ავტორი: მარი მემანიშვილი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 18 დეკემბერი, 2016
მიმოზის ხე
დათუჩას გაეღვიძა , ოთახში არავინ იყო. ოთახებში სიარულს, ფანჯრიდან გახედვა ამჯობინა. საწოლიდან ფანჯარაზე აბობღდა. წინა ღამით ფანჯრიდან მაშხალები ანათებდა ცას. ფანჯარა ღია იყო, მაგრამ ბადე ჰქონდა აკრული. ბავშვმა ღიღინი დაიწყო... სამზარეულოში მოფუსფუსე დედას ხმა რომ მოესმა, გაეღიმა და წუთით საქმე გააგრძელა. იმ დღეს დათუჩას დაბადების დღე ჰქონდა. ორი დეკემბერი იდგა. დათუჩასთვის ოქროს დაბადების დღე.. ორი წლის ხდებოდა ნანატრი ბიჭი. საღამოს სტუმრებს ელოდნენ...
სახლის უკან მიმოზის ხე იდგა. შემოდგომამ ფოთლებისგან სრულად გაცალა, მისი ლამაზი ყვავილები ხის ძირში სქლად ეფინა. ხეს ტოტები ამაყად გაეჩაჩხა და დროებით ჩამომხდარ თოვლის ფიფქებს მასპინძლობდა ხოლმე.
მამაკაცი ცოლთან ერთად მაღაზიაში მიდიოდა...ცივი დღე იდგა, უცებ ზემოდან ხმაურმა შეძრა კაცი. მეცხრე სართულიდან ანგელოზი მოფრინავდა, წინ ბადე ჰქონდა აფარებული და დაბლა ეშვებოდა. ბადე ჯერ თოკს გამოედო, მერე მიმოზის ტოტებს...
ბავშვი მხოლოდ რამდენიმე წამით შეეხო მიწას. დანარჩენზე მამაკაცმა იზრუნა. შეშინებულმა დედამ ფანჯრიდან რომ გადაიხედა, ბავშვი აღარსად იყო. იმედი მოეცა და ოთახებში დაუწყო ძებნა...
დღეს დათუჩა უკვე ორი წლის და თექვსმეტი დღისაა... მიმოზის ხე ისევ ძალიან ამაყია, ულამაზესი ოჯახის წამიერი შეცდომა, უბედურებად რომ არ გადაუქცია.