ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
30 ნოემბერი, 2016


ნუ გეშინია შეცდომების

სულო, ნუ გეშინია შეცდომების დაშვების,
რაც არდასაშვებია, არ დაუშვებს უფალი.
განა ბედნიერები არ არიან ბავშვები,
ასჯერ გაზომვისაგან ასე თავისუფალნი?!

შენ კი მუდამ შფოთში ხარ,
ჩირთი-ფირთობ,
მუშაკობ,
ზომავ,
წონი,
ადარებ,
ეჰეეეი..., სულო..., დაიცაააა!..
არ იცი, რომ ტყუილად ფხიზლობს ღამის გუშაგი,
თუკი ქალაქს მტერისგან, თავად ღმერთი არ იცავს?!

ჰოდა, მოდი უბრალოდ სინდისის ხმას მიენდე,
ყური იმას დაუგდე, გული რას გიკარნახებს,
შეიყვარე, გწამდეს და არ დაკარგო იმედი,
დანარჩენს კი ცხოვრება, მომავალი განახებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები