იმ ზამთარს დიდი თოვლი მოვიდა. ამოივსო სკოლის ფანჯრები და შესასვლელი. სკოლის ეზოში მოჭრილი ალვის ხისგან ცეცხლი რომ დაგვენთო, სამი ლიტრი ნავთი იხარჯებოდა. ამიტომ ბავშვებს სახლიდან რიგრიგობით მიგვქონდა მშრალი შეშა და მოსანთები. ყველგან ციოდა, სკოლაშიც და სახლშიც. ჩემი უფროსი ძმის ნაქონი კურტკაც რომ ვერ მათბობდა, ჟაკეტი მომიქსოვა ნინომ. ნინო ჩემი ბიძაშვილია. უნივერსიტეტი დაამთავრა და იმ წელს , იმ კლასის მასწავლებელი გახდა, რომელშიც ვსწავლობდი. მეც, სახლში ნინო დაიას ვეძახდი, სკოლაში ნინო მასწავლებელს.
ერთხელაც მამაჩემმა შეშა გამიმზადა და "სკოჩით" გაკრა. ათი წლის ვიქნებოდი...ვიქნებოდი კი არა, ზუსტად მახსოვს, ათის ვიყავი. წინა დღეს მქონდა დაბადების დღე. დილით ის თავის ჭიშკრიდან გამოვიდა, მე ჩემი ჭიშკრიდან , დამელოდა , და მერე წინ გამიძღვა, ვიწროდ გაკვალულ თოვლიან ბილიკზე. მიხაროდა მასთან ერთად სიარული. ლამაზი გოგო იყო. თეთრი კურტკა ეცვა და თეთრი ჩექმები. - ლექსი ისწავლე? - მოუბრუნებლად მკითხა. გამიკვირდა. თვითონაც იქ არ იყო? დედაჩემის მოხლაფორთებული პავიდლოიანი ტორტი ერთად გავჭერით...როდის ვისწავლიდი, დენი არ იყო. შემრცხვა და თავი ისე დავუქნიე - გაქნევას უფრო გავდა. - მომიყევიო - ვიგრძენი, გაეღიმა "კარზე მიადგა ჭინჭველას, ვედრებით ჩემო ნათლია..."- დავიწყე და მერე წავიბორძიკე...ისედაც წავიბორძიკე და ასედაც...
გაჩერდა. ჩანთა ბეჭზე გადაიგდო, შეშა გამომართვა და იღლიაში მოხერხებულად ამოიდო.
კარგად მივდიოდით, სანამ მეზობელი არ შემოგვხვდა გზაზე.
- ბიძია, შეშას რაღაზე წვავთ, გაკვეთილს აქ ყვები და ბარემ აქვე დაუწერე ნიშანიო - გაგვეხუმრა, რადგან ჩვენი საუბარი გაუგონია. ნინოს სიცილი აუტყდა ...მეც გამეცინა, გადამიცდა ფეხი გაკვალული ბილიკიდან და თოვლში ჩავვარდი. ნინომ ჩემი ამოყვანა სცადა. დიდხანს ვიგორავეთ თოვლში, ძლივს ამოვძვერით ნამქერიდან. მთლად სველები მივედით სკოლაში, კიდევ კარგი, ჯერ გაკვეთილის დაწყებამდე ადრე იყო, ცეცხლი დავანთეთ და გავშრით.
ისეთი ზამთარი იყო, უამინდობას შეეწუხებინა სოფელი. ბავშვები სკოლაში ვერ დადიოდნენ ; ზოგს წყალი შესდიოდა ფეხში და ზოგს თბილი ტანსაცმელი არ ჰქონდა. ჩემს კლასში ერთი გოგო სწავლობდა, მაკა. ოჯახში ოთხი ბავშვი იზრდებოდა. ტყუპი დები ყავდა. ხელმოკლედ იყვნენ (მაშინ ყველა ხელმოკლედ ვიყავით). ორი კვირა არ დადიოდა სკოლაში. ერთ დღეს ნინომ მთხოვა, ერთად წავიდეთ და ვინახულოთ, სახლს მაინც მიმასწავლიო. დედაჩემისგან ნებართვა ავიღეთ და საღამოს გავედით სახლიდან. თანაკლასელის ოჯახი მოწყენილი დაგვხვდა. მაკას ფილტვების ანთება აქვს და სკოლაში ვერ ივლისო - წუხდა დედამისი. - წამალი თუ გაქვთო - ეკითხებოდა ნინო. - კი გვაქვსო - უხერხულად იშმუშნებოდა დედა. ნინომ ბიცოლაჩემის გაკეთებული მოცვის მურაბა ამოიღო ჩანთიდან და მაგიდაზე დადო; - წამალივით მოუხდებაო - ბავშვი ვიყავი, არაფერი გამეგებოდა. მხოლოდ ის დავინახე, ნინომ ბეჭედი მოიხსნა და დედამისს გადასცა. უძალიანდებოდა ქალი, მაგრამ ჩვენ სასწრაფოდ დავტოვეთ მაკას სახლი. გზაში არაფერი მიკითხავს, მერე გავიგონე დედაჩემის ჩურჩული , მამაჩემს ეუბნებოდა, ნიშნობის ბეჭედი დაუტოვებია, რას ეტყვის იმ ბიჭსო.
ნინოს ქორწილი გაზაფხულზე გაიმართა. მის ქორწილში ცხარე ცრემლით, ორჯერ ვიტირე: პირველად , მაყრიონი რომ მოვიდა, სიჩქარეში რაღაცას ფეხი წამოვკარი და სიმწრისგან ვიტირე. მეორედ, ჩემოდანი რომ გამოიტანეს და მანქანაში ჩასხდნენ, მაშინ ავტირდი. მეტირებოდა...ვიცოდი, ჩვენს კლასში მეტად აღარ გამოჩნდებოდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. კარგად გასასალაშინებელი თხრობაა. ამბავმაც ვერ დამაინტერესა :( მაპატიეთ :( კარგად გასასალაშინებელი თხრობაა. ამბავმაც ვერ დამაინტერესა :( მაპატიეთ :(
2. კარგად გასასალაშინებელი თხრობაა. ამბავმაც ვერ დამაინტერესა :( მაპატიეთ :( კარგად გასასალაშინებელი თხრობაა. ამბავმაც ვერ დამაინტერესა :( მაპატიეთ :(
1. პატარა ნამდვილად არ იყო.
პატარა ნამდვილად არ იყო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|