 | ავტორი: ნუნუ ნონა ჟანრი: პროზა 10 ნოემბერი, 2016 |
საით გამირბის თვალი
აი წითელლოყება ვაშლი, მზის სხივები მის პრიალა კანზე ათინათობენ, აბა, გვერდს როგორ აუვლი? ცოტა იქით ალუბალი კიანთობს მუქწითლად, დროა ჩემსკენაც გამოიქცეო, მანიშნებს. ატამს პეპელა დაჰფარფატებს ხავერდოვან ლოყაზე, მისი სურნელით მოხიბლულა და ყვავილი ჰგონია. ყურძნის მტევნები ვაზის ჩახლართული ტოტების მიღმა შეყუჟულან. რა მოალერსე გემო აქვთ, ენაზე დნებიან, თან გეფერებიან. ჩვენზე უკეთესად რომელი ხილი დაგატკბობსო, თითქოს ამას გეუბნებიან. ოქროსფერ მსხლებს ხომ ნუღარ იკითხავთ, რა ლამაზები არიან, თან რა სურნელს აფრქვევენ. თვალი ვეღარ მოვაშორე... სიმწიფისგან პირდაპირ კანი ასკდებათ. მაშინვე ხეზე ავძვერი, როგორც კი გემო გავუსინჯე, ვზივარ ტოტზე, ოქროსფერ მსხალს შევექცევი. ვხედავ, ხეზე დათვი მობობღავს, თურმე მასაც ყვარებია მსხალი. შევხედე, სიცილისგან თავი ვერ შევიკავე, ძალიან სასაცილოდ მიირთმევდა მსხალს. ტოტიდან პირდაპირ პირით კბეჩდა ნაყოფს, რასაც ვეღარ წვდებოდა, თათებით ექაჩებოდა თავისკენ. თან მეცინება, თან მსხალს ვკბეჩ. მერე სხვა ხეებისკენაც გავემართე. სწორედ მაშინ გადავეყარე წითელ ციყვს, ნაძვის ხის ტოტზე დასკუპებულიყო და გირჩებს მიირთმევდა. - განა გირჩების ჭამა შეიძლება? - ვკითხე გაკვირვებულმა. - როგორ არა, ძალიან გემრიელია, - მიპასუხა ციყვმა. გემო გავუსინჯე გირჩებს, მაგრამ სულაც არ მომეწონა. - შესახედავად ძალიან ლამაზი ხარ, ციყვო, მაგრამ მეტად უცნაური პირისგემო გქონია. - ვუთხარი ციყვს. ყურიც არ გაუბერტყია, ისევ გააგრძელა გირჩების ცმუცვნა. ციყვი იქვე დავტოვე, მე კი ისევ იქითკენ გავწიე, სადაც ხის ტოტები მწიფე ნაყოფებისგან იზნიქებოდნენ. ლამაზებიც არიან და გემრიელებიც, თვალიც სწორედ მათკენ გამირბის.
მოცინარე ხილი
ვხედავ, ხის ტოტზე მოცინარე ხილია, ფართო ფოთლების მიღმა გამოუყვია თავი და იცინის, იცინის, კვდება სიცილით. მხოლოდ მზეს თუ შეუძლია ასე გულიანად გაცინება... მაშინვე გავიწოდე ხელი მისკენ, თან ვფიქრობდი, ნეტავი ხელიდან ხომ არ გამისხლტება მზის სხვების მსგავსად-მეთქი. არსადაც არ გამსხლტომია, მოვწყვიტე, შევჭამე და მეც სიცილი ამიტყდა. იმდენი ვიცინე, სანამ არ ჩავბჟირდი. თურმე ლეღვი ჰქვია ამ მოცინარე ხილს. ვინც მას შეჭამს, აუცილებლად სიცილი აუტყდება. მეც მეტი რა მინდა, განა ცოტანი იცინიან მწვანე ფოთლების მიღმა... ერთი მეორის მიყოლებით ვწყვეტ მწიფე ლეღვებს, მივირთმევ და მერე იმდენს ვიცინი, რომ მეტი აღარ შემიძლია. თანაც რა რბილია, რა ნაზი და გემრიელი... რამდენნაირი ხილი არ მწიფდება სამოთხის ბაღში, რომელი ერთი ჩამოვთვალო... არც გემო აკლიათ, არც სურნელება თუ შესახედაობა, მაგრამ ლეღვი მაინც გამორჩეულია მათ შორის. ჩემი აზრით, ყველაზე გემრიელია მთელ ბაღში. მერე კიდევ, ერთი მითხარით, რომელი ხილი იცინის ასე გულიანად? დაბღვერილ კამეჩს მივართვი მოცინარე ხილი; შეჭამე, იქნებ სიცილი ისწავლო... პირიც არ დააკარა, მიტრიალდა და ზანტად გასწია თავის გზაზე. აი სულელი... სამაგიეროდ ცისფერ ჩხიკვს არ უთქვამს უარი, პირდაპირ ჩემი ხელიდან დაკენკა მწიფე ლეღვი, სიცილით ვერ გაიცინა, მაგრამ ისე გულიანად ამღერდა, მისგან ჯერ რომ არ გამეგონა. მერე კიდევ ვის აღარ გააჯავრა, ცალკე მისი მოსმენაც მაცინებდა... და მთელი სამოთხის ბაღიც იცინოდა ჩვენთან ერთად.
გველი
ერთხელ მოცინარე ხილი ძალიან მაღლა დავინახე, ლამის ხის კენწეროსთან ახლოს. თანაც რა გულიანად მიცინოდა... ასეთი გულიანი სიცილი მგონი აქამდე არც კი მენახა. მაშინვე ავცოცდი ხეზე, ცოტათი გამიძნელდა, მაგრამ ბოლოს მაინც მივწვდი, მოვწყვიტე და შევჭამე, თან ტოტებს ვეჭიდებოდი, რათა იმ სიმაღლიდან არ ჩამოვვარდნილიყავი. - გემრიელია? - ჩამესმა ვიღაცის ჩუმი ხმა. შევკრთი. ეს ხმა არ ჰგავდა არცერთ იმ ხმას, რომელიც კი სამოთხის ბაღში ოდესმე გამეგონა. მოვათვალიერე ხის მწვანე ტოტები. ვხედავ, ერთერთ ტოტს ყოვლად უცნაური არსება ხვართქლასავით შემოხვევია და თვალმოუცილებლად მიყურებს. - ძალიან გემრიელია, - ვამბობ პასუხად, თან უცნაურ არსებას შევყურებ. ნაკადული გამახსენა, ისე უპრიალებდა მთელი ტანი, ერთიანად უცნაური ფორეჯებით იყო მოხატულ-მოკაზმული. თვალები ორ ბნელ ლაქას უგავდა. მგონი გველი უნდა იყოს-მეთქი, ვიფიქრე. ნიავს ბევრჯერ უჭორავია მასზე, ცისფერ ჩხიკვსაც უთქვამს, ერთხელ სისინში გამოაჯავრა. მწვანე ბალახმაც გაიხსენა, გამაფრთხილა, შემთხვევით ფეხი არ დააბიჯოო. ჰოდა, სიცილი დამავიწყდა, ისე დამაფიქრა გველის ხმამ და სიტყვებმა. მაშინ რა ვიცოდი, თურმე არც ისე ხშირად გავიცინებდი მის გვერდით... ისიც კი ვერ მოვისაზრე, მოცინარე ხილი შემეთავაზებინა მისთვის, რათა სიცილი ესწავლა. თუმცა ამით არაფერი დაშავებულა, თვითონვე გაუმასპინძლდა საკუთარ თავს, პირით მისწვდა მწიფე ლეღვს, დიდი სიამოვნებით გადაყლაპა, მერე ისევ მე მომიბრუნდა: - კარგად დაიმახსოვრე ამ ლეღვის გემო, - მეუბნება ისევ იმ ჩუმი ხმით. აი კიდევ ერთი უცნაურობა. რატომ უნდა დავიმახსოვრო, განა მოცინარე ხილი აქვე არაა? სულ რაღაც ერთი ხელის გაწვდენაზეა, თვითონვე მეძახიან თავისკენ, ისე გულიანად იცინიან, თავის თავს თვითონვე შემახსენებენ. მინდოდა მეკითხა გველისთვის ამის შესახებ, მაგრამ მისი კვალიც ვეღარ ვნახე, თვალსა და ხელს შუა გაქრა სადღაც.
დიდი თვალები
ერთ ღამეს დიდხანს ვეთამაშე ვარსკვლავებს, მათი ბრწყინვალე გირლიანდების მრავალნაირობას დასასრული არ უჩანდა. პაწია ცთომილებით რაღაც მეტისმეტად უხვად შემოიჭრნენ ღამეული ცის თაღზე, განუწყვეტლივ მოჰქროდნენ სულ ახალახალი მბრწყინავი გუნდები. ასე მეგონა, მთელი გაჩირაღდნებული ცა მოიწევდა ჩემსკენ. მერე მთვარე ამოვიდა, ვარსკვლავთა ბრწყინვა გაამქრქალა, ზოგიერთი მათგანი კი საერთოდ მიმალა თავისი ნაზი სხივების მიღმა. - რატომ ჩამიშალე თამაში? - ვუსაყვედურე მთვარეს. - არც მიფიქრია, - გაიკვირვა მთვარემ. - აი, რამდენი ვარსკვლავი მიიმალა შენი სხივების წყალობით, მე კი მათთან ძალიან კარგად ვერთობოდი. ხომ ძალიან იდუმალი იერი აქვს მთვარეს, ამჯერად კიდევ უფრო იდუმალი და მრავალმნიშვნელოვანი სახე მიიღო. - სამაგიეროდ ისინი ისევ გითვალთვალებენ, - მითხრა მთვარემ, ერთიანად იდუმალებით აღსავსემ. მე შევეჭვდი. - განა შენი სხივები მათ ხელს არ უშლიან? - არა, არ უშლიან, ყოველთვის კარგად გხედავენ, - ცოტა ხანს გაჩუმდა და მერე დაუმატა, ისე, როგორც უფლის თვალი გხედავსო. ეს სიტყვები კიდევ უფრო მეუცხოვა. - არ მეგონა, თუ ზეციდან კიდევ დამყურებდა ვინმე ციური მნათობების გარდა. მთვარე აღარ გამომეხმაურა, ნისლის პირბადე აიფარა და მიყუჩდა. სამაგიეროდ კარგად ნაცნობი ჩუმი ხმა გაისმა სულ ახლოდან: - უფლის მზერას ხელს ვერაფერი შეუშლის, იგი მთელ ცას მოიცავს. მოვიხედე, ჩემს გვერდით გველი იზლაზნება, თითქოს სველიაო, მთვარის სხივებზე ისე ულაპლაპებს ტანი. არადა, სულ ცოტა ხნის წინ ზუსტად ამ ადგილას არავინაც არ ყოფილა... აი, კიდევ ერთი იდუმალი არსება. - ვერც მზე შეუშლის, ვერც მთვარე და ვარსკვლავები? - ვკითხე მე. - მზე, მთვარე და ვარსკვლავები უფლის მზერის უმცირესი ნაწილია მხოლოდ... - რა დიდი თვალები ჰქონია უფალს, - გამიკვირდა მე.
ციცინათელები
თამაში ციცინათელებსაც ძალიან უყვართ. რა ოინს აღარ იგონებენ, ოღონდ კი ძილი არ გამახსენდეს და მათთან ვითამაშო. ხან მანათობელი ნაპერწკლებივით დაფარფატებენ ჩემს ირგვლივ, ხან უცნაურ ცეცხლოვან რკალებს ავლებენ ღამის სიბნელეში და შორიდან მიწვევენ, აბა თუ დაგვიჭერო. მეც დავდევ ხან ერთს, ხან მეორეს და ხელებს მანათობელი ნაპერწკლებით ვივსებ. მერე მაღლა აიჭრებიან ციცინათელები, ვარსკვლავებს ეჯიბრებიან, აბა ვინ უფრო ლამაზ სხივოსან გირლიანდებს მოჰქარგავს ღამეულ ცაზეო. შევყურებ და აღარ ვიცი, რომელს ვუქცირო... ყველაზე უფრო ის მომწონს, მანათობელ ხალიჩას რომ ქარგავენ ჩამუქებულ მოლზე. ისეთი კარგები არიან, ისეთი ლამაზები, რომ მინდა სულ ვუყურო, მაგრამ ბოლოს მაინც ძილი მძლევს და თვალები თავისთავად მეხუჭება... თუმცა ერთ ღამეს მეტისმეტად გამიტაცა ციცინათელებთან თამაშმა და ძილი სრულებით გადამავიწყდა. მათაც მეტი რა უნდოდათ, გუნდგუნდად დაფარფატებდნენ ჩემს ირგვლივ, ბრწყინვალე ნაპერწკლების ციმციმს ბოლო არ უჩანდა. უცბად ვხედავ, ნელნელა გაფერმკრთალდნენ ციცინათელები, მიმქრალი ნაპერწკლებივით იწყეს ბჟუტვა. ნეტავი რა ემართებათ-მეთქი, გამიკვირდა. თურმე განთიადი წამოგვპარვოდა. მალე მზეც გამოჩნდა, ცისკიდურს მიღმა ამოიწვერა. - მზეო, ნუ ჩქარობ ამოსვლას, - ვთხოვე მზეს. არ მეთმობოდა ციცინათელებთან თამაში. მზემ არ გამიგონა, მაინც ამოვიდა და სრულებით დაუკარგა ფერი ციცინათელებს. მათი ნათება ახლა სულ აღარ ჩანდა... არაფერია, საღამო ხანს ისევ აკიაფდებიან...
მაფშალია
რამდენი ფრთახატულა ჩიტია სამოთხის ბაღში... რა ლამაზები არიან, რა საამურად გალობენ, თითქოს საგანგებოდ მოიყრიან ხოლმე თავს, კოპწია კისრებს მოიღერებენ და გალობენ, გალობენ... მათი მოსმენა ძალიან მიხარია. ნიავიც მიმოქრის, მთელ ბაღში დააქვს გალობის ხმები. - ყველაზე უკეთესად მაფშალია გალობს, - თითქოს სხვათაშორის ჩამჩურჩულა ყურში ნიავმა ერთხელ. - რომელია მაფშალია? - ვკითხე ნიავს მაშინვე. როგორც აღმოჩნდა, თურმე მათ შორის იმ დროს არ ყოფილა მაფშალია, თავის ბარტყებს უგალობდა ბაღის სულ სხვა მხარეს. გულში ჩამრჩა ნიავის სიტყვები. ვთხოვე, აუცილებლად შემატყობინე, როცა მაფშალია მოიცლის ჩვენთვისაც-მეთქი. დადგა ნანატრი დღე; ნიავმა პაწია, მოყავისფრო ჩიტუნიაზე მიმანიშნა, ესაა მაფშალიაო. ცოტათი გული გამიტყდა, უფერულად გამოიყურებოდა ფერადოვანი ჩიტების გუნდში. მაგრამ... როგორ შეიცვალა ყველაფერი, როდესაც ამ პაწია ჩიტუნიამ ნისკარტი გააღო და ამღერდა... ერთბაშად ყველაფერმა ფერი იცვალა. თითქოს სამოთხის ბაღს მხოლოდ მზე აღარ ანათებდა, რაღაც სხვა შუქიც მოეფინა, ამ შუქის წყალობით უფრო ახასხასდნენ ყვავილები, ფოთლები აუელვარდათ მწვანე ხეებს, ტოტებს თითქოს საცეკვაოდ იწვევდნენ, მზეც უფრო სხივმოსილად გაბწყინდა, თეთრი ღრუბლები ცის ლურჯ თაღზე გაირინდნენ, ცრემლებიც კი წასკდათ მეტი სიხარულისგან. მე კი მიხაროდა, ისე მიხაროდა, რომ გული მკერდში აღარ მეტეოდა, რაც ნიავს არ გამოპარვია. - მე რას გეუბნობდი? - ჩამჩურჩულა ყურში. - მართალი ხარ, - ვთქვი მე, - მაფშალია ყველაზე უკეთესად გალობს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. :) ეს გვერდიც მიყვარს და ეს ავტორიც. ხანგრძლივი სიცოცხლე და ბედნიერება თქვენ!
5 ქულაც. :)
:) ეს გვერდიც მიყვარს და ეს ავტორიც. ხანგრძლივი სიცოცხლე და ბედნიერება თქვენ!
5 ქულაც. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|