I ვერ მივაღწიე უფსკრულამდე,-რამდენ-გზის ვცადე, ვერ ამოვიდნენ უფსკრულიდან,-სცადეს და სცადეს, და უბედობით დამუხტული შემცბარი მაცნე მიმოდიოდა წერილებით მიწიდან ცამდე, და პირიქითაც... დაქანება ჰქონია ცასაც, და დამსხვრეული ავ სულებად-ყინულის ფსკერი, იმ დროს პირველად სიყვარული სამართალს გასცდა და ამოზილა შემოქმედმა მიწა და მტვერი. დღე დღეს მარცვლავდა, ივსებოდა ფიქრით და აზრით, და კაცის სული შეთქმულივით დინჯი და უხმო იწვა სანგარში ყინულივით ცივი და მკრთალი და ამოღებულ კბილისავით სრულიად უცხო. II არაფერს ახალს არ ამბობენ ტყე და მინდვრები ხოლო სიცხისგან დახეთქილი ბაგეზე პწკარი იზრდება როგორც ტყის სიღრმეში ნახტომი ირმის, მრუდდება როგორც ნაბიჯები უგონოდ მთვრალის. და ყრუ ტკივილი შეძენილი გვერდიდან ნეკნის, დახეთქილ ბათქაშს შერჩენილი გულგრილი მზერა, ვერ მოვიცილეთ ჯერ აქამდე კომპლექსი შექმნის, მაგრამ საკუთარ ძალისხმევის ჯერ ისევ გვჯერა. ჯერ ისევ ვდგავართ ღვარცოფის და მეწყერის პირას, გაყინულ ხელებს გადაედო ტკივილი სულის, სულს შეთქმულივით სანგრის ფსკერზე სძინავს და ღვიძავს და ამ ქაოსში წესრიგია მრთელი და სრული. III ვდგავარ და მაინც ყოველ ნაბიჯზე, ყოველ სიტყვაზე, ყოველ მანძილზე... ვინმე უცნობი გამინაპირებს მკაცრი იერით და ქოლგით ხელში მომისამძიმრებს ღრუბლების სიკვდილს-წვიმებად მოსვლას. და დღემდე მიკვირს როგორ ვახერხებ, ან სამომავლოდ რა ძალით შევძლებ, ვიცი, ერთ დღესაც ამომახველებს, არ გაჩენილი თაობის ცრემლებს. და ბუნდოვანი რჩება სრულიად, რის მეშინია ან რასაც ვუფრთხი... ღამით ქუჩაში გამვლელს აცილებს, გაოგნებული ძაღლების ჯგუფი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. რა კარგი იყო, ძალიან კარგი- ყველა ფრაზა, ყველა სახე, ყველა ემოცია...
რა კარგი იყო, ძალიან კარგი- ყველა ფრაზა, ყველა სახე, ყველა ემოცია...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|