ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
9 თებერვალი, 2017


ორი მაგიდა

მაგიდების მრავალი სახეობა არსებობს: მაღალი, დაბალი, ხის, რკინის, პლასმასის, მინის, ბამბუკის, ბაღის, მისაღების, საძინებლის, ტელეფონის, ჟურნალ-გაზეთების, მაგრამ ადამიანი მხოლოდ ერთ მაგიდას სტუმრობს ხშირად - რომელიც სამზარეულოშია.

მაგიდები და ადამიანები
მაგიდები და წიგნები
მაგიდები და სკამები
მაგიდები და მუშტები
მაგიდები და სანთლები!
ყველგან ჭამა-სმა
ტრაპეზი!
მაგიდებია ყველგან: შინ და გარეთ!

ერთი - ჩვეულებრივი, პრიალა ზედაპირით, ისეთივე ზედაპირით როგორიც მისი წინა კარის მეზობლის პიანინოს აქვს.
მეორე - არაჩვეულებრივი, გლუვი ზედაპირით - ქვის. ისეთივე ზედაპირით, როგორიც მისი წინაპრებისასფლავზე დგას.
ერთი მაგიდის ირგვლივ: მამა და ორი ვაჟი, დედა სავარძელში.
მეორე მაგიდის ირგვლივ: არავინ. მამა ტახტზე, დედა კართან ატუზული. შვილები: ქალ-ვაჟი, სახლიდან გარეთ.
ახალ წლამდე ორი საათით ადრე, მეტად სევდიანი ღამე ჭუტავდა თვალებს. დაღლილი უპეებიდან წვრილად ცრიდა. ტირიფებს ფრთხილად უშრიალებდა ნიავი თმებს. მოსაფალტებული ქუჩები ფანჯრიდან ნატყორცნ და ლამპიონებიდან გამოჟონილ სხივებს ირეკლავდა. დროდადრო სამსახურიდან მომავალჩრდილებს მასპინძლობდა ის.
მუქი ლურჯი ფერი სევდიანობდა იმ ღამით, ვიდრე პირველი მახარობელი შეატყობინებდა ყველას ახალი წლის დადგომას.

***
ტახტზე წამოგორებულა ის მამაკაცი, რომელიც თავის ქალ-ვაჟს ელოდა.
- იცი, რომ არ მოვლენ, შენ კი განცდებში ხარ. ბავშვები სტუმრად წავიდნენ.
- ჩვენთან თუ აპირებს ვინმე მოსვლას?
- ალბათ, მოვლენ.
- ალბათ?
- ჰო...
- თუ დარეკრეს, სახლში არ ვარ!
- ნეტა რატომ?
- არავის თავი არ მაქვს.
- თავად უთხარი.
- უბრალოდ ყურმილი არ აიღო.
- მობილურ ტელეფონს რას უპირებ?
- დავამტვრევ.
- რას აშავებს?
- მომბეზრდა!
- როგორც გინდა. შენმა საყვარელმა, რომ დაგირეკოს/!
- შენ ხარ ჩემი საყვარელი!
- ვითომ? ფულია შენი სიყვარული.
- პირიქით! სიმართლე ჩემ მხარესაა - ფულები შენ, ქალები კი მე!
- ნეტავი შენ, რაა...
- ნეტარებაში ვარ, რა თქმა უნდა!..
- მეც! ყველაფერი მაქვს.
- რწმენის გარდა.
- ყველაფრის მწამს რასაც ვხედავ.
- გწამდეს იმის რასაც ხედავ, არავინ გიშლის.
- ერთი დავრეკო, მივიდნენ?
- აღსარება მინდა ჩავაბარო. - წუთით შეყოვნდა ქალი, იფიქრა მომესმაო.
- რა თქვი?!
- რა, რა ვთქვი საკვირველი?
- არაფერი. მოძღვარი გყავს, არც ოდესმე ჩაგიბარებია აღსარება ისე ეზიარები-ხოლმე. პრივილეგირებული ხარ! ამიტომ მიკვირს.
- ახლა მინდა!
- რა ხდება, მილიონები საფრთხეშია?
- არა. სულმა შემაწუხა.
- იქნებ... ახალი წელი შემოდის ბესო, ახალი!
- მოვიდეს, რა ხელს მიშლის? ძველით ახალწლამდე გამოვძღები და შემდეგ ჩავაბარებ. ოდესმე შეუიარაღებელი დავხვდით?
- არა, მაგრამ. იყო დრო... იქნებ ბავშვობა გაიხსენო?
- არ მაქვს სურვილი. დავმარხე!
- მიწა მოყრილმა ბავშვობამ წყლის ზედაპირზე იცის ტივტივი. გახსოვდეს ეს!
დუმილი. ტახტზე წამომჯდარი, თავჩაქინდრული და თითებთან მოთამაშე მილიონერი. წუთით გაელვება და ბავშვობის სათამაშო - ხის თოფი, რომელიც წყალზე ტივტივებს.
- არ მინდა! მამაო თხასავით გამყიდის. სჯობს ისევ, მილიონები გავცე ჩემი სულის ცხონებისთვის!
- ჩვენ?
- რა თქვენ?
- ჩვენი სულები?
- აქამდე წმინდანი მეგონე!
- არ არის ირონია საჭირო.
- ყველამ თავის სულს მიხედოს, ჩემი გამჭირვებია!
- ხუთი წუთი დარჩა.
- ჰო, ტელეფონი არ რეკავს. მშვენიერია! წავალ ჩვენ სააგვარეულო თოფს გამოვიტან.
„როგორც ვატყობ ბანტიანები და პეროიანები სტუმრად არ მოვლენ. ნეტავ ხვალ ბროლია თუ მოვა?
ტახტიდან წამოდგა და ოთახიდან გავიდა.
თოფიდან ტყვია არ გავარდა!
ბავშვობის ხის თოფი, წყლის ზედაპირზე...

***
მეორე ოთახიდან მამა მისაღებ ოთახში გამოვიდა, სადაც მეუღლე და ორი ვაჟიშვიილ ელოდა. მისაღებში ტელევიზორი ჩაერტოთ, მეუღლე სავარძლიდან უყურებდა მას. ბავშვები სკამზე ისხდნენ მაგიდასთან და ასე მდუმარედ ელოდნენ ახალ წელს.
- მა, თოვლის ბაბუ წელს რამეს მომიტანს? - იკითხა უმცროსმა ვაჟმა. უფროსს აღარ უკვირდა მამის თოვლის ბაბუობის.
- ალბათ კი. წერილი ხომ მიწერე?
- კი.
- რა თხოვე?
- ტკბილეულობა და ლურჯი ველოსიპედი.
- ტკბილეულს, იმედია მოგიტანს და დილით დაგხვდება ნაძვის ხესთან.
- ველოსიპედი?
- ველოსიპედი ძვირია, - უთხრა უფროსმა. მამას გაეღიმა. დედა კვლავ ტელევიზორს უცქერდა, ნესტიანი თვალებით.
მაგიდაზე მხოლოდ სუფრა გადაეკრათ საზეიმოდ, ნიშნად იმისა, რომ ყველაფერი ახალი ახლით უნდა დაიწყო. ერთ ოთახიან ნაქირავებ ბინაში ყველაფერი ბრჭყვიალებდა, გარდა თვალებისა.
მამა დუმდა. წამოდგა ტახტიდან, სამზარეულოში გავიდა, რომელიც სულ რაღაც ორი კვადრატი იქნებოდა. ნიჟარა რკინის კორპუსით, ერთი კედლის კარადა, მაგიდის გაზქურა და ერთიც, ალბათ სკოლიდან წამოღებული მასწავლებლის მაგიდა იდგა სამზარეულოში. კარადის ორფრთიანი კარის ერთი ფრთა გამოაღო, ორ ლიტრიანი პოლიეთილენის ბოთლი გამოიღო, რომელშიც მეგობრს მიერ ნაჩუქარი შავი ღვინო ესხა, პურიც დატეხა, ლანგარზე მოათავსა და ხელდამშვენებული დაბრუნდა ოჯახთან, მისაღებ ოთახში. უფროს ვაჟს ჭიქების მოტანა დაავალა.
- სუფრაც გავშალეთ, ისღა დაგვრჩენია თორმეტ საათ დაველოდოთ, სულ რაღაც ხუთი წუთი დარჩა.
- ვაშაა, რა კარგიაა!!! - იქუხა უმცროსმა. უფროსი დინჯად იღიმის უმცროსის აღტაცებაზე. დედაც იღიმის. ტელევიზორი არავის ახსოვს.
- მაა, რა ლამაზიაა... - მხიარულობდნენ პატარები ფოიერვერკების შემყურენი. იდგნენ აივანზე და ცას გაცქეროდნენ, რომელიც ორი საათის წინ ცრემლებს იწმნდდა.
- აბა, ბიჭებო, ორივე მაგიდასთან დაბრუნდით და პირველი სადღეგრძელო ვთქვათ.
- ახლავე, მა!
- მოდით ბავშვებო! - ამჯერად დედამ დაუძახა მათ.
ერთი მაგიდის ირგვლივ: ღვინით სავსე ოთხი ჭიქა, თეფშებზე პურის ნატეხები, ორი სხვისი სკამი და ორი მოგონების სავარძელი.
- აბა, ბიჭებო, ჯერ პურს ლუკმა მოვატეხოთ, ღვინით დავასველოთ, ლოცვა ვთქვათ და მივირთვა!
მამას მალე დაეტყო ლოყებზე ალმური. პატარები ღვინის მხოლოდ ერთ მესამედს სვამდნენ ჭიქიდან. მხიარულობდნენ, მეტ წილად მამა საუბრობდა. ბავშვები კითხვებს სვამდნენ.
- აბა, მორიგი სადღეგრძელო. ახლა შენ თქვი, დავით!
- აკრგი მამა! - უფროსმა ჭიქაში ღვინო ჩაამატა. მამის და ძმის ჭიქებიც შეავსო, წუთით თვალები ჭიქაში ამოავლო და წესისამებრ ჭიქით ხელში წამოდგა.
- იცით, რას გაუმარჯოს?
- აბა, რას? - დაკონკრეტებისკენ მოუწოდა უმცროსმა.
- მიწას, წყალს, ჰაერს და ცეცხლს გაუმარჯოს! მაგრამ მათ სტიქიებს რატომ ვეძახით არ მესმის...
- იმიტომ, რომ სიკეთესთან ერთად ბოროტების ჰქმნაც შეუძლია. - დაეხმარა ვაჟს დედა.
- მაგრამ, მათგან სიკეთე მეტია ვიდრე ბოროტება. თან ისინი ნაკლებ საშიშნი არიან ვიდრე ადამიანები. ადამიანის ერთი სიტყვა უმეტესად: მიწისძვრაცაა, წყალდიდობაც, ხანძარიც და ტორნადოც.
- ტკბილი სიტყვით ირმის მოწველაც შეიძლება, შვილო. - დაარიგა დედამ.
- ე.ი. ირმის მოტყუება ადვილია! ასე არ არის მამა?
- ალბათ, მთავარია ხელთან მოიყვანო, შემდეგ ყველაფერი იოლია. გაუმარჯოს ჩემო პატარა ოთხ სტიქიას! - სამივემ ერთდროულად გამოსცალეს ჭიქები. დედა არ სვამდა.
- შენ რას იტყვი ცოტნე? ახლა შენ გვითხარი სადღეგრძელო. - სითამამისთვის მუშტი გასწია მისი ხელისკენ, მამამ. პატარამ არ დააყოვნა და მუშტს მუშტი შეაგება.
- იცი რას გაუმარჯოს მა? სადაც ოთხი სტიქიაა, იქ ბრძოლაცაა. სადაც ბრძოლაა იქ მინდორია, სადაც მინდორ-ველია იქ ადამიანიებია, მათგან ნაწილი ოჯახს იცავს. ასე რომ ყველა იმ ადამიანს გაუმარჯოს რომელიც ოჯახის დასაცავად იბრძვის. ჩვენი სამშობლო ხომ ერთი დიდი ოჯახია თავისი სტიქიური მოვლენებით? ყველა მებრძოლ მამაკაცს და ქალს გაუმარჯოს! - დაასრულა თუ არა სადღეგრძელო, ცოტნემ, უმალ გამოსცალა ჭიქა, რომელშიც მამის მეგობრის შავი ღვინო იწონებდა თავს, წამის წინ.
დუმდა ოჯახი პატარა ორატორის წინაშე. ერთმანეთს გადახედეს, თავის ქნევით დაადასტურეს მართალი სიტყვა და გამოსცალეს ჭიქები, უხმოდ! ღვინოც დამთავრდა. დილამდე თვალები არ მოუხუჭავთ ოჯახის წევრებს. უამრავი თავს გადამხდარი სახალისო თუ სევდიანი ამბები გაიხსენეს.
იყო სიცილი და ცრემლი.
იყო ცეკვა და თამაში. ი
იყო ღამით დანთებული სანთელიც!

***
ორი მაგიდა...
რვაფეხას ჰგავს ცხოვრება - მოჭიდებას სცდილობ, მაგრამ საით წაგიღებს წყლის დინება არასოდეს იცი.
ვინ რას დაალაგებს მაგიდაზე წინასწარ არავინ იცის, ალაგებისას კი ჭურჭელი მუდამ ირეცხება!
წყალი - თვალებში...
მიწა - სხეულში...
ჰაერი - სულში...
ცეცხლი - გულში!


1 თებერვალი 2017 წელი
გიგო რიონელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები