ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ ამაშუკელი
ჟანრი: პოეზია
28 ივნისი, 2016


ჩვენ

ჩვენ ვცხოვრობთ პატარა
სკანდინავიურ სოფელში,
კოხტა ქოხში,
ტბის პირას, ტყესთან.

ზამთარში ჩვენს პატარა სახლში,
დიდი ბუხრის წინ,
ვსვამთ ცხელ გლინტვეინს
და ვეძლევით თავდავიწყებას,
უფრო სწორად, ვივიწყებთ ყველაფერს,
გარდა ერთმანეთისა,
და არ გვაღელვებს
მეზობელი თუ შორეული
ქალაქები და ქვეყნები,
რადგან ჩვენ ვართ
მსოფლიო,
სამყარო,
გალაქტიკა.

ძილის წინ მიყვები
ამბავს დედოფალზე,
რომელმაც ომის გარეშე
დაიპყრო სამყარო,
მთელი შენი სამყარო.
მე კი გიყვები ვიკინგზე,
რომელმაც მარტო ააშენა
გრძელი ხის გემი
მაღალი ცხვირით და კიჩოთი,
გადაცურა ზღვები,
დალაშქრა უცხო მიწები და
იმ დღესვე ნადავლით დაბრუნდა
თავის დედოფალთან.

დილაობით, ახალგაღვიძებულს
საწოლში მესმის (და ვგრძნობ),
როგორ მიმზადებ ჩაის
ჟასმინის არომატით.

გაზაფხულობით
და ზაფხულობით
ღია ცის ქვეშ
სკანდინავიურ უმწვანეს ბალახზე
ვთესავთ და ვიმკით სიყვარულს -
პურს ჩვენი არსობისა.

ჩვენ ავაშენეთ ჩვენი ვალჰალა
ანუ სამოთხე,
ბრძენი ოდინია ჩვენი ღმერთი -
თავისუფლება.

მეღვიძება ყველასგან მივიწყებული
პატარა ქვეყნის დედაქალაქში,
ერთ-ერთი საბჭოთა ლიდერის სახელობის
უშნო კორპუსის რომელიღაც სართულზე.
მხოლოდ სამი რამ რჩება უცვლელი:
მე, შენ, და ჩაი
ჟასმინის არომატით,
რომელსაც გიმზადებ,
სანამ შენ გძინავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები