ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პროზა
23 ივლისი, 2016


ჩემი იეღოველი ნათლია

გინდათ გიამბოთ ჭეშმარიტ ღმერთზე? - გადმოგვილაგა ერთ დღეს ლამაზი ჟურნალები და პრიალა წიგნები ჩემმა ნათლიამ და ინტერესით შემყურე სანათესაოს  ღრმად გაგვაღებინა პირი.
- მაინც რომელზე?- კითხვაზე კითხვით ჩაეკითხა ჩემი ძმა...

ის ჩვენ მეზობლად ცხოვრობდა , ლამაზი და პუტკუნა გოგონა იყო, თან სტუდენტი . კარგი მშობლები  ყავდა.  დაბალი, მაგრამ სასიამოვნო გარეგნობის იყო, ხუჭუჭა თმიანი და ცხვირპაჭუა . ისეთი პაწაწინა და ლამაზი ცხვირი ჰქონდა,  როცა ჩემი ძმა გაეხუმრებოდა, რამხელა ცხვირი გაქვს , წაქაძის სამანს მიგიგავსო, ხუმრობის აზრს ვერ ვხვდებოდი. სამანი-პატარას სინონიმი მეგონა, რადგან წაქაძე -ზორბა მეზობელი გვყავდა.
ის ნათლიად მე არ ამირჩევია,თუმცა უარს მაინც არ ვიტყოდი.

მოკლედ, დიდი ზარზეიმით მოვინათლე ქუთაისის პეტრე-პავლეს სახელობის  ეკლესიაში , გვერდით მედგა ერთადერთი და უსაყვარლესი    ნათლია და  გულზე მეკიდა ლამაზი ოქროს ჯვარი . ამის გამო  თავი დიდი ვინმეც მეგონა.
სახეზე და თმაზე ზეთი მეცხო და მთლიანად ვპრიალებდი სახეთავპირიანად.
(ზუსტად ვიცი, ეგ ჯვარი თბილისში სავკარგე, მაშინ, როცა ჯერ კიდევ რძეშეუმშრალი და ბრიყვი ვიყავი ,მაშინ როცა ციგნებთან ნაყიდი ორმოცდაათ  კაპიკიანი „ჟუვაჩკის“ გადაყლაპვა უფრო დიდი დანაშაული მეგონა, ვიდრე ჯვრის დაკარგვა და ბიძაჩემის შამპანიურის ბოთლიდან მოპარული ათკაპიკიანებით ნაყინის ყიდვა - უცოდველობა. დავკარგე და  დღემდე  ველი მის აღმოცენებას....)

ჩემს ნათლიას მოფერებით ნამცეცას ეძახდნენ,  პუტკუნა და ჩამრგვალებული გოგონასთვის შეუფერებელი სახელს, მაგრამ რადგან დაბადებით მხოლოდ  ცხრაასი  გრამი დაბადებულა, მისი ნამდვილი სახელი, ნანი , არავის ახსოვდა.თვითონაც დედის რძესავით იშნობდა ამ სახელს, ჩეხური ფეხსაცმლის, ცებოს ყუთში აწვენდნენ, ბამბებს უფენდნენ და მკლავზე იწვენდნენ, სანამ არ წამოიზარდა.
მე სულ ვტიროდი. დედაჩემი ხშირად იტყოდა ხოლმე, ნათლიამ ჭირვეულობა დაგანათლაო.
ერთი ეგაა, კატების სიყვარული ვერ დამანათლა. თუმცა  მისი ხათრით მსხვერპლს ვიღებდი , ფისოს გულზე  ისე 
მივიხრჩობდი და ნაწლავებს გავაყრევინებდი, რომ მეჩვენებინა,  ფისოები როგორ "მიყვარდა".

-ჯღარკი ფისო, ჯღარკი ფისო-მომესიყვარულებოდა ამ დროს.


ჩვენ  საერთო ღობე გვქონდა და გვიანობამდე ჩვენთან რჩებოდა,  მაგრამ როცა წასვლას დააპირებდა, ჩემი ძმა სასწაულებზე  და ჯადოებზე განგებ იწყებდა ლაპარაკს.
იცოდა, რომ ეხუმრებოდა და გასაბრაზებლად აკეთებდა, მაგრამ თავს ვერ ერეოდა და  სულ კუნტრუშით გადაივლიდა იმ პატარა ღობეს, რომელიც ჩვენ ეზოებს ყოფდა,  გეგონება მიწაზე ფეხს არ აკარებსო...
მერე ფანჯრიდან  გადმოიხედავდა და ენას გამოყოფდა.
თუმცა გზაზე ლეღვის ხესთან მაინც შეჩერდებოდა, ერთ ნაყოფს მორბილავდა და მოაძრობდა და კიბეზე გადაახტებოდა.

როცა გათხოვდა, მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო და მეც ლაღად ვგრძნობდი თავს.არც ეჭვი მეპარებოდა ქრისტეს მოძღვრებაში,
არც ჩემი მონათლულობა დამიყენებია ეჭქვეშ... ვმარხულობდი და ვეზიარებოდი.

ერთ დღესაც ჩამოვიდა, ჩამოიტანა უკვე ნახსენები ფერადი ლიტერატურა და პირი ღრმად დაგვაღებინა.
მე ნათლობის ჯვარი უკვე დაკარგული მქონდა , თორემ ალბათ კისერს ამიწვავდა.

- რაო, ყველანი გავცოცხლდებითო?- ხუმრობდა  ჩემი ძმა.

სწორედ იმ დღეს, როცა ლამაზი და პრიალა ჟურნალები გადმოგვილაგა,პირველად გავიგე იეღოველებზე  და მათი მრწამსზე.უხერხულობისგან არ ვიცოდი, რა მეთქვა და დატოვე ეგ ლიტერატურა და როცა მოვიცლი,  წავიკითხავ მეთქი, ვუთხარი.მივხვდი, არ ესიამოვნა ,მაგრამ ჟურნალები დაგვიტოვა და    ფანჯრის რაფაზე დავალაგე.
მეორე დღეს ისევ გადმოვიდა , დაბალ ღობეზე გადმოაბიჯა და აივანზე გვესტუმრა.მივიხედმოვიხედეთ, წიგნები
მოვათვალიერეთ და ორივეს სიცილი აგვიტყდა:
ჩემ პატარა და ლაქუცა ლეკვს ისე დაექუცმაცებინა ყველა მათგანი, მხოლოდ ნაღეჭი და ნალოღნი ფურცლები ეყარა
ირგვლივ.  მოეთართარებინა იქაურობა....
მას მერე ჩვენთან ამ თემაზე აღარ ულაპარაკია...სახლისკენ წავიდა, პატარა ღობესთან როცა მივიდა, შეიკუნტრუშა და გადავიდა.
მის მერე ჩვენ შორის ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა.
მხოლოდ ერთხელ მითხრა:
-ააა, მე ხომ შენი ნათლია ვიყავიო და - მრავალმნიშვნელოვნად ჩაეღიმა.
- რა ვიცი , მე კი მგონია რომ მონათლული ვარ და შენი არ ვიცი მეთქი.

ვიდრე მოსკოვში გადავიდოდნენ,კიდევ ვნახულობდი ხოლმე.ახლა იშვიათად ვხედავთ ერთმანეთს
და როცა ინტერნეტით მოვიკითხავ, ის დიდი სიყვარული მახსენდება, პატარა , ცხვირპაჭუა გოგონა და მე
დიეტაზე რომ ვიყავით,  მწვანე, მჟავე და დაბეჟილ ვაშლებს როგორ მაჭმევდა  და დღეში სამჯერ  სასწორზე მწონიდა.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები