* * *
თვალი გავახილე. ვხედავ, ყველას სძინავს. მიყრილ - მოყრილან, როგორც მოუხდათ. კარგა შემაღლებული მზე დაჰნათოდათ თავზე . . . ჯანდაბას ამათი თავიც და ტანიც, მაგათი დარდი ვის ჰქონდა, ძვირფას სტუმარს ვეძებდი, იქაურობა მოვჩხრიკე თვალით. ჩემი მრავალტანჯული შარფი დავინახე, გარდიგარდმო ეფინა იმ გადაჭრილ ხეზე, რომელზედაც დავაბრძანე ჩვენი სტუმარი. თვითონ არსად ჩანდა. ხელადა იდგა მწვანეზე, ყინჩად, ღირსეულად. კიდევ კარგი, არ გადაყირავდა. ნეტავი რამე თუ ჩარჩა შიგნით. დავყნოსე, შევაჯანჯღარე. კანტიკუნტა გამეჩითა გაჩეჩილი თავით. - არის რამე შიგ? - ჰო, ძალიან ცოტა. რაღაც შარიშური ჩამესმა, მივიხედ - მოვიხედე, ყველანი წამოშლილან, საოცარია, ასე ერთად როგორ გაიღვიძეს? - მერედა, რა არის ეს ცოტა? - მეკითხება კანტიკუნტა, თან უცნაურად მიყურებს. ასეთი გამოხედვა მისთვის მაშინ შემიმჩნევია, როდესაც კანტის ციტატების გახსენებაზე ცოდვილობს. კანტიკუნტას ფირფიტაც მიემატა, ორივენი ჩაციებით მიყურებენ, სხვები შორიახლოს გვდარაჯობენ. მე კი ვერაფერს ვამბობ, სრულიად ვერაფერს. როგორც იტყვიან, მეტყველების უნარი დავკარგე. გაუგებრობის ბურუსმა დაბურა ყოველივე.
მიშველეეთ, დამალევინეთ!
ეს ორი სიტყვა ამოტივტივდა ამ გაუგებრობათა ბურუსში. თეთრად შეფეთქილი კედლები, თეთრხალათიანი ადამიანების ჯგრო, კუთხეში ლარნაკი დგას, ისე, სილამაზისთვის. ფართოდ გაუღია პირი. ისიც მგონი დალევას მოითხოვს. -არ შეიძლება დალევა, მოგკლავს, - თეთრხალათიანები მეუბნებიან. გულგვამში ცეცხლი მინთია, თავზე გახურებული რკინის სალტე მიჭერს. თუ არ დამალევინებთ, სწორედ მაშინ მოვკვდები. - არ შეიძლება ლარნაკი ახლა ნამდვილად ყვირის, თუ არ დამალევინებთ, დავიმსხვრევიო. მეც ხმას ვუმატებ, იქნებ ორივეს ერთად მოგვხედონ, ბოლოს და ბოლოს. თეთრხალათიანები ერთმანეთს გადახედავენ, მერე კარებს მიაჩერდებიან რაღაცის მოლოდინში. იღება კარი, შემოდის კიდევ ერთი თეთრხალათიანი, ფრიად შთამაგონებელი სახით. ბოთლი მოაქვს, საგანგებოდ მაღლა აუწევია, რათა ყველამ კარგად დაინახოს: ბოთლის ეტიკეტზე არაყი აწერია. დამისხამენ, დავლევ სავსე ჭიქას. ხმას აღარ ვიღებ, ლარნაკიც ჩუმად დგას. ორივენი გადავრჩით. ყველა ჩვენთაგანს გადახდენია თავს მსგავსი ისტორია, ცხადია, ეტიკეტიიან ბოთლში წყალი ესხა და ახლა სწორედ მასზე ვფიქრობთ . . . რაღაც ამდაგვარი ხომ არ დაგვემართა ახლაც? ხელადაშიც იქნებ წყალი ესხა, ჩვენ კი ღვინოს ვყლურწავდით ჩვენი ჭკუით. - შევამოწმოთ - ვთქვი მე, სულ ერთია, ეს ერთი ჭიქა ყველას მაინც არ გაგვწვდება. ზედ დატანებაზე მეეზოვე გამოჩნდა, პირდაპირ ჩვენსკენ ედო გეზი. მოგვიახლოვდა, სახე დაეღრიჯა, რაღაცის უკმეხად თქმას აპირებდა ჩვენი ნასუფრალის დანახვისას, მაგრამ დავასწარით. -შემოსწრებულს გაუმარჯოს! - ვთქვი და ღვინო (ძალიან კი ჰგავდა) ჩამოვასხი ჭიქაში, მივაწოდე. მეეზოვეს სახე მოურბილდა, უყვარდა ღვინო ძალიან, მისი სუნიც ეცა, ალბათ ეამა, რა ვიცი. ჭიქა გამომართვა, გაგვიმარჯოსო, მოკლედ დაილოცა და ჭიქა პირთან მიიტანა. სუნთქვაშეკრულები შევყურებთ, აჰა, ღვინო მოწრუპა, ორიოდე ყლუპი გადაუშვა, ეჭვი არაა, გემოს გაუგებდა უკვე. მეეზოვემ ჭიქა პირიდან მოიცილა, რაღაცნაირად შეგვათვალიერა, (ახლა დაგვცოფავს, ვის აღადავებთო), ისევ მიიტანა პირთან ჭიქა და მოსვა. დაცალა ბოლომდე, ჭიქა დადგა, ისევ შეგვათვალიერა, ეს ღვინო საიდან გაქვთო, გვკითხა. - გვაჩუქეს - ყველას დაასწრო . . . სწორედ „იმან“, ანუ უსახელომ. - მერედა ვინ გაჩუქათ, ღმერთმა თუ ადამიანმა, - იკითხა მეეზოვემ. ამის გაგონებაზე მგონი ყველანი დავმუნჯდით. მე ეკალმა დამაყარა ტანზე, ალბათ სხვებსაც . . . მერე ფირფიტამ წამოიკნავლა, მაგითი რისი თქმა გინდაო. - ღმერთების საკადრისი ღვინოა, ვინ გაიმეტა თქვენისთანა ნაძირალებისთვის ეს სასწაული.
* * *
ასე რომ, ნაღდად ღმერთი იყო ჩვენი სტუმარი, საეჭვო აღარაფერია. გასკდით გულზე, გადაპრანჭულებო. ვიცი, ბევრს ქირქილებთ, ყველაფერი მოგეჩვენებოდათო . . . მოგვიანებით მოაღწია ხმებმა ჩვენამდე, ჰოდა, სულ ტყუილად ქირქილებთ, ღმერთს არც კი გამოუხედავს თქვენი დიდებული აპარტამენტებისკენ, აქედან ასე რომ ჩახჩახებენ. თავიდანვე ჩვენსკენ, ნაძირალებისკენ აიღი გეზი, ამას საკუთარი თვალით ვხედავდი, ჩვენთან აწია ღვინით სავსე ჭიქა, ჩვენთან გატეხა პური . . . ეს იმიტომ რომ სანდომიანნი ვართ მის თვალში ბრწყინვალე კინოკადრის მსგავსად. ცეცხლოვანი ნიშნებივით რეალებენ ხანშიშესული ოპერატორის სიტყვები, ნაძირალა მუდამ ნაღდიაო . . . ნაღდად ასეა. ეს მარტო ქალაქის ქუჩებს არ ეხება, ბუნების წიაღშიც ვინარჩუნებთ სანდომიანობას, ფერადოვანი წალკოტის ფონზე. პირადად მე უწინ დიდ გაუგებრობაში ვიყავი ამასთან დაკავშირებით, ახლა ყოველგვარი ეჭვი გამეფანტა. ისევ ქირქილებთ: ვთქვათ, გესტუმრათ ღმერთი, თქვენც კარგად გამოიბრუჟეთ. ეს ალბათ რაიმედ ღირს თქვენნაირებისთვის, მაგრამ სხვა რა შეგემატათ? რაც იყავით, ისევ ის დარჩით. არც ენა მოუცვეთია ღმერთს თქვენთან სალაპარაკოდ, „ღვინო“ ერთადერთი სიტყვაა, რაც თქვენთვის გაიმეტა. ჭეშმარიტად, ერთადერთი სიტყვა „ღვინო“ წარმოთქვა ღმერთმა ჩვენთან. . . და ამით ძალიან, ძალიან ბევრი რამ გვითხრა, იმდენად ბევრი, ჩვენისთანა მრავლისმნახველი ნაძირალების თავებმაც რომ ვერ დაიტია. ვეღარაფერი ვთქვით ამ სიტყვის შემხვედრი, მისი ბადალი, ამ დროს ბევრი ვიქაქანეთ . . . ეს სათვალავში ჩასაგდები არაა, პირში წყალი ჩავიგუბეთ და ღვინო ვყლურწეთ. თუმცა, ვაღიარებ: ბევრი ვიფიქრეთ მერე, იქნებ მაინც გვითხრა ღმერთმა რაიმე სხვა, იმ ერთადერთი სიტყვის გარდა, . . . როგორმე იქნებ გავიხსენოთ. ვიმტვრიეთ თავები, ცალცალკე თუ ერთად, ვჩხრიკეთ, ვეძიეთ, ვერაფერიც ვერ მოვიძიეთ. „ხელადა დაცლილა, ღვინით აავსეთ“, - ერთი ეს გავიხსენეთ. ესე იგი, ღმერთი არაფერს ამბობდა ამ ერთადერთი სიტყვის, „ღვინის“ მიღმა. აქ მე აღმომაჩნდა რაღაც სათქმელი: „გეტყობა ბევრი გივლია“. ეს სამად სამი სიტყვა ვუთხარი ღმერთს მტვრიანი ფეხთსამოსის დანახვისას. (სხვა დანარჩენი, ცხადია, არ ითვლება) სხვებს ერთი სიტყვაც არ უთქვამთ. ამასთან დაკავშირებით კანტიკუნტამაც გაიხსენა რაღაც, მისი აზრით მეტად საყურადღებო; ღმერთმა ხელი შეახო ხელადას, თანაც როდის, როდესაც მე ჭეშმარიტებას ვეძიებდიო, თქვა მეტად შეფიქრიანებულმა. თვალჭყეტიამ ახლაც გაგვაოცა, მუდამ რომ გვაოცებდა ჭკუამიღმური აზრებით; თურმე ნაბიას ჰკითხა, (ჩვენ არ გაგვიგია, თვითონ ნაბიამ გვითხრა მერე) იმ დაზიანებული მილიდან ხვალ ამ დროსაც თუ იდენს ღვინოო. დაბდური თვალჭყეტია ერთადერთი აღმოჩნდა ჩვენს შორის, რომელმაც რაღაც შეკითხვა დასვა. დანარჩენები, ჰმ, სასწაულს ვუფრთხილდებოდით, ვაითუ, ხელიდან გაგვსხლტომოდა . . . სიტყვა „მილმა“ მიაღწია ნაბიას შეგნებამდე, იცით მისი დამოკიდებულება ამ მიმართებით; შენი ხმა არ გავიგოო - თვალები დაუბრიალა. თანაც დრო ვერ შეურჩია თვალჭყეტიამ, ნაბია იმ კოსმოსური ხომალდის ჭანჭიკებს ითვლიდა, ძვირფას სტუმარს რომ უნდა დაეფინანსებინა. ახლა კი ჩემი შემხვედრი კითხვაც; ძალიან მაინტერესებს, რას გაიხსენებთ, როდესაც ყოველივე ერთადერთ სიტყვაზე ჰკიდია . . . ანუ, როცა სურვილი გაქვს, თქვა ერთი სიტყვა და მასში მოაქციო ყოველივე, რასაც კი ოდნავი ფასი მაინც აქვს ჩვენს მოცვეთილ წუთისოფელში, განა ის ერთადერთი სიტყვა „ღვინო“ არ იქნება? ერთი დაფიქრდით, კარგად მოიქექეთ თქვენი გაპრიალებული გოგრები, თქვით სიტყვა, უფრო მეტი, უფრო მაღალი . . .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|