – მეუბნება და ელვის სისწრაფით მცილდება, მე კი, სხვა რა დამრჩენია, გზას განვაგრძობ.
    მეტროში ჩავდივარ და აქაური სიგრილე შვებას მგვრის. მე კვლავინდებურად მიყვარს მეტროები. აქ დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი დამლაგებლადაც კი. ბევრი რამე იციან მეტროს კედლებმა და მატარებლებმა. აქაურობა კარგად ცნობს თვითმკვლელებს და მელანქოლიკებს. ახლა ლიანდაგებს ვუყურებ და ვფიქრობ, თუ რამდენი ადამიანი გაწვა მასზე, რომ მშვენიერი სიკვდილისთვის, ანუ მოსვენებისთვის თვალებში ჩაეხედა. მაინც რამდენმა ადამიანმა იფიქრა ლიანდაგის ამ კონკრეტულ ადგილას გაწოლაზე? რამდენი ადამიანის მწუხარებას ითვლის მთლიანი სადგური? ალბათ ბევრის. აქ ამიტომაცაა ასეთი სიჩუმე: სხვა ადამიანების გლოვა, ხმამაღლა საუბრის უფლებას არ გვაძლევს. ყველანი ჩუმად ვართ და შიგადაშიგ ერთმანეთს ვუყურებთ; სხვა არც არაფრის ხალისი გვაქვს. ყველაზე მეტად კი, ამ ადგილს სექსუალურად დაუკმაყოფილებელი ნაბიჭვრები არ უხდებიან, რომლებიც მთელ ამ მელანქოლიას, მთელ ამ დრამატურგიას და ხელოვნების თვალსაზრისით დამშვენებულ მეტროს, აყროლებენ. ვერ გიტანთ მოხუცებო, რა თქმა უნდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლიმაქსის თანმხლებით მოზარდებს სხეულის სიმრგვალეებზე აკვირდებით. არც თქვენი ატანა არ მაქვს, მოზარდებო, თუ რა თქმა უნდა კლიმაქსით დატანჯული მოხუცებივით იქცევით. ო, ეს ყველაფერი, მთელი თქვენი სექსუალური ლტოლვა ისეთი გულისამრევია, რომ ამის გამოსახატად სიტყვები არ მყოფნის. არ მინდა მეზიზღებოდეთ, თუმცა ამას მაიძულებთ. არ მინდა მეზიზღებოდეთ, თუმცა ამას მაიძულებთ. ამის გამეორება ათი ათასჯერ, და კიდევ უფრო მეტჯერაც შემიძლია. ხო, სხვა გზას არ მიტოვებთ, რამეთუ ჩემ სიწმინდეებს, – ვიწრო ქუჩებს, სადგურებს, მატარებლებს, და რაც ყველაზე მთავარია, სიღრმისეულობას, – ბილწავთ. თქვენ ერთმანეთს უყურებთ მოშიშვლებულ, შედარებით სექსუალურად აღგმზნებ სხეულის ადგილებზე, მე კი ადამიანბებს ვუყურებ თვალებში და გეფიცებით, მილიარდობით გალაქტიკას ვხედავ. რატომ არ ხართ ჩემსავით სიღრმისეულები? რატომ ვერ გრძნობთ ერთმანეთს? რატომ არ აფასებთ ერთმანეთის თვალებსა და მდუმარებას? რატომ ვერ გრძნობთ იმას, რასაც მე? მე ვარ ავადმყოფი, თუ თქვენ? მე ვარ გიჟი, თუ თქვენ? მაგრამ ერთი უეჭველია: სექსუალურად დაუკმაყოფილებლები თქვენ ხართ, და არა მე. ხო, რაღაც ფროიდისეული ხდება ჩემ გარშემო... ან.... ან... ან... ან... ან? ან, რა?
    მატარებელი ჩემ წინ ჩერდება. იქიდან ხალხი გამოდის, და ჩვენ შევდივართ, ანუ მატარებელში ხალხის რაოდენობა არ იცვლება. ადგილს კარებთან ახლოს ვიკავებ და მოხერხებულად ვჯდები. ხალხის თვალიერებას არ ვწყვეტ; სხვა საქმე არც მაქვს. და ყველაზე ლამაზად იცით ვინ გამოიყურება? აი ის, მაღალი  და ტანადი ბიჭი, რომელიც წარწერა „ნუ მიეყრდნობის“ ეყრდნობა? აი ის გოგო, რომელიც თვალს ვერ აშორებს ჩემ მიერ აღნიშნულ ტანად ბიჭს? თუ ის გრძელ ფეხება გოგო, რომელსაც დიდი და მრგვალი ტუჩები აქვს? არამც და არამც, ყველაზე ლამაზი აი ის, თითქოსდა შეუხედავი, თავ–ჩახრილი გოგოა, რომელსაც “GUN S ROSES” მაისური აცვია და რომლის ვენებზე, შრამები ჯერ კიდევ გარკვევით მოჩანს. და იცით რატომ არის ის ყველაზე ლამაზი და მშვენიერი? იმიტომ, რომ ის ჩემთან ყველაზე ახლოსაა. ჩემგან განსხვავებით მას სხეულზე ეტყობა, თუ როგორ იტანჯება; თუ როგორ სძულს არსებობა. და აი, ამიტომაცაა ის ყველაზე მშვენიერი. მის თვალებში ზღაპრული სამყარო მოჩანს. და მე ვხედავ, თუ როგორ ენგრევა თავზე საკუთარი სულიერი სამყარო. ღმერთმანი, მე მას ვხედავ. მინდა, რომ მანაც დამინახოს მე, რათა მოხდეს რაღაც ჩემთვის გაუგებარი, რაღაც სულიერი კავშირისმაგვარი, რომ ჩემსავით იგრძნოს ვინმე უცხო ადამიანის თანადგომა. დაე მიხვდეს, რომ გაურკვეველი, თუ გარკვეული მიზეზთა გამო მხოლოდ ის არ იტანჯდება. რატომ არ შემიძლია, რომ ავდგე, მასთან მივიდე და გამოველაპარაკო? ჩვენ ორს, რატომ არ შეგვიძლია, რომ ერთმანეთს გულწრფელად დაველაპარაკოთ? აი ეს არის პრობლემა: ჩვენ, სიღრმისეულები, ყოველთვის სიღრმეებს ვირჩევთ, ამ შემთხვევაში კი მდუმარების სიღრმეს. ლაყბობენ მხოლოდ ისინი, ვინებიც ზედაპირულ თემებს ეხებიან. ხოდა, არ შევიშალო, ფიქრი უნდა შევწყვიტო. თვალებს ვხუჭავ და, ასე ვთქვათ, ვცდილობ სრულ არარაობად გარდავიქმნა. სრული სიბნელე. არაფერი. მინდა ის არაფერი შევქმნა, რომელიც დიდ აფეთქებამდე, არარსებულ სამყაროში სუფევდა. ეს გამომდის. ეს გამომდის? და მგონი, უემოციო ადამიანის მაგივრად, უფრო და უფრო დიდ მელანქოლიკ პიროვნებას ვქმნი.
    მომესმის ხმა: „დღის ყველაზე მოსაწყენი და დამთრგუნველი პერიოდი. ბოლო გაჩერება. გთხოვთ გაათავისუფლოთ ვაგონები.“ – და მე, ახლად გამოფხიზლებული, მთვრალი ადამიანივით ბარბაცით გავდივარ ვაგონიდან. იმ გოგოს, რომელიც მშვენივრად გამოიყურებოდა ვეღარ ვხედავ და ვხვდები, რომ ის დიდი ხანი ვერ იცოცხლებს... ჩემსავით. ლოგიკურად, თავებს ჩამოვიხრჩობთ. მაგრამ ახლა ამაზე რომ ვიფიქრო, სწორი არ იქნება. ისე ამ მათხოვრების ფონზე, ჩვენ რა გვაქვს საწუწუნო? მე და იმ, სავარაუდოდ მელანქოლიკ გოგოს. უმადურები ვართ, თუ მართლაც არ გვინდობს აწმყო? უნდა გვიხაროდეს, რომ არ ვმათხოვრობთ? არა, სულიერ, თუ გონებრივ აშლილობაზე დიდი გაჭირვება, არ არსებობს.
    მათხოვარს შეუძლია დაინახოს მზე, როგორც ასეთი, მე კი, – სულიერად დაცემულს, – არა. აქ უკვე ყველაფერი ცხადია. და მაინც, არა მგონია, რომ ყოველივე ამის გამო ბედნიერი უნდა ვიყო. ნუთუ სადმე შესაძლებელია ჩემნაირი გაჭირვებულის მოძებნა? მე თვით მაცოცხლებელი ძალები მაკლია და ამის გაცემა რომ შეეძლოთ ადამიანებს, აუცილებლად ვიმათხოვრებდი. ჩემი დაავადების წამალი, ვგონებ არ არსებობს. ხოდა, აი ამიტომაც ვარ ყველა გაჭირვებულზე გაჭირვებული. ო, ღმერთო ჩემო, როგორ არ მიყვარს წუწუნი, მაგრამ, სხვა არაფერი დამრჩენია და თან მინდა, რომ ვინმემ მითანაგრძოს. დავსუსტდი. დავეცი. დავიღალე. მე, მე აღარ ვარ. მე, ვიღაც სხვა ვხდები, ვინც, ცხადია კარგს არაფერს მომიტანს. ჯანდაბა...
    ამ გზას ყოველთვის სწრაფი ნაბიჯებით მივუყვები ხოლმე, მაგრამ დღეს გამონაკლისია. უბრალოდ ვცდილობ სუფთა ჰაერით დავტკბე და როგორმე პოზიტივით აღვივსო, მაგრამ ეს უკანასკნელი არ გამომდის. ვერაფრით ვერ ვატყუებ საკუთარ თავს, რომ ცხოვრება მშვენიერია. პოზიტივს აწმყო მართმევს, სადაც მელანქოლიკივით ნელა მივაბიჯებ საძულველი სამსახურისკენ. მაგრამ, რა იქნებოდა, სამსახურის ნაცვლად, მეგობრებთან რომ მივდიოდე? მგონი უკეთესად ვიქნებოდი, არა? ო, როგორ მენატრებიან ისინი და სიმართლე ვთქვა, მათი ცოტათი მშურს კიდეც. უბედურებას და ყოველგვარ მღელვარებას მხიარულებით ეუბნებიან „არას“. რომ არა ჩემი ცოლის მუტაცია, ვინ იცის, იქნებ მეც მათთან ერთად ვყოფილიყავი. ხო, ვისხდებოდით რომელიმე ტბის პირას და ვისაუბრებდით საინტერესო თემაზე, მაგალითისთვის როგორიცაა: ფილოსოფია. ყველა თავისი კარვის წინ იჯდებოდა. ჩემი ცოლი მუხლებზე დამადებდა თავს და საერთოდ აღარ ინერვიულებდა ჩვენ პატარა გოგონაზე, რომელიც ძიძასთან ერთად კარგად გაერთობოდა. გიორგი, როგორც ყოველთვის ტბის პირას იდგებოდა და ითევზავებდა, მისი შეყვარებული კი, მას თვალს არ მოაშორებდა. ალექსანდრე რომელიმე დეტექტიური ჟანრის წიგნში იქნებოდა ჩამძვრალი და ამის გამო მინიმუმ ათ შენიშვნას მაინც მიიღებდა. ბოლოს და ბოლოს ისიც ჩაერთვებოდა საუბარში. შემდეგ, როცა უკვე დავასრულებდით ფილოსოფიაზე საუბარს, მოვისმენდით ყველაზე შეშლილი წყვილის გაცნობის ისტორიას, სადაც პანკი ირაკლი, შემთხვევით ეჯახება და წიგნებს აყრევინებს ფრიადოსან ანის. მეგონა ასეთი ისტორიები მხოლოდ ფილმებში ხდებოდა, მაგრამ არა. კიდევ და კიდევ, საღამომდე გადავმალავდით ალკოჰოლურ სასმელს, რათა ბოთლები თავის დროზე გიგას არ გამოეცარიელებინა. მარის ხუმრობით ვეტყოდით, რომ შინაბერა დარჩება. მე, შეუმჩნევლად, კვლავ დავტკბებოდი ევას სილამაზით და ამის გამო ჩემი ცოლის წინაშე თავი სულაც არ მეგონებოდა დამნაშავე. ის, თავის კარავთან ისევ მარტოდმარტო იჯდებოდა. შესაძლებლობა თუ მომეცემოდა გავახსენებდი, რომ ჩვენ ერთმანეთი ერთ დროს თავდავიწყებით გვიყვარდა. და ბოლოს, მოვუსმენდით სამყაროში ყველაზე ნორმალურ ცოლ–ქმარს, ლაშას და ელენეს. საღამოს კი, ტრადიციისამებრ, ყველანი ერთნაირად შეშლილები გავხდებოდით და ღმერთმა უწყის მეორე დღეს სად გავიღვიძებდით.
    ხო, მე და ევას ერთ დროს ერთმანეთი თავდავიწყებით გვიყვარდა. შეშლილები ვიყავით. ღამ–ღამობით ტყეებში მხოლოდ იმის გამო დავდიოდით, რომ გვიყვარდა მიწაზე წამოწოლა და სავსე მთვარის ყურება. იმ დროს, ემბიენტს ვუსმენდით. ამის გარდა, მაღალი შენობების სახურავზეც ხშირად ავდიოდით ხოლმე. იქიდან ხანდახან ირმის ნახტომი ჩანდა და სრულ სიჩუმეში, რაღაც არაამქვეყნიურად სასიამოვნო შეგრძნებებით ვტკბებოდით. დღე ყოველთვის ერთად გვეძინა. და რაც ყველაზე გასაოცარია, სექსი თითქმის არ გვქონდა მიუხედავად იმისა, რომ ის გამაგიჟებლად სექსუალური იყო. მის მიმართ სექსუალური ლტოლვა იშვიათად მიჩნებოდა. მე უფრო სიღრმისეული ვიყავი მასთან; მომწონდა მისი წითელი თმები, სურნელი, ავადმყოფურად თეთრი კანი და უნაზესი ტუჩები. ყველაზე მეტად მასში რაღაც გრანდიოზული სულიერების სამყარო მომწონდა, რასაც სრულყოფილად ვერასდროს მიზიარებდა. ის, თავისი თქმით, რაღაც არაამქვეყნიურს გრძნობდა და უნდოდა, რომ ეს მეც მეგრძნო. . მეუბნებოდა, რომ ეს რაღაც არაამქვეყნიური, ემბიენტს ჰგავს. მეუბნებოდა, რომ არ იცის, ბედნიერია თუ არა.
– რომ არა შენ, მე სახრჩობელაში ვიქნებოდი გახლართული. – მითხრა ძალიან ჩუმი ხმით. მითხრა მაშინ, როცა მე ძილის პირველი სტადიიდან მეორეში გადავდიოდი და გული, რატომღაც გაუსაძლისად დამიმძიმდა. ეს იყო რაღაც ენით აღუწერელი.
    და ბოლოს, მე მას ვუთხარი, რომ მეგობრობა უკეთესად გამოგვივიდოდა. არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე... ალბათ ძალიან მომინდა, რომ ნორმალური გავმხდარიყავი. ალბათ, მასთან შედარებით ზედმეტად ზედაპირული, ანუ, ზედმეტად ნორმალური ვიყავი. მან გამიღიმა და მითხრა, რომ მართალი ვარ. მან მომატყუა. მეგობრული ურთიერთობა გავაგრძელეთ, მაგრამ უწინდელივით ვეღარ ვსაუბრობდით. მას მე ვეკითხებოდი, თუ როგორ არის, ის კი, ყოველთვის ერთი და იგივეს მპასუხობდა, რომ კარგად. არა, ის ცუდად იყო და სწორედ ამის მოსმენა მინდოდა.
    შემდეგ გავიცანი ჩემი ცოლი, რომელიც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, შემიყვარდა. სიღრმისეული იყო, ყოველთვის კარგი საუბარი გამოგვდიოდა–მეთქი ვერ ვიტყვი, თუმცა მას ჰქონდა რაღაც, რაც მაბრმავებდა, თუ სწორედ ვამბობ. მან მომაშორა რაღაც გაუსაძლესად მტანჯველი, რისთვისაც გულწრფელად მადლიერი ვიყავი. ოჯახის შექმნაც დაუფიქრებლად გადავწყვიტეთ. გეგმებში ყველაფერი მშვენივრად იყო: უნდა გვემუშავა, რომ ფურგონი გვეყიდა, რათა სამუდამოდ წავსულიყავით სამოგზაუროდ. მაგრამ, პატარა გოგონა მალევე გვეყოლა, რომელმაც, უდავოდ უბედნიერეს კაცად მაქცია. ჩემი შვილი პირველად რომ დავინახე, ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა და ვიგრძენი, რომ მე საკმარისად დიდი ვარ, რომ ოცნებები ჩემი საქმე აღარაა. ასე და ამგვარად, მას შემდეგ, არც მე და არც ჩემ ცოლს აღარ გაგვხსენებია, რომ ფურგონით მსოფლიოს შემოვლას ვაპირებდით. სამაგიეროდ ჩვენ გვყვავდა ბავშვი, რომელიც ყველაფრისდამიუხედავად უსაზღვროდ ბედნიერებს გვხდიდა. არა, არც კი მეგონა თუ ასე შემიყვარდებოდა ის პატარა გოგონა, რომლის დანახვისას ერთმაუცნაურმა გრძნობამ შემიპყრო; ეს იყო, რაღაც სევდანარევი ბედნიერება, თუ სწორად ვამბობ. და გავიდა ერთი წელი. ყველაფერი შეიცვალა. როგორც აღმოჩნდა, ახალგაზრდა ადამიანის ენერგია არა გართობაში და შემეცნებაში, არამედ ბინძურ სამსახურში უნდა დამეხარჯა, სადაც იმდენს მიხდიან, რამდენიც მხოლოდ ოჯახის არსებობისთვის მყოფნის. ბავშვი დღემდე მაბედნიერებს თუ არა? არ ვიცი. არა, ის ყველაზე მეტად მიყვარს, მაგრამ არ ვიცი მისი ყოველდღიური ტირილი, რომელსაც უკვე თავის ამატკიებელი ჩხავილი შევარქვი უნდა მაბედნიერებდეს თუ არა. და ჩემი ცოლის ოხვრა? უნდა მიყვარდეს? ის ხომ უარყოფითი ენერგიით ავსებს სახლს. უნდა, რომ ვიმუშაო და სახლში საჭმელი მივიტანო. ასეც უნდა მოვიქცე. ასეც ვიქცევი. ამის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ სად არის სიტყვები: „ძვირფასო, მალე ყველაფერი კარგად იქნება.“ ან „ძვირფასო, ყველაფერი გამოგვივა. ერთად ყველაფერს შევძლებთ.“ ? რატომ არ მეკითხება, მიჭირს თუ არა რამე? სად გაქრა ის სიყვარული, რომელმაც ერთმანეთთან დაგვაკავშირა? ნუთუ ყველაფერი გაცილებით უკეთესად არ იქნებოდა, ის რომ იღიმოდეს და მანუგეშებდეს? მეგობრებიც სწორედ ამის წყალობით დავკარგეთ. ისინი ხვდებიან, რომ ჩვენ თვით უბედურებამ და დამთრგუნველობამ გვშთანთქა. არავის უნდა იმ სახლში მისვლა, სადაც ორი ახალგაზრდა წყვილი, წუწუნა მოხუცებივით იქცევიან. წესით და რიგით ასეთი ოჯახი უნდა დაინგრეს, არა? რაოდენ იდიოტურადაც არ უნდა ჟღერდეს, ოჯახს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი შვილის გამო არ ვანგრევ. მის გამო თავს ვწირავ, მაგრამ რამდენ ხანს გავუძლებ ამას, წარმოდგენა არ მაქვს.
    ჩემ ორ თანამშრომელს ვესალმები და მათთან ძალიან ახლოს ვდგები.
– რა იყოთ, ბიჭებო, რანაირად მიყურებთ, ხომ არ დამიგვიანია?
– დღეს არა. – მპასუხობს ლევანი. – მალე გამოიცვალე და საქმეს შევუდგეთ. – ხო, აბა რა, უნდა გამოვიცვალო და ჭუჭყიანი ტანსაცმელი ჩავიცვა, რათა უფრო გავჭუჭყიანდე.
    ამ მშენებარე კორპუსში თუ შემოხვალ, უკან ყველა ვარიანტში მტვრიანი გახვალ, მაგრამ ამას თითქმის შევეჩვიე. აქ რას ვაკეთებ? ჩვეულებრივი მუშა ვარ, მემონტაჟე, უფრო სწორად, მეფანჯრე. ამ საქმიანობას ეს სახელი მე მოვუფიქრე, მეფანჯრე. ხოდა, ადვილი გამოსაცნობია, თუ რას ვაკეთებ. ფანჯრებს სართულიდან სართულზე დავათრევ, მერე კი ჯერ კიდევ გასარემონტებელ ბინებში ვამონტაჟებ. ეს ერთი შეხედვით ადვილი საქმეა, მაგრამ როგორც ყოველთვის, საღამოობით გამოფიტული ვარ ხოლმე.
    ტანსაცმელს ვიცვლი და მე და ჩემი თანამშრომლები მივდივართ ერთი ნაცნობი ფურგონისკენ, რათა იქიდან სხვადასხვა ზომის შუშები ჩამოვზიდოთ და შენობის პირველ სართულზე, ცეხში მოვათავსოთ. ეს არც თუ ისეთი რთული საქმეა. ხოდა, აღარ ვაყოვნებ. ხელთათმანებს ვიცვამ და საქმეს ვუდგები. მე, როგორც ყოველთვის დიდ შუშებს მატენიან. არა უშავს. როგორც მასწავლეს ისე ვიჭერ შუშას და სწრაფად შემაქვს ცეხში. იგივენაირად ვიქცევი რამდენჯერმე და მორჩა, შემიძლია ორი წუთით დავისვენო. მე ამ ორ წუთს ყოველთვის სიგარეტის მოწევას ვუთმობ. ვდგევარ ცეხის შესასვლელთან და ვაბოლებ, ამის ფონზე კი, სხვა მუშებს ვაკვირდები. მათ ჩემზე რთული სამუშაო აქვთ, ისინი ხომ მთლიან შენობას აშენებენ და არემონტებენ. თან, მცხუნვარე მზეა და მათ იმის საშუელებაც კი არ აქვთ, რომ ჩრდილს შეეფარონ. დაუსრულებლად ზიდავენ მძიმე ტვირთს, ხან დაბლიდან მაღლა, ხანაც მაღლიდან დაბლა. ყველას თავის საქმე აქვს და აქედან ყველა საქმე ერთმანეთზე რთულია. ო, როგორ მეზიზღება აქაურობა.
    ორი საშუალო ზომის ფანჯარა როგორმე ზემოთ, მეშვიდე სართულზე, ბინა ცამეტში უნდა მოხვდეს. წარმოგიდგენიათ? მეშვიდე სართული. ორი საშუალო ზომის შუშა. და რა, სხვა გზა მაქვს? ხოდა, ჯერ ერთი შუშა ამაქვს, მერე მეორე და იმაზე მეტად ვიღლები, ვიდრე ეს წარმომედგინა. მაგრამ, სამაგიეროდ განვმარტოვდი. მაინც არ ვისვენებ, ფანჯრებს ვწმენდ. ფანჯრებს ვწმენდ და ყურსასმენების მეშვეობით რამშტაინს ვუსმენ. როგორც ლევანი ამბობს, ეს მე ყურადღებას მიფანტავს, მაგრამ ჯანდაბაშიც წასულა ლევანი და ყველა ის ადამიანი, ვისაც ჰგონია, რომ მუსიკა მუშაობისას ყურედღებას ფანტავს.
    ერთ შუაშას წარმატებით ვამონტაჟებ და ვქმნი გენიალურ ფანჯარას, საიდანაც უახლოეს მომავალში ვინმე ბედნიერი ადამიანი გადაიხედება და უფრო გაბედნიერდება. აქედან შესანიშნავად ჩანს მდინარე მტკვარი. ისე, აქაურობა როცა გარემონტდება ზედმეტად კომფორტული ადგილი იქნეება. აქ მცხოვრებნი არასოდეს დაფიქრდებიან, თუ ვინ ჩასვა მათ სახლში ფანჯრები. მე არ ვარსებობ და ამას ახლა ვაანალიზებ. მე არავინ ვარ.
    სიგარეტს ვუკიდებ. გარედან შემომავალი მანქანების ხმაური მაღიზიანებს, მაგრამ ამას მოევლება როცა უკვე მეორე ფანჯარას ჩავსვავ. ჯერ უნდა მოვწიო. მოწევა სასარგებლოა, ოღონდ ჯამრთელობისთვის არა. იმაზე ფიქრი, რომ საღამომდე უნდა ვიმუშაო, მთრგუნავს. რას გავაკეთებდი, ერთი დღით რომ ლევანის გავეთავისუფლე? სახლში წავიდოდი და მთელი დღე ჩემ პატარა გოგონას ვეთამაშებოდი. არა, მგონი მსგავს თემებზე არ უნდა ვიფიქრო, ვინაიდან უფრო და უფრო ვითრგუნები. მგონი ჯობია საქმეს მივუბრუნდე. სიგარეტს ფანჯრიდან ვისვრი და შუშას ვიღებ. მე შემოქმედი ვარ. მე ფანჯრებს ვქმნი.
    შუშას რაფაზე ვდებ და ერთი ხელით ვიჭერ, მეორე ხელით კი ვცდილობ პლასტმასის ჯოხს მივწვდე, – ეგრედწოდებულ შტაპიკს, – რომელიც შუშას ამაგრებს. ვერ ვწვდები. შუშის რაფიდან ჩამოღება, უკიდურესად მეზარება, თუმცა, ჩემზე ზარმაცი არ ითქმის. საქმის გამარტივებას მაინც ჯიუტად ვცდილობ. სულ რაღაც ორი სანტიმეტრით გრძელი ხელი რომ მქონდეს, პლასტმასის ჯოხს მივწვდებოდი. დალახვროს ეშმაკმა... შუშას ხელს ვუშვებ, სწრაფადვე ვიღებ პლასტმასის ჯოხს და... აბრაგადაბრა, შუშა აღარაა. ილუზიონისტი ვარ? ჯადოქარი? არა, უფრო მოუხერხებელი იდიოტი.
    ფანჯრიდან ვიხედები და შუშას ვხედავ. ის ჯერ კიდევ ჰაერშია. მის ქვეშ, ჩემთვის უცნობი მუშა დგას და თავზარი მეცემა. დროს ისე ვანელებ, როგორც შემიძლია, მაგრამ ამას არავითარი აზრი არ აქვს. მალე ჩემი წყალობით ვიღაც მოკვდება. შუშა მას თავს წააცლის? შუაზე გაყოფს? რა მნიშვნელობა აქვს? მთავარი ის არის რომ მე დღეს მკვლელი ვარ და ამ შუადღეს, სავარაუდოდ დამაპატიმრებენ. მოიცა, ამის გამო მართლა შესაძლებელია დამაპატიმრონ? ოღონდ ეს არა. არა, ნამდვილად ეგოისტი ვარ, რამდენიმე წამში ჩემი დაუდევრობის გამო კაცი მოკვდება, – რომელსაც სავარაუდოდ ოჯახი ჰყავს – და მე მაინც საკუთარ თავზე ვფიქრობ. და მაინც, შევძლებ ციხესთან შეგუებას? განა არ ჯობია, რომ იმ მუშის მაგივრად მე ვკვდებოდე? არა, დღეს უეჭველად თავს მოვიკლავ. სავარაუდოდ, სულ რამდენიმე წუთში გავბედავ და ფანჯრიდან გადავხტები. რაც მალე მოვკვდები, მით უკეთესი. მაგრამ, ჩემი შვილი? დალახვროს ეშმაკმა, მაგარ შარში ვარ. წარმოიდგინეთ, ადამიანი კვდება მხოლოდ იმის გამო, რომ მე დამეზარა რაფიდან შუშის ჩამოღება, რომ ჩემი ხელი სულ რაღაც ორი სანტიმეტრით არ არის გრძელი, რომ არ მყავს დამხმარე. ესეც შენი ბედისირონია და ცხოვრებისეული უსამართლობა. ეს, თვით ფილოსოფიაა. ერთი წამი მინგრევს ისედაც დანგრეულ ცხოვრებას. ასე ვთქვათ, ერთი წამი ბოლოს მიღებს, მკლავს. და რა იქნება სიცოცხლის შემდეგ? არაფერი, თუ მოსვენება? ეს უკანასკნელი, ჩემთვის ზედმეტად ამაღელვებლად ჟღერს. ვითომ, მოვისვენებ და სიცოცხლის შემდეგ მრავალი ფერებით განავარდებულ ბაღში აღმოვჩნდები? არა, არა, მე ხომ ათეისტი ვარ... მაგრამ, სიცოცხლის უკანასკნელ წამებში ძნელია იყო ათეისტი. ასე ვთქვათ, ნაღდი სიკვდილიც არ არის ურიგო. შეიძლება არ არსებობაშია მოსვენება. ხო, არ არსებობ და არ არსებობს არავითარი პრობლემა და საფიქრალი. ეს ხომ უსასრულობაში მოგზაურობაა. მაგრამ, მიუხედავად ასეთი საზიზღარი სიცოცხლისა, რაღაცნაირად მაინც არ მინდა სიკვდილი. ხო, მირჩევნია დრო დაბრუნდეს, შუშა ჩამოვიღო რაფიდან და პლასტმასის ჯოხი თავისუფლად ავიღო. ანუ, იმ მუშის სიკვდილი, უდრის ჩემ სიკვდილს, ან უარეს შემთხვევაში ჩემ დაპატიმრებას, რასაც უდავოდ ცოცხლად დამარხვა ჯობია. ხოდა ახლა ვფიქრდები, განა მართლაც ასეთი საშინელია სიცოცხლე, როგორიც მგონია? არა, მე არ ვამბობ, რომ ცხოვრება კარგია, უბრალოდ ვკითხულობ, კარგია ის თუ არა. ალბათ, შანსი რომ მომეცეს ჩემ ცხოვრებას გამოვასწორებდი... ნუ ყოველშემთხვევაში შევეცდებოდი მაინც. და მგონია, რომ ჩემი შვილის გამო ამ წამს მაინც უნდა ვიცოცხლო. ხოდა, მთელ ხმაზე ვყვირი:
– მოშორდი მაქედან!
    მუშა, რაღაც სასწაულით წამში აანალიზებს ყველაფერს და თავდახრილი , წინ რამდენიმე ნაბიჯს სწრაფად ადგავს. შუშა მას ცდება. ნამსხვრევები აქეთ–იქით იფანტება.
– შენს დედას შევეცი. – ღრიალებს მუშა, რომელიც ახლა, წესით თავ წაძრობილი უნდა იყოს. – ლამის მომკალი. – კი მაგრამ, ჩემ დედას რაღაც ერჩის? თან, ლამის არ ითვლება. ან მოგკალი, ან არა.
    ფანჯარას ვცდილდები და ოთახიდან სადარბაზოში გავდივარ. გული ძლიერად მიცემს, ისე ძლიერად, რომ ეს მანერვიულებს და ამ ნერვიულობის გამო, კიდევ უფრო ძლიერად მიცემს. ახლა იმის უფრო მეშინია, სტენოკარდიის ჯოჯოხეთური ტკივილი არ დამეწყოს. გულის არსებობა აქამდე არასოდეს მიგვრძნია, ახლა – კი, და ეს ძალიან უსიამოვნო გრძნობაა, წარმომიდგენია ჩემ სხეულში სისხლი როგორი დიდი სიჩქარით მოძრაობს. ამასთან ვოფლიანობ და საშინლად გაბრუებული ვარ, თითქოს მარიხუანასთვის ხუთამდე ძლიერი ნაფაზი გამომერტყა. სად მივდივარ არ ვიცი და ამაზე არც ვფიქრობ. ფაქტია, რომ კიბეებზე ნელა ჩავდივარ და... და ყურსასმენები აღარ მიკეთია. გაქრა. კიდევ, სირცხვილის გრძნობაც მეუფლება. მე ლამის კაცი მოვკალი ჩემი დაუდევრობის გამო და ქვემოთ, ორმოცდაათამდე მუშა მელოდება, მათ შორის ერთ–ერთი განრისხებული. ალბათ, როდესაც დამინახავს ჩემ მოკვლას შეეცდება. ესღა მაკლდა... ხო, განერვიულებულს ესღა მაკლდა, ამის დედაც...
    კიბეებზე ლევანი მხვდება. გაბრაზებულია. მისი სასიამოვნო იერი სადღაც ქრება. მიყურებს და მგონია, რომ ჩემი მოკვლა აქვს განზრახული. მის მზერას ვერ ვუძლებ და თავს ვხრი. ვამბობ:
– ეს რა სისულელე დამემართა, კინაღამ კაცი მოვკალი. – და სწრაფადვე ვამატებ. – მაპატიე, რა.
– ნაბახუსევი ხარ?
– არა, რა ნაბახუსევი, ხომ იცი, საერთოდ არ ვსვამ.
– აბა რა ჯანდაბა დაგემართა?
– არ ვიცი... ბოდიში. – ხელს იქნევს და ტუჩებს ერთმანეთზე აჭერს.
– მიდი ახლა, სახლში წადი, თავისუფალი ხარ. დღეს შენი თავი არ მაქვს. ოღონდ, ფულზე ხმა არ ამოიღო. დღეს ერთ თეთრსაც ვერ მიიღებ. – მეუბნება, გვერდს მივლის და იმ ოთახისკენ მიდის, საიდანაც ცოტა ხნის წინ შუშა გადაფრინდა.
– კარგი, რა, ლევან, ფული მჭირდება. კარგად ვარ. შემიძლია სამუშაო გავაგრძელო.
    უკვე ოთახიდან მიყვირის:
– არა–მეთქი, ხო გეუბნები. წადი, გამოიძინე და დღეს კარგად დაისვენე.
    მეც სხვა რა გზა მაქვს, გასახდელში ჩავდივარ და ტანსაცმელს ვიცვლი. მართლაცდა დროზე მინდა მოვშორდე აქაურობას. ხოდა, გარეთ გასული ვხედავ, რომ ყველა მუშა საქმესაა მოწყვეტილი. მათ შორის ერთ–ერთი ყვირის:
– ლამის მომკალი, შე გამოსირებულო. – დიახ, გამოსირებული ვარ და ამას თავის დაქნევით ავღნიშნავ. ჩემზე უკიდურესად გაბრაზებულ მუშას, ხუთამდე კაცი იჭერს, რომ კისერი არ მომიგრიხოს. მე სწრაფადვე ვშორდები ახლად მშენებარე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიას.
    ცხელა. მე შუა ხიდზე ვდგავარ, სიგარეტს ვეწევი და გავყურებ აბობოქრებულ მდინარეს. ვფიქრობ, გადავხტე თუ არა. არეული ვარ, ამის დედაც... ხან ეს გულისამრევი სიცოცხლე მინდა, ხან სიკვდილი. აბა, დღეს ჩემ ცოლს რა აიტანს, როცა ვეტყვი, რომ ხვალ საღამომდე მშივრები უნდა ვიყოთ. ხოდა, ჯობია ბოლო მოვუღო ამ უაზრობას და გადავხტე. გადავხტები და ყველაფერი დამთავრდება. მიდი. მიდი. მიდი. გადახტი! ღმერთი ვერ დაგიხსნის განსაცდელისგან, რადგან ის არ არსებობს. გადახტი და დაისვენე! გაყევი აბობოქრებულ მდინარეს. არადა, ღამე რომ იყოს, ვერაფერი შემაჩერებდა. ღამის რომანტიკას ვერ გავუძლებდი და გადავხტებოდი. თან, ამის გაკეთებას სიჩუმეც მაიძულებდა. ახლა კი უსაშინლესი დღეა და მანქანების გამაღიზიანებელი ხმაური მესმის. მიკვირს აქ ამდენი ხნის განმავლობაში როგორ ვდგავარ. ნუთუ საშინლად არ მცხელა? მგონი კი. ხოდა, თუ გადავხტები გავგრილდები. მიდი, რა, ჩემო თავო, გაგრილების მიზნით მაინც გადახტი. გადახტები, ჰაერში დაიჭერ წამს, დატკბები სიცოცხლის უკანასკნელი წამებით და ბოლოს, ვინაიდან მდინარე არ არის ღრმა, თავს რომელიმე დიდ ქვას ჩამოარტყავ და მოკვდები. შენ აღმოჩნდები უსასრულო სიმკვრივეში. წარმოგიდგენია ეს? ან, ვინც იცის, იქნებ იხილო ასე ნანატრი ჩრდილოეთის ციალი? ხო, შეიძლება სიცოცხლის შემდეგ აღმოვჩნდე სადმე ტყეში, სადაც თოვლი მუხლებამდე მომწვდება და იქაური ცა, არ ემგვანება აქაურ ცას. და ვიხილავ ჩრდილოეთის ნათებას. ჯანდაბა! ვერ ვტყუვდები. საკუთარ თავს ვერ ვატყუებ. უბრალოდ მოიკალი თავი, შე იდიოტო ლაჩარო! და ახლა, სიმწრის ცრემლებს ვეღარ ვიკავებ. საშინელი შუადღეა. უსაშინლესი.
    სახლში ასვლამდე, შევდივარ ჩემთვის კარგად ნაცნობ მაღაზიაში, რათა საჭმლის სესხებაზე დავიყოლიო ასევე კარგად ნაცნობი გამყიდველი. ნეტავი გამართლდეს ჩემი იმედები, რომ დღეს მართლა დავისვენო.
– გამარჯობათ, ლეილა დეიდა. როგორ ბრძანდებით?
– კარგად ვარ შვილო. შენ როგორ გიკითხო?
– ეჰ, დღეს ცუდი დღე იყო... – ვუყვები მომხდარს და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ შევეცოდო. თავს აქეთ–იქით აქნევს ვითომ წუხდეს და ამბობს, რომ მთავარია ყველაფერი კარგად დამთავრდა. ალბათ უკვირს კიდეც, რომ ველაპარაკები. მისთვის ხომ არასოდეს არაფერი მომიყოლია. და ბოლოს, ვეუბნები:
– ხოდა, დღეს ფული არ გადაუხდიათ. უფულოდ ვარ. ლეილა დეიდა, იქნებ საჭმელი გესესხებინათ? და გპირდებით, ფულს ხვალ შემოგიტანთ.
    მტკიცე უარზეა, ეს ბებერი ნაბიჭვარი. თხოვნა არ მიყვარს. თხოვნა არ მიყვარს. „აღარაფერი თხოვო. თავი არ დაიმცირო ამ ბებრუხანასთან.“ – ვეუბნები ჩემ თავს და მაღაზიიდან გავდივარ.
    ჩემ ცოლს უკვირს, თუ რატომ მივედი სახლში ასე ადრე. სამზარეულოში ზის, სიგარეტს ეწევა და ყავას სვავს. რაღაცნაირად სექსუალურად გამოიყურება; ეს ალბათ იმიტომ, რომ არ ყვირის. ბავშვს ძინავს. მძინარეს ლოყაზე ვეამბორები და სამზარეულოში, ჩემი ცოლის წინ ვჯდები. მაგიდაზე ხელებს ვაწყობ. სიგარეტი მეც მინდა, მაგრამ დღეს საკმარისზე მეტი მოვწიე. სახლი მისალაგებელია. მას ჭურჭელიც კი არ დაურეცხავს. ზის და უდარდელად ეწევა, თითქოს აწყობილი ცხოვრება ჰქონდეს.
– აბა, ამოიღებ ხმას თუ არა? ესე ადრე რატომ მოხვედი?
– შუშა დამემტვრა. – ვეუბნები მოკლედ და კონკრეტულად.
– შუშა დაგემტვრა, ანუ სამსახურიდან გამოგაპანღურეს?
– ანუ უბრალოდ შუშა დამემტვრა.
– და ფული არ გადაგიხადეს, ხო? – ის სექსუალურობა, რომელიც ორიოდე წუთის წინ ჩემ ცოლს გააჩნდა, გაქრა.
– სამწუხაროდ ეგრეა. – ვეუბნები და ძალიან მინდა, რომ ის არ გაბრაზდეს. ხო, ჩხუბის თავი ნამდვილად არ მაქვს.
– სახლში პური არ გვაქვს, შენ ეს იცი? გესმის? სახლში პური არ გვაქვს. – ტონს საგრძნობლად უმატებს და იმაზე აღარ ფიქრობს, რომ შეიძლება ბავშვს გაეღვიძოს.
– ახლა ჩხუბის ხასიეთზე არ ვარ. – ვეუბნები მშვიდად და სიგარეტს ვუკიდებ.
– არც მე მინდა ჩხუბი, უბრალოდ უნდა მიხვდე, რომ ყველაზე დიდი იდიოტი ვარ ვისაც კი შევხვედრივარ.
– შენ კიდე ერთი დიდი ნაბოზარი, რომელიც ფულის გამო ყველაფერს გააკეთებს. – თავს კონტროლს ვეღარ ვუწევ და ვყვირი. მადლობა ღმერთს ბავშვს არ ეღვიძება. მაგიდას ვცილდები და დასამშვიდებლად ერთ ჭიქა წყალს ვსვამ. თავში გამაგიჟებელი მუსიკა მიტრიალებს. ჩემი ცოლი ყორანივით ჩხავის. მოსვენებას არ მაძლევს და ყვირის:
– შე არაკაცო, შენ თავს შეხედე და მერე მე შემომხედე. როგორ ფიქრობ, ჩემნაირი გოგო შენაირ იდიოტთან უნდა ცხოვრობდეს? – აი, ბოლოს და ბოლოს მითხრა, რისი თქმაც დიდი ხნის განმავლობაში უნდოდა.
– და შენ? შენ რითი ხარ ჩემზე უკეთესი? სახლში შემოსვლისთანავე ხელებში მიყურებ, თუ რა მოვიტანე. ცხოვრება, ბედნიერება, მეგობრები წამართვი.
– რომელ მეგობრებზე მელაპარაკები? რომლებიც ყოველდღიურად სასმელში იხრჩობიან, რომ მერე ერთმანეთი იხმარონ? შენ თვლი, რომ ისინი შენი მეგობრები არიან? ბოლოს როდის გნახეს, ან როდის მოგიკითხეს? საერთოდ ვინმეს ახსოვხარ? არავის! არავინ არ გყავს. ერთი არაფრის მაქნისი, არაფრით გამორჩეული ტიპი ხარ, რომელსაც სული მარტოობაში აღმოხდება.
– ხო, აქ აღარავინ მოდის. არავის უნდა შენი ვირუსივით გადამდები აუტანელი ხასიათის ყურება. არავის უნდა ბინძურ სახლში ჯდომა.
– და რატომ გგონია, რომ ვინმეს უნდა შენაირი შენაირი ქმარი ჰყავდეს? – მეკითხება და თან სიმწრის ცრემლები სდის. – შენ შენი ოჯახისთვის არასოდეს არაფერს აკეთებ. – აი, უკვე ნამდვილად მიჭირს თავის კონტროლი და მას ხელს ყელში ძლიერად ვუჭერ, კედელზე ვანარცხებ და ვახრჩობ. მთელ ხმაზე ვყვირი:
– მე ოჯახის გამო ყოველდღიურად სანაგვეში ვმუშაობ, სადაც მძღნერივით ვყროლდები! – ბავშვი ტირილს იწყებს. – მე ოჯახის გამო ბედნიერება დავთმე! – ჩემი ცოლი... უფრო სწორედ კი, ჩემი ყოფილი ცოლი, ვეღარ სუნთქავს. – მე თქვენ გამო ყოველდღიურად თვითმკვლელობაზე ვფიქრობ! – ბავშვი მთელ ხმაზე ღრიალებს. – მოკვდი, შე უმადურო ძუკნა! მოკვდი! მოკვდი!
    და ბოლოს, მე მას ხელს ვუშვებ მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვი ტირის. ძლივს სუნთქავს და ხრიალით მეუბნება, რომ თუ მე კიდევ მივეკარები, პოლიციაში დარეკავს. ამას აღარ ვაპირებ. ღმერთო ჩემო, ეს როგორ მომივიდა წარმოდგენა არ მაქვს. მე უკვე ჩვეულებრივი გიჟი ვარ. მე საზოგადოებისთვის საშიში პიროვნება ვარ.
    ჩემი ცოლი ძალიან შეშინებულია და ბავშვს აწყნარებს. ცდილობს, რომ მას კიდევ ჩაეძინოს, მე კი პატარა ჩანთაში კაპიუშონიან მოსაცმელს, ჯინსის შარვალს, კედებს და ყოველი შემთხვევისთვის, წყლით სავსე ბოთლს ვდებ. მზის სათვალეს ვიკეთებ და სახლიდან გავდივარ. მაკანკალებს. ნერვიულობისგან მაკანკალებს. სად მივდივარ? ჯერ–ჯერობით ქალაქის ბოლოში. ტრანსპორტად, რა თქმა უნდა ისევ და ისევ მეტროს ვირჩევ.
    ნეტავი შემეძლოს ევასთან დაკავშირება და მასთან საუბარი. ნეტავი მქონდეს მასთან მისვლის გამბედაობა. წამოვწვებოდი მის საწოლზე და ოთახში აყრილ მტვერს შევხედავდი, რომელსაც, როგორც ყოველთვის ფანჯრიდან შემოსული მზის სხივი გააბრწყინებდა. მერე, ის მომიწვებოდა გვერდზე, მანამდე კი ელექტრონულ ემბიენტს ჩართავდა. ჩვენ, ერთმანეთს მდუმარების სიღრმიდ გადავუშლიდით გულს. და მე მოვისვენებდი. ელექტრონული ემბიენტის თანმხლებით მოვუსმენდი მის სუნთქვას და თუ არ გადავაჭარბებ, ვიტყვი, რომ ეს იქნებოდა რაღაც აღმაფრენის მსგავსი. მისი პატარა ოთახი და სიმყუდროვე. მისი პატარა ოთახი და სმყუდროვე. ეს ენით აღუწერელია, ამის წარმოდგენის დროს კი ჟრუანტელი მივლის. სიჩუმე, მტვერი, ფანჯარა და მზის სხივი.
    ქალაქს ვცდები და მანქანებს ხელს ვუქნევ. უკვე მეთხუთმეტე წუთია არავინ მიჩერებს. მე მათ ვაშინებ? თუ უბრალოდ ზედმეტი თავის ტკივილი არ უნდათ? მაგრამ, ჩემს მაგივრად ვინმე სექსუალური გოგო რომ იდგეს, ყველა გაუჩერებდა. ესეც ჩვენი სექსუალურად დაუკმაყოფილებელი სამყარო. მაინც არ ვნებდები და ერთი წამითაც არ ვფიქრობ, რომ უკან, სახლში უნდა დავბრუნდე. როცა იქნება ვიღაც გამიჩერებს.
    და აჰა, როგორც ჩანს დღევანდელი დღე ჩემ მხარესაა.
– გამარჯობათ. – ღიმილით ვესალმები შუახნის კაცს, რომელიც ძველ, და სხვათაშორის საკმაოდ კომფორტულ „ლენდროვერს“ მართავს. – საით მიდიხართ?
– მე შორ გზაზე მივდივარ. შენ საით მიდიხარ?
– საქმე იმაშია ბატონო, რომ მეც შორ გზაზე მივდივარ, ოღონდ არ ვიცი სად. – იღიმის. იღიმის და როგორც აღნიშნავს, საკუთარი ახალგაზრდობა ახსენდება.
– ბათუმში მივდივარ. – მეუბნება და ჩემ პასუხს მოთმინებით ელის.
    ბათუმი? ზღვისპირა ქალაქი... ზღვა... გენიალურია. მეტს ვერც ინატრებდა კაცი.
    მეც ბათუმში მივდივარ–მეთქი ვეუბნები და მის გვერდზე ვჯდები. მანქანა იძვრება. მე თავს უდავოდ უკეთესად ვგრძნობ. მერიდება... არა, ძალიან მერიდება, მაგრამ მძღოლს ერთ ღერ სიგარეტს მაინც ვთხოვ. ის წითელ მარლბოროს მაწვდის. ვეწევი. ორგანიზმს ვიწამლავ და მე ეს ძალიან მსიამოვნებს.
– აბა, როგორია შენი გეგმები? – მეკითხება მძღოლი.
    ვინაიდან და რადგანაც ახლა საუბარი ყველაზე მეტად მჭირდება, მასთან გულწრფელი ვარ:
– დასვენება მინდა. ჩავალ, ზღვას შევხედავ, იქნებ რამე გამოვიდეს.
– დასვენება? ხო, დასასვენებლად ზღვა მართლაცდა მშვენიერი ადგილია. მეც შენსავით ვიყავი. მშვენიერია ახალგაზრდობა.
– საქმე იმაშია, ბატონო, რომ ყველას ახალგაზრდობა ახალგაზრდობა არ არის. ხანდახან დგება მომენტი, როცა ადამიანი ძალიან ახალგაზრდა ბერდება. – თავს აქნევს. ვერ ვიგებ მეთანხმება თუ არა.
– ეგ ახალგაზრდობა აღარ გამოდის, ხომ მართალია, არა? მაგრამ შენ თუ გგონია, რომ ახალგაზრდა არა ხარ, ძალიან ცდები. მხოლოდ ახალგაზრდას თუ შეუძლია დადგეს შუა გზაზე, მანქანებს უქნიოს ხელი და მიდიოდეს უმისამართოდ. ეს არის ახალგაზრდობა. – ხო, მგონი მართლაც ახალგაზრდა ვარ, ან უბრალოდ ერთი უბედური, გზააბნეული ბიჭი.
    მძღოლს თავის დაქნევით ვეთანხმები და როცა უკვე აღარაფერს მეუბნება, თავით მინას ვეყრდნობი და ვცდილობ ხედით დავტკბე. თვალს ვავლებ ჩიტებს, რომლებიც უსაზღვროდ თავისუფლები არიან. ნეტავი მეც შემეძლოს ფრენა. მაგრამ, არა. თავისუფლებას ჩემი საშინელი სულიერი მდგომარეობა მართმევს. ხოდა, სხვა არც არაფერი შემიძლია, მხოლოდ ფრინველებით ტკბობა, ისევე, როგორც მთებით თუ ბორცვებით, და რა თქმა უნდა სხვა მანქანების მგზავრებით. მიყვარს სხვისი ბედნიერების ყურება. ისინი მიდიან სადღაც შორს თავიანთ საყვარელ ადამიანებთან ერთად. მათ არაფერი იციან უბედური ადამიანების შესახებ. მათ არაფერი იციან უბედურების შესახებ. მეძინება, და ვიძინებ კიდეც
    ახლად გამოღვიძებული, ვხედავ ვანილის ზეცას, ანუ მზის სხივი უჩვეულოდ აწითლებს მანამდე თოვლივით თეთრ ღრუბლებს. ეს მშვენიერია. ვფიქრობ, მკვდარი ხომ არ ვარ და როცა უკვე ჩემ თავს პასუხს ვცემ, ისევ ძილს ვუბრუნდები. სიზმარში მგონი ქრისტეს ველაპარაკებოდი. მკითხა, აბა, ახლაც ათეისტი ხარო? მე ვუპასუხე, მითუმეტეს, ახლაც ათეისტი ვარ–მეთქი.
    და ბოლოს, მძღოლის სიტყვები მაღვიძებს.
– ყოჩაღ შენ.
    ახლად გამოღვიძებული, გაუაზრებლად ვეკითხები:
– რისთვის?
– რვა სათი გეძინა. – მეუბნება და მიღიმის. – ამასობაში კი ჩამოვედით.
    გარშემო ვიხედები. ღამეა. მანქანა ბულვართან ახლოს არის გაჩერებული. მე მძღოლს ხელს ვართმევ, ვეუბნები, რომ სასიამოვნო იყო მისი გაცნობა, მადლობას ვუხდი და მანქანიდან ჩამოვდივარ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ერთ უზარმაზარ ქალაქში დავიკარგე. არ ვაყოვნებ და ზღვისკენ მივდივარ. სიგარეტს, რა თქმა უნდა გამვლელს ვართმევ. მოწევა ნეტარებაა. აი აქ კი, ბულვარში, ნაღდად ყველა ბედნიერია. ხალხი იღიმის. ღამეა და მაინც ყველა გარეთაა, ეს კი ძალიან მომწონს. მათი კარგი ხასიათი როგორც ჩანს გადამდებია და მეც ვიღიმი. უბრალოდ, არის რაღაცეები, რაც არასასიამოვნოდ მაგონდება და შიგადაშიგ, კვლავინდებურად ვითრგუნები.
    ოცი წუთი ბულვარში ჯდომის და ხალხის თვალიერების შემდეგ, პლიაჟზე ჩავდივარ და ზღვის წინ ვჯდები. ზღვა, თითქოსდა მკვდარია, რაც მე მაძრწუნებს. მთვარე, მასზე ელავს. ხედი მისტიურია და მე, დაღლილმა მინდა ბავშვივით ვიტირო. თითქოსდა ყველაფერი მკვდარია, მაგრამ მე მაინც ვგრძნობ სიცოცხლეს. მე, თვალდახუჭული წარმოვიდგენ თუ როგორ ათბობს ერთი ფრინველი მეორეს, თუ როგორ ზრუნავს ერთი ცხოველი მეორეზე. და ეს ზღვა, მელაპარაკება. ცაზე ამბობს, მშვენიერიაო. შენც მშჭვენიერი ხარ, რადგან ჩემს წინ მარტოსული ზიხარ და უდიდეს დრამატურგიას ქმნიო. კი, დრამატურგიას ვქმნი და ირმის ნახტომს ვუყურებ. რა პატარა ვარ ამ გალაქტიკასთან შედარებით... მის ფონზე, მე საერთოდ არ ვარსებობ. მე არ ვარსებობ. მე არ ვარსებობ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები