 | ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა 14 იანვარი, 2017 |
კედლამდე - მშენებელი. ვაშენოთ კედელი და შემდეგ კედელთან... *** კედლამდე იყო და... ყოველთვის იქნება გზა კედლამდე. არა იყო... გზა, რომელიც კედლამდე არ მიდის. იყო ერთიც და არის ოთხიც. არის პირამიდა და არის ცილინდრი, მაგრამ არ არის სფერო კედლებით სადაც თავისუფლებაა... თავისუფლებას კედელთან გართმევენ. კედლამდე იყო სხვა კედელი, ის რომელიც ვერ შეიქმნა დაბრკოლებად და ის დარჩა როგორც - კედლამდე წარსული... სხვა კედელი ზურგს უკანა კედელია - ის სხვა ფერისაა და მხოლოდ მაშინ იცვლის ფერს როცა გოდების ან შველის ხმა ისმის შორეული მომავლიდან. კედლამდე იყო მღვიმე- ქვაბული და იყო წყალიც მღვიმე-ქვაბულში. იყვნენ ადამიანები - ღმერთამდე მყოფნი და „ევოლუციამ“ ისინი აქცია ღმერთის შემდეგ ცხოვლებად, რომლებიც ერთხელ მღვიმე-ქვაბულის წყლებმა წალეკეს. და ჰოი საოცრებავ, რომ კვლავ, ცხოველებთან ერთად იხსნა ციდან დაშვებულმა კედელმა! წვიმა შეწყდა კედლის ორივე მხარეს! წყლები დაბრუნდნენ მღვიმეებსა და ქვაბულებში. მხოლოდ ცხოველნი შერჩნენ, ზემოთ... *** კედელი იანუსი ზე-აღმართული კედელი... არა მედლის, არამედ კედლის ორი მხარე. ზურგსუკანა კედელი... გარდი-გარდმო, იმერ-ამერი, აქეთ-იქით. წინ-უკან. მიდი-მოვდივარ... კედელი - თავიდან სუფთა: ქვითკირის, ქვიშის, აგურის ან სულაც ხის, მაგრამ შემდეგ მუდამ სახეცვლილი. სხვადასხვა სახის კედელთან დგომა ან იძულება დგომის, ეს განაპირობებს პოზას, ასევე მასთან დგომისას. თუ პირისპირ დგები კედელთან ხვდები მხოლოდ ორ რამეს: სიძულვილს შენს ან სხვის მიმართ და სიყვარულს კვლავ შენს ან სხვისი მიმართ. ასევე ორი კითხვა, რომელიც დაისმის მარტო კედელთან, ესენია: ვინ და რა? რაც შეეხება კითხვას, რატომ? ის მუდმივად მეძებარ ძაღლს ჰგავს, რომლის გმირი ამ ნოველაში არ იყეფება. ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ჯერ კიდევ ლეკვია, უკუდო ლეკვი, მეტად საყვარელი ყავისფერი თვალებით. ალბათ ნაადრევად სწვდა ვინმე მის კუდს და.... განა იფიქრებდა, რომ მას მალე კედელთან მოუწევდა დგომა მონადირის პირისპირ, როგორც დაუმორჩილებელს და მყეფარა კატების რისხვას? *** ამ ნოველის გმირი რომელიც ლეკვია, სკოლის მოწაფეა, სტუდენტია და შემდეგ წარუმატებელი, უიღბლო, კეთილშობილი ტიპი და ამავე დროს დისიდენტი, რომელიც სკოლის საპირფარეშოშიც დადიოდა, სადაც ოთხივე კედელი - ათასი სისულელით იყო აჭრელებული. განსაკუთრებით ნახატების თვალიერება იტაცებდა, არც თავად ერიდებოდა იგივე ზომისა და ფორმის ფალოსის დახატვას გულის ფორმაში ისრის ნაცვლად. სკოლის შემდეგ სხვა კედლებს აყოლებდა-ხოლმე თვალს და კითხულობდა: „ბოზო დამირეკე - 666 667 შენი ეშმაკი“ „რქიანო გამაძღე!“ „ნინო მიყვარხარ!“ „ბაჩის + ელენე = ♥“ „ბოთე, შენ ჩემი მოსე ხარ!“ „დღეს იქნებ შემოხვიდე ჩემთან, ფეისზე და ვისაუბროთ.“ „იქნებ დამაჩექინოთ ვინმემ?“ - ამ უკანასკნელს ალბათ მარტოობა აწუხებს ან ერთ დღიანი ჩავარდნა აქვს და ნერვიულობს. „ჩვენი მომავალი - გლობალლენდია!“ „სოხუმი - ჩემი იერუსალიმია!“ – „ვინც ამ უკანასკნელს წერდა, საინტერესოა მისთვის საქართველო რა იქნებოდა? ალბათ ასე იტყოდა: საქართველო - ჩემი მექაა!“ - ფიქრობდა უკვე სტუდენტი, რომელიც თვალების ფშვნეტას შეეჩვია. უბრალოდ ჩვრის ტარებას არჩია ფშვნეტა. ამ ნოველის სხვადასხვა კედლის შვილს, უცვლელი მხოლოდ ერთი რამ ჰქონდა - „იარაღი“. *** კედელთან ამ ნოველის უკვე მხცოვანი გმირი - შემსხვრეული გულ-მკერდით, დაგრეხილი ხელებით და სხვისი ფეხებით დგას... კედელთან! სადაც დაუხატავთ: დგანან: ლეკვი პირაკრული, კატა ძაღლის კბილებით და ხმით, მოჭრილი კუდი, პიონერი წიგნებით ხელში, სტუდენტი ბაირაღით და მოხუცი ბორკილებით. სხედან: ეშმაკი, ფალოსი, გული და ჯვარი. მისი სასჯელი სამუდამოა - კედელთან დგომა! ჯალათნი ცვლის რეჟიმში მუშაობენ. მათი სასჯელიც სამუდამოა. *** არადა ამ ნოველის გმირი არ არის გმირი, ის მხოლოდ ნაცვალსახელია!
გიგო რიონელი 9 იანვარი 2017 წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|