 | ავტორი: შვიდიანი ჟანრი: პროზა 7 თებერვალი, 2017 |
სამი ვერსია ვერსია 1 ჩრდილები ფეხშიშველი მივდივარ სადღაც. არ ვიცი. არა, არ ვიცი - სად. მინდა კი, რომ ვიცოდე? ვგრძნობ, როგორ მისისხლიანდება ტერფები, როგორ მიუხეშდება კანი და სიცივე, რომელიც მიწაზე გამეფებულა, ფეხის ფრჩხილებიდან შემოდის და მთელ სხეულს ედება. ვკანკალებ. არ ვიცი, სად მივდივარ და სწრაფად მინდა, რომ დავბრუნდე სახლში. ცხელ აბაზანაში ჩავწვე და… ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდეს. არ შემიძლია. მივდივარ. მტკივა. ვკანკალებ. და ყველაზე უარესი - დაბნეული ვარ. განა არსებობს იმაზე უარესი შეგრძნება, ვიდრე იცოდე რაღაც, რაც არ იცი? ვხვდები. გონებაში ელვასავით იჭრება უაზრო შეგრძნება, რომ რაღაცას ვხვდები, მაგრამ რას? სად მივდივარ? ეს ხალხი, ეს ნისლჩამდგარი ქუჩა. არავინაა აქ, მიუხედავად იმისა, რომ სილუეტები მოძრაობენ. ჰო, არავინაა ისეთი, ვისაც გავაჩერებ და ვკითხავ: - ქალბატონო, სად ვარ? რადგან აქ დაძრწიან სილუეტები. არა - ადამიანები. არა - ქალები. არა - კაცები. იქნებ მეც სილუეტი ვარ? იქნებ სიზმარს ასე ცხადად ვგრძნობ? არა, არ მჯერა, რომ შეიძლება ასე გტკიოდეს და გეძინოს, ასე დაბნეული იყო და სიზმარში. ცხადია, ოღონდ არ ვიცი, როგორი ცხადი. იქნებ სიზმარს მოვტაცე ეს ნაწილი? და სად წავიყვანე? აქ როგორ აღმოვჩნდი? ისევ დავიბენი. ამ წამს, როცა მგონია ვგრძნობ ყველაფერს, ვერაფერს ვიგებ, ვერაფერს ვუშვებ ჩემში. გონება აიგნორებს ყველა შანსს - მივხვდე. სად ვარ? სად მივდივარ? ეს შენობები, ეს ნატიფი ფასადები, ეს ფერადი ასფალტი, ცისარტყელისფერებად რომ გადაბნევია ნავთის წვეთები… სად ვარ? აქ არასდროს ვყოფილვარ. აქ არასდროს მიცდია ყოფნა. გამოფხიზლდი. სილუეტს ხელს ვუშვერ. მინდა დავიჭირო. ქალია, მოკლედ აქვს შეჭრილი თმა. სხვა ვერაფერს ვარჩევ. თითქოს ჩრდილია. ხელს მასში ვატარებ. ვერ ვწვდები. - ქალბატონო! პასუხი არ არის. - ბატონო! მეორე სილუეტისკენ ვიშვერ ხელს და იქაც იგივე. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩრდილებს ვეთამაშები. ყურში ჩურჩულით წარმოთქმული სიტყვები მწვდება. ნელა ეხება აპკს და ჩამესმის: - იარე. არც ბრძანებაა, არც თხოვნა. სადღაც შუაშია გაჭედილი. ჩემი სიტუაციის მსგავსად. არც სიზმარში ვარ და არც ცხადში, თითქოს. როგორ მინდა ახლა ფეხებს ვიმორჩილებდე; ხელებს ვიმორჩილებდე; გონებას ვიმორჩილებდე. თითქოს ფაიფურის თოჯინა ვარ. სხეულის ნაწილებზე, რომელიც თან მე მეკუთვნის და თან არ, ძუები გაუბიათ. მე მათამაშებენ. ჩემით ერთობიან. ღმერთო, მტკივა. წინ მივდივარ. ეს ოხერი ქუჩაც არ მთავრდება. ისევ ცისარტლისფერი გაბნეული ნავთის წვეთები. ზღვის ღელვა მესმის. იქნებ მეჩვენება? რას არ მივცემდი, ოღონდ მეჩვენებოდეს. აქ ზღვა არ არის. სად ვარ? შრიალებს. ქარი თავს ზემოთ რაღაცას აშრიალებს. სიკვდილამდე მინდა ავიხედო, სიკვდილამდე მინდა გავიღვიძო. ცხადში ვარ? თოლიები… საიდან გაჩნდნენ თოლიები? თითქოს იციან, რომ ზემოთ ვერ ავიხედები და ჩემს თვალწინ დაფრინავენ. თეთრ ფრთებს წამწამებთან მიფრიალებენ. გაფრინდით. გამოფხიზლდი. ჰორიზონტზე რაღაც დიდი ჩნდება. თითქოს ნაცრისფერი, თითქოს თეთრი. კარგად ვერ ვარჩევ, რა ფერია. ვუახლოვდები. უფრო მკვეთრად ეხლებიან ტალღები ჯებირებს. სად არიან? ნაცრისფერია. უკვე გარკვევით ვხედავ ფიგურებს. ნაცრისფერ ფიგურებს. ხიდია. საწყისს ვამჩნევ, ბოლო კი… სად არის ბოლო? ხიდზე ჩრდილები დათამაშებენ. დანარნარებენ. მგონი ცეკვავენ კიდეც. შორს, შორს მიდიან. ეს რა ხიდია? - ქალბატონო! ტალღების კივილში იკარგება ჩემი წარმოთქმული ბგერები. იმაშიც აღარ ვარ დარწმუნებული, წარმოვთქვამ თუ არა… ვარსებობ თუ არა. ვარსებობ? მძინავს? მკვდარი ვარ? ნუთუ ესაა ნამდვილი სიცოცხლე? ნუთუ ესაა ნეტარი ძილი? ნუთუ ესაა ბეწვის ხიდი? არ მახსოვს, როდის დავიბადე. არც ის მახსოვს, როდის დავიძინე. და ისიც არ მახსოვს, როგორ მოვკვდი. შეუძლებელია ეს ის ხიდი იყოს. მაინც, რა არის? საიდან თამაშობენ ეს ჩრდილები? მეც ჩრდილი ვარ? ღმერთო, მეც ჩრდილი ვარ? ჩრდილად ყოფნას მირჩევნია ფაიფურის თოჯინა ვიყო. ვიარსებებ მაინც. თუმცაღა, მაქვს კი არჩევის უფლება? არა, არ მაქვს. ალბათ, ჩრდილი ვარ და მაგიტომ. მინდა ვიცეკვო. დიახ, მეც ისევე მინდა ვიცეკვო, როგორც ჩემ წინ ის გოგო ცეკვავს. ღმერთო, როგორ ნაზად ნარნარებს! ხელებს ზეცისკენ იშვერს, თავს - ვერ. თავი ჩაქინდრული აქვს, მიწას დაჰყურებს. არადა, თითქოს სრულყოფილია. მეც მინდა ხელები ავწიო, ბალეტი ვიცეკვო. სულ რომ ვოცნებობდი ბალერინობაზე, დიდ სცანასა და გრძნობათა კორიანტელზე. ახლა მაინც, ამ გარდამავალ წამს, როცა არ ვიცი, ზემოთ ავფრინდები თუ მძიმედ დავეცემი, მინდა ერთხელ მაინც ვიყო ბალერინა. მინდა დიდ დარბაზში ვიდგე, ხელებსა და ფეხებს ერთმანეთისგან დამოუკიდებელ სინქრონში ვამოძრავებდე. ასეთი რთულია? რაღაცას ვხედავ… ხიდის დასასრულს. იქ აღარაფერია. უნდა გავჩერდე. იქ ჩრდილები იფანტებიან. უნდა გავჩერდე. არ მინდა ნაწილებად დავიშალო. უნდა გავჩერდე. არ მინდა დავიხრჩო. უნდა გავჩერდე. არ მინდა შევწყდე. ვერ ვჩერდები. გზა არ ჩერდება. კადრში მოძრავი არაფერი ვარ. არც ჩრდილი ვარ, არც - ფაიფური. კიდეზე ვარ. ქვეშ არც ცეცხლია და არც სამოთხის კარი. წყალია. ლურჯი. ლურჯი. ლურჯი წყალი. ზედ ქალთევზები დაცურავენ, მედუზები დანარნარებენ. ფსკერს ვხედავ. ვეშვები. ყვირილი მინდა, სუნთქვა მინდა, ხელების გაშლა მინდა. ვყვინთავ. ყვირილი მინდა, სუნთქვა მინდა, ხელების გაშლა მინდა. ვიხრჩობი. არა! არა! სიცოცხლე მინდა. სუნთქვა მინდა. დავიხრჩე. დედას ჩახუტება მინდა.
ვერსია 2 თავისუფალი ვარდნა ფანჯრის რაფას, რომელიც ქუჩისკენაა გაშვერილი, წვეთები ეცემიან და გახლეჩილები წივიან. ტკივათ. შენც გეცემიან წვეთები შიშველ ფეხებზე, ქუჩისკენ ჯიუტად რომ გაგიშვერია. შენ გინდა, რომ იფრინო, თუმცა იცი, რომ ფრთები არ გაქვს. და უცებ, აი ახლა, აქ, ფრთები რომ გაგიჩნდეს, იქნები ჯონათანი? შეძლებ? - ვერა. შენ დამოუკიდებლობა ხარ. შენ ხარ თავისუფლება - გალიაში. შენ ხარ სიცოცხლე - ვენებში ხალისით რომ დაგიდის. შენ ხარ ადამიანი, ჩრდილებს შორის. უკანასკნელი. შენ არ გინდა მოკვდე. შენ გინდა გარდაიცვალო. შენ გგონია, რომ ახლა ფეხებს დანარჩენ სხეულს მიაყოლებ და სიცივეს გაუთანაბრდები, თუმცა შენში სიცოცხლე ხურს. თავისუფლება ტკაცუნებს. დამოუკიდებლობა ეხლება გონების კედლებს. არ გინდა. არ შეგიძლია. გგონია, იძულებელგყოფენ. განსაკუთრებით ამძაფრებს შენს ფიქრებს ის ორი მსხვილი წვეთი ვისკი, რამდენიმე წუთის წინ რომ ჩაუშვი ორგანიზმში. არადა იცი, ალკოჰოლი გკლავს. გინადგურებს საღ აზრს. ამიტომაა, სიცოცხლით სავსე რომ რისკავ შეხვდე უმოძრაობას. არ უნდა სცადო, ეს კარგს არაფერს მოგიტანს. ერთადერთი, რისი ცდაც გჭირდება არის გატეხა. ერთხელ მაინც უნდა გატყდე, ერთხელ მაინც უნდა უღალატო შენს სიჯიუტეს, რომ შეიგრძნო, რამდენად გჭირდება არსებობა. და მგონი, დროა, ეს “ერთხელ” დადგეს. გამოფხიზლდი… ღმერთმანი, გამოფხიზლდი! შენ არ გჭირდება სიკვდილი, შენ არ გჭირდება გარდაცვალება. სამყაროს სჭირდება, რომ იცოცხლო. იცოცხლო ისეთმა, როგორიც ხარ. შენ თვით სიცოცხლე ხარ. თვით არსი ხარ ყველაფრის. უნდა იცოცხლო. ფეხები გიკანკალებს, ხედავ? - არ სურთ შეხვდნენ უსასრულობას. ჯერ არ არიან მზად. გგონია შენ ხარ? გგონია, ახლა, რომ გადახტები რამე შეიცვლება? ადამიანები მიდიან და მოდიან. შენ არ იცი, წინ რა დაგიხვდება. შენ არ იცი, რას შეხვდები უსასრულობაში. გინდა გაფრინდე? - იცოცხლე და ისე გაფრინდი. გინდა ფერი იცვალო? - იცოცხლე და შეიცვალე. გინდა უსასრულობას შეერწყა? - იცოცხლე და დაე. თუმცა სიკვდილი გამოსავალი არ არის.
თვითმკვლელობა სუსტების არჩევანია. გამოსავალი კი - არა. შენ სუსტი არ ხარ. შენი თხელი კანისა და შუშასავით მსხვრევადი ძვლების მიღმა ძლიერი სული იმალება. იმდენად ძლიერი, რომ ამდენ განსაცდელს გაუძლო, ამდენ ქარიშხალში იდგა უდრეკად, ამდენ სეტყვას შეუშვირა სახე და მაინც ისეთია. მაინც ისეთი გულღია, უბოროტო და ძლიერი. ამ ბოლო სიტყვას კი განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭე. შენ ხარ ძლიერი და ეს არის შენი საუკეთესო მსხარე. და მოიცადე… იქნებ მიზეზიც ესაა? - შენ იმდენად ძლიერი ხარ, არ გეშინია, რომ მოკვდები. არა! სიკვდილის ყველას ეშინია. განსაკუთრებით მაშინ, როცა თვალებში ჩახედავენ ხოლმე. შენც შეგეშინდება, ოღონდ ცდა არ გინდა. ნუ დამიმტკიცებ, რომ ვცდები. არაა საჭირო. დამიმტკიცე, რომ მართალი ვარ. მართალი ვარ, როცა შენს ძლიერ მხარეზე ვსაუბრობ. იქნებ საჭიროა, ამ ერთხელ მაინც დაკარგო შენი პრინციპები, ჩამოიშორო, როგორც ცხელ დუშს ქვეშ დამდგარი ჩამოირეცხავ ხოლმე ყოველდღიურობის ჭუჭყს. იქნებ ერთხელ მაინც საჭიროა, პოზიტიურად შეხედო ყველაფერს და დაიკიდო. ჰო, დაიკიდო ყველაფერი, რაც გეხება და არ გეხება. საჭიროა ცაში აიხედო და ღრუბლების ნაცვლად მზე დაინახო, რომელიც გიცინის. საჭიროა ამ ჩრდილებს შორის ადამიანები ამოიცნო, რომელთაც სიკეთით უხურთ გულები. საჭიროა დრამების მიღმა კომედია ამოიკითხო და ბევრი პოპკორნი მოიმარაგო. მერე იცინო. მუცლის ატკიებამდე. თვალებიდან ცრემლთა ფრქვევამდე. ერთხელ მაინც იყავი ის, რაც არ ხარ. ერთხელ მაინც… რომ გადარჩე. ახლა არად აგდებ გადარჩენას. ამ ამაოებაში მომავალს ვერ ხედავ, მაგრამ როცა კბილების ღრჭიალით მოგიახლოვდება სიკვდილი, მაშინაც ამ აზრზე იქნები? ნუ ჩაიჩოჩე. სიკვდილთან მიახლოებას ნუ ცდილობ. თუ გადაწყვიტე, ნელ-ნელა ნუ ცხადყოფ, გაგიჭირდება. მიპარვა ყველაფერს ართულებს. ყველაფერს მუქ შტრიხებს უსვამს. დაამთავრე. ან გადახტი, ან დაბრუნდი ოთახში. იმ სიმაღლეზე ხარ, რომ გადახტე, დაიშლები. იმ სიმაღლეზე ხარ, შენ წინ მტრედები დაფრინავენ. პირდაპირ შენს სახესთან იქნევენ ჰაეროვან ფრთებს. აირჩიე, ან თავისუფალი ვარდნა, ან მყარად დგომა. ითვლი. ერთი. ღრმად ჩაისუნთქავ, ორი. ამოისუნთქავ. სამი. არჩევანი გააკეთე. ხტები. ზურგს აქცევ მტრედებს, რომელიც ზემოდან დაფრინავენ და ჩუმი ქვითინით მისტირიან შენს წასვლას. შენ ეშვები. გვერდზე ჩაუქროლებ მეზობლის ფანჯარას, რომლის სახლიდან მუდამ ვარდების სურნელი იფრქვევა. შენ ვარდები. თავისუფლად მიიწევ მიწისკენ. შენ ვეღარ სუნთქავ. ემშვიდობები ამაო ყოფას. შენ ეცემი. მრავალ ნაწილად იშლება შენი სხეული. თხელი კანი იხლიჩება და შუშასავით მსხვრევადი ძვლები იფანტება. იმ გარდამავალ წამს, არც აქეთ რომ ხარ და არც იქით, გესმის კივილი: - გადმოხტა! და გენანება. გენანება შენი თავი, რადგან დაგინახეს. შენიშნეს, როგორ მოკვდი. გარდამავალ წამს ნატრობ გაცოცხლებას, თუმცა აღარაფერი. შენ მოკვდი. არ გეღირსა გარდაცვალება. შენ მოკვდი… თვითმკვლელობით დაასრულე. შენი სახის წინ აღარ შეაშრიალებენ ფრთებს მტრედები. აღარასდროს. ეს გინდოდა?
ვერსია 3 აბები დიდი ხანია მოკვდა. ის დიდი ხნის წინ მოკვდა. მას არ გაუთხარეს საფლავი. მას არ დააყარეს მიწა. თუმცა მაინც მკვდარია. ზომბია, რომელიც ნაბიჯებს ერთმანეთს ძლივს უცვლის. ზომბია… უწყინარი ზომბი. ის არავისთვის არსებობს; მის სახელზე საარჩევნო ბიულეტინიც კი არ მოდის. ის მკვდარია, რომლის ადგილი არ არის არც ერთ სასაფლაოზე. სიბნელე შემორტყმია გარსს, აბლაბუდებით დაქსელილ, ნესტით სავსე, აყროლებულ ოთხ კედლში სძინავს და მის შიგნით ნაპრალებიდან მკვეთრი ნათელი იჭრება. მას ყოველ ღამე თავის ტკივილი აღვიძებს და ყოველ შუა დღეს ისე ესხმის თავბრუ, ჰგონია საცაა მიწა გამოეცლება ფეხებიდან. მას შავი ძაძებით შეუმოსავს სხეული და ისე დადის, თითქოს ყველაზე თავმოყვარე ადამიანია ამ ქვეყნად. ის ბევრ ფურთხსა და გინებას იტანს; მას ყველა ლანძღავს, ვინც კი გვერდზე ჩაუვლის. ის მკვდარია. ჩრდილია. არარაობაა. მას შეუძლია სხეულს მოსწყდეს და მტრედში ჩასახლდეს; შეუძლია გონება მიატოვოს და გალეშილმა რომელიმე ბარში მაგიდაზე უცნაურად იცეკვოს; მას შეუძლია მოკვდეს. ყველაფერი მის თავისუფალ ნებასაა დაქვემდებარებული. რადგან ის მკვდარია. ჩრდილია. არარაობაა. ის ცოცხლობს, სუნთქავს, საუბრობს, არსებობს და იმდენადვეა მკვდარი. მას სურს, რომ მოკვდეს, მაგრამ სიკვდილი თავისით არ მოდის. მას სჯერა ნათელი ადგილის, სადაც მარადიული მშვიდობა სუფევს და ცეცხლის, სადაც ტანჯვა სამარადჟამოა. ამიტომ ვერ მიდის სიკვდილთან. არადა როგორი ადვილია. დალიე ათობით აბი, რომელიც მოგეპოვება სახლში, ეცადე ყველაზე ძლიერი მოქმედების აარჩიო და დაითვალე. ერთი, ორი, სამი… სადმე, შუაში, იგრძნობ, როგორ გაგიქრება ყნოსვის შეგრძნება, მერე ყურებში წუილს გაიგონებ, რომელიც თანდათან გახშირდება და რეალობას მოგწყვეტს, მერე თვალთ ნისლი გადაეკვრებათ, დაგიბნელდება და შორიდან შენი სახელის ექო ჩაგესმება ხმამაღალ წუილში. შენ მოკვდები. ის ყოფილი ფარმაცევტია. მუდმივად და ყველგან მიუწვდება ხელი ერთ-ორ ისეთ აბზე, რომელსაც გადაყლაპავს და სამამდეც ვერ მოასწრებს დათვლას. ერთი, ორი… გარისკვა უნდა. კანკალებს, ტუჩები უთრთის და თვალები ებინდება, ისე უნდა გარისკოს. ეშინია? - ცხადია, ეშინია. თუმცა სიკვდილის არ. უსასრულობის ეშინია, რომელშიც ჩავარდება. უსასრულობის, სადაც ისევ არავინ იქნება, ისევ არაფერი იქნება. ეშინია, რომ სამუდამოდ უჩინარი იქნება მრავალ ჩრდილს შორის. განა შეიძლება, სიკვდილის ეშინოდეს, როცა მკვდარია? განა შეიძლება, ეშინოდეს მარადისობის, რომლისგან ისეც ყოველდღიურად იღებს დარტყმებს? განა შეიძლება, იყოს ადამიანი, რომლისთვისაც ადამიანობა ყველაზე დიდი სასჯელია ამ ქვეყნად? როგორ უჭირს, რომ უგემო წყალს მიაყოლოს მსხვილი აბები. როგორ არ უნდა, მარტო მოკვდეს. არ უნდა, წაიქცეს და არავინ მოჰკიდოს ხელი. უნდა, რომ სითბო იგრძნოს. ის სითბო, რომელსაც თუნდაც მარადისობაში ჩაიყოლებს. სითბო, რომელიც შეაცივებს და სიკვდილს უმოქმედოს გახდის. სითბო, რომელსაც უცხოც გაიღებს, ფარული პირფერობით, ფარული არაადამიანობით. თუმცა იგრძნობს, რომ სიცივეშეპარულ ძარღვებში სითბო დაუვლის, სიცოცხლისთვის უცხოს ვენებს წაეთამაშება და ეცდება გამოგლეჯას. იმ სითბოს, იმ არსებობის უწყვეტი ძაფის გამოგლეჯას, ყველას რომ გააჩნია. მის გარდა. ის უძლურია. უვნებელი ზომბია, რომელიც ამ ტკივილის დასრულებისთვის თავს ვერ სწირავს. არადა, იცის, ნებისმიერი სიკვდილი ამ სიცოცხლეზე უფრო მსუბუქია. და მაინც, სიმსუბუქის ეშინია. ეშინია, რომ ბუმბულივით სული უფსკრულისკენ დაიწყებს ვარდნას. უფსკრულისკენ, რომლის ბოლოშიც უსიცოცხლო მარადისობაა. აბები. მაინც როგორ სამუშაოს წევენ ადამიანებისთვის? ეხმარებიან თუ კლავენ? ნებისმიერ შემთხვევაში, ნელა და შეუმჩნევლად უბიძგებენ კლდეებისკენ გაჭირვებულს. კლდეებისკენ, რომლის ქვეშაც სიკვდილი დგას. არა შავ ძაძებში და ცელით ხელში, არამედ შავ კანსა და თეთრ თვალებში. ოდესმე გიფიქრიათ, რომ ნებისმიერი ადამიანი რასისტია? ისინიც კი, ვინც რასიზმის ამოძირკვისთვის შრომობენ. რა შუაშია. ალბათ იმ შუაში, რომ თეთრი ადამიანის სიკვდილი შავია, თეთრი და წმინდა თვალებით, რომელიც იცინის, კუშტად, ამაოდ. შავ ადამიანს კი სიკვდილი თეთრად ეჩვენება, შავი თვალებით, რომელიც ასევე იცინის, თუმცა, როგორც ნებისმიერი სივრცეში გასროლილი ღიმილია ამაო, ასევეა უსაფუძვლო და ფუჭი ეს ღიმილიც. მხოლოდ მომთაფვლელი, მიმზიდველი. და ადამიანიც მიიწევს მასკენ. ისევე, როგორც ნებისმიერი მეტალი - მაგნიტისკენ. თვით ისინიც კი სიხარულით ეგებებიან სიკვდილს, ვისაც ყველაზე მეტად ეშინოდა მისი. რადგან ის მშვენიერია, შორიდან ადვილად საცქერი, თუმცა იმ გარდამავალ წამსაც კი, როცა ვკვდებით და სამარადჟამოდ ვეფლობით არარსებობის ჭაობში, არავინ იცის, სიკვდილის ფასადებს მიღმა რა იმალება. მისი სიკვდილი შავია, თეთრი თვალებით. ბრწყინავს ეს თვალები. წარმოუდგენლად ბრწყინავს. და მისი ღიმილი… ო, მისი ღიმილი თვალისმომჭრელია. როგორ ანდომებს ადამიანს, ამ ღიმილის მუდმივ სამყოფელში გადაისროლოს. მუქი მასალის, სავარაუდოდ, წაბლის, კარადა გამოაღო. იქ ბევრი წამალი ეწყო. ნამდვილი საბადო. ვერავინ დაიჯერებდა, რომ ამ სიცოცხლემობეზრებულ ადამიანს შეიძლებოდა ჰქონოდა ამდენი წამალი სახლში. თუმცა ფაქტები ერთი-მეორეზე მიყოლებით ცხადია და უეჭველი. მას ეს წამლები ნელმოქმედების სიკვდილისთვის სურდა. გაბრუებისთვის. გაყუჩებისთვის. რამდენიმე შეკვრა ამოარჩია და პატარა სათავსო ყუთში ჩაყარა. მერე წამოვიდა. ტანსაცმლითვე ჩაწვა ცხელ წყალში. სიცხელე მთელ მის სხეულს მოედო. ჟრუანტელად. უსიამოვნოდ. ჯერ მსუბუქი მოქმედების ტკივილგამაყუჩებელს გადასწვდა, სველ ხელისგულზე რამდენიმე აბი დაიყარა და ანაზდად პირისკენ გაიქანა. ახლა ასე რომ არ მოქცეულიყო, ვერასდროს გაბედავდა. გული აუჩქარდა. ეს გვერდითი მოვლენა იყო. არა სიცოცხლის, არა სიკვდილის, წამლის, უბრალოდ. როცა იგრძნო, რომ შიგნით ყველგან გავრცელდა წამალი კიბოს მეტასტაზებივით, მეორე ფლაკონს გადაწვდა. დამამშვიდებლებმა ასეთივე დამშვიდებით გაუღიმეს გამჭირვალე შუშის მიღმა. გაუღიმეს სავსე, აუღელვებელი ღიმილით. ჯერ ერთი აბი ამოიღო. უშფოთველად მიიტანა პირთან და ის იყო, უნდა გადაეყლაპა, ხველა აუვარდა. ხორხიდან ამოსულ ნალექს სისხლი ამოჰყვა. ერთადერთი ახსნა იყო - ახლა თუ მერე, ის კვდებოდა. თავბრუ დაეხვა და პულსი აუჩქარდა. შფოთვით გადაყლაპა წამალი. რამდენიმე წამიც და იმოქმედა. დამამშვიდებელმა დამამშვიდებლურად დაამშვიდა. ეს იყო უპირობო ბიძგი არსებობიდან არარსებობისთვის. მეორე აბის გადაყლაპვისთანავე, მასთან ბავშვობა მოვიდა. ლაღი ნაბიჯებით. მისი ყოველი გაღიმება, დედის სითბო და მამის ტუქსვა. მოვიდა ბავშვური გულუბრყვილობით და ცხელ ცრემლად ჩამოუარა სახეზე. მესამე აბი ამ ბავშვობის მოგონებებისგან განსაწმენდელად იყო დალეული. სწრაფი სიკვდილისკენ უმოკლესი გზის საპოვნელად. ვანიდან წყალმა იწყო გადმოსვლა. წამით მოეჩვენა, რომ ისე გაუსივდა სხეული, უმოწყალოდ დააწვა წყალს და მალე ვეღარ გაუძლებდა. ბავშვობას ჩაენაცვლა მოზარდობის პერიოდი. მძიმე ნაბიჯებით მოვიდა. ისევე მძიმე, როგორც მაშინ, პირველად რომ დაინახა სისხლი, იგემა მშობლების დაკარგვა, იტირა, იყვირა, ახლადმიყვანილი გამოიქცა თავშესაფრიდან, მოწია, წამალი შეისუნთქა, მსოფლიოს წინ აღუდგა და არსებობა აუკრძალა. მაშინ მოკვდა. მაშინ დასაფლავდა სოციალურ მოძრაობაში. ამიტომ იყო მძიმე. იმაზე მძიმე, ვიდრე უნდა ყოფილიყო. და ამ მძიმე ნაბიჯების ხმაც თავში ყოველ ჯერზე ექოდ გავრცელდა და სხეულს დაუოკებელ ტკივილად მოედო. მეოთხე აბი პირველიც იყო და ბოლოც. მეოთხე აბის გადაყლაპვისთანავე დაუმშვიდდა ცხოვრება, დაურეგულირდა გულისცემა და ყველა ტკივილი ჩადგა. მეოთხე აბი ყელში გაიჭედა და სუნთქვა შეკრა. ეს ბოლო იყო. და პირველიც, იმიტომ, რომ ამდენი ხნის მერე, პირველად იგრძნო შვება. წყლის წვეთები წკარუნით ეცემოდნენ იატაკს და ნესტში ერთიანდებოდნენ. იქნებ ოდესმე წყლის ქვითრის გადასაცემად მოსულ ადამიანს გაეგო ეს უხმო წკარუნი, შემოენგრია კარი და ენახა, რომ მშვიდობისკენ საბოლოოდ გაეშალა ფრთა. როცა ეს მოხდებოდა, და თუ მოხდებოდა, აღმრიცხველი ნახავდა მის დამშვიდებულ სახეს, მომღიმარს. და გაბნეულ აბებს. აბებს, რომლებიც დღემდე არავინ იცის, როგორ სამუშაოს უწევენ ადამიანს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. jonatan livingstoni., დიდი მადლობა შეფასებისთვის. ჩემი სტილი არაა, პირველად დავწერე ამ სტილში და ასეთი ნაწარმოები. ყველა შემთხვევაში, გმადლობ:) jonatan livingstoni., დიდი მადლობა შეფასებისთვის. ჩემი სტილი არაა, პირველად დავწერე ამ სტილში და ასეთი ნაწარმოები. ყველა შემთხვევაში, გმადლობ:)
1. თხრობა იყო საკმაოდ ექსპრესიული, მაგრამ მაინც ძლივს ჩავიკითხე ბოლომდე.
ვერსიებში მთხრობელის პირის მონაცვლეობა ( მე, შენ , ის) კარგად შერჩეული ხერხია.
"დუში, ვანა" ქართული სიტყვები არაა :)
"იქნები ჯონათანი? ვერა! " :)
თხრობა იყო საკმაოდ ექსპრესიული, მაგრამ მაინც ძლივს ჩავიკითხე ბოლომდე.
ვერსიებში მთხრობელის პირის მონაცვლეობა ( მე, შენ , ის) კარგად შერჩეული ხერხია.
"დუში, ვანა" ქართული სიტყვები არაა :)
"იქნები ჯონათანი? ვერა! " :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|