ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
13 დეკემბერი, 2016


აუხსნელი ქარაგმა (გაგრძელება)

ორნი



  ადამმა ერთხანს გადაივიწყა ქვების სროლა და ხეებზე ჯოხების ბრახაბრუხი, რითაც თავს ირთობდა ხოლმე, ფრინველების მიბაძვა მოსწონს. თან როგორც ვატყობ, ჩემთან ერთად ურჩევნია ამ ახალი თამაშით გართობა. დამინახავს თუ არა, მაშინვე ხელებს ფართოდ გაშლის და ჩამოუვლის, აქაოდა ფრინველი ვარო. მეც ძალიან მომწონს ეს თამაში, არ მბეზრდება... და აი ასე ხელებგაშლილები დავფარფატებთ სამოთხის ბაღში. სამოთხის ბაღის ყველა მკვიდრი ჩვენ შემოგვხარის, და თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ ორივენი.
მერე სხვა გასართობიც მოვიფიქრეთ (აბა სანამდე უნდა გვეფარფატა ფრინველებივით ხელებგაშლილებს?), მე გამახსენდა, როგორ ვეთამაშებოდი მზეს დამალობანას და ადამს შევთავაზე, დამალობანა ჩვენც ვითამაშოთ-მეთქი. ადამმა მკითხა, როგორი თამაშიაო.
მე ავუხსენი) - ერთერთი ჩვენგანი უნდა დაიმალოს, ისე როგორც მზე იმალება ღრუბლებს იქით, მეორემ კი უნდა მოძებნოს.
სიტყვა დამთავრებული არ მქონდა, რომ ადამი გაიქცა და დაიმალა, არც კი დაუცადა, სანამ თვალებს დავხუჭავდი. ჰოდა, მეც სულ ადვილად მოვძებნე იგი, თან ჩუმჩუმად მეცინებოდა მის სულსწრაფობაზე.
  - ახლა კი მე დავიმალები, შენ თვალები დახუჭე, - ვეუბნები ადამს.
  - რატომ მაშინვე არ მითხარი?
  - როდი მაცალე, უკანმოუხედავად გაიქეცი.
  თითქოს გაბრაზება დააპირა, მაგრამ ეტყობა ძალიან უნდოდა ამ ახალი თამაშით გართობა, თვალები მაინც დახუჭა. მეც დავიმალე. ადამმა თვალები გაახილა, დიდხანს მეძება, მაგრამ ვერ მიპოვა. რას მიპოვიდა; ისეთ გაბარდულ ბუჩქებში შევძვერი, ტანზეც მწვანე ფოთლები შემოვიხვიე.
  - ჭიტა! - დავუძახე ადამს და ბუჩქებიდან გამოვძვერი. შემომხედა, ძალიან დაბნეული სახე ჰქონდა.
ასე რამდენჯერმე განმეორდა, ადამმა ვერა და ვერ მიპოვა.
  - ახლა კი მე დავხუჭავ თვალებს და შენ დაიმალე, - დავრთე ადამს დამალვის ნება. ისიც მაშინვე გაიქცა და დაიმალა. მე ახლაც სულ ადვილად ვიპოვე იგი, მის ფეხის ხმას მივაყურადე. ისეთი ხმაურით და ბრაგაბრუგით დარბის, თითქოს კამეჩი დაკუნტრუშებსო, მე კი ვცდილობ ბალახიც კი არ შევარხიო ჩემი ნაფეხურებით. ჰოდა ახლა ძალიან გამომადგა. არა, დამალობანას თამაშში ადამი ნამდვილად ვერ მაჯობებს.



                    ადამი ისევ ძველი ადამია







    მე და ადამმა დაჭერობანა ვითამაშეთ. აი ეს კი კარგად გამოსდის, რადგან ძალიან სწრაფად დარბის. აბა რა იქნება, სულდგმული არ დარჩენილა სამოთხის ბაღში, სირბილში რომ არ გაჯიბრებოდა. სულ ადვილად დამიჭირა, როცა პირველად გამომიდგა, მე კი ძალიან გამიძნელდა მისი დაჭერა. თუმცა მერე მეც მოვახერხე რაღაც... გზა მოვუჭერი და წინ დავხვდი, როცა თვითონ თვალაბმულივით წინ მიჰქროდა, ოღონდ სწრაფად ერბინა, სხვაზე აღარაფერზე ფიქრობდა. მერე კიდევ, როცა თვითონ გამომიდგა დასაჭერად, დროზე ვუგანე და გვერდზე გავხტი. ადამმა თავი ვერ შეიმაგრა, თავდაყირა გადაეშვა ეკლებში. მე სიცილი ამიტყდა. ძალიან გაბრაზდა ადამი, იმდენი მდია, ბოლოს მაინც დამიჭირა და თმებში ხელი ჩამავლო, ეკლების ამბავი სულაც არ ყოფილა ჩემი ბრალი, ამაზე წინდაწინ არ მიფიქრია. ასედაც ვუთხარი ადამს, მაგრამ ვინ გაგიგონა. ისე მაგრად მომქაჩა თმები, სიმწრისგან ცრემლები გადმომცვივდა, ძლივს დავუძვერი ხელიდან.
  - შენთან აღარასოდეს ვითამაშებ, - ვუთხარი ადამს, გავიქეცი და ბუჩქებში დავიმალე. იქ ნამდვილად ვერ მომძებნიდა, მე კი ,,ჭიტას~ დაძახებას აღარ ვაპირებდი. ადამის ნაცვლად ცისფერმა ჩხიკვმა მომძებნა, ტოტზე შემოჯდა და ტკბილად აღუღუნდა. მწარედ გულნატკენს ძალიან მესიამოვნა ცისფერი ჩხიკვის ხმის გაგონება. დავაპირე მისთვის მეამბნა ჩემი თავგადასავალი, რაც ადამთან თამაშისას გადამხდა. გამაჩუმა, ისედაც ყველაფერი ვიციო. მერე მხარზე დამასკუპდა, ფერადოვანი ფრთებით მომეფერა, რა გულისხმიერია ცისფერი ჩხიკვი, თანაც რა ლამაზია. მასთან შეიძლება დაუსრულებლად ვითამაშო, ადამთან კი არასოდეს აღარ ვითამაშებ.
  მერე კი აი რა მოხდა: ადამს მოენატრა ჩემთან თამაში, მომძებნა და მითხრა, ისევ ვითამაშოთო. უარზე ვიყავი, გავახსენე თმები როგორ მომქაჩა. შემპირდა მეტს აღარ ვიზამო. თუ ასეა, მაშინ შეიძლება-მეთქი. ჰოდა, ვითამაშეთ, მართლაც კარგად გავერთეთ. ადამმა ისწავლა დამალობანას თამაში, მეც შევეჩვიე უფრო სწრაფად სირბილს. ვთამაშობთ, დროს მშვენივრად ვატარებთ, მერე კი დაღლილები ერთად ვისვენებთ მწვანედ მობიბინე მოლზე, მივირთმევთ ნაირნაირ მწიფე ხილს, რომელიც ძალიან გემრიელი მეჩვენება ამდენი სირბილის მერე. ადამის გარეშე ალბათ მოვიწყენდი, მგონი ადამიც ასე ფიქრობს.



                      ადამს ისევ გავებუტე



  სულ ტყუილად მეგონა, უჩემოდ მოიწყენდა ადამი, რომ თითქოს რაიმედ უღირდა ჩემთან თამაში. არა, ასეთ რამეებზე ფიქრით საერთოდ არ იტკიებს თავს, სრულიად მოულოდნელად ჩაშლის ხოლმე თამაშს. თანაც რისთვის? სულ არაფრისთვის. იმ დღეს დაჭერობანას თამაშის დროს კურდღელი გამოხტა ბუჩქებიდან. მაშინვე იმას გაეკიდა, მე საერთოდ არ გავხსენებივარ. დამალობანას თამაშის დროს კიდევ თურმე წითელ ციყვს მოჰკრა თვალი. მთელი დღე იმის ძებნაში დააღამა, სანამ ბოლოს მაინც არ იპოვა მაღალ ხეზე ფუღუროში შემძვრალი, მე კი ბუჩქებში საიმედოდ დამალული ვიჯექი და ველოდი, როდის მომძებნის-მეთქი.
  - იცოდე, გაგებუტები, - ვემუქრები ასეთ დროს ადამს. მაინცდამაინც არც ამაზე ფიქრით იწუხებს თავს, ნეტავი მაცოდინა, ეს ყმაწვილი რაიმეზე თუ ფიქრობს საერთოდ? სანამდე უნდა ირბინოს ასე უთავბოლოდ...
არადა, სათვალავი აღარ აქვს, იმდენჯერ გავებუტე და იმდენჯერ შევრიგდით. რაც არ უნდა გაბრაზებული იყო, რაღაცას ისეთს მოიგონებს, მაინც წამძლევს სული სათამაშოდ, მერე კი ყველაფერი თავიდან იწყება.



                        გველის ტყავი



  ისევ შევესწარი (ვინ იცის, მერამდენედ), გველის ტყავის გამოცვლას. ასეთ დროს სხვა ყველაფერი მავიწყდება, მოშორებით ვზივარ და ვუყურებ, თუ როგორ ნელნელა მოცოცავს ჭრელი ტყავი, ნელნელა სცილდება გველის სხეულს. გველი წევს თვალებდანისლული. ხანდახან ნელა გაიკლაკნება ხოლმე, ჭრელი ტყავიც ადგილს ინაცვლებს, კვლავ გადაცოცდება სულ ცოტათი.
  მერე კი, ერთი ძლიერი გაკლაკვნა და გველი ამოსხლტება საკუთარი ტყავიდან. იქვე მის გვერდით მიწვება, თითქოს ორი გველიაო.
  ფრთხილად ვიღებ ხელში გველის ძველ ტყავს (გველი ჯერ ისევ ცუდ ხასიათზეა), აღარ ვცდილობ მასში ჩაძრომას, უკვე ვიცი, რომ ეს შეუძლებელია, არადა მომწონს. ლამაზია, ჭრელი, თანაც ეს სიჭრელე ხომ საოცარი ქარაგმებითაა მოქართული და შექმნილი. იქნებ ახლა მაინც შევძლო მათი ამოცნობა...
  ახლაც ამაოდ ვცდილობ ამ ქარაგმების ამოცნობას. ყოველთვის ამოუცნობია გველის ტყავზე დახატული ქარაგმები, ახლოს იქნებიან გველის სხეულთან თუ შორს...



                              კამათი



  მე და ადამი წავკამათდით.
  - მე ყოველთვის ვიყავი და ყოველთვის ვიქნები, - ვთქვი ერთ მშვენიერ დღეს. ასეთი აზრი პატარა დავიწყების შემდეგ გამიჩნდა. თუკი სამოთხის ბაღი დამავიწყდა, ხომ შეიძლება საკუთარი თავიც დამავიწყდეს-მეთქი, ასე ვფიქრობდი. თანაც ისე დამავიწყდეს, რომ აღარც კი გამახსენდეს. ამიტომ რაც შეიძლება ხშირად უნდა გავიხსენო საკუთარი თავი. უნდა გავიხსენო, რომ მე, ეს მე ვარ და სხვა არავინ.
ადამი ყირაზე იდგა, საკუთარ მკლავებზე დანდობილი. თავდაყირა მიყურებდა და თითქოს არცკი მისმენდა. ეს ამბავი არც ისე დიდად მაწუხებდა, ჩემი სათქმელი ვთქვი და ამაზე ლაპარაკს მეტად აღარ ვაპირებდი. უცბად ადამმა თქვა:
  - არა, ეს მე ვიყავი ყოველთვის და ყოველთვის ვიქნები.
ერთი უყურე, რა აზრები დაფათურობს ამის დაბღოტილ თავში, თმაც ერთიანად გაჩეჩილი აქვს, იმდენს დარბის ეკალბარდებში. ყოველთვის ყოფნა მოუნდომებია...
  - შენ კი არა, მე ვიყავი ყოველთვის და ვიქნები, - უფრო ხმამაღლა ვთქვი მე. არც ადამი ჩამომრჩა, ყირაზე დგომას შეეშვა, სწორად დადგა ორივე ფეხზე და რაც შეეძლო აყვირდა, ვიყავი და ვიქნები კიდევაცო. ასე კარგა ხანს გაგრძელდა, არცერთმა არ დავიხიეთ უკან.
  სხვა გამოსავალი აღარ იყო, შევურიგდი სამოთხის ბაღში ადამის მუდმივად ყოფნას, და უცბად ერთმა აზრმა გამიელვა:
  - სულ პირველად მაიც მე ვიყავი, - ვთქვი ნიშნისმოგებით.
  არც ამაზე დამეთანხმა ადამი.
  - შენ კი არა, მე ვიყავი სულ პირველდ, - თქვა თავდაჯერებულად.
  - როდესაც მე მზეს დამალობანას ვეთამაშებოდი, იქ შენი ჭაჭანებაც აი იყო, - ვუთხარი და თან ენა გამოვუყავი.
  - როდესაც კურდღელს პირველად გამოვეკიდე, იქ არც შენი გაბურძგნილი თავისთვის მომიკრავს თვალი, - თქვა ადამმა.
ეს მართლაც მეტისმეტი თავხედობა იყო და ძალიან გავბრაზდი.
  - მე ვიყავი სულ პირველად, - ვიყვირე ხმამაღლა რაც შემეძლო, - ამაში მთელი სამოთხის ბაღი დამემოწმება.
  - შენ კი არა, მე ვიყავი სულ პირველად, ეს მთელმა სამოთხის ბაღმა იცის, - თავის მხრივ ადამმაც იყვირა.
  არც მე გავჩუმუბულვარ, ხმას კიდევ უფრო ავუწიე. არ მინდოდა პირველობა დამეთმო. არც ადამს მოსვლია აზრად გაჩუმება და პირველობის დათმობა. რაც კი შეგვეძლო, ხმას ვუწევდით, ვცდილობდით ერთმანეთისთვის ყვირილში გვეჯობნა: შენ კი არა, მე ვიყავი, მე, მე, მე... მთელი ხმით გავიძახოდით, თან ხის ირგვლივ დავრბოდით. ის სულელი ადამი ჩემი თმების მოქაჩვას ცდილობდა, მე კიდევ ფრჩხილებით ვემუქრებოდი, თან გავრბოდი. და უცბად:
  - მეეე... - გაისმა სულ ახლოდან.
მოვიხედეთ, ბეკეკა შეგვრჩა ხელში, გვიყურებდა, კიკინებდა და წვერებს აცანცარებდა. იმ სულელმა ადამაა, არ ვიცი, როგორ გაიგო თხის კიკინი, რა იფიქრა, იქნებ ეგონა დამცინისო, მე თავი გამანება და ახლა იმას გამოუდგა. ბეკეკაც გაიქცა. მე ტბორისკენ გავემართე, ჩავიხედე კამკამა წყლის სარკეში. თმა თითებით მოვილამაზე. ადამი დიდი ტუტუცია, მაგრამ მაინც არ მესიამოვნა გაჩეჩილი რომ დამიძახა.
რა თქმა უნდა, მე ვიყავი პირველდ, ბეკეკამაც მე შემაწია სიტყვა, ადამი? არ ვიცი, არ მახსოვს, სადმე დამენახოს იმ პირველ დღეებში. იქნებ ხეზე იყო ამძვრალი... აი კიდევ ერთი დავიწყება. ამას რაღა დავარქვა, კარგი თუ ცუდი? არც ეს ვიცი.



                            ტირიფის გულისნადები



  ყვავილებმა მითხრეს, ტირიფი ძალიან ნაღვლობსო. იმდენი იტირა, ლამის ცრემლებად დაიღვარაო.
  - რაზე ნაღვლობს ასე ძალიან? - გამიკვირდა მე.
  თურმე ნუ იტყვით, ნიავს მიუტანია მისთვის ჩემი სიტყვები, აუცილებლად ვნახავ ტირიფს და გავამხიარულებო.
  ვინახულე ტირიფი, მოვეფერე აბრეშუმივით რბილ, ნაზ ტოტებზე. დიდად ვერ გავამხიარულე, თავის ცნობილ სევდიან იერს აბა როგორ შეელევა... მაგრამ შევატყე, დიდად ნასიამოვნები დარჩა. თავისი რბილი ტოტები მხრებზე დალალებივით დამაფინა და შენი დიდად მადლიერი ვარო, ჩუმად ჩაიშრიალა. ხმაც ისეთივე ნაზი და სათუთი აქვს, როგორც იერი. ჩემი მხრით, მე თვითონვე ვიყავი მისი დიდად მადლიერი, ასული გულთბილი დახვედრისთვის.
  რა კარგია, რომ სამოთხის ბაღში არცერთ სულდგმულს არ ავიწყდება მადლიერება. ამის წყალობით ყვავილობს აქ ყველაფერი ცინცხლად და ლამაზად. ალბათ ყველაზე ცუდი დავიწყება სწორედ ის იქნება. თუ მადლიერება დაავიწყდათ.



                        ადამი და ცეცხლი

 
     
  ადამი კიდევ უფრო მოუსვენარი გახდა. გაგიკვირდება, ისეთ უცნაურ რამეებს გამოიგონებს ხოლმე. ამას წინათ დავინახე, ქვას ქვაზე ურტყამდა, ამის წყალობით ნაპერწკლები ჩნდებოდნენ და ადამს ეს რატომღაც ძალიან უხაროდა.
  - აღარ უნდა მოიშალო ქვებით თამაში? - ვუსაყვედურე მე. მინდოდა რაიმე სხვა გვეთამაშა, დამალობანა, ანდა თუნდაც დაჭერობანა. ყურიც არ მათხოვა. პირიქით, უფრო გამეტებით დასცხო ქვა ქვაზე, ნაპერწკლების ნამდვილი ნიაღვარი დააყენა. ჰოდა, გააჩინეს კიდეც ცეცხლი იმ ნაპერწკლებმა. ჯერ ძირს დაცვენილი ხმელი ფოთლები აბრიალდნენ, მერე ახლომყოფი ბუჩქიც აალდა.
  მე შემეშინდა, უკან დავიხიე. თავდაპირველად ადამიც შეკრთა, ისიც განზე გადგა, თვალდაჭყეტილი შეჰყურებდა ცეცხლს. ნელნელა შეაჩვია თვალი, ირგვლივ შემოუარა, სახეზე გაოცება ეწერა. უცბად უკან დაიხია, გამოქანდა და აბრიალებულ ცეცხლს გადაახტა.
  სახტად დავრჩი, ასეთ სისულელეს ადამიანისგანაც კი არ მოველოდი. ერთი ესღა აკლდა, ცეცხლთან თამაში დაეწყო.
ის კი, ახლა შენ გადაახტი ცეცხლსო, მეუბნება.
მე ვიუარე, ასეთი თამაში არ მომწონსმეთქი.
  - სულ ადვილია, აი შეხედე, - მეუბნება ადამი. ისევ გამოქანდა და გადაახტა ცეცხლს.
  მე ისევ უარზე ვიყავი. ადამი კი გადახტი, გადახტიო, არ მეშვებოდა. სჯობია აქაურობას გავეცალომეთქი, ვიფიქრე და გამოვტრიალდი წამოსასვლელად. ორი ნაბიჯიც არ გადამედგა, გამწარებული ყვირილი მომესმა. მოვიხედე, ადამი ტკივილისგან იკლაკნება, თურმე წონასწორობა დაკარგა და გამოქანებული ჩავარდნილიყო ცეცხლში. აბა რა ეგონა, ცეცხლს რომ ეთამაშებოდა...
  წარბები და თმები ერთიანად შეტრუსოდა, ძალიან სასაცილო იყო. თან მეცოდებოდა, თან მეცინებოდა. პირს ვარიდებდი და ისევ ვიცინოდი, რათა არ გამებრაზებინა ტკივილისგან ისედაც შეწუხებული ადამი.
    ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ადამი ცეცხლთან აღარ ითამაშებდა. და რა გგონიათ? ჯერ თმები წესიეარდ არც კი ამოსვლოდა დამწვარზე, ისევ დავინახე ცეცხლთან მოთამაშე.
მთელ სამოთხის ბაღში არავინ შემხვედრია ასეთი მოუსვენარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები