ჭირისუფალს ერთადერთი ფლანელის კაბა შავად შეუღებეს მეზობლებმა. წვიმიან ამინდში კაბა რომ არ გაშრა , ნესტიანი ჩაიცვა ქმრის დაკრძალვაზე. მარტმა ისეთი სუსხი გამოურია, სახეში აყრიდა ფართე ფანტელებს. ქალი ქმრის დასაფლავების დღეს გაცივდა. ჩვილბავშვიანი იყო ქალი.
ორმოცი დღის მერე უკვე ქალი ებრძოდა სიკვდილს, ფილტვების ანთებით იწვოდა და სამი თვის მართას ძუძუსაც ვეღარ აჭმევდა. ბიჭი თორმეტი წლის იყო მაშინ. არავინ იყო, ბავშვი რომ დაენაყრებინა. დედის დასაფლავება ბუნდოვნად ახსოვს. მისი დასაფლავებისთვის შეკრებილი მეზობლები მეძუძური ბავშვის ბედს დარდობდნენ. როგორ უნდოდა უსუსური დის სიცოცხლისთვის ებრძოლა...
შორეული ნათესავი გამოჩნდა საიდანღაც, ბავშვის მოვლას დაჰპირდა , სანაცვლოდ სამი ბათმანი სიმინდი და ათი ჩაფი ღვინო უნდა გადაეხადა. გაიხარა. ასე ეგონა, ყველაზე დიდი ტვირთი გადაიტანა. დაცარიელდა სახლი. დედაც ენატრებოდა და მართაც. მისი და სხვის სახლში იზრდებოდა.არც კი იცოდა. როგორ იზრდებოდა, შიოდა თუ ციოდა. მოწიფული ბიჭი იყო უკვე. თავმოყვარეობა ეწეოდა.
მამაც მოენატრებოდა, ასე უაზროდ რომ არ მომკვდარიყო: ახალი დაბრუნებული იყო ომიდან. იმპერატორის ჯვარმედალი უმშვენებდა ჩოხას. წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში შეხვდა მხეიძეს, მის დაუძინებელ და უსიამო მტერს. თავადმა თავი დაიმდაბლა, მივიდა, ჯვარს ემთხვია , მშვიდობიანი დაბრუნება მიულოცა და საქეიფოდ დაპატიჟა თავადაზნაურებთან, დედაღვთისაზე. ბიჭი თვითონაც შეესწრო მამის ასეთ პატივისცემას. მუხლებში სიმჩატე იგრძნო. მესამე ღამეს, წყალზე გადადგმულ წისქვილში იქეიფეს თავადებმა. (სხვანაირი თელხი იცის წყლის პირას.) ყველანი ფაეტონებით გამგზავრებულან სახლში. შეზარხოშებულ მამას წყლის პირას დასძინებია. მამას ფაეტონი კი არა, ცხენიც არ ჰყავდა.
ფილტვების ანთება სასიკვდილო განაჩენი იყო მისთვის... იდგა წელი ოთხმოცდათოთხმეტი...ათას რვაას...
⊜
მართა მხოლოდ აღდგომის წინა დღეებში მოჰყავდა სახლში. არ უნდოდა ვინმეს წამოეძახებინა, შენი და სამადლოდ სხვაგან იზრდებაო. მართა ცოტა რომ წამოიზარდა, ბიჭი მეზობლისგან ურემს ინათხოვრებდა, მეზობელ სოფელში გადავიდოდა და ორი დღით სახლში წამოიყვანდა, მოხლაფორთებული აღდგომა სიხარულით ჩაივლიდა. ეს პაწაწინა ადამიანი მისთვის მთელი ცხოვრება იყო. გოგოს მალევე უკან დააბრუნებდა. გაუხეშებული ხელებით არ შეეძლო ქორფა დის მოვლა.
მერე მარტო დარჩებოდა და...მდუმარე კედლებს შეაჩერდებოდა.
გათენება აღარ უხაროდა. სავსე ოჯახი ერთბაშად დაცარიელდა. სიცარიელეს დიდი სახლი ჰქონდა. ცივი იყო და გაყინული, გრძნობებითაც.
პირველად ძროხა გაყიდა და ცოტა სულ მოითქვა. მერე მიწა გაყიდა...
მამის ძმამ , ჩემი მენახევრე ხარ და გვერდით დამიდექი, შენც ჭამა გინდა და მართასაცო. სულ უკუღმა რომ ეტრიალებინა თოხი, საკუთარ თავს მაინც ირჩენდა. მაგრამ მართა? მის გამო ათმაგად მოინდომა. სკოლაში სწავლა ისე შეწყვიტა, ხმა არ ამოუღია. ისედაც არ უყვარდა სკოლაში სიარული.
ბიცოლა უვლიდა. მერე რა, თუ თავის შვილებს სკოლაშიც ატარებდა და საჭმელსაც უხვად აძლევდა. ბედს შეგუებოდა. . . მაშინაც დახეული ფეხსაცმელები ეცვა, როცა დედა და მამა ყავდა. ახლა მეტად გაუჭირდებოდა ჩასაცმელ-დასახური.
დედმამისგან რა უნდა დარჩენოდა. ისედაც სიღარიბე კლავდა, მაგრამ როცა მამისეული შარვლით ჩაფართხუნებული პირველად ყანაში წავიდა, ჯიბეში მონეტა აღმოაჩინა. მონეტაზე ოცი ეწერა, კაპიკი. თილისმად შეინახა. მამის ხელშენავლები. ხანდახან გადაავიწყდებოდა ხოლმე და როცა შემთხვევით ბუხრის თავზე დაინახავდა, ახალუხში, გულთან რაღაც შეუწყდებოდა. სახელს ვერც არქმევდა, რა განცდა იყო... მონატრება თუ ტკივილი... კაცი იყო უკვე. თხუთმეტი წლის ვაჟკაცი. მონეტა არ დაუხარჯია. გაბონებული იყო უკვე...
ხუთი წელი იდგა...ათასცხრაასი...
⊜
კაცი ხვნეშით დაადგა ახალ კვალს, მესამე დღეა, შეუსვენებლად ბარავს. დილით ინტერნეტში ნახა, მშრალი ამინდი იქნება მომდევნო სამი დღეო.
ორმოცდაათი წელია, ამ ნაკვეთს ბარავს, ამდენივე წელია დედამისი უკან მოყვება და ლობიოს თესავს. - ნაადრი ყველაფერი კარგია, მალე შემოვა, გვალვებს დაასწრებსო - იცის თქმა ქალმა. უცებ ბარს მცირე ზომის ბელტი მოედო. დაიხარა, აიღო. მონეტას მიამგვანა. სახლში მიიტანა, გააპრიალა. ჟრჟოლამ დაუარა ტანში. ბაბუისგან ჰქონდა გაგონილი; ვენახი მათ ნასახლარზე გავაშენე, ომიდან არცერთი ძმა აღარ დაბრუნებულაო. დაადარდიანა ... შვილებს გაუმხილა. საჩქაროდ მოიძიეთ, უნიკალური იქნებაო.
⊜
მართა რომ მოწიფული ქალი შეიქნა, დედობილმა შემოუთვალა: - გოგოს თვალი ადგას უკვე და ჩაიბარეო. ცამეტი წლის იყო უკვე... ოცდახუთ გაზაფხულს ითვლიდა თვითონაც. სახლში მოიყვანა, დააბინავა. ცხოვრება უჭირდა ისევ. მალევე მაშვალი მოყვა გოგოს: გულის სწორი ჰყოლია გადარგულ ადგილას გაჩენილი. გული დაწყდა. დის სიყვარული ვერ მოასწრო, ისე მალე გაუფრინდა დედმამის სახლიდან.
მარტო იყო და ისევ მარტო დარჩა . გაუხარელი ცხოვრება მობეზრდა. ცოლი შეირთო. სამი ვაჟი გაუჩინა ცოლმა. შვილები რომ წამოეზარდა, ფეხზე ძლიერად დადგა... მიწაც იყიდა და სახლიც წამოიწყო, მაღალი. ორჯერ გააკულაკეს.... სახლისთვის დაწყობილი მასალა და ქვევრებიდან ღვინო წაიღეს. კომუნისტებს ვერ იტანდა. უფროსი შვილი პარტიას რომ მიეკედლა. ერთადერთი ეს უთხრა: -ჩემს ჭიშკართან არ დაიძახოთო! კაცი იყო, ტანადი, ვაჟკაცი... მამა გმირი ყავდა, მაგრამ თვითონ არასდროს უომია... ცხოვრებამ ხარკი მაინც მოსთხოვა და სამი ვაჟიდან ორი ომში გაიწვიეს.მესამე_უკვე რაიკომის მდივანი იყო. შეეძლო. . . განა არ შეეძლო, ძმას ძმები სასაკლაოზე არ გაეშვა... ერთმანეთის ჯიბრით წავიდნენ ორივე. უფროს ძმას პირველი შეტევა მაშინ მოუვიდა, ორივეს დაღუპვის ამბავი რომ მოვიდა დაბაში. მამისთვის თქმა ვერ გაბედა. იცოდა, მამა საშობო ღორს არ კლავდა, ჩამოვლენ და ერთად დავკლავთო. ორი წელი გასულიყო. დარდმა გული უფრო შეუჭამა.
სუფრასთან მოხვდა მეგობრებთან. - ორივე ძმა გაიმეტაო- სისინებდა ყურს უკან გესლი... - თვითონ მაინც ყავდეს გვარის გამგრძელებელი, ნატანჯი მამამისი რისთვისღა ცოცხლობსო- დაიჭირა სმენამ. არასდროს უგრძნია ასეთი ტკივილი. დილით თავის საწოლში ნახეს გარდაცვლილი.
- რაიკომის მდივანი გარდაიცვალა , გული გასკდომიაო - მეზობლებისგან გაიგო კაცმა შვილის სიკვდილის ამბავი. სახლის წინ მჯდარს, თბილი ტელეგრეიკა ეცვა, მაგრამ შეამცივნა. .. მოხუცი იყო უკვე. ფილტვების ანთება დაუდგინა ექიმმა. - ჩემი ბოლოაო - გაიფიქრა კაცმა. შვილის დაკრძალვას დაესწრო. - ნეტავ იმათი ამბავი მაინც ვიცოდეო - ამასღა წუხდა. შვილის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს გარდაიცვალა. ომში წასული შვილებისთვის შემონახული საკლავი აქ დარჩენილისთვის რომ დაიკლა, გული ამოუვარდა მოხუცს. . .
მეზობლებმა სახლი მიალაგეს, ტელეგრეიკის გულის ჯიბეში მონეტა არავის უნახავს... სამ წელიწადში უპატრონო სახლი თოვლისგან ჩაინგრა. ოციოდე წელიწადში მიწასთან გასწორდა ეზო და კარმიდამო.
⊜ ოცდახუთი წლის იყო ცოლი რომ მოიყვნა. კარგი ქალი იყო, სამდურავი არ ეთქმოდა. ოთხ წელიწადში სამი ვაჟი გაუჩინა. რაც შეეძლო, უვლიდა , უფრთხილდებოდა. ეშინოდა, დედამისის ბედი არ გაეზიარებინა. ყანას და ვენახს არ აკარებდა...
... ვიდრე კაცმა ხარურემი შეაბა და სოფლის ამბულატორიამდე მიიყვანა, სისხლისაგან დაიცალა ქალი... მეოთხე ბავშვზე ყოფილა ფეხმძიმედ. ვინ იცოდა...
უქალობა სასჯელი იყო უკვე. სკივრი გაავსო მისი ტანსაცმლით. ისევ ბიჭები უდედოდ. ბევრჯერ გადაათვალიერებდა ხოლმე ცოლის ნაქონ კაბებს. მართასავით პატარა და ფუმფულა გოგო რომ ჰყოლოდა, ახლა კი შეძლებდა და მოუვლიდა. რამდენჯერ უფიქრია, ჭადის გამკეთებელი დაენანა ღმერთსო
მეორედ აღარ დაოჯახებულა. შვილები გამოიზარდნენ. ცოტა ისწავლეს, ბევრი იშრომეს. სახლის შენება დაამთავრეს. უფროსმა პარტიული საფეხურები აიარა. რაიკომის მდივანი რომ გახდა, არ გახარებია კაცს. მხოლოდ ეს უთხრა: - შეეცადე, ბრიგადირმა ჩემს ეზოზე არ გადიაროსი.
ცალკე რომ გადავიდა, ცოლთან ერთად, ესეც არ გაკვირვებია.
ომი რომ დაიწყო, ორივე ძმას ერთ დღეს მოუვიდა უწყება. სამწყობროდ მდგარ ბიჭებს გზაში დააწია კაცი, უკან დაბრუნება და ზურგში სამსახური მოუხერხა ძმამ როგორღაც. ორივემ იუარა, დეზერტირობას არ ვაპირებთ, მდივანი ძმის ზურგს არ ამოვეფარებითო. საქმის აქამდე მიყვანა ინანა.
⊜ მონეტას ტელეფონით ფოტო გადაუღო და ბიჭებს გადაუგზავნა. ორი დღე იარეს , ზოგი ამბობდა ხუთ ლარს მოგცემო, ზოგმა ორასი ლარი შესთავაზა. ეცოტავებოდათ. კოორდინატები დატოვეს რამდენიმე ადგილას.
მეხუთე დღეს თვითონ დაურეკა კოლექციონერმა. შეხვდნენ. ლუპა რომ მოიმარჯვა, მხარი წაკრეს ერთმანეთს. წარბი რომ აწია, მაზანდაც აუწიეს ბიჭებმა. რამდენიმე ათასიო - ევროთი - დასვა დიაგნოზი. - რა ვქნათ, მამა, ნაპოვნი შენიაო და...- დაურეკეს მამას. - არ გაყიდოთო - მტკიცე უარი თქვა კაცმა მოულოდნელად. - ან ბინას გვიყიდის, ან მანქანებსაცო - არ მოეშვნენ.
თქვენ ჯერ არაფერი იცითო... ორი საუკუნისაა, ვინ იცის, სად და როდის...რადაო... ჩამოიტანეთ ჩემამდეო...
⊜
მართას შვილი არასდროს ყოლია.
რამდენჯერ კიდევაც სცადა, ძმისშვილებიდან ერთი თავისთან წაეყვანა, მაგრამ არ გამოდიოდა. ჯერ ვერ გაუბედა ძმას... მერე ქმარმა დაიჟინა, ჩვენი არა გვყავს და სხვისი რათ გვინდაო. დაილია დარდისგან. ერთ დღესაც ისე დაუძლურდა, ფეხზე ვეღარ წამოდგა. ორი წელი უვლიდა ქმარი. მერე ცოლი მოიყვანა... მართას თვალებში შიში ჩასახლდა. ცუდად არ ექცეოდა მეორე ცოლი, მაგრამ საჭმელსაც შიშით ჭამდა. წყალსაც რომ შემოუტანდა, იმისიც ეშინოდა. შიშს დიდი თვალები აქვსო - გაგონილი ჰქონდა. შიშს თვალები საერთოდ არ ჰქონია- ჩაუღამდა და ჩაუქრა. შვილი გაჩნდა. დავითი დაარქვეს მართამ უჩუმრად ძმას შემოუთვალა: ჩემი სიკვდილის დრო მოვიდა, იქნებ დედის გვერდით გამომიძებნო რამეო. კაცმა დედისა და ცოლის შუაში დაკრძალა. ერთად მოაქუჩა.
⊜
სახლის ჩაქცევიდან რამდენიმე წელიწადში გადმოვიდნენ საცხოვრებლად მართას ქმარი და მისი ახალი ცოლი. ათიოდე წლის იქნებოდა დავითიც.
ნასახლარი ააღორძინეს. ფუძე გამართეს. გაძლიერდნენ. ეზოდან ძველი სახლის ქვა ღორღი გაიტანეს და ვაზი გააშენეს. ზოგი ამბობდა, არ ეკუთვნოდათო... ზოგი ამბობდა, მათ ეკუთვნოდათ, აბა ვისო... ნახევარი საუკუნე დიდი დროა. დავითი დაოჯახდა. შვილები გაუჩნდა, ვაჟები სასწავლებლად ქალაქში გააგზავნა. შვილებს ხშირად ტელეფონით და ინტერნეტით უკავშირდებოდა. ხანდახან ამინდს თუ ნახავდა ხოლმე და რძალს სკაიპით დაელაპარაკებოდა, გაზეთს წაიკითხავდა და გულს გადააყოლებდა. კომპიუტერი აბა რისთვის დაუტოვეს. დედასთან ერთად ცხოვრობს. ლობიოს თესავს. ხეხილს ამყნის... იმ დილით ბარი რომ ატრიალა, უსადილო იყო ჯერ კიდევ. მონეტის ნახვამ გაართო. გააპრიალა. ამდენი წელია ამ მიწას ამუშავებს, ალბათ ბუხრის ნარჩენები ამოიყარა , თორემ დიდი ხანია სახლის ქვაღორღი არ მოყვება ბელტს... გააჟრჟოლა. ორი ძმა ომიდან არ დაბრუნებულაო, მამამისმა იცოდა თქმა ამობოლოკდნენ, ვენახი მათი ნასახლარიაო.
⊜
პირველად რომ გააკულაკეს, ეგონა მეხი დაეცა და თავი გაუჩეხა. შემოდგომა იყო. იმ წელს დიდი მოსავალი მიიღო. საწნახელი ყურძნით აივსო. ორი დღე წურავდა და ქვევრებში ასხამდა. ღამითაც მუშაობდნენ ცუდი წლები იდგა, საწნახელთან მდგომ კომშსაც კი ყური ება... დილით მოვიდნენ და ზუსტად იმ ჭურს მოხადეს თავი, რომელშიც ოთხმოცი ფუთი ჩაასხა... ამოიღეს და ტიკებით წაიღეს...სამყოფიც არ დაუტოვეს. მეორედ დაუმთავრებელი სახლის მასალა ააცალეს თვალწინ...ურმებით გაიტანეს ნაცოდვილარი.
უფროსი შვილი რომ შრომის გმირი გახდა, მაგასაც მოესწრო. ლენინის ვარსკვლავი და მედალი თვალით შეადარა იმპერატორის ხელდასმულ, მამამისის ჯვარმედალს... რომლით უნდა ეამაყა, ესეც არ იცოდა. დაიბნა კაცი. თვითონ არასდროს უომია. მამაც გმირი ყავდა და შვილიც... იდგა წელი ორმოცდათხუთმეტი...ათასცხრაას.
⊜
დათუჩას სიცხე აქვს, ფილტვების ანთებაში არ გადაუვიდეს, წამალი წამოიღე, როცა ოფისიდან წამოხვალო - დაურეკა ცოლმა. - საფულე დამრჩენია - შეამჩნია აფთიაქთან.
მანქანაში დაბრუნდა, მონეტა ბარდაჩოკიდან ამოიღო, იქვე მდგან ჯიხურში ჩააბარა, წამალი იყიდა და ოჯახს მიაშურა.
დასასრული
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. "მჭადის გამკეთებელი" ეს ცნობილი სიტყვათა შეთანხმებაა იმერეთში და ქალთა სქესს უკავშირდება. მადლობა წკითხვისა და აზრის გამოხატვისათვის. ადრეც მედო ეს მოთხრობა, ნამდვილი ამბებია ასახული, ახლა უბრალოდ ნაწილები შევაერთე. "მჭადის გამკეთებელი" ეს ცნობილი სიტყვათა შეთანხმებაა იმერეთში და ქალთა სქესს უკავშირდება. მადლობა წკითხვისა და აზრის გამოხატვისათვის. ადრეც მედო ეს მოთხრობა, ნამდვილი ამბებია ასახული, ახლა უბრალოდ ნაწილები შევაერთე.
1. თქვენთვის ჩვეული სტილი და ხასიათია. მაგრამ ეს mWadis gamkeTebeli~ Zalian cudad momxvda yurSi. gisurvebT warmatebebs! თქვენთვის ჩვეული სტილი და ხასიათია. მაგრამ ეს mWadis gamkeTebeli~ Zalian cudad momxvda yurSi. gisurvebT warmatebebs!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|