ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ორქიდეია
ჟანრი: პროზა
4 ივლისი, 2016


საიდუმლოებანი (მეორე ნაწილი)

                                                                                                      ნაწილი  მეორე

მზე თითქმის  არ  ჩანდა.
უჟმური  დღე  დადგა.  ხასიათი  შემეკუმშა,  თითქოს  ჩემს  თავს  აღარ  ვეკუთვნოდი.  ფიქრს  თავს  ვეღარ  ვუყრიდი.
თვალწინ  წარმომიდგა  ჩემი  სახლი,  სადაც  პირველად  ფეხი  ავიდგი.  ულამაზესი  ბუნება.
მახსოვს,  მწვანე  ბალახი  ყოველ  გაზაფხულს, თავს  როგორ უხრიდა  ნიავს.  დედა  მზრუნველად  შემომყურებდა  და  თვალს  არსად  მაშორებდა.  მისი ღიმილიანი  სახე  და  თბილი  ხელები  ძალას  მმატებდა  მუდმივად.
ვიზრდებოდი  ნელა-ნელა.  დედა  მეგონა  ამ  ქვეყნად  ყველაზე  ძლიერი.
  კეთილზნიანი  ბავშვი  ვიყავი,  ამისთვის  დედა  ხშირად  უფალს  მადლობას  სწირავდა.  მუდმივად  მის  სიამოვნებაზე  ვზრუნავდი,  ვიცოდი  როგორ  უნდა  მოვქცეულიყავი,  რომ  მისი  მოფერება  დამემსახურებინა,
  მისი  თვალების  გაბრწყინება,  ჩემთვის  აუწერელი  სიხარული  იყო,  დიდხანს  მიკრავდა  გულში  და  გასაშვებად  აღარ  ვემეტებოდი,  მაგრამ  მუდამ  მოჭარბებული  საქმე  მოსვენებას  არ აძლევდა.
საღამოს  საწოლზე  მოწყვეტით  მიესვენებოდა,  ერთ ზღაპარსაც  მომიყვებოდა  და  ორივეს  ტკბილად  ჩაგვეძინებოდა.
  დილით  გაღვიძებისას  არასოდეს მახსოვს  დედა  გვერდში  დამხვედროდა.  არც  ის  მახსოვს  თვალი  გამეხილა  და  დედა  იმ  წუთას  არ  შემოსულიყო  ჩემთან.  მუდამ  მიკვირდა,  როგორ  გაჩნდებოდა  ჩემთან  გაღვიძებისთანავე, მხოლოდ  ახლა  ვხვდები,  რომ  დრო  ჰქონდა  მონიშნული  ჩემი  გაღვიძებისა  და ზუსტად  ვამართლებდი  ამ  დროს  მეც.
  ბედნიერად  ვიხსენებ  ყოველ  დილას  დედასთან  გატარებულს.  მხოლოდ  გული  მტკივა  და  მენანება,  თუ  როგორ  იტანჯებოდა  მძიმე საქმეთა  კეთებისას,  რადგან  სხვის  შეწუხებაზე  მუდამ  თავს  იკავებდა  და საკაცო  საქმის  კეთებაც  თავად უხდებოდა.
სული  მტკივა  ახლაც  მისი  სიბრალულით.
  დრო  ნელა  გადიოდა.  ზამთარს  ზაფხული  ენაცვლებოდა, სიხარულს  ტკივილი.  სიღარიბეს  გაჭირვება.  მძიმე  იყო  ცხოვრება.  ჭირდა თავის გატანა.  მხოლოდ ღამე  ძილში  ვპოულობდი  სიმშვიდეს.  დედა  უხმოდ  და  წუწუნის გარეშე  შემომციცინებდა  თვალებში,  არასოდეს  მაგრძნობინებდა  რაიმეს  უკმაყოფილებას,  ბედის  სამდურავი  არ  იცოდა.
    ხშირად  ამბობდა:
      -  გზად  მიმავალს  უკან  მიხედვა  არა  მჩვევია,  მე  უფრო  წინ  რა  მელის  ის  მაინტერესებს  და  ნაბიჯებითაც  კი  ვემზადები  წინასწარ  ამისათვისო..
ადამიანი  საკუთარი  თავის  იმედს  მიზანთან  ადვილად  მიჰყავს,  უიმედობა  და  გულგატეხილობა  და  შიში  მიზანთან  და  შედეგთან  აშორებს  და  დაცემასთან  აახლოვებსო.  არაფერია  შეუძლებელი,  გრიგალი  ძლიერად  ჩამოიქროლებს,  დასაკარგს  წაიღებს,  ის  რაც კარგია  და  შენია  მას  კი  გიტოვებს,  მთავარია  რაც  გრჩება  მას  მოუფრთხილდე  და  ღირებულება  შესძინო  და  გაასმაგო,  ამას  კი  გონიერება  უნდა  შეაშველო  და  უკან  არასოდეს  დაიხიოო.
  პატიოსნება  უნდა  შეინარჩუნო  ზომიერად,  ამის  უქონელ  კაცს  კი  უნდა  მოერიდო,  ნდობა  დანდობას  უნდა  ედებოდეს  საძირკვლად. კაცი  თუ  ორჯერ გიღალატებს,  მესამედ  აღარ  უნდა  მისცე  ასეთი  საშუალება,  სალამი  კი  ღვთისაა,  ნურავისთვის  დაიშურებ,  ისიც  მადლია,  ზოგს  სასარგებლოდ  შეიძლება წაადგესო.
  ტკბილია,  დედის  ყოველი  სიტყვა.სხვანაირად გრჩება  გულში,  შიგ  იზრდება  და  გემუდმივება,  თან  დაგყვება,  გაძლიერებს,  გიცავს,  დედასავით  ზრუნავს  თითქოს  შენზე.
    დრო  ულმობელია,  ის  სწრაფად  მიჰქრის.  არ  აინტერესებ.  მასაც  აქვს  თავისი  გასაკეთებელი.
    ცა  და დედამიწა  ერთმანეთს  ვერ  ეკარებიან, მათ  შორის  ჩვენ  ვართ,  ჩვენ  ვავსებთ,  სახეს  ვუცვლით  რაღაცნაირად, შეიძლება  ვალამზებთ  კიდეც.  მაგრამ არ  ვიცი  ჩვენი  სამწყემსოა  ის  თუ  ჩვენ  ვართ  მისი  სამწყემსონი.  ის  გვაწვდის  საკვებს,  რითიც  ვიზრდებით,  მერე  კი,  უკან  გვართმევს  ყველაფერს,  ჩვენც  მასში  ვპოულობთ  სამუდამო  სარეცელს.  ეს  ერთხელ  აუცილებლად  გადაგვხდება  თავს,  მას  ვერსად  ვერ  გავექვევით,  მასზე  დავდივართ,  მას  ვამძიმებთ  და რაც  რჩება  ჩვენგან  ბოლოს, მსგავსი  ფორმის  ნივთებივით გვიხუტებს,  გვინახავს.
  საოცარია.  იტყოდა  ხშირად  და მცირე  დროს  შეიცდიდა,  მოვდივართ,  მერე  კი  მივდივართ. ჩვენი  სხეული  მიწას  ბარდება.  მერე  თანდათან  ვავიწყდებით  ყველა  ახლობელს,  რომ აღარ  ვჩანვართ,  თვალში,  რომ  აღარ  ვეხილვებით.  ეს  არის  ადამიანობა.
    ვაზი,  კი  სულ  სხვა  არის.  ის  ჩვენზე  საოცარია.  მოჭრი,  ამოყრის  ახალ-ახალ  ყლორტს,  მოჭრი,  კიდევ ამოყრის. უფრო  მრავლად,  თითქოს  ხელდება.  ბედს  ისიც  არ  ეგუება  ჩვენსავით,  მაგრამ  ჩვენზე  ძლიერია,  ალბათ  მიწა  აძლიერებს,  რადგან  ფესვები  მის გულის  სიღრმეში  აქვს  შეფარებული,  დაცული,  ჩვენ  კი,  მოვწყდებით  ერთხელ  და  მორჩა..
      ლეონმა  დაკოჟრილი  ხელი  მომკიდა,  შევცბი,
წამომაყენა,  თვალებში  ჩამხედა,  მერე  ხელები  გამიშვა,  კიდევ  ჩამხედა  ღვალებში,  ჩამიღრმავდა,  მეგონა  ჩემს  სულში  მოთავსდა  მთლიანად,  სუნთქვა  შემეკრა  წამით,  თვალი  ავარიდე,  ის  კი  ისევ  ცდილობდა  ზუსტად  ამოეცნო  ჩემი  ხანგრძლივი  დუმილისა  და  ფიქრის  სიმძიმე. მხარზე  მზრუნველად  დამადო  ხელი  მცირე  ხნით,  თითქოს  ფრთხილობდა არ  შევეწუხებინე,  მაგრამ  მის  მზრუნველობას  მისი  ხელის  მოძრაობა  მაგრძნობინებდა.
  შეტრიალდა  და  გზას  ნელი,  მტკიცე  ნაბიჯებით  გაუყვა  სოფლისაკენ.  არასოდეს  დამავიწყდება  ჩვენი  ეს  პირველი  შეხვედრა,  როგორც  ორი  კაცისა,  ამას  დღემდე  ასე  აღვიქვამ  და  ვაფასებ.
  - შენ  კარგი  ვაჯკაცი  უნდა  დადგე  ასე  ვფიქროს,  შენს  თვალებში  ჩანს,  გონიერების  ღრმა  ნაპერწკლები.
  ამაში  დედის  დიდი  ღვაწლია  დალექილი,  მისი  პატიოსნება. 
ყოველთვის  როცა  შვილს  სწორი    მიმართულებით  უჩვენებს  დედა  დიდი  გზის  დასაწყისს  და  ამ  გზის  შესავალს  ღირსეულად,  მოუთელავს  ჯერ  პირტიტველ  ბიჭს,  მიაჩვევს  ხელიხელჩაკიდებულს  ღირსების  დაცვას,  შეაგრძნობინებს  საკუთარ  თავს  ნაადრევად  და დამკვიდრებისათვის  ბრძოლისათვის  შეამზადებს  ღირსეულად,  მისი  შვილი  ამ  გზიდან  ვეღარ  გადაუხვევს,  რადგან  მას  ამ  გზაზე  დედის  ლანდი  უძღვის  მუდამ  წინ  და  უნებურად  მიყვება ისიც  მას.
  ადამიანები  მნიშვნელოვნად  განსხვავდებიან  ერთურთისაგან  ამ  და  სხვა  გარემოებათა  გამო.
ბავშვი  ზოგი,  კაცად  იბადება,  ზოგი,  იზრდება  და  კაცად  ყალიბდება,  ზოგი,  კაცობას  თავად  სწავლობს,  ზოგისთვის  კი,  ეს  უცხო  მცნებაა,  ესეც  ჩვენი  ნებაა.
    კანონები,  მხოლოდ  არ  არის  ის,  რაც  წიგნის  ფურცლებზეა  დატანილი,  არის  უფრო  მკაცრი  კანონებიც,  რომელიც  წიგნის  ფურცლებს  არ  ამძიმებს,  ის  თაობებს  ზეპირმეტყველებით  გადაეცემა,  ისევე  როგორც,  დამწერლობამდე  ამას  ახერხებდნენ, პირველყოფილნი  და  შემდგომი  პერიდისანი და  ასე  მოაღწიეს  მათ  ჩვენამდე. ვიცი  ისინი  არც  არასოდეს  დაიკარგება,  მანამ  ადამის  მოდგმა  დედამიწის  ზურგზე  დადის,  ქვეყნის  დასალიერამდე.
  ჩვენ სადაც  უნდა  წავიდეთ,  ჩვენი  ჩვევები,  თვისებები,  ტრადიციები,  ერისა  და  რწმენის  სიყვარული თან მიგვყვება,  გვეამაყება  და    გვასაზრდოვებს,  გვკვებავს.
  უცხო  ადამიანები  ჩვენს  ქვეყანას  ჩვენით,  ჩვენი  პიროვნების  იდენტურად  განიხილავენ,  ჩვენიდან  გამომდინარე  ექმნებათ  შეხედულებები,  წარმოდგენები.  ჩვენი  ქმედებანი  გამოხატავენ  ჩვენს  სამშობლოს.
    ასეა  ოჯახიც.  დედა  შვილის  სანიმუშო ,  მისაბაძი  მაგალითია,  ინტერესის  სფეროა,  მისი  ძვირფასი  და  შეუდარებელი  სამყაროა,  რომლის  სულში  ჩახედვას  ახერხებს  თავდაპირველად, მთლიანად  სწავლობს  მას  და იქიდან  უყურებს  მთელს  ქვეყანას,  მისი  კრიტერიუმებით  ახდენს  გადაფასებას  ამ  სფეროში.
      დედის  ფენომენი  უძვირფასესია,  ის  ავტორიტეტია  შვილისათვის,  მისი  სახელის  აუგად  შეხებას,  შვილები  არავის  პატიობენ.  ეს  კი  იმას  ნიშნავს,  რომ,  ჩვენი  არენიდან  ვიწყებთ  მისთვის  გაფრთხილებას  მისი  წარმოთქმისთანავე,  მას  მამასთანაც  კი  ვიცავთ,  მიახლოვებასაც  კი  ვუკრძალავთ,    ჯერ  უსუსურნი  და  სხვას  ვუბღვერთ.
      ანნა  ფოლინა,  ამ  მხრივ  გამორჩეულია.  მასზე  ვერაფერს  ვიტყვი.  განსაკუთრებულია.  შენ  ჯერ  მონაგონიც  არ  იყავი,  უკვე  შენს  ავტორიტეტს  ძერწავდა, 
    შენ  ამმხრივ  ბედნიერი  კაცი  ხარ.  აბა  შენ  იცი,  ისევე  გაუფრთხილდი  მას,  როგორც  ის  გიფრთხილდება,  იმგვარადვე  მოექეცი,  როგორც ტავად  ის  გექცევა.
თქვა  და  შუბლზე  უხერხულად  გადაისვა  ხელი,  თითქოს  უკანასკნელ  სიტყვას  ამბობდა  და  მისი გამხელის  სცხვენოდა,  ერიდებოდა.
  ის  იყო,  შევუხვიეთ  ჩვენი  სოფლის  შუანაწილისაკენ. 
აქ,  ჩვენი  გზები  იყრებოდა.  ის  მარჯვნივ  მიდიოდა  მე  კი,  მარცხნივ  უნდა  წავსულიყავი. 
  დავემშვიდობეთ,  ხელი  ჩამომარა.
  ბევრი  დრო  გასულიყო. 
შინ  რომ  მივედი  დედა  აღშფოთებული  იდგა  ჩვენი  სახლის  აივანზე  და  ნაღვლიანად  ჩაფიქრებული  ორივე  ხეზე  ნიკაპით  დაყრდნობილი  თავისსავე  ხელებს  დაჰყურებდა, 
  ისე მომეჩვენა,  თითქოს  რაღაცას  ბუტბუტებდა. 
მე  კარები  ოდნავ  ავახმიანე  და  ნაბიჯებს  მოუმატე.
დედაა! 
-ფრთხილად  გავბედე  შეხმიანება, 
თვალებზე ცრემლი  მომადგა და  შევეცადე  დამალვა,  გამომივიდა,  გადავყლაპე,  თითქოს  გავიმარჯვე  ჩემს  გრძნობაზე.  ჩემს  თავზე. მივუახლოვდი  და  სიხარულით  აკანკალდა,  მთელი ძალით  ჩამიკრა  გულში,  ძლიერად  უცემდა  გული, მესმოდა  მისი  ბაგა-ბუგი.
-შვილო  შენით  ვსულდგმულობ,  უკვე  წამოსვლას  ვაპირებდი,  თან  ვერ  ვბედავდი,  შენს  თავმოყვარეობას  მოვუფრთხიკლდი,  შენს  ღირსებას ვეცი  ფარულად  პატივი,  ვიცი  შენი  ხასიათი,  ჩემო  იმედო.  თანაც  შენი  მოვალეობები,  არასოდეს  გავიწყდება ,  მათი  ბრწყინვალე  შემსრულებელი  ხარ  მუდამ..  ამიტომაც  ვიკავებდი  თავს.
  სახლში  შევედით. 
  მე  გავიზარდე  ძალიან  ამ  დღეს,  ეს არ დამავიწყდება.
დედას  გავხედე  სიყვარულით,  თითქოს,  მინდოდა  კიდევ  მოვფერებოდი,  ამ  მხრივ  რატომღაც  ამ  წუთას  უკმარისობის  გრძნობა  მქონდა.  ისევ თავი შევიკავე.
დედას,  სახე  დამშვიდებოდა.  ხალისიანი  გახდა  უცებ  ვიგრძენი.
სუფრა სასწრაფოდ  გაშალა. ტკბილად  და  გემრიელად  ვისადილეთ,  მერე  მივეხმარე  ცოტას.
    სიჩუმე  ჩამოვარდა, 
    ორივეს  გვერიდებოდა  მისი  დარღვევა. დედამაც  გაჩუმება  ამჯობინა,  მივხდი  უნდოდა  ჩემი  სიჩუმის  გაგება,  მაგრამ  მომიფრთხილდა.
ჩამეძინა.
  დილა  იყო,  რომ  გამეღვიძა.  მზე  შემოპარულიყო ჩემს  საწოლთან  და  სახეზე  მელამუნებოდა.
  -დედაა!
-  ფრთხილად  დავიძახე  და  გავჩერდი.  არ  მიპასუხა.  კიდევ  დავუძახე, მაგრამ  დედის  ხმა  ვერ  გავიგონე.  ეს  პირველად  იყო  ჩემს  გაღვიძებას  რომ  არ  შეეგება.

  სასწრაფოდ  წამოვხტი,  გული  ჩამწყდა,  ისე  შემეშინდა,  როგორ  ჩავიცვი  ვერაფრით  ვიხსენებ.  ტკივილმა  დამიარა  მთელ სხეულში.
-დედა,  დედა,  სად  ხარ! 
-მივრბოდი  ყველა  მიმართულებით  ,  ისიც  არ  ვიცოდი,  სად  და  როგორ  მომეძებნა.
უცებ  გავჩერდი,  თითქოს  რაღაც  შემზარავი  ხმა  მომესმა  ყრუდ,  კინაღამ  წავიქეცი....

                                                              (გაგრძელება  იქნება)
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები